როგორ მოვიშოროთ ვულგარული ფერიმჭამელა
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელას განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), გოგონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.
მკურნალობა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას; მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიულ პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლასაც: სახე დაიბანეთ გადადუღებული წყლით (უსაპნოდ), შემდეგ კი გაიწმინდეთ ისეთი ლოსიონით, რომელიც სპირტს არ შეიცავს; არ გამოიყენოთ ტონალური კრემი და კომპაქტური პუდრა, რადგანაც ეს საშუალებები ცხიმოვან ჯირკვლებს ახშობს.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ სახე ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ, შემდეგ კი თითოეული ელემენტი თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ; თუ კვანძები გაქვთ, მაშინ რამდენიმე დღის განმავლობაში, მათზე იხტიოლის მალამო წაისვით, კვანძების დაშლის შემდეგ კი, აქერცვლის მიზნით, ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას) გამოიყენეთ. ოღონდ წაისვით მხოლოდ კვანძებზე და არა - მთელ კანზე; ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღე, შემდეგი 10 დღის განმავლობაში კი გამოიყენეთ კურიოზინი-გელი, დღეში 2-ჯერ; დაბოლოს (ანუ მკურნალობის დაწყებიდან 20 დღის შედეგ), ნარჩენი პიგმენტაციის ასალაგებლად წაისვით სკინორენის მალამო, დღეში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, აუცილებლად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. ვულგარული ფერიმჭამელას შემთხვევაში კარგად მოქმედებს მზის სხივები (ზომიერად). გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად, ჩირქოვანი გამონაყრის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ ამ კერის ლიკვიდაცია არ მოხდება, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
დაბოლოს, გასწავლით ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას: 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი, 4 აბი კარგად დაფქული ლევომიცეტინი ერთმანეთში აურიეთ და ამ ხსნარით პრობლემური კანი ყოველდღე გაიწმინდეთ.
გამონაყარი ზურგზე
ზურგზე ფერიმჭამელების გაჩენას შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ზოგიერთი სპეციალისტი ამას საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას უკავშირებს, ზოგი - ჰორმონულ დისბალანსს, ზოგი კი ზურგის მიდამოში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონირებას; რასაკვირველია, დიდი როლი მიუძღვის ჰიგიენასაც - სახის კანთან შედარებით ზურგის კანის მოვლა, დაბანა, გასუფთავება, მასზე სხვადასხვა მალამოსა თუ ნიღბის დადება ხომ გაცილებით ძნელია.
ვინაიდან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს; თუ ის დაადგენს, რომ აკნეს (ფერიმჭამელას) განვითარების მიზეზი ჰორმონული დარღვევაა, მაშინ საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას ისეთი მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავს კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობაც. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი - ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.
როგორ მოვიქცეთ ზურგზე გამონაყრის შემთხვევაში:
*დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები, ცხიმი (ზოგჯერ, მარილის შემცირებაც არ არის ურიგო). სამაგიეროდ, კვების რაციონი გაამდიდრეთ რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით.
*გამონაყარს ხელი არ ახლოთ - გამორწყვის მიზნით მათზე ზეწოლა დაუშვებელია, ამით კანს უფრო დააზიანებთ, ანთების გაძლიერებასა და ინფექციის გავრცელებას შეუწყობთ ხელს.
*ტანი დაიბანეთ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით.
*გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები. მათ აქვთ წარწერა - ნონცომეტოგენ.
*მიეფიცხეთ მზეს (ზომიერად).
პიგმენტური ლაქები
პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელიც 2 სახისაა: პირველი - კანი ალაგ-ალაგ შედარებით მკრთალი (ვიტილიგო) ხდება და მეორე - ის ალაგ-ალაგ, შედარებით მუქდება; ეს შეიძლება იყოს ჭორფლი ან კიდევ, თუ კანზე გამუქებული ნაწილები დიდდება - პიგმენტური ლაქები, რომლებიც უმეტესად, ქალებს უჩნდებათ (ეს დაკავშირებულია ქალის ფიზიოლოგიის თავისებურებებთან). ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება.
არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით, კანის განსაზღვრულ უბნებში დიდი რაოდენობით პიგმენტი - მელანინი გროვდება და კანი მუქ ელფერს იძენს - ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადამეტებული პიგმენტაცია ჩვეულებრივ, მზის სხივების ზემოქმედებით, უმეტესად, გაზაფხულობით ჩნდება. ამიტომ ქალმა (მით უმეტეს, თუ ის მიდრეკილია ასეთი ლაქების გაჩენისკენ) უნდა ატაროს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული, მსუბუქი და დახურული ტანსაცმელი; სასურველია მზის სათვალის ტარებაც. ქუჩაში გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმაც: კრემის ეტიკეტზე წერენ შPF და უთითებენ ციფრებს - 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან დაიცავს. კვების რაციონში შეიტანეთ A, B, C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.
თუ პიგმენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ, არსებობს მათგან თავის დაღწვის რამდენიმე საშუალება:
1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესია, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერისა და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. პილინგი, რომელიც პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.
3. დაბოლოს, ხალხური საშუალებები - ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოცხარისა და ბევრი სხვა მცენარისგან. მაგალითად:
* ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 2 ს/კ ოხრახუში დაიდეთ პრობლემურ კანზე, 20-30 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.
* მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, დაუმატეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე - დილა-საღამოს.
* ნუშს აქვს მათეთრებელი თვისება და ამიტომაცაა, რომ მისგან დამზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად იყენებენ.
* ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე და გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ს/კ ანადუღარი წყალი. ეს მასა კარგად ათქვიფეთ, გაიკეთეთ ნიღაბი და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
* 1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გ შაქარი, 100 მლ წყალი კარგად აურიეთ და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე, 20-30 წუთის განმავლობაში. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
* ახალი კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ და დაუმატეთ 1 ს/კ მკვებავი კრემი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ კიტრის წვენს დაუმატეთ ამავე რაოდენობის არაყი და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაიკეთეთ ნიღაბი ამ სითხეში დასველებული მარლით.
კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახადაც:
100 გ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი. ეს ნარევი ბნელ ადგილას, 8-10 დღე გააჩერეთ, შემდეგ კი გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
ნინო ჩარგეიშვილი