უცნაური სახელები - ინტერვიუ ნიუტონთან, ხუნტულისთან და პრომეთესთან - გზაპრესი

უცნაური სახელები - ინტერვიუ ნიუტონთან, ხუნტულისთან და პრომეთესთან

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ დაწესებულებაში სტუმრობისას ასეთ დიალოგს შევესწარი:

- თუ შეიძლება, სხივი ედიშერაშვილი შემოვიდეს.

- ქალბატონი სხივი ახლახან გავიდა, ნახევარ საათში დავბრუნდებიო. შემდეგი მე ვარ და შეიძლება, შემოვიდე? - შესასვლელისკენ გაემართა მამაკაცი...

სახელი "სხივი" თუ არსებობდა, იმ დღეს პირველად გავიგე და მაშინვე გამიჩნდა იდეა, უცნაური სახელების მქონე ადამიანებზე სტატია მომემზადებინა. ამიტომ, ჩემს ახლობელს, რომელიც მახლდა, ვთხოვე, - ცოტა ხანს გავჩერდეთ, სხივის დაველოდოთ, მინდა, გავესაუბრო-მეთქი. - რა გინდა, რა უნდა ჰკითხოო? - გაუკვირდა, მაგრამ ადგილიდან ფეხი მაინც არ მოვიცვალე... მალე ჩემი ყურადღება ერთმა სანდომიანმა ქალბატონმა მიიქცია, ის კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით ამოვიდა და იმ კაბინეტისკენ გაეშურა, რომლის წინაც ჩვენ ვიდექით. მივხვდი, რომ ის იყო, ვისაც ველოდებოდი (ინტუიციამ არ მიმტყუნა).

სხივი ედიშერაშვილი:

- ეს სახელი მამამ დამარქვა, ჩემს მშობლებს ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ გავუჩნდი.

- რატომ დაგარქვა, არასდროს გიკითხავთ?

- როცა წამოვიზარდე და გავაცნობიერე, ეს სახელი ჩემ გარდა არავის ერქვა, დედას ვუსაყვედურე. მან დამამშვიდა, - შენი სახელი სითბოსა და სინათლესთან ასოცირდება, რატომ არ მოგწონს? შენმა დაბადებამ მზის სხივივით გაგვათბოო. მერე მეც შევეჩვიე...

- როცა უცნობ ადამიანებს სახელით წარუდგებით ხოლმე, რა რეაქცია აქვთ მათ?

- უმეტესად უკვირთ. ზოგს მოსწონს კიდევაც. ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობა უნდა დამეწყო და იქ საბუთების შესატანად მივედი. მდივანმა გოგონამ მითხრა: - უფროსი დაკავებულია, 1 საათში თუ მობრძანდებით, მიგიღებთო. ოთახიდან დერეფანში რომ გავედი, იქვე, ფოიეში რამდენიმე ბიჭი იდგა, რომლებმაც ჩემს დანახვაზე ჩაილაპარაკეს: - ეს მზესავით გოგო ვინ არისო? ერთ-ერთმა უპასუხა: - ამ გოგოს სხივი ჰქვია და მზესავით გაანათებს, აბა, რა იქნებაო? მივბრუნდი და ხელში ჩემი თანაკლასელი არ შემრჩა? მოგვიანებით ის ბიჭი, რომელმაც მზეს შემადარა, ჩემი მეუღლე გახდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ლამაზი გოგო ვიყავი, თაყვანისმცემლები მეუბნებოდნენ, შენ გვერდით ყველა გოგო იჩრდილებაო (იცინის).

სხივი ედიშერაშვილი მართლაც ლამაზი ქალბატონია, მაგრამ ფოტოს გადაღება რომ ვთხოვე, იუარა. მე კი მასთან დამშვიდობების შემდეგ იმ ადამიანების მოძებნა განვაგრძე, რომლებსაც უცნაური სახელები ჰქვიათ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ინტერვიუს ჩაწერა ნიუტონთან მომიწევდა.

ნიუტონ გიგიბერია:

- ეს სახელი მამაჩემის დეიდაშვილის შვილმა დამარქვა.

- პროფესიით ფიზიკოსი ხომ არ არის?

