"ვიყავი მარტო, მაგრამ ძლიერი" - გზაპრესი

"ვიყავი მარტო, მაგრამ ძლიერი"

სოფო პირანიშვილი 21 წლის იყო, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დიდხანს ვერ იჯერებდა მომხდარს, მაგრამ დანებება წუთითაც არ უფიქრია. 3 წელი გავიდა და ახლა უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ დაავადება დაამარცხა, თუმცა ბრძოლის ურთულესი ეტაპების გავლამ მოუწია. მასთან საუბრის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, ასეთ პატარა გოგოს, ამ ასაკში რა აძლევდა ამხელა ძალას...

"2018 წლის თებერვალში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ კიბო მქონდა

"მხრის სახსრის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. ჩემმა ონკოლოგმა, კახა თოდუამ ოპერაცია მალევე ჩანიშნა. მან მკითხა და მე ვუპასუხე: მაქსიმალურად სწრაფად! ჯერ კიდევ ინტენსიურ განყოფილებაში ვიყავი, როცა ვკითხე: იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე გვეგონა? მან მიპასუხა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ვფიქრობდი.

უცნაურია გაიაზრო, რომ ძალიან ცუდად ხარ, გაქვს დაავადება, რომლის ჯერ მარტო სახელიც კი თავზარს გცემს. ჩვენ, ადამიანებს სადღაც გულის სიღრმეში გვგონია, რომ არასოდეს გავხდებით ცუდად. მინდა, ძლიერ გოგოდ დავრჩე, დანებებაზე არ ვფიქრობ, თუმცა წეღან გული წამივიდა. დაცემიდან გათიშვამდე იყო წუთები, როცა ვიგრძენი, როგორ მინდოდა წამოდგომა და ვერ შევძელი. ასეა, საკუთარი სხეული არ მემორჩილება და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ბოლო დროის კვლევები ადასტურებს, რომ ონკოლოგიური პაციენტების უმნიშვნელოვანესი ფაზა სწორედ მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე გადის. ისრაელში მკურნალობისას აღმოვაჩინე, რომ უამრავი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სერვისი თანამედროვე მეთოდით მუშაობს, რაც ჯერჯერობით საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. მე გამიმართლა. მძიმე დაავადებებს ერთი რამ ახასიათებს - მარტოობა, გრძნობა, რომ თქვენ ორნი ხართ ქვეყანაზე - შენ და ის, ერთმანეთის პირისპირ.

ონკოპაციენტისთვის გამარჯვებამდე გზა ძალიან ხშირად ქიმიოთერაპიაზე გადის. ყველამ იცის, რომ ამ დროს ძალიან ცუდად ხარ. ცხოვრების ამ ეტაპზე გადასვლას მშვიდად შევხვდი. სამი კურსის შემდეგ, მხრის სახსრის გადანერგვის ოპერაცია უკვე ჩანიშნული იყო, ჩემმა ორთოპედმა, გიორგი ობგაიძემ ხელი რომ მოიტეხა. კახა თოდუამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში უნდა წავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება რთული მოსასმენი იყო. არ ვიცი, რას ვგრძნობდი იმ მომენტში. უბრალოდ ვიცოდი, რომ მივდიოდი. ისრაელში მარტო ჩავედი, დაბნეული, თუმცა არ მეშინოდა.

მთავარი, რასაც ვგრძნობდი, მარტოობა იყო, თუმცა ყოველთვის, როცა მდგომარეობა მძიმდებოდა, ჩემთან ექიმი სეგალ ორტალი ჩნდებოდა. ამ ადამიანს ჩემთვის ჯადოსნური სიტყვები მოჰქონდა: "სოფო, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად ხარ".

