"ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება არ ყოფილა" - გზაპრესი

"ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება არ ყოფილა"

იოლი არ არის, 56 ასაკში შვილები და შვილიშვილები დატოვო და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტო. ნონა ფიფია უკვე წელიწად-ნახევარია იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობს. უყვარს სიმღერა. მისმა ერთმა ვიდეომ კი სოციალურ ქსელში უამრავი "ნახვა" დააგროვა და აზრთა სხვადასხვაობაც მოჰყვა.

- 20 წელზე მეტი ექთანად ვმუშაობდი და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. წალენჯიხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, სოფელ ჯვარში, მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. მყავს 2 შვილი და 2 შვილიშვილი. იტალიაში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვედი ოჯახური მდგომარეობის გამო - როგორც სხვებს, მეც გარკვეული ფინანსური პრობლემები მქონდა. არასდროს დამავიწყდება ის დღე, ყველას რომ დავემშვიდობე და სახლიდან წამოვედი. დავტოვე შვილები და შვილიშვილები, რომლებიც ჩემი გაზრდილები არიან. აქ მოდიხარ იმედით, რომ მათ დაეხმარები და სხვა გზა რომ არ არის, თანდათანობით ყველაფერს ეჩვევი. თანაც, ნეაპოლი მეორე თბილისია, იმდენ ქართველს ნახავთ აქ, ვერ წარმოიდგენთ. ყოველ კვირას ვხვდებით ერთმანეთს, ვიკრიბებით კაფეში, ერთმანეთს ვეპატიჟებით პიცაზე და ასე გაგვყავს დრო. ნეაპოლი ულამაზესი ქალაქია, იტალიელები კი არაჩვეულებრივი, გამორჩეული ხალხია თავიანთი სიმღერებითა თუ თავაზიანობით.

- იქაურობასთან შეგუება, სამუშაოს შოვნა გაგიჭირდათ?

- "ფეისბუკ"-მეგობარი, ნინო თაბაგარი დამეხმარა სამსახურის მოძიებაში, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. მეხუთე დღესვე დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ, მოხუცი მალე გარდაიცვალა. ოჯახთან შეგუებაც არ გამჭირვებია, გამიმართლა და კარგი ხალხი შემხვდა. პირველად სადაც ვმუშაობდი, ბაბუას ვუვლიდი და მისმა ქალიშვილმა მასწავლა იტალიური. ამ დროის განმავლობაში უკვე 5 ოჯახი გამოვიცვალე. ბოლო 9 თვეა, ნეაპოლში დედა-შვილს ვუვლი - 91 წლის მოხუცსა და მის 61 წლის შვილს, დაუნის სინდრომით.

- თქვენს ამღერებაზეც უნდა გკითხოთ - იტალიაში წასვლამდე თუ მღეროდით?

- მიყვარს სიმღერა, მემღერება თუ არა, მაინც ვმღერი და ამით გადამაქვს ჩემი დიდი ტკივილი, რასაც მონატრება ჰქვია... სკოლაში სოლისტი ვიყავი, თუმცა პედაგოგი არასდროს მყოლია. იტალიაში ყოფნისას გადმოვიწერე სპეციალური პროგრამა, არის ასეთი საიტი "სმულე", სადაც უამრავი მეგობარი მყავს, როგორც ქართველები, ასევე იტალიელებიც და ყველა ერთად ვმღერით.

GzaPress

- ვიდეოს, რომელშიც მოხუც იტალიელ ქალბატონს უძღვნიდით ნანა მეფარიშვილის ლექსზე დაწერილ სიმღერას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა - წერდნენ, რომ ტექსტიდან გამომდინარე, დასცინოდით ქალს, რომელსაც ქართული არ ესმოდა და ა.შ.. - დიახ, ამ სიმღერას მართლაც დიდი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ლექსს ჰქვია "თუ იავნანა არ გესმის" და ტექსტი საოცრად მგრძნობიარეა, იწყება ასე: "სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,/ დავალ მოგონებით გართული,/ როგორ მებრალებით, უცხო ქალბატონო,/ თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული./ იცი? ამ გალობას ჩემი წინაპრები,/ უფალს შესწირავდნენ ალერსით,/ რარიგ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო,/ თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით"... როცა ეს სიმღერა მოვისმინე, სპონტანურად გადავწყვიტე, მემღერა ბებიასთვის, რადგან მასაც და მის შვილსაც სიმღერა ძალიან უყვართ. მომერიდა ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე ატვირთვა და "მე ქართველი ემიგრანტი ვარ" - აი, ამ ჯგუფში დავდე, იქიდან გააზიარეს. ნეგატივი ხალხის სითბომ და სიყვარულმა გადაფარა. ამ კომენტარების შემდეგ ნანა მეფარიშვილიც გამომეხმაურა, - მეგობარმა გამომიგზავნა თქვენი სიმღერა, ჩემს გვერდზე დავდე და უარყოფით კომენტარებს ნუ მიაქცევთ ყურადღებასო. ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება და დაცინვა არ ყოფილა.

- საქართველოში დაბრუნებას რამდენ ხანში აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი, ალბათ 5 წელი მაინც დამჭირდება პრობლემების მოსაგვარებლად. მინდა, ჩვენს სამშობლოში მალე ყველაფერი ისე დალაგდეს, რომ აქ წამოსვლა აღარავის უნდოდეს. ჩემი მეგობრების უმრავლესობა დიდი ხანია, ემიგრაციაშია. ზოგი პანდემიის გამო დაბრუნდა საქართველოში, უფრო ისინი, ვისაც მოხუცი დაეღუპა და სამსახურის პოვნა ამ რთულ სიტუაციაში გაუძნელდა, ბევრმა კი მოხუცები არ მივატოვეთ და დავრჩით. პანდემიამ ერთი კარგი, რაც მოგვიტანა ემიგრანტებს, თავისუფლად გადაადგილებისა და ლეგალურად მუშაობის საშუალებაა. ბედნიერი ვარ, რომ შემეძლება თავისუფლად ჩამოვიდე საქართველოში და მოვინახულო შვილები, შვილიშვილები, მათთან განშორებას ძალიან განვიცდი ისევე, როგორც ყველა დედა.

ნინო ჯავახიშვილი