- არა. მე რომ დავიბადე, მაშინ მოსწავლე იყო. ზუსტად იმ დღეებში სკოლაში ნიუტონის კანონი უსწავლია. როგორც ჩანს, მეცნიერის აღმოჩენამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა ჩემთვის სახელის შერჩევის დრო დამდგარა, უთქვამს: - ნიუტონი დავარქვათო. ასე დამერქვა ეს სახელი. როცა წამოვიზარდე, აღარ მომეწონა, მაგრამ რაღას ვიზამდი?

- სახელის შეცვლა არ გიცდიათ?

- როგორ არ ვცადე, მაგრამ უარი მითხრეს. არადა, ვიცი, რომ იმ პერიოდში სახელი ბევრმა ადამიანმა გამოიცვალა.

ჩემი შემდეგი რესპონდენტი - ხუნტული ნაჭყებია გახლავთ. როცა მასთან დაკავშირება ვცადე, მისმა ქალიშვილმა მიპასუხა: - დედა შინ არ არის, საღამოს საათებში დარეკეთო. ავუხსენი, მასთან დალაპარაკება რა მიზნითაც მსურდა, თან ვკითხე, - თუ იცით, ეს სახელი ვინ დაარქვა-მეთქი? - ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ დედას ხშირად ეუბნებიან, - რა კარგი ქალი ხარ და წესიერი სახელი ვერ შეგირჩიესო?! ქალბატონი ხუნტული შინ საღამოს დაბრუნდა. ის პროფესიით ექიმი გახლავთ და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

ხუნტული ნაჭყებია:

- ახალდაბადებულს მშობლები მეფერებოდნენ, - ჩვენი ხუნტულა გოგოო და ეს სახელიც ასე დამერქვა. სიმართლე გითხრათ, ხუნტულის რომ მეძახდნენ, არ მომწონდა, მაგრამ რა უნდა მექნა? ახლა რასაც გინდა, იმას დაირქმევ, ადრე სახელის შეცვლა ადვილი არ იყო. ხუნტული საბუთებში მიწერია, ისე კი ყველა ლიას მეძახის. თუმცა სამეგრელოში ბევრს ჩემზე უარესი სახელი ჰქვია.

- "უარესში" რას გულისხმობთ?

- დაზმირი, ავრორა... რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო? ისე, ბოლო დროს უცნაურ სახელებს სამეგრელოშიც აღარ არქმევენ.

- მშობლებს ამ სახელის შერჩევის გამო ხომ არ საყვედურობდით?

- არა, ეს სახელი სამეგრელოში ბევრს მოსწონდა. ჩემი სიყვარულით, არაერთ გოგონას ხუნტული დაარქვეს.

კიდევ ერთი უცნაური სახელი სატელეფონო ცნობარში ამოვიკითხე. ლაჟვარდი შევარდნაძეზე რეგისტრირებულ ნომერზე რომ დავრეკე, ქალბატონმა მიპასუხა. ავუხსენი, რომ ვმუშაობდი თემაზე - უცნაური სახელები და ვკითხე:

- ლაჟვარდი შევარდნაძესთან თუ შეიძლება დაკავშირება?

- ლაჟვარდი გარდაიცვალა, - იყო მისი პასუხი. მოვუბოდიშე და ის იყო დამშვიდობებას ვაპირებდი, რომ საუბრის გაგრძელება თავად მოისურვა.

- ჩემ შვილსაც უცნაური სახელი ჰქვია - პრომეთე.

- ეს სახელი თავად შეურჩიეთ?

- დიახ, ჩემს მამამთილს ერქვა პრომეთეოსი და მის პატივსაცემად დავარქვი.

- არ იფიქრეთ იმაზე, რომ მომავალში შესაძლოა, ამის გამო თქვენთვის ესაყვედურა?

- ვფიქრობდი, მაგრამ შევარდნაძეებს ასეთი უცნაურობები გვახასიათებს. ჩვენს ნათესავებს ერქვათ - ეფენდი, ევგრაფი და ჰიპოკრატე.

- თავად რა გქვიათ?

- ნანა.

- ქალბატონო ნანა, პრომეთე შინ არის?

- დიახ, დაელოდეთ.

