"ის მოსწავლეების ფიზიკურ მდგომარეობას რენტგენივით ხედავდა" - გზაპრესი

"ის მოსწავლეების ფიზიკურ მდგომარეობას რენტგენივით ხედავდა"

საბალეტო სპექტაკლების წამყვანი რეჟისორი ნიალა გოძიაშვილი კარანტინის დროს თბილისში იყო. ეს პერიოდი მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ფეხით სიარული უყვარს და ყოველდღე გარკვეულ მარშრუტს გადიოდა. მერე გზები გაიხსნა და უჯარმაში წავიდა, სადაც სახლი აქვს. სახელი მამამ დაარქვა, შირაქის ველზე ერთი მებრძოლი და მამაცი ქალი ყოფილა, მაია წყნეთელის მსგავსი, რომელსაც ნიალი ერქვა, მამა კი ნიალას ეძახდა. ასეთ ისტორიას იხსენებს ჩვენი რესპონდენტი და სხვა ამბებზეც სიამოვნებით საუბრობს.

- ბალეტზე შესვლა თქვენი ინიციატივა იყო?

- არა. მუსიკას ვსწავლობდი და როგორც ამბობენ, კარგი პერსპექტივა მქონდა. ჩემი კლასელი და მეგობარი ნათელა არობელიძე დადიოდა ბალეტზე (წამყვანი ბალერინა გახდა) და იმან წამიყვანა, კარგი ფაქტურა გაქვსო. ერთი წელი თეატრთან არსებულ სტუდიაში ვსწავლობდი, შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ქორეოგრაფიული სასწავლებელი და სწავლა იქ გავაგრძელეთ. სხვათა შორის, საერთო საგნებში ორივე სექტორზე (ქართული და რუსული) არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავდა: მათემატიკა - ტატა ფირცხალავა, ფიზიკა - მიხეილ ბურძგლა, ქართული - სიმონ სხირტლაძე, გრამატიკა - ნათელა ჩაჩუა, რუსული ენა - მარა ბრეგვაძე, ხელოვნებათმცოდნეობა - ეთერ ნავროზაშვილი... ფიზიკა ისე ვიცოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ, თავისუფლად შემეძლო ჩამებარებინა ფიზიკა-მათემატიკურზე. როგორ მოახერხა ჭაბუკიანმა ამდენი საუკეთესო პედაგოგის თავმოყრა? თუმცა, მას უარს ვინ ეტყოდა. სასწავლებელი 1964 წელს დავამთავრე და იმ დროიდან თეატრში ვარ.

- ჭაბუკიანი გასწავლიდათ?

