"სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული ორსული ქალია და კვირტი მცენარეზე"
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რაღაცას გვიკეთებენ და მიდიან. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავიზრდებით, რამდენად კეთილშობილნი გავხდებით", - ამბობს ასტროლოგი რამაზ გიგაური და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და მაგალითად მოჰყავს წინაპრები, იმის დასტურად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა.
- ამ რუბრიკაში კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ჩვენ არავინ გვავიწყდება. შესაძლოა ცნობიერად ვიღაც არ გვახსოვდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ყველა ადამიანი ჩვენში უჯრედულ დონეზე ცოცხლობს. როცა ვიბადებით, თვალს ვახელთ და სამყაროს ვიმეცნებთ, ბუნებრივია, პირველი ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობას ვიწყებთ, მშობლები არიან. გამორიცხულია, მშობელმა შვილზე გავლენა არ მოახდინოს, შვილმა სამყაროს მშობლების თვალებით არ შეხედოს.
ბუნებრივია, მეც ასე დავიწყე. მამა წიგნიერი იყო, ძალიან ბევრს კითხულობდა, დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა, ოჯახში წიგნის კულტი იყო. 5 წლიდან გამართულად ვკითხულობდი. წიგნი ჩემი მეგობარი გახდა და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. ამაში მამას დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ წარმოშობით ხევსურები ვართ. პაპას რამდენიმე კლასის განათლება ჰქონდა, მაგრამ წიგნებთან ისიც ძალიან მეგობრობდა, მისი სამყარო იყო ვაჟა-ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება. პაპას გავლენით, დავუახლოვდი ფოლკლორს, მითოლოგიას. პაპა 15 წლის იყო, როცა მთაში პარტიზანულ რაზმში იყო. მოგვიანებით ერთ-ერთ პიროვნებაზე იხსენებდა, ტყვია რომ არ გამვარდნოდა, კარაბინზე ჩახმახი გამომიძრო, მაშინ ლამის იმ კარაბინის სიმაღლე ვიყავიო.
- ხევსურ ბებიაზე რას გვეტყვით?
- ბებია შემლოცველი იყო; მან შიშის, თვალის და სხვადასხვაგვარი ლოცვა იცოდა, ბავშვებს გამოლოცვებს უტარებდა. შეეძლო, ატირებული ბავშვი 10 წამში ლოცვის ძალით დაეწყნარებინა, დაემშვიდებინა. ასეთ ჯადოსნურ და მაგიურ სამყაროში ვიზრდებოდი და სამყაროს ამ ადამიანების თვალებით ვუყურებდი. ძალიან ხშირად ვამბობ, - აღზარდეთ თქვენი თავი, რადგან თქვენი შვილები დაგემსგავსებიან.
- ოჯახის წევრების გარდა, ცხოვრების გზაზეც გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც შთაბეჭდილებებს ახდენენ.
- როდესაც ასეთ შთამბეჭდავ ადამიანებს ვხვდებით, გვიჩნდება სურვილი, მივბაძოთ. რამდენიმე ხნის წინ, გარკვეულ საკითხზე საავადმყოფოში მივედი. იქ ერთი პიროვნების ადამიანურმა ურთიერთობამ აღმაფრთოვანა. დავფიქრდი, რაოდენ მნიშვნელოვანია, იყო არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ - დიდი ადამიანი.
ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც გარკვეული პერიოდი საკონცენტრაციო ბანაკში ჰქონდა გატარებული, მოგვიანებით საკუთარი მოსწავლეების მშობლებს უთხრა, უპირველესად თქვენს შვილებში ადამიანები აღზარდეთო!
ხშირად ვამბობთ სიტყვას "განათლება", შესაძლოა ვიღაცისთვის ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნაა ან რომელიღაც სერტიფიკატი, მაგრამ ჩემთვის განათლება მოდის სიტყვიდან სინათლე.
ჩვენთან "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მე-19 საუკუნეში შეიქმნა, მანამდე წერა-კითხვა სასულიერო პირებმა უფრო იცოდნენ, ვიდრე - გლეხებმა, მაგრამ ყველა გლეხი განათლებული იყო. როგორ? მათ ურთიერთობა ჰქონდათ ბუნებასთან. ბუნების დამკვირვებელნი იყვნენ და ბუნება მათთვის იყო მასწავლებელი. თბილისში 13 ივნისის ტრაგედია რომ მოხდა, მაშინ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ მდინარის ხეობაში არ უნდა დასახლდე. ნათქვამია, ყველა მდინარე 19 წელიწადში ერთხელ, თავის კალაპოტს ავსებს. 19 შემთხვევით ნათქვამი ციფრი არ გეგონოთ, მზის ერთი ციკლია.