პორტი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც ლავიწის ქვეშ თავსდება და რომლის ჩადგმაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამით ქიმიოთერაპიის, სისხლის გადასხმისა და ათეულობით პროცედურები უფრო მტკივნეული გავხადე, თუმცა სიმსივნეს უფლება არ მივეცი, მასზე მივჯაჭვულიყავი. ექიმმა შამაიამ, ჩემს სამედიცინო ისტორიაში ჩაწერილ სიტყვებს - "კიბოსგან თავისუფალი", ყურადღება არ მიაქცია და ქიმიოთერაპიის კიდევ სამი კურსი მაჩუქა. მისი აზრით, ეს პროფილაქტიკისთვის აუცილებელი იყო. უფრო გარკვევით რომ აგიხსნათ, პროფილაქტიკა სიცოცხლის თვეებით გახანგრძლივებას ნიშნავს. მე-8 კურსის დამთავრების შემდეგ აღარ შემეძლო, თითქოს ყველანაირი რესურსი ამოწურული მქონდა. მე-9 კურსის გადასხმაზე უარი განვაცხადე და საქართველოში დავბრუნდი, თუმცა ხანდახან რამდენიმე სიტყვა ყველაფერს ცვლის, არა მხოლოდ იმ მომენტს, არამედ ცხოვრებაში კიდევ ბევრ რამეს. მაშინ გამიმართლა, როცა ეს ადამიანი - გიორგი ობგაიძე ჩემი ექიმების სიას შეემატა. მინდა, ჩემნაირად დაღლილმა ყველა ადამიანმა იცოდეს ეს. როდესაც მეგონა, არაფრის ძალა აღარ შემწევდა, ასეთი რამ მითხრა: ორი დღე რომ განუწყვეტლივ ცურავდე და მესამე დღეს ნაპირი დაინახო, მაშინ იგრძნობ დაღლასო. ამის მერე დავბრუნდი ისრაელში, ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დანიშნულ დროს გადავისხი, ერთი დღეც არ დამიგვიანია. ახლა, როცა ყველა დამღლელი პროცედურა, რომელიც სიცოცხლეს მართმევდა, უკან დარჩა, მაგრამ არ ვიცი, ისევ დაბრუნდებიან თუ მხოლოდ მოგონებებად დარჩებიან.

2019 წლის 2 იანვარს მე და კიბოს ურთიერთშეთანხმება მოხდა. ეს კონტრაქტი საბოლოოა და მთელი ცხოვრება იმოქმედებს. ჩემს სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ კიბო აღარ მაქვს და სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუმცა ამის გასააზრებლად მე ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ცხოვრების ამ ეტაპზე კი რაღაცების გააზრებას ნელ-ნელა ვახერხებ, თუმცა არ ვგრძნობ თავს, როგორც 24 წლის ჯანმრთელი გოგო.

ავადმყოფობას უკვალოდ არ ჩაუვლია - დეპრესია და რეციდივის შიში, გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, აღარაფერი მოხდება, თუმცა რომც მოხდეს, მე უკვე იმუნიტეტი მაქვს. საკუთარი თავისა და ტკივილის მართვაც დიდი ხანია, ვისწავლე..."

GzaPress სამყაროში გაშვებული ენერგიები "ონკოლოგიური პაციენტებისთვის გზა გამარჯვებამდე ბევრ ტკივილზე გადის. რა არის ტკივილი, საიდან იწყება და საერთოდ, რა იწვევს მას? ამას წინათ ამოვიკითხე, ტკივილი თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია, არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ ორგანიზმს იცავსო... გამოდის, ტკივილები უბრალოდ გვიცავს უფრო დიდი ტკივილისგან? სხვანაირად რომ ვთქვათ, გვაძლევს ნიშანს, რომ სანამ უფრო ცუდი მოხდება, ჩავერიოთ და ვუშველოთ".

"ღმერთი ჩვენშია..."

"დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ ყველაზე გულწრფელი ლოცვები საავადმყოფოს კედლებს ესმით და ღმერთი თუ სადმე დიდ დროს ატარებს, ეს სწორედ საავადმყოფოა. საავადმყოფოდან ყველაზე ბევრჯერ ეძახიან ღმერთს და ყველაზე გულწრფელად ელაპარაკებიან. იქ მყოფებს ყველაზე მეტად სწამთ, ღმერთი კი მოდის და ყველას გულში გვიხუტებს. იცით, რამდენჯერ მიფიქრია, მე რომ ძალიან მტკივა, ჩემზე მეტად ღმერთი იტანჯება, განიცდის და ჩემზე მეტად სტკივა-მეთქი? ამიტომ არასდროს ვყოფილვარ მარტო. ყოველთვის მე და ჩემი ღმერთი ვიყავით. ვინ იცის, რამდენჯერ მიტირია, ღმერთო, ახლა ამას ვერ შევძლებ, გთხოვ, მოდი და ხელი მომკიდე-მეთქი. სწორედ იმ დროს ექთანი შემოსულა და ხელი ჩაუვლია ჩემთვის... მახსოვს, ერთხელ ტომოგრაფიის აპარატში საათობით მომიწია წოლამ. გულში ვიმეორებდი, ღმერთო, მელაპარაკე, სიჩუმის მეშინია-მეთქი და ექიმმა რამდენჯერმე გააჩერა აპარატი, რომ გველაპარაკა. ღმერთი ჩვენშია, ყოველთვის და ყველგან..."