- ის ყველას პედაგოგი იყო. საკუთარი კლასი არ ჰყავდა. იყვანდა პირველი, მეორე და მესამე კურსიდან იმ ბავშვებს, ვინც სათეატროდ პერსპექტიულად მიაჩნდა. ასე შეკრებილი კლასი ყოველ დილით, ათ საათზე მეცადინეობდა მისი ხელმძღვანელობით. რადგან თავად ცეკვავდა და თან თეატრს ხელმძღვანელობდა, გაკვეთილებს ზოგჯერ აცდენდა, თუმცა იშვიათად. დამამთავრებელ კლასში ახალგაზრდების გარკვეულ რაოდენობას ინტენსიურად გვამეცადინებდა რეპერტუარზეც და სათეატრო გაკვეთილებსაც გვაჩვევდა, ასე ნელ-ნელა გვზრდიდა. ის საოცარი პედაგოგი იყო, შენს ფიზიკურ მდგომარეობას რენტგენივით ხედავდა. მის შესახებ გოგი ალექსიძემ ძალიან კარგად თქვა: "ჭაბუკიანი მეთოდისტი პედაგოგი კი არ არის, რომელსაც შეუძლია დაწეროს ტომები პედაგოგიკაზე, ის არის ფანტასტიკური მწვრთნელი..." ამასთან ჭაბუკიანი საოცარი დონის მოცეკვავე იყო და საკუთარი ორგანიზმი ისე ჰქონდა შესწავლილი, რომ შეეძლო ქირურგიული ჩარევა ჩაეტარებინა სხვის ორგანიზმზე და ნაკლიც დაეფარა. ხშირად იცოდა უცნაური შედარებები, ამას უფრო პროფესიონალები გაიგებენ. მაგალითად, ნახტომის დროს იტყოდა: საკუთარი თავი ჰაერში უნდა ასწიო, რამდენ ხანს გინდა გაჩერდე ჰაერში - ეს შენ თავს უნდა ჩააგონო და მერე საკუთარი თავი ზუსტად გადააგდო (ჟეტე) იქ, სადაც საჭიროაო. ფრანგული ტერმინი "ჟეტე" გადაგდებას ნიშნავს, ეს ყველანაირი ნახტომია. ანდა, ტრიალის დროს შეიძლებოდა ეთქვა: ხელები ისეთნაირად გიჭირავს, თითქოს ბალიშები გიდევს იღლიებში და შენ საჰაერო ბალიშებზე ისე ტივტივებ, რომ იმდენ ტრიალს და პირუეტს აკეთებ, რამდენიც წარმოიდგინეო. ცუდი შედარებებიც ჰქონდა, "შკაფს" ან "კრაკადილს" დაგიძახებდა. ბოროტი შენიშვნები და დაცინვა არ იცოდა, მაგრამ სიტყვით გაგანადგურებდა. ერთ გოგოს უთხრა: მართალია, კარგად იცეკვე, მაგრამ ტრომბონივით იყავიო! ანუ ნახტომიდან რომ ჩამოხვედი, ძალიან ხმამაღლა ისმოდაო.

- წლების მანძილზე სოლისტი იყავით, ჭაბუკიანის გვერდით გიცეკვიათ?

- წამყვანი ბალერინა არ ვიყავი, შუა სახასიათო სოლისტი მერქვა, რომელსაც შეუძლია იცეკვოს პუანტებზე და ასევე, სახასიათო წამყვანი პარტიები შეასრულოს. ჩემი ჟანრის სოლისტებს გაგვიმართლა, რადგან გვყავდა უიშვიათესი მიდგომის და ინდივიდუალობის პედაგოგ-რეპეტიტორი, თვითონ არაჩვეულებრივი სახასიათო მოცეკვავე გურამ კუკულაძე, სამწუხაროდ ახლახან გარდაიცვალა. სანამ ჭაბუკიანი ცეკვავდა, მის გვერდით ყველას გვიცეკვია, ყველა მისი გაზრდილია, მაგრამ რასაც ჰქვია საყვარელი მოწაფე და პარტნიორი, ჭაბუკიანისთვის ვერა წიგნაძე იყო. ამას სხვა ნურავინ დაიბრალებს. მის გვერდით სცენაზე სხვა აურა ტრიალებდა, სხვანაირი რეპეტიციები მიჰყავდა. რა თქმა უნდა, ფართოდ ხედავდა, როგორც ბალეტმაისტერი. და საერთოდ, სხვა ხედვა ჰქონდა სცენის, ადამიანის, მიზანსცენის და ყველაფრის. მის გვერდში ყოფნით განებივრებული ვიყავი.

GzaPress

- თბილისში ბალანჩინი რომ ჩამოვიდა, ჯერ ისევ ქორეოგრაფიულში სწავლობდით. როგორ გაიხსენებთ იმ წარმოდგენას და სხვა დროსაც გინახავთ მისი რომელიმე დადგმა?