პრომეთე შევარდნაძე, 29 წლის:

- როცა უცნობ ადამიანებს ეცნობი, როგორია მათი რეაქცია?

- თავიდან უკვირთ, მაგრამ არაფერს მეკითხებიან. სახელის გამო კურიოზები ნამდვილად არ მქონია.

- შვილები გყავს?

- არა, მაგრამ როცა მეყოლება, მათაც აუცილებლად უცნაურ სახელებს დავარქმევ.

- მაგალითად?

- ჯერ მოფიქრებული არ მაქვს. ბიჭი თუ შემეძინება, შეიძლება, მამაჩემის სახელი - ლაჟვარდი დავარქვა, ვნახოთ...

- თავის დროზე მამათქვენს ეს სახელი ვინ დაარქვა?

- ბაბუამისმა. როგორც ვიცი, ლაჟვარდი ბერძნული სახელია.

ახლა კეკლუცა ლომსაძეს გაგაცნობთ, მისთვის სახელი უფროს დას დაურქმევია, რის გამოც მას თურმე მთელი ცხოვრება საყვედურობს... ქალბატონი კეკლუცა მხიარული რესპონდენტი აღმოჩნდა:

- ბავშვობის წლები რაიონში გავატარე, 4-5 წლიდან გავაცნობიერე, რომ უცნაური სახელი მერქვა. მაგრამ ამაზე მაშინ დიდად არ მიფიქრია. რომ წამოვიზარდე, მეზობელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, მეზობლის გოგოზე ჭორაობდნენ, - ყველა ბიჭს ეკეკლუცებაო. მასზე სხვა ცუდი რაღაცებიც თქვეს. მაშინ კი შემოვიკარი თავში ხელი, დედასთან გულგახეთქილი მივვარდი და ტირილით ვუთხარი, - კეკლუცი ცუდი სიტყვა ყოფილა-მეთქი. დედა მამშვიდებდა, მაგრამ მაინც დაჟინებით ვთხოვდი, - სასწრაფოდ სახელი გადამარქვით-მეთქი. ერთი პერიოდი ნუცას მეძახდნენ. სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ჯგუფელებმა ისევ კეკლუცად გამიცნეს (როგორც საბუთებში მეწერა), მაგრამ აღარ ვდარდობდი.

- კეკლუცი გოგო იყავით?

- (იცინის) ყველა გოგო კეკლუცია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ახალგაზრდობაში ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ერთ-ერთის დედამ უნახავად, სახელის გამო დამიწუნა. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. ქმრის ახლობლებს კეკლუცი ჩემი მეტსახელი ეგონათ და მეუბნებოდნენ, - ნამდვილი სახელი გვითხარიო.

გულიჯავრ ხუნდაძე:

- 1945 წელს ვარ დაბადებული, თურმე მაშინ მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი - "ლეკის ქალი გულჯავრი" გადიოდა, რომელშიც მთავარ როლს ნინო ჩხეიძე ასრულებდა. მამა სპექტაკლის სანახავად წასულა, შინ რომ დაბრუნებულა, იმ ღამეს დავბადებულვარ და ჩემდა ჭირად, გულჯავრი დაურქმევია.

- თქვენი სახელი არ მოგწონთ?

- მოსაწონია? შინაურები გულიკოს მეძახიან. ბევრი ვერ იგებს, ეს სახელი ქალს ჰქვია თუ კაცს. ჩემი საცხოვრებელი კორპუსის თავმჯდომარე ვარ. მერიაში ხშირად მიწევს სიარული. თავიდან რომ დამირეკეს, იკითხეს - ბატონ გულიჯავრს სთხოვეთო. ავუხსენი, ბატონი - არა, ქალბატონი ვარ-მეთქი. ზოგს ამ სახელის გამოთქმა და სწორად დაწერაც უჭირს, ამიტომ ვეუბნები, ფურცელი მომეცით და ჩემს სახელს თვითონ დაგიწერთ-მეთქი.

- სხვა ადამიანებს თუ იცნობთ, რომლებსაც იშვიათი სახელები ჰქვიათ?

- დედა თიანეთიდან მყავს, ზაფხულობით იქ ხშირად დავდიოდი. ერთხელ იქ გეოლოგები იყვნენ მოსულები. ერთ-ერთ მათგანს ჩემი სახელი ისე მოეწონა, რომ შვილს დაარქვა; იმ ბავშვმა ისეთი რა დაუშავა-მეთქი, ამის გამო ვწუხდი.

