ქვითა და კირით ნაგები წარსულის მცველი - გზაპრესი

ქვითა და კირით ნაგები წარსულის მცველი

მახსენდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან: როცა საბჭოეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებები შეთანხმდნენ ქართული საგანძურის თბილისში დაბრუნებაზე, საჭურჭლის მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა უარი განაცხადა საქართველოში წამოსვლაზე. თავიდან უფიქრიათ, მეუღლის საფლავს არ ტოვებს ხანდაზმული მეცნიერიო, თუმცა ბოლოს სინამდვილე სხვა რამ აღმოჩნდა - ექვთიმემ თქვა: წარდგა მშიერი, ვერა შიშველიო... მერე, კაიროში, როცა საგანძურით დატვირთული თვითმფრინავი ჩაფრინდა, ამაგდარ მოხუცს ერთი ხელი სამოსი დაახვედრეს...

თუ არა ასეთი თავდადება, რით გადარჩებოდა ჩვენი საამაყო წარსული? რომ არ გაფრთხილებოდნენ თვალისჩინზე მეტად, როგორღა უნდა გვეამაყა თუნდაც გელათისა და ხობის საგანძურით? ან უღმერთოთა შესაჩერებლად სისხლი არ ექცია ჩვენს წინაპრებს, ბედიის ბარძიმსა და ანჩისხატს ვინ იხილავდა? ზოგჯერ დროსთან ჭიდილიც კი უწევთ მამულიშვილებს იმისათვის, რომ გადაარჩინონ საუკუნეების წინ სიყვარულით ქმნილი ტაძარი, ციხე, ხატი თუ წიგნი.

ასეთი ადამიანია ელდარ ჭიჭიაშვილი. მუდამ მოკრძალებულად, ჩრდილში მდგომი კაცი, რომელიც აკადემიურობითა და სიძველეთა დაცვით გამორჩეულია. ქვემოთ წაიკითხავთ ბატონი ელდარის ორეტაპიან მონათხრობს: პირველი ბიოგრაფიულია, მეორე კი მოგონებაა.

"დავიბადე ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 1954 წელს. სხვათა შორის, ეს სოფელი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიური სოფელია და ძალიან მსიამოვნებს ეს ამბავი. სკოლა აქვე დავამთავრე და შემდგოში, ისტორიის სპეციალობით, სწავლა გავაგრძელე თელავის სახელმწიფო პედინსტიტუტში. ვმუშაობდი სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდგომში ვმუშაობდი, ახმეტის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, ალმანახ "ალაზნის" (ლიტერატურული ალმანახი) მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ასევე ვიმუშავე, პარალელურად, თელავის უნივერსიტეტში ფრანგული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად (ფრანგული დამოუკიდებლად შევისწავლე, ნათარგმნი მაქვს 20-ზე მეტი ფრანგი ავტორის ნაწარმოები). ვმუშაობდი თბილისის ქანდაკების კომბინატში ბრინჯაოს მხატვრული ჩამოსხმისა და დამუშავების ოსტატად. მონაწილეობა მაქვს მიღებული ისეთი მონუმენტური ძეგლების ჩამოსხმა-დადგმაში, როგორიც არის "ქართლის დედა" თბილისში, ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში, "მემედ აბაშიძე" ბათუმში, ასევე აკაკის ძეგლი ფოთში, ვაჟა-ფშაველას ქანდაკება ჩარგალში და სხვა ბევრი ბარელიეფი, ძეგლი თუ ბიუსტი. ამჟამად ვმუშაობ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტად და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ახმეტის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. მყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი. სამწუხაროდ, მშობლები გარდამეცვალნენ. მატანი ერთ-ერთი ტრადიციული, ძირძველი და მრავალრიცხოვანი სოფელია, გარშემო უამრავი ისტორიული ძეგლია - 50-ზე მეტი, კაცობრიობის განვითარების ყველა ისტორიული ეპოქის შესაბამისი. გვაქვს "დევების ნასადგომარი", გვაროვნული წყობილების ეპოქის ძეგლი, ქვის უზარმაზარი ლოდებით აგებული ციკლოპური ნაგებობა. დაწყებული მე-5 საუკუნიდან, მე-19 საუკუნემდე მოყოლებული, უამრავი ტაძარი და ციხე თუ სამონასტრო კომპლექსი. აი, ის, რაც შეიძლებოდა, თქვენი რეკომენდაციით მეთქვა ჩემზე და ჩემს სოფელზე. ვთარგმნე ფრანგი ავტორების ნაწარმოები: თეოფილ გოტიე, პოლ კლოდელი, ნერვალი, მერიმე, მიუსე, მარგერიტ დიურასი, პატრიკ მოდიანო და სხვებიც. სამი ავტორის თარგმანები, მოცულობით საკმაოდ დიდი, ვერ გამოვეცი უსახსრობით..." - ამას ამბობს კაცი, რომელსაც არაერთხელ, სისხამზე ოჯახის საქმე მიუტოვებია და ისტორიული ძეგლის სახურავზე ამოსული ხე მოუკვეთია, ხავსისთვის არ დაუნებებია კედლები, განა იმიტომ, რომ სამსახურებრივად ევალებოდა, არამედ წარსულს არ ანებებს დრო-ჟამის სიავეს!

