"მზიური" - ფერადოვანი ბავშვობის სამყარო - გზაპრესი

"მზიური" - ფერადოვანი ბავშვობის სამყარო

ალბათ ბევრს გახსოვთ ან გსმენიათ ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "მზიურისა" და მისი ლამის ლეგენდად ქცეული პირველი თაობის შესახებ; ბევრს გიღიღინიათ, გიმღერიათ ან დღესაც მღერით სიმღერებს მათი რეპერტუარიდან; ბევრს ფილმიც გინახავთ "მზიურზე", მისი წევრი გოგონების თავგადასავლებსა და ოინბაზობაზე; ისიც გემახსოვრებათ, ზუსტად 10 წლის წინ ვარსკვლავი რომ გაუხსნეს "მზიურს"... დღეს ეს ანსამბლი უკვე 49 წლისაა და, მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა, მისი წევრები - ცხადია, მეტ-ნაკლებად - ერთმანეთთან მისასვლელ გზებს არასდროს კარგავენ. ამ გზებიდან ერთ-ერთი, მცხეთის წეროვნისკენ მიდის და ეს გზა ჩემთვისაც ძალიან ახლობელია, გამორჩეულად ბევრი ხალისი მოაქვს და ვეებერთელა სიყვარულს იტევს.

"კომში, კომში, კო-მა-რა, მომეც დიდი ტო-მა-რა", - ამ დიდგზაგამოვლილ ტომარაში ბებოს ჩურჩხელებს ვეღარ იპოვით - კაფანდარა, წვრილთვალება და მხიარულ გოგონას გზადაგზა მეგობრებისთვის სულ სიმღერ-სიმღერით ჩამოურიგებია. მართალია, ჩურჩხელებით, სავარაუდოდ, პირი ყველამ ჩაიტკბარუნა, სამაგიეროდ, ის დიდი ტომარა ახლა მოგონებებით არის სავსე და მოგონებებიც გულის გასახარად, უსასრულოდ გრძელდება. "მზიურის" პირველი თაობის სოლისტის, ტელერეჟისორ ქეთი დეკანოზიშვილის ულამაზესი ნაკვეთი წეროვანში პატარა ქოხითა და ხეხილიანი, მშვენიერი ეზოთი, დღეს "მზიურელთა" (და არა მარტო მათი, არამედ - მეგობარი მსახიობების, ტელედიქტორების, ექიმების, მომღერლების და ა.შ.) ნაწილის თავშეყრის კერაა. მიხარია, რომ წეროვნელთა მუდმივი "ბრიგადა-კლასტერის" წევრი მეც ვარ და დანარჩენებთან ერთად, ხან რთველი გვაქვს, ხან ვთიბავთ, ხან მწიფე თუთას "ვანადგურებთ" და ხან - ალუბალს - სეზონს გააჩნია.

კარგა ხანია, წეროვნის ქეთოსეულ კერას არ ვსტუმრებივარ და რამდენიმე დღის წინ მასპინძლის დაბადების დღემ შეგვყარა. პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციები არ დაგვირღვევია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვეწვიეთ. რასაკვირველია, იქაურობა გავაყრუეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიმღერეთ და რადგან გვერდით ოთხი "მზიურელი" მყავდა - ქეთი, თამრიკო ხორავა, ლიკა ხორბალაძე და ნუცკა კობიაშვილი, - არც სტატიის მომზადების შანსი გავუშვი ხელიდან - მათი მოგონებებით სავსე წარსული მხოლოდ ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში ვერაფრით ჩაეტეოდა, ამიტომ ვითხოვე და უკვე ქალბატონებმაც ქეთის "ტომარას", ვინ იცის მერამდენედ, მოხსნეს თავი და "მზიურის" ლეგენდის ეპიზოდების მოყოლა დაიწყეს.

