წერილები თამაზ და ოთარ ჭილაძეებს - გზაპრესი

წერილები თამაზ და ოთარ ჭილაძეებს

იმ დღეს პირველად შევედი მის ოთახში, მისი გარდაცვალების შემდეგ... იქაურობა შეცვლილი იყო, საგნები - გადაადგილებული... და არც მიკვირს, რადგან იმ ოთახში და საერთოდაც, მთელ სახლში მხოლოდ მისი, მათი სული ტრიალებს - ძმები ჭილაძეების, სულს კი საგნები არაფერში სჭირდება.

მაინც მეხამუშა ბატონი თამაზის გარეშე ის ოთახი, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით და ხანგრძლივად ვსაუბრობდით. ბევრჯერ მითქვამს, ბატონ ოთარს არასდროს შევხვედრივარ, ბატონი თამაზი კი თავის მეგობარს მიწოდებდა და ეს მუდამ მეამაყება, მეტრაბახება... ბატონი თამაზის ოთახში 2-3 წამით შევყოვნდი და მხოლოდ თვალი მოვავლე იქაურობას... ეგ იყო და ეგ... და პირველად, თავად გამოვხურე მისი ოთახის კარი, რადგან მანამდე თვითონ მაცილებდა ბინის პარმაღამდე. მაინც ვგრძნობდი, იქ იყო... გვხედავდა, გვისმენდა, უხაროდა... იმ დღესაც, ტრადიციულად რომ დავაგვიანე, ვიგრძენი, ჩაეღიმა, ადრე ან დროულად რომ მივსულიყავი, ვინ იცის, გაოცებული რას გაიფიქრებდა! მაგრამ არც ამჯერად "გავაწბილე"...

მისმა საღამომ, უფრო ზუსტად - მისდამი და ბატონი ოთარისადმი მიწერილი წერილების პირველმა კონკურსმა-საღამომ კი მგონი, კარგად ჩაიარა - ამაზე ლადო მანაგაძემ იზრუნა. სწორედ მან დააარსა კონკურსი - "წერილები ჭილაძეებს"...

დაჯილდოების საღამოზე - "ხილიანზე, ჭილაძეებთან" სულ რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ. გამარჯვებულებსა და ორ-სამ სტუმარს ოჯახის დიასახლისი - ძმები ჭილაძეების დედის მაგიერი უმცროსი და, ყველაზე ღირსეული, სათნო, კეთილი ადამიანი, ჩემი უძვირფასესი ქალბატონი თინა ჭილაძე გვმასპინძლობდა.

თავდაპირველად კონკურსის მონაწილეების წერილები მოვისმინეთ, თავად წაგვიკითხეს, შემდეგ კი პროექტ "წერილები ჭილაძეების" დამფუძნებელმა ლადო მანაგაძემ გამარჯვებულები დაასახელა - მწერალი და ბატონი თამაზ ჭილაძის მოწაფე - ბაჩო კვირტია, ოთხი შვილის დედა თამარ წულუკიძე და 19 წლის ანა ფანჩულიძე. ჩვენი კოლეგისა და "კვირის პალიტრის" ვებგვერდის ერთ-ერთი რედაქტორის - რუსკა კილასონიას წერილმა კი სპეციალური პრიზი მიიღო. ქალბატონი თინა უბედნიერესი იყო, სიხარულის ცრემლმორეული ესიყვარულებოდა და ემადლიერებოდა სტუმრებს და მისი ძმების შემოქმედების თაყვანისმცემლებს, დამფასებელ-შემფასებლებს. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან ამიჩუყეს გული...

არ ვიცი, წერილების ამ ამონარიდებით იმავეს იგრძნობთ თუ არა, რაც იმ საღამოს განვიცადეთ "ჭილაძეებთან" სტუმრობისას, მაგრამ... მგონი, სულის რაღაც სიმებს თქვენც აუცილებლად შეგირხევთ და იქნებ, მათ შემოქმედებას ისინიც ეზიაროთ, ვინც აქამდე არ იცნობდით ან იქნებ, წერილების დაწერაც მოგინდეთ...

ამონარიდი ბაჩო კვირტიას წერილიდან "თამაზ ჭილაძეს":

"...მუსიკის, სიმფონიის სმენას ჰგავდა ბატონი თამაზის საუბრის მოსმენა თავისი პრელუდიით, განვითარებით, კულმინაციით, ჰიპერბოლებით, ზოგჯერ უტრირებით... შესანიშნავი, უმაღლესი კლასის პედაგოგი იყო, თუმცა ყოველთვის ჯიუტად იმეორებდა, რომ მას ამისი ნიჭი და უნარი არ ჰქონდა... ის ზოგჯერ ბუდისტური მონასტრის მოძღვარ-ოსტატს მაგონებდა, რომელიც საოცარი სიფაქიზით, ალეგორიებით, იგავებით, მეგობრობითა და სიყვარულით გვასწავლიდა ურთულეს ხელობას - წერას... თან გამუდმებით გვიმეორებდა: მე ვერ გასწავლით, როგორ უნდა წეროთ, მე შევეცდები გასწავლოთ, როგორ არ უნდა წეროთო... საოცრად უყვარდა სიტყვები: "იდუმალი", "ღმერთი", "სამშობლო", "ქალი", "მუსიკა", "პოეზია", "უკვდავება"... ყველაზე დრამატული, კულმინაციური პასაჟის დროს დაუწევდა ხმას და ჩურჩულით ამბობდა... რას ამბობდა?.. აი, რა უნდა დამემახსოვრებინა, რა უნდა ჩამეწერა ფურცელზე, დიქტოფონზე, აუდიტორიის კედელზე, ხელისგულზე... მისი ჩურჩულით ნათქვამი ის სიტყვებია ჩემთვის "სეზამ გაიღეც", "იქმენინ ნათელიც" და ყველა სხვა დანარჩენი ჯადოქრობა და ჯადოსნურობა..."

