როცა დედა გაძლიერებს - გზაპრესი

როცა დედა გაძლიერებს

ამ სტატიას მეგობრის ნაამბობი უნდა წავუმძღვარო ერთი მიზნით, რომ გავახსენო მკითხველს, რა გადავიტანეთ 30-ოდე წლის წინ: "მძიმე 90-იანების ერთ დღეს, იმერულ პატარა სოფელში, შორეულ ნათესავთან მოვხვდი. იმერეთს და ზოგადად, მთელ საქართველოს მაშინ ძალიან უჭირდა. როგორ გადაგვქონდა დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე თავი, ახლა მიკვირს. ვიდრე მასპინძლის ეზოში შევიდოდი, მანამდე ბოსტანში თვალი მოვკარი ორ უზარმაზარ კიტრს. ასეთებს მეოჯახე ქალები არავის უწყვეტენ, საბერედ პირველი გამოსხმული უნდა დატოვო, მისი თესლი შეინახო, თუ გინდა, რომ მომავალ წელს რამე დათესოო. იმდენად ადრეული და იშვიათი იყო იმ სეზონზე კიტრი, გადაყლაპულმა ნერწყვმა კინაღამ დამახრჩო. ხუთიოდე დღეში ბევრი იქნებოდა ყველას ბაღ-ბოსტანში, მაგრამ იმ დღეს, ალბათ ჯერ არავის ექნებოდა. სალამი-ქალამი ათიოდე წუთს გაგრძელდა, მერე სუფრაზე მორიგეობით გაჩნდა მწვანე ტყემლის საწებელი, თხის ყველის თხელი ნაჭრები, ტაფაზე გამომცხვარი მჭადი, ზაფრანისა და ტარხუნის ქორფა ღერები, მოხარშული კვერცხი და ირიბად დაჭრილი კიტრის ნათალები... ასეთმა თავგამეტებამ გადაგვარჩინა მაშინ. ირგვლივ არანაირი იმედი არ იყო თითქოს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ბოლო ლუკმას უყოფდნენ და ფარულად აჩენდნენ სიცოცხლის გაგრძელების სურვილს, თორემ ბევრი თვითმკვლელობით აირჩევდა დასასრულს, ვიდრე შიმშილით!"

ჩემი რესპონდენტი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და ორ გვარს ატარებს. ზურა ხუციშვილი-ბოხუა იმ ადამიანების თაობას ეკუთვნის, რომელსაც დაკარგულს ვეძახით, თუმცა ზურამ გაუძლო საავდრო ღრუბლებივით მის თავზე შეკრებილ ყველა პრობლემას. როგორ გაუძლო?! გაუმართლა და დედა ჰყავდა მუდამ გვერდით! თვალი ვადევნოთ მისი ცხოვრების გზას, რომელიც ნარ-ეკლით უფრო იყო დაფარული, ვიდრე ია-ვარდით:

"21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა ჩემი დაბადების დღეა. დავიბადე ოჯახში, სადაც ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდიოდა მაშინ. სამი ადამიანი ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ: ზურაბ ბოხუა, დედა მარინა ხუციშვილი და მამა ილია ბოხუა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენი დაბრკოლების გადალახვა მომიწევდა ცხოვრებაში. დედ-მამა სიყვარულით დაქორწინდა, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და ვერავის წარმოედგინა, რომ ოდესმე მათ დაშორება დაემუქრებოდა. ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი ცხოვრებაც მუდამ რთულდებოდა, მაგრამ ამას არასოდეს ვიმჩნევდი. ბევრი საინტერესო რამ და ტკივილიც გადამიტანია. ათი წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს ოჯახში მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. მამამ თითქოს ჩვეულებრივად გაიხურა კარი და წავიდა ჩვენგან. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში არ იყო შუქი, წყალი და ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი, ცხოვრება რომ ჭირდა. სკოლაში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, კლასელებისა თუ პედაგოგების სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ბედნიერად ცხოვრების სურვილსაც მიმძაფრებდა, მაგრამ ყოველი დღე სირთულეებით თენდებოდა. დიდი ბრძოლისთვის ვემზადებოდით მე და დედა, რომელსაც ყოველდღიურად უწევდა ფიქრი, თუ როგორ გაგვეტანა თავი. იმ პერიოდში სამ ადგილას მუშაობდა და საერთო ჯამში, ალბათ, ასი ლარი თუ უგროვდებოდა (აღარ მახსოვს ზუსტად) და ეს მეგონა ჩვეულებრივი მოვლენა, ანუ ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელშიც დედა დაუღალავად იყო ჩართული! დედა მიდიოდა წინ, არ ახსოვდა დაღლა, რადგან მე ვიყავი მისი საზრუნავი და სიყვარული, ვისთვისაც მამობაც უნდა გაეწია! მოვაბიჯებდი ბავშვური, დამფრთხალი ნაბიჯებით წუთისოფელში ბევრი სხვა ბავშვივით, რომლებმაც მაშინ არ ვიცოდით, რას მოგვიტანდა მომავალი. მით უფრო, მე არ ვიცოდი, რადგან სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, კაცი არ იდგა იმედად ჩემს ზურგს უკან. მერე მივხვდი, რომ უნდა გავთამამებულიყავი, სხვანაირად არ შეიძლებოდა! არ მავიწყდება, ჩემი პირველი სერიოზული გალაშქრება უსამართლობის წინააღმდეგ მაშინ მოხდა, როდესაც დედას ერთ-ერთმა სამსახურის უფროსმა ხელფასი არ მისცა. ხელფასთან დაკავშირებით სერიოზულად დაველაპარაკე და ვხედავდი, "შეფს" თვალები როგორ უფართოვდებოდა მოულოდნელობისგან! აი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ეს ფრაზა, თუ კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ასეა, ყველაფერს ვაკეთებ წინსვლისა და კეთილდღეობისთვის! რომ არა ის დაბრკოლება, შეიძლება, ბრძოლის ჟინი არც გამჩენოდა. მაშინ დედის თვალებში შეპარული შიში და იმედგაცრუება ვერ მოვითმინე... ეს შიში კი ჩემ გამო ედგა დედას თვალებში!