ადამიანი, რომელიც არ უსმენს ბუნებას, ის ადრე თუ გვიან, ბუნების ძალას აუცილებლად იგრძნობს. ბუნება ყველაზე დიდი მასწავლებელია.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ცნობილ გურუს შეკითხვა დაუსვა. ვინ არის ინდოეთში ყველაზე დიდი ბრძენი, ვისთან გასაუბრებას მირჩევთ? გურუს პასუხი კი ასეთი იყო: - შესაძლოა ისეთი რამ გითხრა, შენთვის კარგი მოსასმენი არ იყოს, მაგრამ თუ მზად ხარ, მოისმინო ჩემი სიტყვები, გეტყვი. ამერიკელმა უთხრა, რომ მზად იყო და გურუმ თქვა, - ჯუნგლებში მიმავალი, ქვას ფეხს თუ წამოჰკრავ, წაიქცევი და ამით შენ სწორად სიარულს ისწავლი, ქვა შენი გურუა. რეალურად, ჩვენი წინაპრები ასეთი ადამიანები იყვნენ. ისინი აკვირდებოდნენ სამყაროს და სამყარო იყო მათი მასწავლებელი.
მასწავლებელი ყოველთვის არსებობს, თუ მოსწავლე მზად არის, რომ ცოდნა დაინახოს და მიიღოს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ცუდს გვიკეთებენ. ჩვენ თუ მზად ვართ, იმ ადამიანისგანაც შეიძლება ვისწავლოთ, ისიც ჩვენს მასწავლებლად ვაქციოთ.
- მათგან რა შეიძლება ვისწავლოთ? - ის, რომ ყოველთვის საჭიროა, წინ გავიხედოთ, ფრთხილები ვიყოთ, მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი თავისგან მსხვერპლი შევქმნათ და მუდამ იმაზე ვიწუწუნოთ, როგორ დაგვსაჯა ღმერთმა, ადამიანმა, ბედისწერამ, კარმამ და ა.შ. მაშინ ჩვენში მსხვერპლია და რადგან ასე ვაზროვნებთ, ყოველთვის აღმოვაჩენთ ვიღაც ჯალათს, რომელიც გვსჯის.
ინდოელი ფილოსოფოსი ამბობდა, ცხოვრება არის სკოლა და ჩვენ მასში იმიტომ ვართ, რომ უნდა ვისწავლოთო. როდესაც ვლაპარაკობ თემაზე, ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, შეუძლებელია არ გავიხსენო ჩემი პედაგოგი დავით ნაცვლიშვილი. ის ახლა სოფლის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისურას მასწავლიდა.
- თავი რით დაგამახსოვრათ?
- ის მხოლოდ რეჟისურის მასწავლებელი არ იყო, მისი ფრაზები მახსოვს. ერთხელ მითხრა, ადამიანები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთსო, - და ეს ძალიან გამიკვირდა. ვიკითხე, - როგორ ხვდებიან იშვიათად? თუ გავიხსენებთ, რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში (ოჯახს შექმნა, შვილის გაჩენა, სასწავლებლის დასრულება...), ეს მოვლენები შესაძლოა სულ ერთი ხელის თითებზე დაითვალოს. რამდენი ადამიანია, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა? ესენიც შესაძლოა ერთი ხელის თითებზე დავითვალოთ და ზუსტად ესაა ის, რასაც ჩემი პედაგოგი გულისხმობდა, ადამიანები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, შესაძლოა ეს იყოს ჩვენი მეგობარი, ნათესავი ან სულაც მტერი, მისგანაც ხომ რაღაცას ვსწავლობთ.
ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ასეთი იგავი არსებობს. ადამიანი ღმერთთან მივიდა და უთხრა: - ჩემი ჯვრის ტარებით ძალიან დავიღალე. მომეცი უფრო მსუბუქი ჯვარი, რომ ადვილად ვატაროო. ღმერთმა უპასუხა: - შედი და აარჩიე, ჯვრებზე მეტი რა მაქვს. შევიდა ადამიანი, თავისი ჯვარი დადო და ყველაზე პატარა ჯვრის ძებნა დაიწყო. დიდხანს ეძება, ეძება, ბოლოს ერთი პატარა ჯვარი გამოიტანა და უთხრა: აი, ეს ჯვარი მინდა ვატარო, უფრო მსუბუქიაო. ღმერთმა უპასუხა: - შვილო, ეგ ის ჯვარია, რომელიც შენ თავად მოიტანეო. ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ამ ძებნაში თავისი ჯვარი დაეკარგა და ბოლოს კი მიხვდა, თურმე ყველაზე მსუბუქ ჯვარს დაატარებდა. ჩვენ ღმერთი არ გვაძლევს ისეთ განსაცდელს, რომლის ტარება და გაძლებაც არ შეგვიძლია.
ქოუჩინგის მამა თომას ლეონარდი ამბობდა: ჩემი პრობლემები, ჩემი მასწავლებლებია. ჩვენთან არ მოდის ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეგვიძლია და თუ გადავჭრით, ის პრობლემა ჩვენი მასწავლებელი გახდება.
ჩვენი წინაპრები ჰარმონიაში იყვნენ ბუნებასთან. იცოდნენ, რომელი დღე იყო შრომის, რომელი ხატის... მე მოვესწარი ხარებით მოხვნას, დაფარცხვას ისეთ ფერდობებზე, სადაც ტრაქტორი არ უდგებოდა.
დღეს ბუნებას დაშორდა ადამიანი, უმრავლესობას დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღარ აღვიძებს. ამის ბრალია, რომ ადამიანები გახდნენ სასტიკები. ურთიერთობები ვირტუალურ ფორმაში გადავიდა. ერთმანეთის პრობლემების მიმართ გულცივობას შევეჩვიეთ. მატერიის მიმართ მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო, ჩვენ დავკარგეთ ემოციური კავშირი ერთმანეთთან და ბუნებასთან და მერე, როცა ადამიანების სიკარგეს, სიჯანსაღეს აღმოვაჩენთ, გვიკვირს, როგორც იშვიათობა. დაახლოებით 10 წელია ტელევიზორს აღარ ვუყურებ, რადგან იქ ნეგატივის ნიაღვარია.
შეუძლებელია ოდესმე დამავიწყდეს ჩემი მეგობრის მეგობარი, ადამიანი, რომელმაც ჩემი ინდოეთში მოგზაურობა დააფინანსა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რაღაცას გვიკეთებენ და მიდიან, ოღონდ ჩვენზეა დამოკიდებული, ამისგან რამდენად გავიზრდებით, რამდენად კეთილშობილნი გავხდებით.
გამორჩეულად მიყვარს ორი საზოგადო მოღვაწე, რომლებმაც საკუთარი ერის ცხოვრება შეცვალეს. ესენი არიან: ილია ჭავჭავაძე და მაჰათმა განდი. "გლახის ნაამბობში" გაბრიელს მოძღვარი წიგნის კითხვას ასწავლის. ერთ დღეს გაბრიელი ჰკითხავს, - მე შენთვის რა გავაკეთო? მოძღვარი ეტყვის: - შენ სხვას ასწავლე გაბრიელ და ეს იქნება ჩემდამი შენი სიკეთე. როცა სამყარო სიკეთეს გვიკეთებს, არ უნდა შევირჩინოთ; ვალდებული ვართ, სიკეთე ჩვენ სხვას გავუკეთოთ. ასე მრავლდება სიკეთე და როგორც დოჩანაშვილი ამბობს: "სწორედ სიყვარული ატრიალებს დედმიწას, დომენიკო".
უკვდავება არ არსებობს სამყაროში, გარდა გენეტიკისა. ვერასდროს ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს გენეტიკას. ადამიანი აჩენს შვილს და ტოვებს ახალ სიცოცხლეს. ყველაზე დიდი სასწაულია ორსული ქალი და კვირტი მცენარეზე. სასწაულია შობა, როგორც სიცოცხლის ფორმა. შემდეგ იწყება ცხოვრების გზა და სულ ვამბობ, გზა არის ბედნიერება. რომ დავიბადეთ, უკვე სასწაულია, ამიტომ გვიყვარდეს სიცოცხლე და ერთმანეთი!
თამუნა კვინიკაძე