ნანული ცხვედიანის ნაამბობი ფერადი ამბები - გზაპრესი

ნანული ცხვედიანის ნაამბობი ფერადი ამბები

მკითხველთა ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გთავაზობთ "ფერად" ამბებს ქუთაისის წარსულიდან. დავამატებთ მხოლოდ ერთს - ნანული ცხვედიანი ის ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ვუწოდოთ ქუთაისის კოლორიტი...

GzaPress

"ბაღისკიდე"

- ქუთაისის 170 წლის ბულვარს ახსოვს ის ახალგაზრდა ქუთათურები, გატაცებით რომ კითხულობდნენ "ღუბერნსკი სტამბაში" დაბეჭდილ წიგნს მელქისედეკ აბესაძისას "საარშიყო ლექსები ვაჟებისაგან ქალებთან მინაწერი" და ახსოვს "სობოროს" მოპირდაპირედ, მყუდრო კუთხეში, ამოჩემებულ სკამზე მჯდომი ოლიმპიური მოხუციც - საქართველოს უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელი, მარტოობას რომ არ აცლიდნენ თაყვანისმცემლები. რაჭა-ლეჩხუმში აკაკის ცნობილი მოგზაურობის ამსახველი პირველი კადრებიც სწორედ ბულვარში გადაიღო პირველმა ქართველმა ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა და ფილმი პოეტისა და მისი მხლებლების ბულვარში დაბრუნებითვე დაასრულა. ბულვარს ასევე ახსოვს "ლოტოთი დათრობა" (აკაკის სიტყვებით) არისტოკრატი ქალბატონებისა, ღამეული ფარნების შუქზე, ღამის 10-11 საათზეც კი, აქ გაჩაღებული რომ ჰქონდათ აზარტული თამაში და ვახშმად მორთმეულ "ვარენიებს" სწრაფად შეექცეოდნენ, რათა უმალ დაბრუნებოდნენ საყვარელ გართობას... და ახსოვს ეკატერინე ლორთქიფანიძის რედაქტორობით ქუთაისელ ქალთა მიერ გამოცემული "ქართული ბიბლიოთეკაც", უცხოურ პროგრესულ ნაწარმოებთა თარგმანებს რომ აწვდიდა ქართველ საზოგადოებას. ახსოვს უკეთილშობილესი არისტოკრატის, ტრაგიკული ბედის პოეტის - მამია გურიელის განუმეორებელი დეკლამაციაც და მიხაი ზიჩის მიერ "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დასადგმელად შეკრებილ ქუთათურ ქალ-ვაჟთა გასაოცარი სილამაზეც. 1905-1907 წლების დიდი ეიფორიაც, რევოლუციური ბარიკადებიც და გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დაჭრის ამბავიც. ბულვარში წლების მანძილზე შრიალებდა ფერაძის, გამრეკლოვის, წულუკიძის, ღამბაშიძის, კილაძისა თუ ხელაძის ტიპოგრაფიებში დაბეჭდილი წიგნების ფურცლებიც და ქუთაისში გამოცემული ათეულობით ცინცხალი გაზეთიც, რომ არაფერი ვთქვათ საგანგებოდ გამოწერილ "ივერიასა" თუ "დროებაზე". აქ ხშირად გაგრძელებულა დავით მიქელაძე-მეველის, ელენე ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის ასულის), ნიკო ნიკოლაძის დების ლიტერატურულ სალონებში დაწყებული დებატები და სამწერლო თემები. ქუთათურ საზოგადოებას თავისი ცოდნითა და უჩვეულო ინტელექტით აღაფრთოვანებდა ტარტუსა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში განსწავლული ახალგაზრდა მეცნიერი და მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი გრიგოლ რობაქიძე, რომლის ლექციამ ფრიდრიხ ნიცშეზე თვით დიდ აკაკის ათქმევინა: "ვნახე ის, რაც მთელი ჩემის სიცოცხლის განმავლობაში მენატრებოდა: ქართველი ინტელიგენტი, თავისთავად მოაზრე და არა საუცხოვო გრამაფონი". ბულვარის ელიტა პირველი გრძნობდა ქართული პოეზიის ახალი მწვერვალის - გალაკტიონის მოახლოებას და პერიოდულ პრესაში დაბეჭდილ მის ლექსებს იმთავითვე მაღალ შეფასებას აძლევდა. 1914 წელს ტუტკუ გვარამიას სტამბაში დაბეჭდილი პირველი წიგნით ახალმა მეფემ შემოაბიჯა ბულვარში. 1915-1916 წლებში კი კონსერვატორული "ბაღისკიდე" გაგულისებული განიხილავდა "ვინცხა" ახალგაზრდა პოეტების: ტიტე ტაბიძის, პავლე იაშვილის, ნიკოლოზ ნადირაძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე (სანდრო) ცირეკიძისა და მათი მეგობრების მიერ ჩამოყალიბებული, უცნაურსახელწოდებიანი სიმბოლისტური სკოლის - "ცისფერი ყანწების" პროდუქციას და გაოცებული იყო, "რაფერ" უჭერდა მხარს "ამ თავხედ ბოვშებს" ისეთი გემოვნებიანი მკითხველი და შემფასებელი, როგორიც უფალი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე ბრძანდებოდა. ამ სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ორი მანიფესტის ავტორი ტიციან ტაბიძე მოგვიანებით იტყვის: "ქუთაისი მაშინ წარმოგვედგინა როდენბახის მკვდარ ბრიუგედ..." თეატრალური "ბაღისკიდე" გაცილებით ადრეული წლებიდან და გაცილებით მკვეთრი ემოციებით არჩევდა ჯერ კოტე მესხისა და მისი დიდებული თეატრის რეპერტუარს, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ნატო