GzaPress

ალბათ იტყვის ვინმე, მამა რას აკეთებდა ამ დროსო?.. მამას აღარც ვახსოვდი, მას სხვა ოჯახი უფრო ახარებდა. შეეძინა ვაჟიშვილი და დედა კარგა ხანი ცდილობდა, ეს ამბავი არ გამეგო. უფიქრია, ზურასთვის ფსიქოლოგიური დარტყმა იქნებაო. შემთხვევით ესეც გავიგე და სწორედ მაშინ მეგონა, რომ დასრულდა ერთი ეპოქა ჩემს ცხოვრებაში და იწყებოდა რაღაც დიდი, ტკივილიანი, უსამართლო ეტაპი... საბოლოოდ მომეკრა უმამოს იარლიყი. ეს ხშირად გამხდარა მიზეზი ტკივილის, თუმცა დედის დამსახურებით ყველა პრობლემას ვძლევდი! სკოლაც კი შევიცვალე გასაგები მიზეზების გამო. გადავედი სკოლაში, რომელიც მართლა იყო საფუძველი ჩემი ადამიანად ჩამოყალიბების. არაჩვეულებრივი პედაგოგები დადგნენ ჩემ გვერდით. ჩემი რთული ცხოვრების გზა თავისად მიიღეს და ყველაფერში მიწყობდნენ ხელს: ნინო ხარებავა, მარინა საბიაშვილი, თამარ ერაძე... ეს ადამიანები დღესაც, 163-ე საშუალო სკოლაში პედაგოგები არიან და ჩემთვის ცხოვრების დიდ იმედად გამოჩნდნენ. აბიტურიენტობისას მათთან ვემზადებული, უფასოდ მამეცადინებდნენ და იცით, რას მეუბნებოდნენ? ჩვენი ჰონორარი შენი წარმატება იქნებაო!

მწარედ მახსენდება ერთი ფაქტი: დილით სკოლაში მივდიოდი. დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! როდესაც გავიქეცი პატარა ბავშვივით, რომ მივსალმებოდი, მან ზურგი მაქცია და წავიდა. ვერ აგიხსნით, მაშინ რას ვგრძნობდი. ჩავთვალე, რომ არავინ ვიყავი და არავინ იყო ჩემთვის... ვფიქრობდი, სამყარო დასრულდა, ამოიწურა სიკეთის ბოლო წვეთი, ჩაქრა უკანასკნელი მანათობელი სხივი და ამან საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნერვიულობის ფონზე წელს ქვემოთ მოვწყდი. ყოველდღე მოდიოდნენ მასწავლებლები და კლასელები სანახავად. მანუგეშებდნენ, როგორც შეეძლოთ. მათი სიტყვები და დედის თანადგომა მაძლიერებდა... სკოლა წარმატებებით დავამთავრე. მოსწავლეობისას ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლაშარის" პრეზიდენტი, ეს კი თავდაჯერებას მმატებდა... 1999 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავირიცხე თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კვლავ რთული პერიოდი დამიდგა. მაშინ უფასო ფაკულტეტზე მოსახვედრად დიდი ფული იყო საჭირო. ჩვენ არ გვქონდა თანხა... მახსენდება, როგორ გადამწერდა ჯვარს გამოცდაზე გასვლის წინ და უსაშველოდ მჯეროდა მისი ლოცვის! გამოცდების დასრულებისას "უფასოსთვის" მხოლოდ ერთი ქულა დამაკლდა და ჩავირიცხე ფასიან ფაკულტეტზე. შევცბი, ჩვენ სად გვქონდა ფულის გადახდის თავი, მაგრამ დედამ მანუგეშა, ყველაფერი კარგად იქნებაო! მართლაც, მეზობლის დახმარებით დავიწყე მუშაობა, დავდიოდი და კარდაკარ ელექტროენერგიის ქვითრებს ვარიგებდი. დასარიგებლად დილით ადრე ვდგებოდი, რომ მერე წავსულიყავი უნივერსიტეტში. ლექციები 9 საათზე მეწყებოდა. ხშირად სველი ფეხებით მივდიოდი აუდიტორიაში... სულ ვცდილობდი, ჩემს სამეგობროში, საზოგადოებაში პატივისცემა და სიყვარული მომეპოვებინა. ცხოვრება გრძელდებოდა, სამსახურებრივად მივიწევდი წინ. მაინტერესებდა ჩემი საქმე და ახლაც ასე ვარ, რასაც ვაკეთებ, მაქსიმალური სიზუსტით და ხარისხით უნდა გავაკეთო. ჩემი შრომისმოყვარეობა კარიერაზე ყოველთვის აისახებოდა. 2012 წლამდე თბილისში ვმუშაობდი პროექტის ხელმძღვანელად, მერე გავიცანი ბულგარეთის ელჩი საქართველოში, რომელმაც შემომთავაზა, საელჩოში წავსულიყავი სამუშაოდ. მეც ცოტა ფიქრის შემდეგ წავედი საელჩოში. საკმაოდ ბევრი და კარგი რამ გავაკეთეთ ბულგარეთსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

