"რთულია მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ შესაძლებელია" - გზაპრესი

"რთულია მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ შესაძლებელია"

თვლის, რომ ცხოვრებაში უმართლებს და გზადაგზა, ყველაზე რთულ პერიოდში მის გარშემო საუკეთესო ადამიანები იყრიან თავს. მარიკო კობახიძე 34 წლისაა და უკვე 10 წელია, ეტლით მოსარგებლე გახლავთ. პროფესიით იურისტია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ამჟამად კავკასიის სამართლის სკოლაში სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს. თუ ვინმესგან გსურთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლის მაგალითი აიღოთ, ვფიქრობ, სწორედ მისნაირი ადამიანებისგან. მარიკოს ჩანაწერებში ვკითხულობ: "საკუთარ თავს აღვიქვამ ჩვეულებრივ ადამიანად და ასეც არის, მაგრამ საზოგადოებას მაინც "არაჩვეულებრივი" ვგონივარ - მე ხომ ეტლით მოსარგებლე ვარ, შესაბამისად, ან "ანგელოზი" ვარ, ან კიდევ ძველი რომაული დამოკიდებულებითა და ხედვით, ბოროტი სულით შეპყრობილი არსება... და მანამ, სანამ თქვენ არ მიმიღებთ, სანამ ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობას ვერ დააკავშირებთ ჩემს ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან და მას არ მიიჩნევთ ჩემს განუყოფელ ნაწილად; სანამ არ მიმიღებთ როგორც თანასწორს; სანამ დაუფიქრებლად წამოიძახებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, მანამ ვერ გაიგებთ, რაში მდგომარეობს ჩემი ინდივიდუალიზმი, ვერ ჩასწვდებით ჩემს პიროვნულ ღირებულებებს, ვერ შეძლებთ აღიქვათ გარშემო მყოფები მრავალფეროვნების შემადგენელ ნაწილად! დამინახეთ, შემომხედეთ, ნუ გეშინიათ, რადგან მე, შენ, ჩვენ ერთნი ვართ..."

- წარმოშობით ხობიდან ვარ. 10 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ჩემი დიაგნოზია რევმატოიდული პოლიართრიტი. წლისა და 6 თვისას სიცხეები დამეწყო, ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზი დამისვეს, შესაბამისად, არასწორად მკურნალობდნენ. იძულებული გავხდით, მოსკოვში წავსულიყავით, სწორედ იქ მიხვდნენ ექიმები, რა მჭირდა და დაიწყო მკურნალობის უწყვეტი ეტაპი პირველ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. ეს დაავადება ბევრს აქვს, ოღონდ ასაკში რომ შედიან, მაშინ ემართებათ. რევმატოიდული ართრიტი თითქმის ყველა სახსარს აზიანებს - ვითარდება პოლიართრიტი, მაგრამ უმეტესად მაინც, ზედა და ქვედა კიდურების წვრილი სახსრები და ხერხემლის კისრის მალთაშუა სახსრები ზიანდება. რაკი მე მცირე ასაკში აღმომაჩნდა, ძვლების განვითარება შეაფერხა. 15 წლისამ უარი ვთქვი მკურნალობაზე. ამას ისიც დაემატა, რომ სავიზო რეჟიმის გამო მოსკოვში წასვლა გაჭირდა და სარეაბილიტაციო პროცედურები აქ გავაგრძელე. ეს იყო დაახლოებით 1997-98 წლები. 14-15 წლამდე დამოუკიდებლად გადავაადგილდებოდი, რაც რთული და მტკივნეული იყო. შემდეგ უკვე აღარ შემეძლო გადაადგილება და წლების მანძილზე ვაწვალე მშობლები და ძმა, რომლებიც ხელში აყვანილს დამატარებდნენ ჯერ სკოლაში და მერე - უნივერსიტეტში. 10 წლის წინ გავიაზრე, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა და საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა მომეხდინა, უნდა მიმეღო რეალობა... დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სულაც არ იყო ცუდი ეტლით სარგებლობა. 10 წელი ეტლის შიში მქონდა, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება იყო. მახსოვს, დედამ ოთახში ეტლი რომ შემოიტანა და ჩამსვა, სარკეში ჩავიხედე და არ მომეწონა ეტლში მჯდარი მარიკო. მეგონა, იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება. პირველად გარეთ რომ გავედით, კალთაში ხურდები ჩამიყარეს. ვიკითხე, რატომ-მეთქი? - რა იყო, 40 თეთრი გეცოტავა? მათხოვრები ყველანი ასეთები ხართ, ხურდას იწუნებთო. - არ ვარ მოწყალების მიმღები-მეთქი, - ვუთხარი. ამით საზოგადოების მაშინდელ დამოკიდებულებას ვუსვამ ხაზს - ხალხის აზრით, შშმ პირი თუ გარეთ გადიოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყალება მიეღო. დედას ხშირად აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, მარტო მე ვყავდი თუ სხვა შვილიც ჰყავდა. როდესაც ეუბნებოდა, უფროსი ბიჭი მყავსო, მაშინ რა ძალა გაქვთ, ამას რატომ დაატარებთ ასეო?