GzaPress ახლა კი ბატონი ელდარის ბავშვობის დროინდელი მოგონება: "ჩვენს სოფელში აბანო შაბათ-კვირას მუშაობდა. დიდი სამზადისი ვიცოდით ხოლმე იქ წასასვლელად. საღამოს წასასვლელები დილიდანვე ვემზადებოდით. როგორც ჩანს, ეს აბანო არ ჰყოფნიდა ისეთ დიდ სოფელს, როგორიც ჩემი სოფელია და ხშირად, შუადღისით წასულები, საღამოს ძლივსღა ვახერხებდით შესვლას. ეს აბანოც სოფლის ერთ-ერთი თავშეყრისა და გართობის კერა გახლდათ. რიგის მოსვლამდე იყო ერთი ანეკდოტებისა თუ ახალი ამბების მოყოლა.

მახსოვს ერთხელ ეთერიმ (სწორი ფორმაა ეთერმა, მაგრამ ყველა ასე ეძახდა) აბანოში წამიყვანა და ქალების განყოფილებაში შემიყვანა. ვიქნებოდი ასე, სამი-ოთხი წლის. ჩვენთან ერთად მსუქანა ნინა და გულნაზიც წამოვიდნენ. გზაში ორივე ებურტყუნებოდა ეთერის, ეს ბალღი რაღას წამოიყვანე, ამასთან როგორ გავიხადოთ ტანსაცმელიო, ეთერი კი ამშვიდებდა, გიჟები ხომ არა ხართ, ამ ერთი ბეწო ბალღმა რა იცისო.