GzaPress

ამონარიდი თამარ წულეისკირის წერილიდან "ოთარ ჭილაძეს":

"...სულ რამდენიმე წელია, რაც ჩემს მწერლად, ჩემი სულის სალბუნად მიგიჩნიეთ... მე ზუსტად იმდენი ავიღე თქვენი სიტყვიდან, რამდენის ზიდვაც შემიძლია. და კიდევ, ჩემს მყუდრო ოთახში ხშირად ყოფილხართ ჰაერზე მეტი. თქვენი დახმარებით უკეთ შევიგრძენი ცხოვრების არსი, ადამიანად ყოფნის სიხარულიც და სევდაც. ვისწავლე ვიყო ბედნიერი იმით, რომ წერის ნიჭი მომმადლა უფალმა და კიდევ ერთი დღე გამითენდა. თქვენი სიტყვები ჩემსავით, ალბათ, ბევრ დამწყებ და გაუბედავ მოკალმეს გადაადგმევინებდა პირველ ნაბიჯს: "სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის..." ორსავ სოფელში მადლიერი ვიქნები თქვენი ამ ყველაფრის გამო.

მამა-შვილობას, ისიც მასწავლეთ, როგორ გავუმკლავდე წუთისოფლის უმზეო დღეებს ან ქარიშხლებს, ან სულაც აუტანელ სიცხეს! თქვენ როგორ იქცეოდით? როგორ შეძელით, ყოფილიყავით სახელიანი მწერალი და არ მოეხიბლეთ ტაშსა და ჯილდოს. შეძელით, განა? სხვისი ტკივილი შემოგეშვათ თქვენში, თქვენად გექციათ, სულშთაბერილი ფურცლებზე გადმოგეტანათ და მერე სამუდამოდ მოგეშორებინათ თავიდან, თუ სამარადისოდ თქვენში რჩებოდნენ ქარისგან ჩაჭედებული ლურსმნების დარად მარადიულ ტკივილთან ერთად? იმდენი რამის თქმა მინდა..."

ამონარიდი ანა ფანჩულიძის წერილიდან "ოთარ ჭილაძეს":

"...იმ შორეულ დღეს მეტროთი ვმგზავრობდი. მეგობართან ერთად ვქაქანებდი ვაგონში გამოცდებისა და ათასი წვრილმანის შესახებ, უცებ თვალი გამიშტერდა და თქვენი ფოტო დავინახე, თითქოს მსაყვედურობდით, ამდენ ხანს როგორ ვერ შემნიშნეო... არც მატარებლის ზუზუნ-წუილი მესმოდა და აღარც მეგობრის კისკისი. სკამიდან წამოვიწიე, ხალხს გადავხედე და გაბადრული სახით წამოვიყვირე: - ეს აქ... ის აქ არის... ჩემი ჭილაძე... რა ახლოს ყოფილა...

"ჩემი" იმიტომ ვთქვი, რომ ზედმეტად ეგოისტურად შემაყვარეთ თავი, თქვენი პოეტური მაგიითა და მწერლობით, მაგრამ ჯერ ისე ვარ თქვენს შემოქმედებასთან, როგორც დამშეული მგელი იმედის შუქით განათებულ სოფელთან. ჯერ კიდევ მშიერი ვარ და დანაყრება მჭირდება. მატარებელი რელსებზე ისევ ძველებურად მღეროდა ძველ "სიმღერას". მე კი ჩემი უყურადღებობით დარცხვენილი, მაგრამ მაინც ბედნიერი, ამაყი ვუყურებდი ამ სიტყვებს - "ბედნიერება უნდა მოითმინო"...

დარწმუნებული ვარ, "ძმებ ჭილაძეებს" "ესმოდათ", რა წერილები მისწერეს მათი შემოქმედების უსაზღვროდ მოყვარულმა სხვადასხვა თაობის ქართველებმა; იმასაც ვგრძნობდი, როგორ ივსებოდა მწერლების ხილიანის ბინა მათ გარეშე მათივე შემოქმედებით და თითქოს ყველანი ვხედავდით, როგორ უნათდებოდათ სული ჩვენს ძვირფას "ჭილაძეებს"... ეს კონკურსი პირველი იყო, მაგრამ "წერილების კონკურსი" აუცილებლად გაგრძელდება. მჯერა, ქალბატონი თინა ჭილაძისა და ლადო მანაგაძის თაოსნობით ისეთივე სადა, თბილი და კამერული იქნება ყოველი საკონკურსო დაჯილდოების საღამო, როგორც თავად დიდი შემოქმედები ინატრებდნენ, ისურვებდნენ და როგორც მათ ეკადრებოდათ!

ირმა ხარშილაძე