"ვირუსი გაახალგაზრდავდა და ის უკვე ბავშვებშიც ვლინდება" - გზაპრესი

"ვირუსი გაახალგაზრდავდა და ის უკვე ბავშვებშიც ვლინდება"

ამით ხსნიან ესპანეთში დასნებოვნებისა და სიკვდილიანობის კატასტროფულ მაჩვენებლებს. მანონი თოდუა 2017 წლიდან ბარსელონაში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს და წარმატებულ ექიმად ითვლება. მან ჩვენს კითხვებს პანდემიასთან დაკავშირებით ამომწურავად უპასუხა.

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონადან

- საინტერესოა, რატომ იწყება პანდემიები აფრიკაში ან აზიაში და რამდენად შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სახიფათოა ვირუსი?

- ამ ქვეყნებში ჯანდაცვის მოუწესრიგებელი სისტემა, სიღარიბე, მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები ხდება ვირუსის ფართოდ გავრცელების მიზეზი. ვარაუდობენ, რომ სასიკვდილო დაავადებების გამომწვევი ვირუსები საიდუმლო ლაბორატორიებში ხელოვნურად იქმნება, თუმცა თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ვირუსები მუტაციას ხელოვნური ჩარევის გარეშეც "ახერხებენ", როგორც ეს ხდება გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამის შემთხვევაში. რაც შეეხება ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრას, თუ რამდენად სახიფათოა ვირუსი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციისა და პოტენციურად საშიში დაავადებების მონიტორინგის სისტემა მოწესრიგებულია. გარდა ამისა, დაავადებების საფრთხის ადეკვატური შეფასებისთვის საჭიროა სხვა ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც. ხშირად სახელმწიფოები მალავენ, რეალურად რა მდგომარეობა აქვთ დაავადებების გავრცელების მხრივ, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ეკონომიკას.

- რა მდგომარეობაა დღესდღეობით ესპანეთში?

- დღეის მდგომარეობით ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში. ეს ნიშნავს, რომ მუშაობს ბარები, მაღაზიები, სალონები. თუ აქამდე დაავადებულთა რიცხვმა იკლო, ვფიქრობ, ახლა მატებისკენ წავა, რადგან არ არის დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა. რა მოხდება, ამის თქმა ორ კვირაში შეგვეძლება, რადგან დაავადების გამოვლენას, როგორც ვიცით, ხუთიდან ათ დღემდე სჭირდება. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, შვებულების გარეშე.

- რა მდგომარეობა გვაქვს ბავშვებში?

- როგორც აღმოჩნდა, ბავშვები შედარებით მარტივად იტანენ ამ ვირუსს, ამიტომ ისინი რჩებიან სახლში, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 39 გრადუსამდე. საერთოდ კი, ბოლო მონაცემებით, ვირუსი გაახალგაზრდავდა და ის უკვე ბავშვებშიც ვლინდება განსხვავებული სიპტომებით, მაგრამ არა სიკვდილიანობით. უჩნდებათ კანზე წითელი გამონაყარი, რაც უფროს ასაკში არ გამოვლენილა. ასე მოხდა ამერიკაში, ინგლისსა და ესპანეთში, მაგრამ ესპანეთს არ ჰყავს არც ერთი გარდაცვლილი ბავშვი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთში კორონავირუსის ახალი აზიური შტამი გამოვლინდა და ამას უკავშირდება გარდაცვალების დიდი რიცხვი.

- ჩვენ ყოველდღიურად ელფოსტით ვიღებთ წერილს სამინისტროსგან, რომელიც გვაფრთხილებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან არ შემოსულა, უფრო მეტიც, ვფიქრობ ეს ჭორი გაავრცელეს იმ მიზნით, რომ ტურისტები არ ჩამოვიდნენ ესპანეთში. ესპანეთს ჰყავს 18.300 გარდაცვლილი ხანში შესული, 7.000 ახალგაზრდა, თანდაყოლილი ქრონიკული დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობით გარდაცვლილთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, უკვე ერთეულებია. ვფიქრობთ, ვირუსი ტემპერატურის მატებასთან ერთად დასუსტდა.

- ელოდებით თუ არა ახალ ტალღას?

- ველოდებით ვირუსის ახალ შემოტევას ტემპერატურის ვარდნისთანავე. ალბათ ოქტომბერ-ნოემბერში, ვირუსი ისევ გააქტიურდება.

- რატომ არის ასეთი რთული ვაქცინის შექმნა?

- ბაქტერიები მუტაციას იმაზე ნელა განიცდიან, ვიდრე ვირუსები. ვირუსები სწრაფად მრავლდება, ასეთი მისწრაფება პრეპარატის შექმნას ეკონომიკურად არამომგებიანს ხდის, რადგან საჭიროა მისი მუდმივი განახლება. ვირუსი თავისი არსებობის დიდ ნაწილს "მასპინძელ" უჯრედში ატარებს, იყენებს მის ფერმენტულ სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ვირუსის განადგურებით თავად უჯრედის განადგურება გვიწევს. ბევრ ანტივირუსულ პრეპარატს გამოხატული გვერდითი ეფექტები აქვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანია ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ხელს უშლის დაინფიცირებას და არ უწევს უკვე არსებულ ვირუსთან გამკლავება. ვიდრე ვაქცინა გვექნება, აუცილებელია, დავიცვათ ჰიგიენა, მოვერიდოთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს და დროულად მივმართოთ ექიმს, არ უნდა დაველოდოთ ტემპერატურის მატებასა და სხვა დამახასიათებელი სიმპტომების გაუარესებას, თუ გვინდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს.

ფიქრია რობაქიძე