GzaPress

ჩემნაირებისთვის აუხდენელი ოცნებები აუცილებლად რჩება. ჩემთვის აუხდენელ ოცნებას ექიმობა ჰქვია... ვფიქრობ, თავის დროზე რომ მქონოდა ხელშეწყობა, მეც იმ ექიმების გვერდით ვიქნებოდი, ამდენად კარგად რომ ართმევენ თავს დღევანდელ გამოწვევებს... მქონდა უმუშევრობის პერიოდიც, მაგრამ არც ისე დიდი ხანი. სამსახურებრივი პაუზის მერე მუშაობა დავიწყე სამშენებლო კომპანიაში. ცოტა ხნის შემდეგ მთხოვეს, ბათუმში წავსულიყავი ამ კომპანიის წარმომადგენლად. დღეს ვცხოვრობ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მაქვს იმედი, მალე ამ ქალაქისთვის გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ყველასათვის საამაყო იქნება. ჩემი ცხოვრება კვლავ გრძელდება თავისი სირთულეებით, თუმცა უკვე საკმაოდ ძლიერ ადამიანად ვთვლი თავს და არ მეშინია. ისე, ყველა პრობლემა მაინც, მამაჩემის სახელს უკავშირდება... წარმოიდგინეთ, როგორი მოულოდნელობა იქნებოდა, როცა სასამართლოდან შეტყობინება მომივიდა, მამაჩემი სამართლებრივ დავას იწყებდა ჩემ წინააღმდეგ! ბებიის დატოვებული სახლის წართმევა სურდა... ბებიამ განაცხადა, ზურას ვერაფერი მივეცით, ბავშვობადაკარგულსა და ნაბრძოლს ეს სახლი მაინც უნდა დავუტოვოო... სწორედ ამ სახლს მედავებოდა მამა და მოსამართლემ ანდერძის საფუძველზე, სამართალმემკვიდრედ გამომაცხადა. მამამ სახლზე დავა იმიტომ დამიწყო, რომ მეორე ქორწინებაც უიღბლო და ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის. ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. მას შვილი გარდაეცვალა, სავარაუდოდ მეუღლესთან სიტუაცია დაეძაბა და მამა სახლის გარეშე დარჩა. ყველაფრის მიუხედავად, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ დღეს ის მაინც ჩემს სახლში ცხოვრობს... ბებიის სახლში ცხოვრების უფლება რომ მივეცი, ჩემი ხასიათის და ძლიერი დედის დამსახურებაა...

ვერაფერი გავაკეთე ჯერ დედასთვის, მაგრამ ცხოვრება წინაა. მახსენდება, როდესაც 21 წლის გავხდი, "ოქროს" დაბადების დღეზე ვუთხარი, მთელ ჩემს ცხოვრებას და კარიერულ წინსვლას შენ გიძღვნი-მეთქი და მართლაც ასეა. დედას ახლაც არაფერი ესაჭიროება ჩემგან, რადგან ძლიერია, მაგრამ მე მისგან სამუდამოდ დავალებული ვარ..."

ზურა ყოველ დილასა და საღამოს მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, თავისუფალ დროს სამკაულებსაც ამზადებს. ყველაზე უკეთესი დედის საჩუქრად გადადო. ეგებ არც არაფერია ამ ქმედებაში განსაკუთრებული, მაგრამ ამ სუვენირში ის სითბოა ჩაყოლებული, რომელსაც თავდადებისთვის უძღვნის დედას შვილი...

როლანდ ხოჯანაშვილი