- მსგავსი პრობლემები ალბათ, დღესაც არის, რომ აღარაფერი ვთქვათ არაადაპტირებულ გარემოზე და ა.შ.

GzaPress - ასეა, დღესაც არაერთ პრობლემას ვაწყდებით, ეს არის ინსტიტუციური, დამოკიდებულებითი თუ გარემო პირობები. სამივე ერთად კი იმ უფლებების რეალიზებაში გვიშლის ხელს, რაც კონსტიტუციურად გვაქვს მონიჭებული. როდესაც მაღაზიაში თანამშრომლებთან ერთად მივდივარ რამის შესაძენად, უმეტეს შემთხვევაში, ვერ შევდივარ და იძულებული ვხდები, მათ გარეთ დაველოდო. დღესაც კი არაერთხელ "დავუსაჩუქრებივარ" ხალხს ხურდა ფულით, თუმცა ადრე თუ 10-დან 9 იქცეოდა ასე, ახლა 10-დან - 5. თან უკვირთ, - თუ მოწყალებას არ ითხოვ, აბა, გარეთ რატომ დგახარო? ჩვენთვის, შშმ პირებისთვის, უმთავრეს პრობლემას გადაადგილება წარმოადგენს. ეს ყველაზე რთულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო. ჩვენმა მძღოლებმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ეტლით მოსარგებლემაც უნდა გაიაროს. შესაბამისად, პარკირებისას, მანქანა ისე უნდა დააყენონ, რომ აღნიშნულ ადგილზე ჩვენც შევძლოთ გავლა. სწორედ ამ შეუგნებლობის გამო, ხშირად მიწევს შუა გზაზე სიარული, რითაც საფრთხეს ვუქმნი როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებს. როგორც იცით, ლურჯი ავტობუსები ადაპტირებული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის, თუმცა, ხელმისაწვდომი გახლდათ მხოლოდ მაშინ, თუ მძღოლი ინებებდა გადმოსვლას და პანდუსის გახსნას. ბევრჯერ მისარგებლია მათი კეთილგანწყობით და დახმარებით, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. ყოფილა შემთხვევა, როცა ბრძოლა მომიხდა იმისთვის, რომ ავტობუსი წესიერად გაეჩერებინა, პანდუსი გაეხსნა და მესარგებლა ტრანსპორტით. ყველაზე უცნაური მაინც საზოგადოების რეაქცია იყო ასეთ დროს: ნუ აწვალებ მძღოლს ან ხელით ამოგიყვანონ, ან ნუ ამოხვალ, მძღოლს ნუ ანერვიულებთ, მას მგზავრები გადაჰყავს და ჩვენს სიცოცხლეს შენი აქ ამოსვლის გამო საფრთხეში ნუ აგდებ, სხვა ავტობუსით წადი, გვეჩქარებაო. მახსოვს, მაშინ მძღოლი დედასაც ეჩხუბა, პანდუსი მთელი ძალით დაახეთქა მიწაზე, მაგრამ მე მაინც ვისარგებლე იმ ავტობუსით! ტრენინგებზე ერასმუსის გაცვლითი პროგრამით 6 ქვეყანაში ვიყავი და ეს სწორედ ჩემი მეგობრის დახმარებით მოხდა, მათგან გაწეული მხარდაჭერა დაუფასებელია.

- მარიკო, ყველაზე მეტად, ვინ ან რა დაგეხმარა ამ სირთულეების გადალახვაში?

- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც არასდროს და არავის ჰქონია პრობლემა იმის გამო, რომ მათ გვერდით შშმ პირი ცხოვრობდა. ჩემი ძმა 7 წლით უფროსია ჩემზე, შეზღუდვის არმქონეა და მეც ზუსტად ისე მზრდიდნენ, როგორც მას. ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემებმა თავიდანვე გარეთ გამომიყვანეს და საზოგადოებას გააცნეს მარიკო, ხმამაღლა თქვეს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვიყავი. ამიტომ განსხვავებულად არასდროს ჩამითვლია თავი. იყო შემთხვევა, როდესაც სკოლიდან გადასვლა მომიხდა და ერთი მასწავლებლისგან, ცოტა არ იყოს, ცინიკური დამოკიდებულება ვიგრძენი. მალევე გადამიყვანეს კერძო სკოლაში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ზოგჯერ გამიგია, - უი, საწყალი, თავის ასაკს არ შეესაბამებაო, რაკი ტანად მომცრო ვარ. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო და გულზე მხვდებოდა, მაგრამ ისევ ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომით, ყველაფერი გადავლახე. ყველაფრის მიუხედავად, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არაფერს არ შევცვლიდი. ალბათ საჭირო იყო, ასე მომხდარიყო, რადგან ისეთი მარიკო ჩამოყალიბებულიყო, როგორიც დღეს ვარ.

- და როგორია დღეს მარიკო?

- ასეთი მარიკო უფრო ძლიერი და მებრძოლია, აქვს პრეტენზია, რომ სხვისი უფლებები დაიცვას და შეცვალოს ის, რაც ძველ მარიკოს თავისი მიზნების მიღწევაში უშლიდა ხელს. მე მიზანს მივაღწიე ოჯახის, განსაკუთრებით - დედის დახმარებით, დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად. ახლა მინდა, სხვა შშმ პირებს ამდენი საბრძოლველი აღარ ჰქონდეთ, რომ გარემო უფრო ადაპტირებული იყოს, საზოგადოება კი - მიმღებლური.

- პროფესიად იურისტობა რატომ აირჩიე?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე, რადგან მებრძოლი ხასიათი მაქვს და მომწონს სხვისი უფლებების დაცვა. უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში ვსწავლობდი. კვირაში 4 დღე მქონდა ლექციები, მესამე სართულზე და მშობლებს სვენებ-სვენებით ავყავდი იქამდე. ახლა ძალიან ვბრაზობ ამის გამო. იურიდიულზე კი ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი უფლებები ვერ დავიცავი - ვერ მოვითხოვე, რომ ლექციები მესამეზე კი არა, პირველზე ჩაეტარებინათ. 2010 წელს თბილისში გავაგრძელე სწავლა, მაგისტრატურაში, 2015-ში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სტაჟირება გავიარე საიაში და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ახლა ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვარ. 2017 წელს ჩავაბარე კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე, ამჟამად დისერტაციაზე ვმუშაობ და ახალგაზრდობის სააგენტოში, სპეციალისტად ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც დედა გარდამეცვალა, 2018 წელს მამამ ხობში ყველაფერი მიატოვა და თბილისში გადმოვიდა. დედას ბოლო სურვილი იყო, დოქტორანტურა დამემთავრებინა და ჩემი მიზნები განმეხორციელებინა. მახსოვს, ლექციაზე წასასვლელად ტაქსის რომ ვიძახებდით, 10-დან 8 არ მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეტლით მოსარგებლე ვიყავი და ეს ეტლი მანქანაში უნდა ჩაედოთ. იყო შემთხვევები, როცა მძღოლი დედას არ ეხმარებოდა და მარტოს უწევდა 40-კილოიანი ეტლის მანქანაში ჩადება. ბევრი სირთულე გადავლახეთ ერთად, დედამ ბევრი რამ გადაიტანა, რათა რეალიზებული ვყოფილიყავი. ამიტომაც ყოველი გაფიქრებისას, რომ ყველაფერი მივატოვო, სწორედ დედა და მისი ასეთი თავგანწირვა მიდგება თვალწინ.

- ნუთუ არასდროს წამოგცდენია საყვედური და არ გიფიქრია, რატომ მაინცდამაინც მე?

- თუ დამიჯერებთ, საყვედური მართლა არასდროს წამომცდენია. გამოწვევები და სირთულეები გვაყალიბებს ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ვართ. ალბათ, უნდა მეტარებინა ეს ჯვარი... დღეს როგორიც ვარ, ასეთი მარიკო მომწონს. რთულია, მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ, მაგრამ შესაძლებელია.

ნინო ჯავახიშვილი