ქეთი დეკანოზიშვილი: - მე და მომღერალი მაია ჯაბუა პიონერთა სასახლეში, ამჟამინდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან ვმღეროდით ერთად. ბანაკ "მზიანეთშიც" სწორედ სასახლიდან წაგვიყვანეს. ალბათ, 7 წლის ვიქნებოდი, მაია კი - ჩემზე ერთი წლით დიდი. იქვე ისვენებდა სასახლის ვაჟთა ინსტრუმენტული ანსამბლი რაფაელ კაზარიანის ხელმძღვანელობით. ერთ მშვენიერ დღეს ბანაკში მყოფი პატარა გოგონები - ლიკა ხორბალაძე, ნუცკა კობიაშვილი, ნანიკო სანებლიძე და მაია ჩიქვინიძე შეიპარნენ ინსტრუმენტებიან ოთახში და როგორც შეეძლოთ, აახმიანეს, ასე არ იყო? (სიცილით მიუბრუნდა ნუცკას და ლიკას და განაგრძო)... ამ "შემოქმედებით საღამოს" შემთხვევით შეესწრო კაზარიანი და გოგონების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნის იდეაც მაშინ დაებადა - მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არც არსებობდა. მერე, კაზარიანმა და გურამ ჯაიანმა ნელ-ნელა, სათითაოდ "გვიპოვეს" და ბოლოს ერთ დიდ "მზიურად" გვაქციეს, ახლა რომ "მზიურგადატანილები" გვქვია - ასე თვითონ დავირქვით.

ლიკა ხორბალაძე: - "მზიურამდე" მცირედი სამსახიობო გამოცდილება მქონდა, რამდენიმე ფილმში გადამიღეს, მათგან პირველი - "დიდედები და შვილიშვილები" იყო. მაშინ 6 წლის ვიყავი. სხვათა შორის, იქაც პიონერთა ბანაკიდან ამარჩია ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ. "მზიური" კი მერე იყო, ასე, 8 წლის ასაკში. წლების განმავლობაში ანსამბლ "მზიურის" წყალობითაც გადაგვიღეს ფილმებში. პირველი იყო "მოვდივართ და მოვიმღერით", სადაც მეკობრეების როლში ბატონები: კახი კავსაძე, ბორის წიფურია და კარლო საკანდელიძე არიან. ამ ფილმში ჩემი ერთი სიმღერაცაა - "ლენინგრადელი ბიჭები". ამას მოჰყვა ფილმი "მზიური", რომლის გადაღებაში უდიდესი წვლილი ერთ-ერთი "მზიურელის", მსახიობ ნინო დუმბაძის ბებიასა და ბაბუას მიუძღვით. ცეკვებს ქორეოგრაფი იური ზარეცკი გვიდგამდა ჯერ კიდევ გადაღების დაწყებამდე, მაშინდელი პიონერთა სასახლის სარკეებიან დარბაზში გვამეცადინებდა და უსაშინლესი სიტყვებით გვამკობდა, რადგან ყველა სათანადოდ ვერ ასრულებდა მის დავალებას. რა ექნათ გოგონებს? ძალიან კარგად უკრავდნენ და მღეროდნენ, ცეკვა კი ისე არ გამოსდიოდათ... არ ვტრაბახობ, მაგრამ ერთადერთი ვიყავი, ვისთვისაც ქორეოგრაფს შენიშვნა არ მიუცია... ის დღეები გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო. თვე-ნახევარი გავატარეთ გემზე, რეისი გვქონდა: ბათუმი-სოჭი-ოდესა-ნოვოროსიისკი-ბათუმი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დამსვენებელი გამოვიცვალეთ და თითოეულისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობდით.

- ზღვის ავადმყოფობამ არ შეგაწუხათ?