გაბუნია-ცაგარელის, ნინო ჩხეიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტასო აბაშიძის, ვასო აბაშიძის, კოტე ყიფიანის როლებს, მერე კი იმით ამაყობდა, როგორ "დაარტყმევინა ცხვირი" ქუთაისში საგასტროლოდ ჩამოსულ განთქმულ ძმებს, ადელგეიმებს მათ წარმოდგენებს შორის საგანგებოდ ჩასმული თავისი სპექტაკლებით ("რუი ბლაზით" და "ჰამლეტით") ლადო მესხიშვილმა. მწერალი და მსახიობი მარიამ გარიყული გადმოსცემდა, განახლებულ სცენაზე სირაქლემის ფრთებით გაწყობილი ქუდითა და თეთრი თივთიკის ტუნიკით მორთული ლადო მზესავით ისე ბრწყინავდა, პარტერს აღტაცების ოხვრა აღმოხდა, მის მშვენებას თვალი ვეღარ გაუმაგრა ლიზა გვეტაძის ქალმა; ისე შეშინდა, რომ ფერდაკარგულმა რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი და სცენარიუსის ნიშანზე, ძლივს შეაღო სცენის კარიო. ქუთათურები ამაყობდნენ, რომ სწორუპოვარ ლადოს მაყურებელი "ვერ წაართვეს" ვერც მამონტ ტალსკიმ, ვერც ორლენიევმა და სხვადასხვა დროს ჩამოსულმა ვერც ერთმა სხვა დიდმა მსახიობმა. გაცილებით გვიან, 1928-30 წლებში, ქუთაისი და მისი თეატრალური "ბაღისკიდე" პირველივე სპექტაკლით დაიპყრო კიდევ ერთმა გენიამ - კოტე მარჯანიშვილმა. ქუთაისელმა პოეტმა ლილი ნუცუბიძემ გადმოგვცა უფროსი თაობის თანაქალაქელებისაგან გაგონილი, რომ ბულვარის სამხრეთ-დასავლეთით, ერთ-ერთი ჭადრის ქვეშ იკრიბებოდნენ მარჯანიშვილელები და აქ, უშანგის, ვერიკოს, სხვა კორიფეთა გარემოცვაში, ხშირად იდგა თურმე დიდი კოტეც. ეს ისტორიული ჭადარი, სამწუხაროდ, საოპერო თეატრის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამუშაოებს შეეწირა... ბულვარი, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, უპირველესად, ქალაქური და ფოლკლორული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთა ასპარეზი იყო. გასული საუკუნის დამდეგს აქ პირველობას არავის უთმობდნენ ბრწყინვალე თავადები და მათი მეგობრები: ბონდო და პიპინია მიქელაძეები, კოკინია დგებუაძე, ნიკო ფაღავა, კოტატია მუმლაძე, მინა ბოლქვაძე, დანიელა ურია და სხვები. ლეგენდად შემორჩა ის ამბავი, საგასტროლოდ ჩამოსულ ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს ქუთაისის საზოგადოებამ დიდი ბანკეტი რომ გაუმართა და იმერელმა თავადიშვილებმა სუფრასთან შესრულებული ბრწყინვალე "ცედური მრავალჟამიერით" გააოგნეს გამოჩენილი მომღერლები. ხალხში ჰყვებოდნენ: პირველს თურმე დანიელა ურია ამბობდა, ხმა ცაში ასწია და მანამ არ წავიდა ფინალისაკენ, სანამ გასავათებულმა თავადებმა მის მიერ სამი შეერთებული თითით მოთხოვნილი სამი ოქროს თუმანი ჩუმად არ დაუდეს მაგიდაზე, მეორე დღეს კი დანიელამ ისინი ამ ფულითვე აქეიფაო. ბულვარში ხშირად გაისმოდა გიმნაზიელთა მშვენიერი სიმღერებიც. ჯგუფი ჯგუფს ეჯიბრებოდა, თუმცა ბადალი არ ჰყოლიათ ძმებს - დიმიტრი და ბიძინა მჭედლიძეებს. ახალგაზრდობა უმალ წყვეტდა სიმღერას, როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ ქართული გიმნაზიიდან წამოსულ და ბულვარის გავლით შინისაკენ მიმავალ იოსებ ოცხელს. ეკრძალვოდნენ მოხუც დირექტორს, ხეებს ეფარებოდნენ. სასიმღერო რეპერტუარს არაერთხელ დასდებია საფუძვლად რეალური ისტორიები. მაგალითად, 10-იან წლების ქუთაისურ არღანში გაჩენილა ერთი ახალი "პესნი", რომელსაც გატაცებით მღეროდა იმერეთის მაშინდელი დარდიმანდი ახალგაზრდობა: "ია უეზჟაიუ იზ კუტაისა, პრაშჩაი, ალისა! ტაშჩი ვედრო!" პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის ვაჟის - რევაზ გაბაშვილის გადმოცემით, ეს ალისა ქუთაისის სასტუმროში მომუშავე ლამაზი დამლაგებელი ყოფილა, რომელიც პეტერბურგიდან არდადეგებზე ჩამოსულ ახალგაზრდა იმერელ თავადს დანახვისთანავე შეჰყვარებია და ცოლობაზე დაუთანხმებია. სამწუხაროდ, სართულიდან სართულზე წყლიანი ვედროების ტარების გარდა, ამ ლამაზმანს სხვა "სამსახურიც" ჰქონია სასტუმროში და უბედურ საქმროს ეს მხოლოდ მაშინ შეუტყვია, ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან ფრიად საეჭვო პოზაში რომ წაუსწრია. გულმოკლულ თავადს სასტუმროდან გაქცევის წინ ქალისათვის სწორედ ზემოთ ხსენებული ლექსი-ამონაკვნესი დაუტოვებია, რომელიც სწრაფად გავრცელებულა ქუთაისში და სიმღერადაც უქცევიათ. მაგრამ მხოლოდ ასეთი კიჩი როდი იპყრობდა ქუთაისის ბულვარს, აქ შესანიშნავად სრულდებოდა კლასიკური და ფოლკლორული მარგალიტები, პირუთვნელად ფასდებოდა ადგილობრივ თუ საგასტროლოდ ჩამოსულ შემსრულებელთა ხელოვნება.

