"ცეკვის დასრულება მოვახერხე და კულისებში სისხლიანი უგონოდ დავეცი" - გზაპრესი

"ცეკვის დასრულება მოვახერხე და კულისებში სისხლიანი უგონოდ დავეცი"

2005 წლის 4 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "სუხიშვილების" სოლო კონცერტზე, "ფარიკაობის" დუეტის დროს ხმლიდან გამოტყორცნილი ცხელი ნატეხი მოხვდა თვალში და მხედველობა დაკარგა, მაგრამ ცეკვა მას შემდეგაც არ შეწყვიტა და ფარ-ხმალი არ დაყარა... მომხდარმა უფრო გამაძლიერა და გამიღრმავა ცეკვის სიყვარული, მთავარია, ძალიან გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურებიო, - მითხრა საუბრისას ქორეოგრაფმა ლაშა ტორაძემ.

- წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე, ბებიას 11 შვილი ჰყავდა - 6 ბიჭი და 5 გოგო. ყველა მღეროდა, ცეკვავდა. ჩვენს ეზოში თურმე ყოველთვის დიდი ჟრიამული იდგა. ნაბოლარა ბიძა, იური ტორაძე ქორეოგრაფთა კავშირის პრეზიდენტის, რეზო ჭანიშვილის მოადგილეა. ყველა მან გაგვზარდა, 3 თუ 4 წლის ვიყავი, მეც მის დარბაზში რომ მიმიყვანეს და ვარჯიში დავიწყე. მერე თბილისში ჩამოაყალიბა ანსამბლი "სხივი". მალე მეც დედაქალაქში გადმოსვლა მომიხდა, რადგან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე. რამდენიმე ანსამბლში ვცეკვავდი, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო "როკვა", საიდანაც უმეტესობა "სუხიშვილებში" გადავიდა. ყველა მოცეკვავის ნატვრაა, იცეკვოს "სუხიშვილებში" და მეც ამიხდა ეს ოცნება. 2005 წელს ანსამბლის 60 წლის იუბილესთვის 10 კონცერტი იყო დაგეგმილი, მესამე კონცერტზე ფარიკაობის დროს ხმლიდან გამოტყორცნილი, გახურებული ნატეხი მომხვდა თვალში და ამომიწვა. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, ცეკვის დასრულება მოვახერხე და კულისებში სისხლიანი უგონოდ დავეცი. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, 22 წლის ვიყავი... 8 ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ ცალ თვალში მხედველობა არ დამიბრუნდა. ყველაფერი მიჩვევა ყოფილა. ახლა ვხუმრობ ხოლმე, ცალი თვალით უფრო კარგად ვმუშაობ-მეთქი. რა თქმა უნდა, რთულია, რაც გადავიტანე, მაგრამ გავუძელი, ფეხზე წამოვდექი და ცეკვას დავუბრუნდი.

GzaPress

- კვლავ "სუხიშვილებში" გააგრძელეთ ცეკვა? - ეს ანსამბლი ძალიან მიყვარს და ოპერაციების შემდეგ, რა თქმა უნდა, დავბრუნდი. მინდოდა, კვლავ მეცეკვა და ჩემი სათქმელი მეთქვა; დამემტკიცებინა, რომ უფრო მეტი შემიძლია. ილიკომ გულიანად მიმიღო, - თუკი შეძლებ, გამიხარდებაო. ნინო საქართველოში არ იყო და რომ ჩამოვიდა, უარით გამომისტუმრა, - ვერ გაცეკვებო. ისე დამწყდა გული, ვფიქრობდი, ცეკვისთვის საერთოდ დამენებებინა თავი, მაგრამ ვერ შევძელი - როცა გიყვარს, სულითა და გულით ხარ ამ საქმეში, უარის თქმა ძნელია. ცეკვა თუ შეისისხლხორცე, ვეღარასდროს დაანებებ თავს. "ქართული ცეკვის ილეთი/ ყველა თაობის ვალია,/ უნდა შეიგრძნოს სუყველამ/ ეს ისტორიის კვალია", - ცეკვას სხვანაირი სიყვარული და მოფერება უნდა.

- ამჟამად, როგორც მითხარით, ბავშვებს ამეცადინებთ. როგორი უნდა იყოს ცეკვის პედაგოგი, ხშირად გადამეტებული სიმკაცრის გამო აკრიტიკებენ ხოლმე მათ?

- ქორეოგრაფი ვარ, გოგონებთანაც ვმუშაობ და ვაჟებთანაც, 5 ანსამბლი მყავს - "პრომეთე", "ჩოხი", "თაობა", "მთისანი" და "ლაშქარი". შეიძლება, კარგი მოცეკვავე იყო, მაგრამ ქორეოგრაფად ვერ შედგე. ეს სულ სხვა რამეა, სხვა უნარებია საჭირო. ახლოს უნდა იყო ბავშვებთან, მათი უნდა გესმოდეს. სიმკაცრესა და დისციპლინასთან ერთად გახალისება და სტიმულიც აუცილებელია. ქართული ცეკვა დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ცოტა არ იყოს, სხვანაირი თაობა წამოვიდა, მშობლებიც უფრო თავისუფლად ზრდიან შვილებს და ბავშვს რომ დაუყვირო, შეიძლება, ვინმემ გიჩივლოს კიდეც...

GzaPress

- წერთ სიმღერებსაც, უკრავთ ხალხურ საკრავებზეც. კიდევ სხვა გატაცება ხომ არ გაქვთ? - ლექსებსაც ვწერ, ჩემთვის, თუმცა, ერთ ჩემს ლექსს სოციალურ ქსელში ბევრი გაზიარება ჰქონდა. ეს ლექსი ჩვენს პატრიარქს მივუძღვენი, ნაწყვეტს წაგიკითხავთ: "შენ საქართველოს გულის მალამო,/ შენი სიტყვებით ყველას წამალო,/კეთილი ბგერის სიტყვის მარაგო,/ საქართველოსთვის დიდო ამაგო.../ პატრიარქი ხარ, ქვეყნის მამაო,/ გადაგვირჩინე რთული ხანაო,/ უფალს მადლობა ხალხისგანაო,/ წმინდანი რომ გვყავს შენისთანაო".

- დაბოლოს, ოჯახზეც მითხარით რამე, დაოჯახებული თუ ხართ?

- (იცინის) ეს რთული საკითხია. უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ყველა მეჩხუბება, მოიყვანე ცოლიო. მგონი, მართლა ამხანჯლავენ და ის ამბავი მოგონილი იქნება, რაც ფარიკაობისას დამემართა. ამ საკითხზე, ბუნებრივია, ვფიქრობ, მაგრამ რას გაიგებ, როდის მოვა სიყვარული...

ნინო ჯავახიშვილი