- ოოო... იყო მომენტები, დავიწყებდით სიმღერას და, შესაბამისად, გადაღებას: "დაჰკარი დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად..." და ვინ გაცლიდა?! გადავქანდებოდით, ჩემს ინსტრუმენტებსაც "მივდევდი" და ვერ ვიჭერდი. მერე ამას მორიგი გადაქანება მოჰყვებოდა და ა.შ. აუ, გოგონებო, გახსოვთ ოდესის ბაზრობა? (სამივე გაბრწყინებული, ღიმილით უქნევს თავს - ავტ.)... ამ ძალიან დიდ ბაზრობას "ტალკუჩკას" ეძახდნენ. მაშინ მსგავსი რამ საქართველოში არ არსებობდა. იმ ბაზრობაზე იყიდებოდა კევი "პედრო", რომელიც ჩვენთან დეფიციტი იყო, იქ კი ძალიან ძვირი ღირდა. ჩვენ ბაზრობაზე არავინ გაგვიშვებდა, სამაგიეროდ, კეთილისმსურველები გვყავდა - მე და მაია ჯაბუას, გოგა ფიფია (ღმერთმა გაანათლოს მისი სული!) და ფილმის ოპერატორი რამაზი გვამარაგებდნენ. მახსოვს, ორ-ორ ცალს ვღეჭავდით და უზარმაზარ ბუშტებს ვბერავდით.

- ლიკა, მართლა ძალიან მსუნაგი იყავი?

GzaPress ქეთი დეკანოზიშვილი: - მაგას მე გეტყვი, როგორი ღორმუცელა იყო (იცინის). მოგზაურობისას, ძირითადად, მშრალი საკვებით ვიკვებებოდით. ულუფას თითოეულს ცალ-ცალკე, ქაღალდის პარკებში გვიწყობდნენ. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას, ძალიან მოშივებულებმა, საკუთარი ულუფა რომ მოვიკითხეთ, პარკები პირწმინდად გამოცარიელებული დაგვხვდა. პუსკუნა ლიკა ხორბალაძეს შემოეჭამა თურმე. ბევრი ვიბუზღუნეთ, მაგრამ რაღას ვიზამდით?! ლიკა კი, მახსოვს, მსუბუქად დაისაჯა ღორმუცელობისთვის, არადა, რა ექნა პატარას, თუკი ძალიან შიოდა (იცინის და "დარცხვენილ" ლიკას უყურებს)! ერთხელ კიდევ, ზეფირი მიმქონდა და მატარებელში გოგონები შემომიჩნდნენ, გვაჭამეო. კატეგორიულად ვუარობდი, რადგან იმ ადამიანთან მიმქონდა, ვინც უნგრულად გადაგვითარგმნა და შეგვასწავლა სიმღერების ტექსტები. ჩამძინებია თუ არა (მგონი, ყველაზე ძილისგუდა ვიყავი), გოგონებს ზეფირისთვის მუსრი გაუვლიათ. რატომღაც მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე და ზეფირით გოგონების გამასპინძლება გადავწყვიტე, მაგრამ...

ლიკა ხორბალაძე: - მაგას მე გეტყვი... ჩვენი ტკბილეული ყველამ "ავითვისეთ" და ქეთისას დავადგით თვალი. ქეთი გაგვიჯიუტდა, არ მოგვცა და როცა დაეძინა, ჩუმად შევუსანსლეთ. დილით უკეთეს გუნებაზე გაიღვიძა, გაგვიღიმა და, - ჯანდაბას თქვენი თავი, დღეს კეთილი ვიქნები და გაჭმევთო. გახსნა კოლოფი და... ცარიელი დახვდა (იცინის).

