"დედის სიკვდილის გამო დანაშაულის შეგრძნება გახდა მიზეზი, ნარკოტიკს დავბრუნებოდი" - გზაპრესი

"დედის სიკვდილის გამო დანაშაულის შეგრძნება გახდა მიზეზი, ნარკოტიკს დავბრუნებოდი"

ქალბატონი, რომელმაც თავისი ამბის დღის შუქზე გამოტანა გადაწყვიტა, მკურნალობის ბოლო ეტაპზეა. მან გვარი იმ მიზეზით არ გაგვიმხილა, რომ სიმშვიდე სჭირდება, საზოგადოების მხრიდან აგრესიას ვერ გაუძლებს. მას მარინა ჰქვია. სურს იქცეს მაგალითად სხვა ნარკომომხმარებლებისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში რეაბილიტაციის კურსის გავლა გაუჭირდა, ესპანეთს, კერძოდ, ბარსელონას მიაშურა. რთული იყო მისი მოსმენა ემოციების გარეშე.

- სიბნელე, ქაოსი, ტკივილი, ცრემლები - ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა, უფასურდება დღეები, სიყვარული, თანაგრძნობა და რეალობის შიში გეუფლება. გეშინია, შეებრძოლო სამყაროს, რომელიც ჭაობს ჰგავს, დღითი დღე იძირები, ჭაობი გითრევს და არავის შესწევს ძალა, გიხსნას. საშინელებაა, საკუთარ "მეს" კარგავ, გრიყავს საზოგადოება, ოჯახი, მეგობრები. შენი უღალატო მეგობარი სიბნელეა, რომელიც არ გტოვებს. უფრო მეტიც, მთლიანად ცდილობს გშთანთქოს, ნათელის აღქმის შეგრძნებას გართმევს. 19 წლის ვიყავი, როდესაც ანტიდეპრესანტების მოხმარება დავიწყე, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ჭაობისკენ. შემდეგ უფრო ძლიერ წამლებზე გადავედი და ნარკოდამოკიდებულად ისე გადავიქეცი, ვერც მივხვდი.

- გქონდათ გამოფხიზლების მცდელობა, არ ებრძოდით თავს?

- როგორ არა, 2 თვე ვიყავი ფხიზლად, შემდეგ დედა გულის ინფარქტით გარდაიცვალა, რაც დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, თავს ვიდანაშაულებდი. იმაზე ფიქრს, რომ დედა ჩემ გამო გარდაიცვალა, ვერ გავუძელი და ისევ ნარკოტიკებს დავუბრუნდი, მხოლოდ მასში ვხედავდი შველას.

- მინდა გკითხოთ, რა შეცდომას უშვებს ამ დროს ოჯახი ან საზოგადოება?

- ამ დროს დიდ შეცდომას უშვებს ოჯახიც და საზოგადოებაც. კონტროლი, ნდობის დაკარგვა, დისკრიმინაცია - ეს არის უდიდესი დანაშაული. მაშინ, როდესაც საზოგადოება უარგყოფს, ზღვისგან გარიყულ ნაფოტს ემსგავსები, გამოჯანმრთელების სურვილს კარგავ.

- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?

- ვიყავი ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა გამოვჯანმრთელდე და შევებრძოლო რეალობას. მაშინ მივიღე ევროპაში წამოსვლის გადაწყვეტილებაც. საჭირო იყო შორს ვყოფილიყავი იმ გარემოსგან, რომელიც აუცილებლად ჩამითრევდა. როდესაც ნარკომომხმარებელი ხარ, შენი წრეც ასეთივეა. ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე მეგობრები თითქმის აღარ გყავს.

გარდა ამისა, საქართველოში არ არის რესურსი, რომ ნარკომომხმარებელს დაეხმაროს რეაბილიტაციაში, ამ ქვეყანაში კი შეგიძლია ისარგებლო გამოჯანმრთელების სრული პროგრამით - ეს იქნება დეტოქსიკაცია, ჩანაცვლებითი პროგრამა, რეაბილიტაცია, პრევენცია და სხვა, ბოლო ეტაპი კი სემინარებია.

- ხართ თუ არა მზად საზოგადოებასთან შესახვედრად?

- დიახ, ჩვენ მზად ვართ მათთან შესახვედრად, თუ დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. საზოგადოებამ უნდა გაიგოს და გაითავისოს, რომ ავად ვართ; კრიმინალებად კი არა, დაავადებულ ადამიანებად უნდა მიგვიღონ. მე არ ვუწევ ნარკოტიკს პროპაგანდას, პირიქით, სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ჩემი ამბავი საჯარო გამეხადა, რომ მაგალითად ვიქცე სხვებისთვის. ქართველები თუ არ შეცვლიან მიდგომას ამ ადამიანების მიმართ, ეს პრობლემა ვერასდროს მოგვარდება. თქვენ ხომ არ რიყავთ არავის, თუ გაიგებთ, რომ შაქრიანი დიაბეტი ან სიმსივნე აქვს? ჩათვალეთ, რომ ესეც იმავენაირი დაავადებაა, უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტი სითბო გვჭირდება და დიდი დრო გამოჯანმრთელებისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ უკვე სრულიად გამოჯანმრთელდით?

- ფაქტობრივად, სრულად გამოვჯანმრთელდი და ამისთვის ჩემს მეუღლეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რომ არა მისი მხარდაჭერა და თანადგომა, მე ამ ეტაპამდე ვერ მოვიდოდი. მას ჩემთან ერთად სტკიოდა, ყველა ეტაპს ჩემთან ერთად გადიოდა და არც ერთხელ არ დავუტოვებივარ მარტო. როდესაც ჭამაც კი არ შემეძლო დამოუკიდებლად, ის თავისი ხელით მაჭმევდა. ყოველთვის მიმეორებდა: მარტო არ ხარ, შევძლებთ, ერთად დიდი ძალა ვართ და ამ დაბრკოლებას ერთად გავუძლებთო. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის და მისთვის იმედის გაცრუების უფლება არ მქონდა. მხოლოდ მან იწამა ჩემი და ვერ დავაღალატებდი. ამიტომაც მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ახდენენ ჩვენს დისკრიმინაციას. ჩვენ მხარდაჭერა და რეაბილიტაცია გვჭირდება, დაჯარიმება და პატიმრობა კი რეაბილიტაცია არ არის. არც ჩანაცვლებითი პროგრამაა ეფექტიანი და მისაღები, 10 წელი რომ მეტადონის პროგრამაზე არიან ნარკომომხმარებლები. ამით ვერავინ გამოჯანმრთელდება, პირიქით - მეტადონზე დამოკიდებულები ხდებიან. დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მათ პრობლემებს გაუათმაგებს და დღითი დღე ჩაიძირებიან ჭაობში. უბრალოდ, მიიღეთ ისინი ისე, როგორც ამას ევროპის ქვეყნები აკეთებენ. ნუ გაუჩენთ შეგრძნებას, რომ არ გჭირდებათ და უსარგებლოები არიან. იცოდეთ, თუ სიყვარულით მიიღებთ, აუცილებლად გადარჩებიან.

ფიქრია რობაქიძე