იდუმალი მონასმები - გზაპრესი

იდუმალი მონასმები

1964 წელს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში ავანგარდისტი მხატვრის - პიერ ბრასოს ოთხი ნამუშევარი გამოფინეს, რომლებსაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება ხვდა წილად, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ნამუშევართა ავტორი ქალაქ ბუროსის ზოოპარკის მკვიდრი, ოთხი წლის შიმპანზე პიტერი იყო.

"პიერ ბრასოს ფუნჯი ძალმოსილია, მის მიერ ტილოზე დატანილი საღებავი კი - ნატიფი, - წერდა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე როლფ ანდენბერგი თავის სტატიაში: - "პიერი არის მხატვარი, რომელიც ბალერონის დელიკატურობით მოქმედებს".

სინამდვილეში, საქმე ამგვარად იყო: შვედმა ჟურნალისტმა, ეკ აკსელონმა და მხატვარმა ინგვე ფუნკეგარდმა გადაწყვიტეს, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. მათ აინტერესებდათ, შეძლებდნენ თუ არა კრიტიკოსები და პროფესიონალი ექსპერტები ერთმანეთისგან გაერჩიათ ადამიანისა და პრიმატის ნამუშევრები. როგორც ხედავთ, ვერ შეძლეს. პიტერის ერთი "შედევრი" 90 დოლარადაც კი გაიყიდა. როდესაც ყველაფერი გაირკვა, პიტერ ბრასო ყველამ დაივიწყა. შიმპანზე პიტერი კი 1969 წელს დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს და ჩესტერის ზოოპარკში მოათავსეს, სადაც სიცოცხლის დარჩენილი დღეები ეულად გაატარა.

პაბლო პიკასო საკუთარ წიგნში - "ცოცხალი ზღვა" - ჟაკ ივ კუსტო ასე იგონებს შეხვედრას პაბლო პიკასოსთან: "პარიზში, იუნესკოს შენობაში, არის პიკასოს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია თავით ქვევით დაშვებული ადამიანის ფიგურა. მე პიკასოს ვკითხე, რას ნიშნავდა ეს? - ხელოვნებათმცოდნეებმა ხომ ლამის ტონობით ქაღალდი დახარჯეს საიმისოდ, რომ თქვენი ამ ფიგურის სიმბოლური მნიშვნელობა აეხსნათ: მას ხან "იკაროსის ვარდნა" უწოდეს, ხან - "ლუციფერის განდევნა სამოთხიდან". - ამის მოსმენის შემდეგ, პიკასო ჩემკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა: "ჩვენში დარჩეს, კუსტო, და მე მხოლოდ მყვინთავის დახატვას ვლამობდი". - ასე რომ, მხატვრები ზოგჯერ "უბრალოდ, მყვინთავის დახატვას" ცდილობენ, ხოლო რა ახსნას აძლევენ მათ კრიტიკოსები და თაყვანისმცემლები, ეს უკვე მათ სინდისზეა დამოკიდებული".

პიკასოს ნამუშევრებთან დაკავშირებით ამგვარი შემთხვევა ხშირად გვხვდება. მაგალითად, მის ტილოზე - "ბებერი გიტარისტი" - ხელოვნებათმცოდნეებმა ქალის კონტური აღმოაჩინეს, ხოლო უფრო დაწვრილებით შესწავლისას, კიდევ რამდენიმე ადამიანის სილუეტი იპოვეს, რომლებიც საღებავის ფენებქვეშ იყო დაფარული. მათი "აღმოჩენის საიდუმლო" მარტივია: მხატვარს საკმარისი თანხა არ ჰქონდა ტილოს შესაძენად, ამიტომაც ახალი ნამუშევრისთვის თავის ძველ ტილოებს იყენებდა.

GzaPress ელამი რემბრანდტი "რემბრანდტს სიელმე ჰქონდა!" - დაასკვნა ხელოვნებათმცოდნე და პროფესორ-ბიოლოგმა ბევილ კონვეიმ, როცა მხატვრის ტილოები შეისწავლა. თვალის დაავადების გამო, ის თურმე გარე სამყაროს არა სამი განზომილებით, არამედ ორით - სიბრტყეზე - აღიქვამდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გამოსდიოდაო ასეთი არაჩვეულებრივი სურათები... თუმცა, დასაშვებია, ეს მცდარი აზრიც იყოს.