თავის დროზე ძველ ბულვარში გაცხარებით ლაპარაკობდნენ იშხნელების ტკბილხმიან გოგონებზეც, მათი სკოლის დირექტორმა კინაღამ რომ გარიცხა ღამის კონცერტში მონაწილეობის გამო. ასევე სენსაციად იქცა "ქუთეისის ცირკში" სკოლის უჩუმრად გამოსული ბიჭი კოლია ქვარიანიც, რომელმაც რუსების განთქმული ფალავანი "ჩორნაია მასკა" დაამარცხა. კოლია ქვარიანისა და საარაკო ძალის პატრონის - ჟორჟიკა იაშვილის ქიშპობაც ახსოვს ძველ "ბაღისკიდეს", ანუ ის საჯილდაო რკინის მესერი, ბულვარში რომელიღაც ლამაზი ქალბატონის გავლისას ერთი ფალავანი თითებით აქეთ რომ გადმოღუნავდა და მეორე კი ისევ იქით გადაღუნავდა და გაასწორებდა. ბულვარს ჰქონდა თავისი საყვარელი თემებიც - გახმაურებული რომანული ისტორიები. მაგალითად, ჭორაობდნენ, როგორ უყვარდა იმპერატორის კარის მშვენებას, ბრწყინვალე თავადს უჩა დადიანს ალექსანდრე დადეშქელიანის მშვენიერი ცოლი და შესაძლოა, სწორედ მან მოაკვლევინა ბულვარში მრავალშვილიანი ოჯახის მამა... მეორე გათხოვილი ქუთაისელი ბანოვანი კი თვით კონსტანტინე ოლდენბურგელს შეუყვარდა და ქმარს, ტარიელ დადიანს, ფულით თუ ძალით დაათმობინა, რათა თავად შეერთო ცოლად, გრაფინია ზარნიკაუდ ექცია. ბაფთიან გიტარებზე დიდხანს ამღერებდნენ ქუთაისში: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო..."