ილამაზი მეძმარიაშვილი:

- ეს სახელი მშობლებმა დამარქვეს, სიმართლე გითხრა, ყოველთვის მეჩოთირებოდა; ამიტომაც, მეორე სახელი - ზურაბი მქვია და ყველა ასე მიცნობს; ილამაზი მხოლოდ საბუთებში მიწერია.

- მშობლებისთვის არასდროს გიკითხავთ, ეს სახელი რატომ დაგარქვეს?

- არა, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი სახელით აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ გავარკვიე, რომ არსებობს თურქული სახელი - ილმაზ, შეიძლება ილამაზი აქედან არის წარმოებული...

გარდა უცნაური სახელებისა, ბოლო დროს ბავშვებს უმეტესად ძველებურ სახელებს (ლუკა, საბა, თეკლა, ანასტასია) არქმევენ. საინტერესოა, ზოგადად რა დატვირთვა აქვს სახელს? როგორ შემოდის და გადადის მოდიდან ესა თუ ის სახელი? ამ თემაზე სასაუბროდ წიგნის - "რა გქვია შენ?" ავტორს - ზურაბ ჭუმბურიძეს შევხვდი.

ზურაბ ჭუმბურიძე, ფილოლოგი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი:

- საინტერესო სახელების ნაკრები გაქვთ. თაიგულის ვერ მიაკვლიეთ?

- ვერა.

- ნიუტონი ჩაგიწერიათ, მე არისტოტელეს ვიცნობდი. ახალგაზრდობაში სვანეთში ხშირად დავდიოდი. იქ გავიცანი ბექსტონი. ასეთი სახელი გაგიგონიათ?

- პირველად მესმის.

- სახელებზე წლების მანძილზე ვმუშაობდი. უამრავი ჩანაწერი მაქვს. ბევრი უცნაური სახელი ჩემს წიგნშიც ("რა გქვია შენ?") მაქვს მოხსენიებული. მაგალითად, დისტანგო. იცით, რას ნიშნავს? - დიდ სტალინს გოუმარჯოს.

- თავად ეს ადამიანები საკუთარ სახელებთან დაკავშირებით, რას გიამბობდნენ?

- შეჩვეულები იყვნენ. ზოგიერთი უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტიც გახდა. როცა უნივერსიტეტის რექტორი - ნიკო კეცხოველი იყო, სტუდენტებსა და თანამშრომლებს, რომლებსაც უცნაური სახელები ერქვათ, მოუწოდა, შეეცვალათ სახელები. ზოგიერთი დათანხმდა... თავის დროზე ამ საკითხს ეკლესია აწესრიგებდა, ნათლობის დროს ბავშვს არაქრისტიანულ სახელს არ არქმევდნენ. თუ უცნაური სახელი ერქვა, მღვდელი ამა თუ იმ წმინდანის სახელს არქმევდა. ამან კომუნისტების პერიოდში ძალა დაკარგა. იმ პერიოდში მმაჩის ბიურო არსებობდა. ეს სიტყვა ბევრს გაუგონია, მაგრამ ყველამ როდი იცის, როგორ იშიფრება (მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო). ეს იყო სახელმწიფო სტრუქტურა. იმის ნაცვლად რომ ახალდაქორწინებულები ეკლესიაში წასულიყვნენ და ჯვარი დაეწერათ, მმაჩის ბიუროში მიდიოდნენ და რეგისტრაციაში ტარდებოდნენ. ბავშვის სახელიც მმაჩის ბიუროში ფორმდებოდა. ერთი პერიოდი მითითება იყო, ბიუროს თანამშრომლებს კონსულტაცია გაეწიათ, რომ ახალდაბადებულებისათვის უცნაური სახელები არ დაერქმიათ. ამ მიზნით გამოიცა წიგნად - "ქართულ საკუთარ სახელთა სარეკომენდაციო სია".

- რა განაპირობებს ამა თუ იმ სახელის მოდაში შემოსვლას და პირიქით? ეს რა გარემოებაზეა დამოკიდებული?