GzaPress საოცარი სანახაობა დამიდგა თვალწინ. ეს იყო აბანოში ჩემი პირველი წასვლა. თბილი ნისლით სავსე დარბაზში ამოვყავი თავი. მქისე ბურუსში არამიწიერი არსებებივით მოჩანდნენ შიშველი ქალები. ჩემს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ამდენი შიშველი ქალი ერთად დავინახე, რომლებიც ნისლში ცურავდნენ და თან ხმამაღლა საუბრობდნენ. მთავარი ის კი არ არის, რაც იქ ვნახე, არამედ ის, რაც აბანოდან წამოსვლის მერე დამემართა. მართალია, ეთერიმ გზაში გამაფრთხილა, რაც იქ ნახე, არავის მოუყვე, თორემ ენას ამოგაგლეჯო, მაგრამ ერთი სული მქონდა, ვინმესთვის ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. სახლში მოსულმა ყველას მოვუყევი, რაც იქ ვნახე, რასაც ერთი სიცილი და ხარხარი მოჰყვა. წოპე მალ-მალე მეტყოდა, აბა, ძმისწულო, აბანოში რა ნახეო? და მეც, ვინ იცის, მერამდენედ ვუყვებოდი, რაც იქ ვნახე. ეთერიზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მსუქანა ნინასა და გულნაზას ამხელა ძუძუები ჰქონდათ-მეთქი და ჩემს მოკეცილ მუხლის თავზე ვიდებდი ხელს. იყო სიცილი და ხარხარი. ეთერის ყურამდე რომ მივიდა ეს ამბავი, ერთი კარგად გამახურა და დამემუქრა, აღარსად აღარ წაგიყვანო ფერიებიო! ნეტავ ფერიებში ვიღას ვგულისხმობდი, ალბათ იმ გოგო-ბიჭებს, ასე მრავლად რომ იყვნენ ჩემს უბანში, ან სხვა უბნებიდან რომ მოდიოდნენ, საღამოობით, ცეკვა-თამაშის გასაჩაღებლად და თენებამდე ერთი ტაშ-ფანდურა და სიცილ-ხარხარი ედგათ ხოლმე. ერთხელ, მახსოვს, მათი ღრიანცელით შეწუხებულმა მამაჩემმა ბრუციან შალიკოს დოლი გაუკრა ჯუღურას ეზოში, რატო არ მაძინებთო. ამის გამო ძალუაჩემი ძალიან დაემდურა, ჩემს გოგოებს ბედს უფრთხობსო. მთელი სოფლის გოგობიჭობა ჩვენს უბანში იყრიდა ხოლმე თავს. ეს იყო საოცარი სამყარო, სადაც შური და ბოროტება არ არსებობდა, აქ მხოლოდ სიყვარული და სიკეთე სუფევდა. ახლაც არსებობს იმდროინდელი ფოტოსურათი, რომელზედაც სოფლის ახალგაზრდობაა გამოსახული. გიყურებენ ეს გაღიმებული და უზრუნველი სახეები და გული გწყდება, რომ მათგან ძალიან ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის. სწორედ მათ მოქარგეს ჩემი ბავშვობის ზღაპრული სამყარო თავიანთი თბილი და ალერსიანი ურთიერთობებით. მე ხომ თავისუფლად შემეძლო ნებისმიერ მათგანთან მივსულიყავი და კალთაში მოკალათებულს, განებივრებული კნუტივით, ტკბილად გამომეძინა. აღარც კი მახსოვს, ეს ზღაპრული სამყარო როგორ დაინგრა ან სად გაქრნენ მისი ბინადარნი, ან როდის შეწყვიტა არსებობა ამ ახალგაზრდულმა თავყრილობებმა. იქნებ იმის გამო დაინგრა, რომ ამ ფერიებმა ამგვარი თავყრილობებით ყველაზე სანუკვარი ოცნებები აღისრულეს, თავიანთი ბუდეებიდან გაფრინდნენ და ყველამ თავის გზას მიაშურა. მახსოვს, ცოტა რომ წამოვიზარდე, ამ სოფლის ახალგაზრდულმა თავყრილობებმა ჩვენი უბნის ქვემოთ, ბერუაანთ უბანში გადაინაცვლა. გათენებამდე ღრიანცელი და ცეკვა-სიმღერის ხმა ისმოდა. მახსოვს, იქაც, იმათი უბნის მედოლეს თავისმა ბიძამ დოლი გაუკრა ზაფხულის ერთ ღამეს, რატო არ გვაძინებთ, დაღლილ ხალხს ძილი გვინდაო. ტელევიზორების შემოსვლამ ხომ სულ მოსპო ასეთი ახალგაზრდული თავშეყრები და რატომღაც მეცოდებიან ის თაობები, რომლებიც ვერ მოესწრნენ იმგვარ საღამოებს... და კიდევ, რას გავიხსენებ:

ციკრიკიკი, ციკრიკიკი

ციკრიკიკი, ციკრიკიკი

ციკრიკიკი გოგო მყავდა,

ციკრიკიკი გავათხოვე...