მაგალითად, მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა, არცთუ დიდი ხნის წინ, მრავალი ხელოვნებათმცოდნე გააოცა. იგულისხმება სურათი, რომელსაც ცოტათი გრძელი სახელწოდება აქვს: "კაპიტან ფრანს ბანინგ კოკის და ლეიტენანტი ვილემ ვან რეიტენბიურგის მეისრეთა რაზმის გამოსვლა" ან, როგორც მას მოკლედ ასახელებენ - "ღამის შემოვლა". გარკვეული ხნის წინ ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარეს და გაირკვა, რომ რაზმი ღამით კი არ გამოდიოდა, არამედ - მზიან დღეს. ამჟამად, სურათს უკვე "შუადღის შემოვლა ჰქვია".

"ყვითელი ვან გოგი" ვინსენტ ვან გოგს უყვარდა ყვითელი ფერი - ასეთი შთაბეჭდილება შეგვექმნება, თუ მისი სურათების უმრავლესობის მიხედვით ვიმსჯელებთ. სინამდვილეში, ნამუშევრებში მზის ფერი მხატვრის განსაკუთრებული სიყვარულის გამო კი არ დომინირებს, არამედ - დაავადების გამო (ვან გოგს ეპილეფსია სჭირდა), უფრო სწორად, ეს იყო წამლის გვერდითი ეფექტი, რომელსაც ის მუდმივად იღებდა. შეიძლება ითქვას, რომ ვინსენტი გარემოს სწორედ ამ ფერებში აღიქვამდა.

კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ფაქტი: მხატვრის ავტოპორტრეტზე, სადაც ყური აქვს შეხვეული, ჩანს, რომ მას მარჯვენა ყური აქვს დაზიანებული. არადა, ვიცით, რომ სინამდვილეში, მარცხენა ყური იყო. ეს კი იმით აიხსნება, რომ ვან გოგი საკუთარ პორტრეტებს სარკის დახმარებით ხატავდა.

სიქსტეს კაპელის ანატომია ვატიკანის სიქსტეს კაპელა, ყველაფერთან ერთად, მიქელანჯელოს ულამაზესი ფრესკებითაა ცნობილი. თუ მოვისურვებთ, მათში ბევრი რამის აღმოჩენას შევძლებთ. მაგალითად, "ადამის შექმნას" თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის თავის ტვინის ზუსტი ანატომიური სურათი. ასეთივე გამოსახულება შეიძლება შევნიშნოთ ფრესკაზე - "ნათელის გამოყოფა წყვდიადიდან". აქ ის ღმერთის კისერზეა გამოსახული.

ორიგინალური შურისძიება ცნობილია, რომ მხატვარ გუსტავ კლიმტს ვინმე ადელის უამრავი პორტრეტი აქვს შექმნილი. ყველა ეს პორტრეტი ქალბატონის ქმარმა - ფინანსურმა მაგნატმა, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერმა შეუკვეთა. მიზანი - შურისძიება იყო. საქმე ისაა, რომ ფერდინანდმა მისი ცოლის და მხატვრის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო და გუსტავ კლიმტს ცოლის პორტრეტის შეკვეთებს ზედიზედ აძლევდა. საბოლოოდ, მოსახდენი მოხდა: ასეულობით ჩანახატისა და პორტრეტის გაკეთების პროცესმა საყვარლები ისე გადაღალა, რომ ერთმანეთის მიმართ ვნება სამუდამოდ გაუნელა.

საკამათო გარემოება ერთი მკვლევარი დიდხანს ამტკიცებდა, რომ მოცარტი მასონი იყო და ამის დადასტურებად კომპოზიტორის ერთ-ერთ პორტრეტს იშველიებდა, რომელიც მხატვარ ანტონიო ლორენცოს ფუნჯს ეკუთვნის. აღნიშნულ პორტრეტზე კომპოზიტორს ხელები დაფარული აქვს, რაც თითქოს მასონურ სიმბოლიკას ადასტურებს. ალბათ, ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, იყო თუ არა გენიოსი კომპოზიტორი მასონი, ხოლო რაც შეეხება პორტრეტს, შეიძლება ითქვას, რომ ხელების დახატვა საკმაოდ რთულია და ძვირი. სავარაუდოა, რომ მხატვარმა ან შრომა გაიადვილა, ან მოცარტმა დაზოგა საკუთარი სახსრები და მხატვარს ხელების დახატვა არ შეუკვეთა.

GzaPress "მონა ლიზას" ღიმილის საიდუმლო ლეონარდო და ვინჩის საყოველთაოდ ცნობილი "მონა ლიზას" ღიმილის იდუმალებას ხელოვნების ერთ-ერთი თამამი მკვლევარი მიაწერს მის - არც მეტი, არც ნაკლები - უკბილობას! ეს არგუმენტი, რაღა თქმა უნდა, გადამოწმებას არ ექვემდებარება. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალბატონს კბილები მართლაც არ ჰქონდა.

მოამზადა ირინა ჯანდიერმა