- არის სახელების გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოდიდან არ გადადის. გიორგის ყველა თაობაში არქმევენ. გიორგი მარტო მეფე გვყავდა 12. არც ერთი სხვა სახელის მქონე მეფე ამდენი არ გვყოლია. ვახტანგი კი მხოლოდ 6 იყო. მოდიდან არ გადადის დავითი, თამარი, ნინო... წლების წინ ილიას იშვიათად არქმევდნენ, ახლა - მოხშირდა. წმინდა ილიას გარდა, მოქმედებს ისიც, რომ ეს სახელი საქართველოს პატრიარქს ჰქვია. მას უამრავი ნათლული ჰყავს, ყველას უყვარს, შეხარიან და ახალდაბადებულ ვაჟებს ილიას ხშირად ამიტომაც არქმევენ. აკაკი მე-19 საუკუნის ბოლომდე საქართველოში ცნობილი სახელი არ ყოფილა. 1850 წელს ჩატარდა თავადთა და აზნაურთა ოჯახების აღწერა. ოჯახის ყველა წევრი უკლებლივ აღწერეს. ამის საბუთები არსებობს. ათასობით ადამიანს შორის აკაკი მხოლოდ ერთს ერქვა და ისიც აკაკი როსტომის ძე წერეთელი გახლდათ. მაშინ 10 წლის იყო. როცა მსგავსი აღწერა 30-40 წლის შემდეგ ხელახლა ჩატარდა, ეს სახელი უამრავს ერქვა. იმ პერიოდში დაიბადნენ - აკაკი შანიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა და კიდევ ბევრი სხვა. აქედან დაიწყო ამ სახელის პოპულარობაც. ერთი პერიოდი პოპულარული სახელი იყო ლუარსაბიც, მაგრამ მას მერე, რაც გამოიცა ილია ჭავჭავაძის - "კაცია ადამიანი?!", ეს სახელი მოდიდან გადავიდა. არავის უნდოდა, საკუთარი შვილი ლუარსაბ თათქარიძის მოსახელე ყოფილიყო. ასეთი ხალხური გადმოცემაც არსებობს, ძველად, ახალდაბადებულ ბავშვს ხელში დაიჭერდნენ, პატარა ტირილს რომ დაიწყებდა, სახელებს ჩამოუთვლიდნენ და რომელი სახელის გაგონებაზეც გაჩუმდებოდა, იმ სახელს არქმევდნენ. გვარისგან განსხვავებით სახელი მემკვიდრეობით არ გადადის. ახლა რომ გვთავაზობენ, გრძელი გვარები ახალ პირადობის მოწმობებში არ ეტევა და უნდა შევამოკლოთო - ეს დანაშაულია. ამის უფლება არავის აქვს. ჯერ მამის სახელი ამოიღეს, მერე ეროვნება, ახლა გვარების შემოკლებას იწყებენ... ვეღარ გაიგებ, ვინ რომელი ერის წარმომადგენელია, არა მგონია, საზოგადოება ამას დადებითად შეხვდეს.

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:

- სახელის ენერგეტიკული კუთხე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბედ-იღბლის გზაზე ყველა დეტალი გარკვეულ როლს თამაშობს. თითოეულ ბგერას და ადამიანის სხეულსაც თავისი ენერგოვიბრაციული მუხტი აქვს. ზოგჯერ ერთი გამოხედვა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გაღიზიანდეს, ზოგიერთი კარგ ხასიათზე დადგეს... სახელი გარკვეული ასობგერების წყობისგან შედგება. მნიშვნელოვანია, ეს ასობგერები ერთმანეთთან რამდენად ჰარმონიულად არის შერწყმული. ადამიანის სახელი მის გარეგნობას, მანერებს, ხმის ტემბრს უნდა უხდებოდეს. ალბათ არაერთი ადამიანისგან გსმენიათ, რომ საკუთარი სახელი აღიზიანებს და მერე იწყებს იმ სახელის შელამაზებას. ფაქტობრივად, ფსევდონიმს იღებს, რაც მათ ყურს უკეთესად ესმის. როცა სიამოვნებთ, შიდაენერგეტიკა და განწყობილება ეცვლებათ.