დაბოლოს, საქვეყნოდ განთქმული ქუთაისური იუმორი, ფხიანი სიტყვა-ოხუნჯობანი გავიხსენოთ, ბულვარისათვის მუდამ დამახასიათებელი რომ იყო და სერგია ერისთავისა თუ პიპინია მიქელაძის მსგავს სწორუპოვარ მთხრობელთა ხელში სიტყვის ზეიმად იქცეოდა...

GzaPress პირველი ავტომობილები ქუთაისში - პირველი ავტომობილები ქუთაისში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გამოჩენილა. ვინმე ვიქტორ გოცირიძეს ჰყოლია ორი მანქანა - ოთხ და თორმეტმგზავრიანი. 1911 წელს ამ კაცს ქალაქის გამგეობისათვის მიუმართავს თხოვნით, ნება მიეცათ, ქუთაისის ქუჩებში ეტარებინა ეს მანქანები. მას დაადებინეს ხელწერილი, რომ დაიცავდა საგზაო წესებს, რაც თბილისში იყო მიღებული. ქუთაისელები ქალაქის ქუჩებში დროგებისა თუ ფაეტონების გვერდით გამოჩენილ იმ პირველ ავტომობილებს "მექანიკურ ეკიპაჟებს" ეძახოდნენ. მოხუცი თანაქალაქელები იხსენებდნენ, მათ ადრეულ ბავშვობაში როგორ იხდიდნენ მანქანის მძღოლები 5 კაპიკს თეთრ, წითელ თუ ჯაჭვის ხიდებზე გადასვლისას... 1911 წელსვე საავტომობილო მიმოსვლა დაწესებულა ბაღდათის მიმართულებითაც. მაქვს ფოტო, რომელზეც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევა ამ მარშრუტზე. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა...

როლანდ ხოჯანაშვილი