GzaPress მთელი დღე ამ თავის მოგონილ სიმღერას ღიღინებდა ჩემი საბრალო, გასათხოვარ ასაკს გადაცილებული ბიძაშვილი, ნადია. რომ ვკითხავდით, ეს ციკრიკიკი რაღააო, გვიპასუხებდა ხოლმე, როგორ ვერა ხვდებით, ჩონგურს ვუკრავო. დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, მგონი, სკოლაშიც არ უვლია და წერა-კითხვაც არ იცოდა. თურმე ბალღობაში დედა ღაჟღაჟით გამოაძღობდა ხოლმე, რომ კარგად დასძინებოდა და ეტყობა ამან იმოქმედა მისი გონების განვითარებაზე. ჩვენ სიცილად არა გვკმაროდა მისი სიმღერა და, ძალუაჩემისა და ბიძაჩემის ჩუმად, მასხარად ვიგდებდით, რადგან მათ ძალიან სწყინდათ, რომ ასე ვექცეოდით. ხშირად ისეთ რამეს აკეთებდა ეს გასათხოვრად მოწადინებული ქალი, რომ მშობლების რისხვას და, რა თქმა უნდა, ჩვენს დაცინვას იმსახურებდა. ძალუაჩემი რომ დაიჭერდა და ცემას დაუწყებდა, თან ეუბნებოდა: "გამექე, ნადიავ, თორე გცემ, გამექე, ნადიავ, თორე გცემ!" თან სილას უქნევდა ყასიდად, ვითომ უნდა დაერტყა. ჩვენ სიცილით ვიხოცებოდით ამ სანახაობის გამო, ის კი, დედის ხელში ჩავარდნილი, გაქცევას ვერ ახერხებდა, მგონი, არც ცდილობდა, დაბორიალებული ბრუნავდა, და დედას შესტიროდა მავედრებელი ხმით, კარგი, დედიიი, ნუღარა მცემ, ქალოოო! ერთხელაც მეზობლის ქალებმა ერთი ოინი მოუწყვეს იმ საცოდავს. მოატყუეს, მანტიორ ლექსიას ჰყვარებიხარ, დედა შეგვხვდა იმისი და გვითხრა, უნდა ვითხოვოთო. გკითხულობდა, როგორი გოგოა, ოჯახში თუ გამოდგება, სისუფთავე თუ უყვარსო. ის საცოდავი, თმის დავარცხნა ჭირივით რომ ეზარებოდა, მთელი დღე სავარცხელს აღარ იშორებდა და წამდაუწუმ ჩამოშლილ ვარცხნილობას ისწორებდა, ერთი კვირა მარწყვის საპნით იბანა პირი და იატაკი აკრიალა ჭანჭახი ტილოთი, სათხოვნელად რომ მოვლენ, სახლი სუფთად უნდა დავახვედროო. ერთი კვირა ასე იცოდვილა, თან გზისკენ იყურებოდა, მაჭანკლის მოსვლა არ გამომეპაროსო, მაგრამ არავის გახსენებია და დაღონებულმა თანდათან მოუკლო თავის საქმიანობას და ბოლოს, როცა იმედი გადაეწურა, არავინ მოვაო, ამ მტანჯველ ჯაფას სულ მიანება თავი. მერე ვიღაცა შატაბუტა კაცმა წაიყვანა ცოლად და ისეთი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ, ბევრს შეშურდებოდა მათი..."

ბატონი ელდარის ეს მოგონება, ბავშვობის ტკბილად გახსენების გარდა, სხვა რამეზეც მეტყველებს. ამაზე კი თავად დაფიქრდი, მკითხველო, ეგებ და, შენც ბევრი რამ დაგრჩენია მოსაგონარი წარსულში. ლამაზი ბავშვობა დიდობაში გაგვყვება ხოლმე და ზოგს ისეთ საქმეებს ჩუმად გვაკეთებინებს, როგორსაც ელდარი აკეთებს ჩუმად, უპრეტენზიოდ, ჩრდილში მდგარი მხოლოდ ერთი მიზნით - მომავალ თაობებს შემოუნახოს ქვითა და კირით ნაგები წარსული...

როლანდ ხოჯანაშვილი