- შვილის სახელის შერჩევის დროს, მშობლებმა რა უნდა გაითვალისწინონ?

- მშობელმა შვილს ჰარმონიული ჟღერადობის სახელი უნდა შეურჩიოს, მისი წარმოთქმა თავად უნდა სიამოვნებდეს. ეს სახელი ცხოვრების განმავლობაში ხომ არაერთხელ უნდა წარმოთქვას, მაგრამ მეორე და მნიშვნელოვანია ასტრონუმეროლოგიური პარამეტრი ანუ შესატყვისობა იმ დღის კოდთან (დაბადების წლის, თვის და რიცხვის შეჯამება, რის შედეგადაც ერთ ციფრს მივიღებთ), როცა ადამიანი დაიბადა. მაგალითად, თუ ეს ციფრი არის 8, სასურველია სახელი შედგებოდეს 8 ან 4 ასოსგან. შემდეგი ეტაპი წმინდა "მუსიკალურ ნაწილთან" არის დაკავშირებული. ასობგერათა წყობა ბავშვის ნატურას უნდა შეესაბამებოდეს. ამის განსაზღვრა დაბადების მომენტში რთულია. მშობელი არქმევს იმ სახელს, რომელიც მას მოსწონს, მაგრამ ეს სახელი შეიძლება, არ მოეწონოს ბავშვს, როცა ის წამოიზრდება. ეს უიღბლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. რატომ არის, რომ არაერთი ცნობილი მწერალი არაფერს წარმოადგენდა მანამ, სანამ ფსევდონიმი არ აიღო. ფსევდონიმით წარმატებას არაერთმა მიაღწია.

- როცა ახალშობილს თავისი წინაპრის სახელს არქმევენ, ამაზე თქვენი აზრი როგორია?

- სასტიკად წინააღმდეგი ვარ. წინაპრის სახელის დარქმევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კარმის (კარმა ეს არის ბედ-იღბალი, რომლითაც მოდის ადამიანი, რომელიც მან დააგროვა წინა ცხოვრებების შედეგად) ნაწილი თქვენს შვილზე აუცილებლად გადმოვა და მას ცხოვრებას დაუმძიმებს. ასეთი სახით წინაპრების პატივისცემას თავი დავანებოთ. მიმაჩნია, რომ სახელი და მისგან გადმოსული კარმა გენეტიკურ ხაზზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. არის შემთხვევები, როცა იგივე დაავადებები უვითარდებათ, რომლებიც იმ ადამიანებს ჰქონდათ, ვის სახელსაც ისინი ატარებენ...

- თუ შეიძლება სახელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ავირჩიოთ?

- ასე კატეგორიებად დაწყობილი არ არის, მაგრამ მებრძოლი სულისკვეთების ნიშით (მორიელი, ვერძი, თხის რქა) დაბადებულ მამაკაცს არ უნდა ერქვას გულო, მათ მარსი მართავს. მოაზროვნე ნიშნით დაბადებულებს (მერწყული, სასწორი, ტყუპები) შესაბამისი სახელები უნდა შევურჩიოთ. მიწის ნიშნით (ქალწული, კურო და თხის რქა) დაბადებულები პრაგმატული ადამიანები არიან, მათთვის მისაღებია: მიხეილი, თამაზი თემური, ნოდარი. ზოგჯერ სახელში რაღაც ინფორმაციაა ჩადებული. ადრე შვილს არქმევდნენ მარლენს, ეს იყო მარქსის და ენგელსის შეერთებული ვარიანტი. უცნაური სახელების დარქმევის წინააღმდეგი ვარ. მით უმეტეს, თუ ჰარმონიულად არ ჟღერს და თავად მას არ მოსწონს, ვისაც ჰქვია. საშინელებაა ადამიანისთვის იმ სახელის ტარება, რომელიც მის ყურს არ სიამოვნებს. ვისაც თქვენი სახელი არ მოგწონთ, გირჩევთ, მოითხოვეთ, ყველამ ის სახელი დაგიძახოთ, რომელიც თქვენ მოგწონთ. საბუთებში ეწეროს ის, რაც დაგარქვეს. შესაძლებელია გადაკეთებაც. ამაში რთული არაფერია.

თამუნა კვინიკაძე