"ჩემი ადამიანი მყავს, ნათია"

"ყველა ეტაპი გავიარე - პირველადი დიაგნოსტირება, შიში, იმედგაცრუება. მქონდა საცოდავი და ამაყი გოგოს როლები. როლი, რომელსაც ყველაზე მეტად შევეჩვიე და ძნელად დავთმე, იყო "შენ კიბო გაქვს, ხომ? და მაინც რა მაგრად გამოიყურები". დღესაც ბევრი მწერს, რომ მათი სტიმული და იმედი ვარ, რომ გადარჩებიან. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მახარებს ეს ამბავი, მაგრამ ეს თქვენ ხართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი იმედები; თქვენზეა დამოკიდებული, როგორს მიიღებთ საკუთარ თავს - ჯანმრთელს თუ ავადმყოფს. გწამდეთ, რომ თქვენს დადებით ენერგიას სასწაულების მოხდენა შეუძლია და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. დღეს ჩემს სამედიცინო ისტორიაში სიტყვა "ჯანმრთელი" გარკვევით წერია. ყოველთვის გახსოვდეთ, რადგან მე შევძელი, თქვენც შეძლებთ, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი დაავადებები უკვალოდ არ ქრება: კიბო რომ დაბრუნდეს, მერე?

ნათია ფანჯიკიძეს პირველად რომ დავურეკე, რომელიღაც თვის 7 რიცხვი იყო, 29-მდე ადგილი არ ჰქონდა. მკითხა, ჩემი რომელიმე ოქროს გოგო ხომ არ გირჩიოო? ვუპასუხე: "არა, მე სოფო ვარ, 23 წლის, სიმსივნე მაქვს და მხოლოდ შენ მჭირდები". შემდეგ იყო პაუზა, შემდეგ - "გელოდები". ჩემი ადამიანი მყავს, ნათია, ღამის სამ საათზე სუნთქვაშეკრულმა რომ დავურეკო, რამდენიმე წამში იმედიან ადამიანად მაქცევს. ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნათიას მოძებნა იყო და მიხარია, რომ გამომივიდა. მისი მიდგომებით ყველაზე დიდ ტკივილსაც კი მეორე მხრიდან "ვატრიალებდი" და საერთოდაც, თუ რამემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მეტად ნათიამ და ნაკლებად - კიბომ..."

"საკუთარი სიძლიერე მომწონდა"

"დიაგნოსტირების მომენტიდან ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა და იმდენად სხვა რელსებზე გადავიდა, რომ არც მახსენდება, რა ხდებოდა კიბომდე. ყველა ეტაპი, რომელსაც ამ გრძელ პერიოდში გადიხარ, თავისებურად გცვლის და ბოლოს სულ სხვანაირი ხდები. განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ მთელი ცხოვრება ონკოპროთეზით უნდა ვიცხოვრო, რაც ყოველდღიურ ტკივილთან ასოცირდება. ძვალი ამომაჭრეს პროთეზის ჩასადგმელად, პროთეზი კი საკმაოდ დიდია და ორგანიზმი უცხო სხეულად აღიქვამს. ამიტომ მტკივა, თუმცა, სამწუხაროდ, ალტერნატივა არ მაქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მადლიერების გრძნობა ღმერთის, ადამიანებისა და სამყაროს მიმართ გამიასმაგდა. 5 თვე ვიყავი ისრაელში, იხილოვის კლინიკაში მარტო გამოკეტილი და ბონუსად უამრავი მტკივნეული პროცედურა მქონდა. როდესაც ჩავფრინდი, პირველად მაშინ ვიგრძენი, რა მწარეა მარტოობა, საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნა. სამაგიეროდ, საკუთარი სიძლიერე მომწონდა. ფაქტობრივად, ისრაელში ჩემი ცხოვრება ამ 2 ამბისგან შედგებოდა - ვიყავი მარტო, მაგრამ ძლიერი. სიძლიერეს ხან მარტოობა გადაწონიდა, ხან - პირიქით. დღეს თქვენ ბევრს წუწუნებთ ისეთ ყოფით, უბრალო დეტალებზე, რომლის გააზრებაც მიჭირს. ამიტომაცაა, რომ მადლიერების განცდა ბოლომდე მახრჩობს და მჯერა, ყველაფერი გაივლის და უკეთესობისკენ შეიცვლება. ამჟამად ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაქვს ბლოგი და ონკოპაციენტების დახურული ჯგუფი. მყავს დედა, ძმა, ბებო და მამიდა. მამიკო 12 წლის ასაკში გარდამეცვალა. მეღვინე იყო და ბავშვობიდან მეც აქტიურად ვიყავი ჩართული მის საქმიანობაში. კახეთში გვაქვს ვენახი, რომლის მოვლაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აუცილებლად გავხდები კარგი ფსიქოონკოლოგი და ვეცდები, ადამიანებს, რომლებიც ჩემს გზას ახლა გადიან, მცირედით მაინც დავეხმარო. ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..."

ნინო ჯავახიშვილი