ქეთი დეკანოზიშვილი: - ისე, მსუნაგობასთან ერთად, ლიკა ჩვენ შორის ყველაზე მხიარულიც იყო, დაბნეულობით კი თამრიკო გვერდწითელი გამოირჩეოდა. სცენაზე განსაკუთრებით მოუხერხებლად იქცეოდა. სულ წრიალებდა, ტრიალებდა და მირთმეულ თაიგულს ხანდახან ადგილს რომ ვერ უპოვიდა, დაბნეულობისგან ძირსაც კი დებდა... ეკა კახიანი ჩვენზე პატარა იყო და ნაკლებად მობილიზებული - ერთს ეტყოდნენ და აუცილებლად საწინააღმდეგოს აკეთებდა, რაც განსაკუთრებით აბრაზებდა ჩვენს ხელმძღვანელ გურამ ჯაიანს. თუმცა, ჯაიანის გაბრაზება დიდხანს არ გასტანდა ხოლმე. არც არავისზე ბრაზდებოდა ხანგრძლივად - იცოდა, პატარები ვიყავით და ბავშვურად ვცელქობდით. ყველაზე სერიოზული და გულჩათხრობილი თითქოს მაია ჯაბუა იყო, საუკეთესო მეხსიერებით კი ჩვენი იონიკაზე დამკვრელი და ახლა "წეროვნელი", ნუცკა კობიაშვილი გამოირჩეოდა. ნუცკა "მზიურის" ცხოვრების ნებისმიერ მომენტს დღემდე დეტალურად იხსენებს ხოლმე და ამიტომაც შევარქვით "მზიურის" მემატიანე". გული გვწყდება, რომ ჩვენი მატიანის ძალიან ლამაზ ეპიზოდს, მესამე ფილმს - "ბურატინოს" ვერსად მივაკვლიეთ - ვერც საქართველოში, ვერც რუსეთში. ლიკას რაღაც კადრები უჩვენეს მოსკოვში, თამრიკო გვერდწითელთან ერთად "ოსტანკინოში" სტუმრობისას, მაგრამ სრული ფილმი მათაც არა აქვთ. არადა, ნუცკა ხომ ვერ გაგვიცოცხლებს იმ კადრებს! ახლა ვფიქრობთ, ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში მოვიძიოთ, ყველას სრულად ჰქონდა ეგ ფილმი გადაწერილი. ეგებ გაგვიმართლოს.

თამრიკო ხორავა: - საქართველოში მართლაც პირველები ვიყავით, საბჭოთა კავშირში კი - მესამე ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. სხვათა შორის, "მზიურის" მომდევნო თაობებიც არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ იმ ბავშვებმა უკვე იცოდნენ, სად მივიდნენ, რა ეკეთებინათ, მანამდე რეპეტიტორებთანაც კი ემზადებოდნენ. ჩვენთვის და ჩვენი ხელმძღვანელებისთვის კი ყველაფერი სიახლე იყო. ძალიან ბავშვურები ვიყავით. არავინ გვკარნახობდა, სად თავი დაგვეკრა, სად ხელი დაგვექნია, ამიტომ ყველაფერი ბუნებრივად და ბავშვურად გამოგვდიოდა, შესაბამისად, ხშირად სასაცილოებიც ვიყავით, მაგრამ ხალხს ეს მოსწონდა. სიმღერებსაც საბავშვოს ვმღეროდით. ახლანდელი ბავშვები კი ძალიან მეცოდებიან: 6-7 წლის რომ სიყვარულზე იმღერებს, - რატომ მიმატოვე, გული გამისკდა, რომ დამტოვეო, - და ა.შ. სასაცილოც აღარ არის...

პირველ "მზიურელებთან" საუბარი დაუსრულებლად შეიძლებოდა, მაგრამ ისევე, როგორც მშვენიერი მოლხენისა და განტვირთვის შემდეგ, ქეთი დეკანოზიშვილის დაბადების დღის საღამოსაც ჰქონდა დასასრული, ჩვენს სტატიასაც სჭირდება დასრულება, ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ "მზიურის" სიცოცხლე აღმოჩნდა უსასრულო - გურამ ჯაიანის ხელმძღვანელობით ანსამბლი კვლავ არსებობს, მაგრამ ნურავინ მიწყენს - პირველი "მზიური" მაინც განუმეორებელი იყო, მართლაც ლეგენდა, თავისი "დაჰკარი დაფდაფებიანად"...

ირმა ხარშილაძე