- ჩაკეტილი საზოგადოება ვიყავით და იმ დროის გადასახედიდან, ძალიანაც კარგად გვასწავლიდნენ, შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა. ბალანჩინი პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, მეორე კურსზე ვსწავლობდი. როცა ფარდა გაიხსნა, სცენაზე ცისფერი იატაკი, ცისფერი ეკრანი და ცისფერ კოსტიუმებში ჩაცმული ქალები გამოჩნდა... სიმართლე გითხრათ, იქიდან დავიწყეთ პატარა აზროვნება - "ბაიადერკასა" და "დონ კიხოტის" იქით, კიდევ რომ არსებობს რაღაც. მერე ეს ყველაფერი შეესაბამებოდა მუსიკას და ისეთი ნაწარმოებების შესახებ გავიგე, რომლებიც იმ ასაკში გაგონილიც არ მქონდა. ბიზეს "სიმფონია" ახლა ჩვენი თეატრის რეპერტუარშია, თუმცა მაშინ ორიგინალი და სრულიად სხვა შესრულება იყო. მოსწავლეებს ბილეთები, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მერე გავიგეთ, რომ ჩვენი საშვით და მოწმობითაც არ შეგვიშვებდნენ, რადგან მოსკოვის გოსკონცერტის ხაზით ტარდებოდა სპექტაკლები. ამიტომ, დილით თეატრში შევიპარებოდით, რომელიღაც საბალეტო დარბაზში სარკეების უკან ვიმალებოდით და საღამოს გამოვძვრებოდით გათუთხნულები (იცინის). ეს იცოდნენ, მაგრამ თვალებს ხუჭავდნენ. ყველა სპექტაკლი ვნახეთ და რაც მთავარია, აბსოლუტურად მთელი რეპერტუარი დავიზეპირეთ. როცა მეორედ ჩამოვიდა დასი, მაშინ ჯერომ რობინსის ბალეტებიც იყო წარმოდგენილი. იქ უფრო მომზადებულები ვიყავით, გოგი ალექსიძე გვყავდა უკვე და საბალეტო აზროვნებით ძალიან წინ წავედით.

ედინბურგში 1997 წელს ალექსიძის ბალეტები წავიღეთ გასტროლზე, მაშინ სან-ფრანცისკოს ბალეტის ხელმძღვანელმა, ბალანჩინის ყოფილმა მოცეკვავე ჰელგი ტომასონმა დაგვპატიჟა მთელი დასი და ზუსტად ის ბიზეს "სიმფონია" ვნახეთ. ბავშვობიდან იმდენად ზეპირად ვიცოდით ეს სიმფონია, რომ ბალანჩინის დასში ვინ სად იდგა, გვარებითაც კი ვიცოდით. მე და მარინა ალექსიძე ვისხედით და სიცილით ვკვდებოდით, ყველაფერი გვახსოვდა.

- უამრავი გასტროლიდან გასახსენებელიც ბევრი გექნებათ...

- იაპონიაში ხუთჯერ ვიყავით, ჩემთვის ეს ქვეყანა აღმოჩენა და საოცრებაა, თავად ხალხიდან გამომდინარე. მათ ისე უყვართ თავიანთი ქვეყანა, რა უნდა მოხდეს, რამე ცუდი რომ დასცდეთ. მსგავსი არაფერი მინახავს. ფუკუსიმის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენს საბალეტო დასს ერთთვიანი გასტროლი ჰქონდა იაპონიაში. კატასტროფის შედეგი სახეზე იყო: ყველაფრის გაძვირება, დათრგუნვილი ხალხი, გვიან ღამემდე მოფუსფუსე იაპონელები... იქაურ ტექნიკურ მენეჯერს ვკითხე, ალბათ ხელფასები გაგეზარდათ-მეთქი? არა, რას ბრძანებთო, მითხრა. - აბა, როგორ უმკლავდებით ამ სიძვირეს-მეთქი? - რას ვიზამთ, ქვეყანას უჭირს, რამდენიმე წელი უნდა მოვითმინოთ, ჯერ ქვეყანა დადგეს ფეხზეო. ამ სიტყვებმა ჯერ განმაცვიფრა, მერე შემრცხვა. რას ვეტყოდი?

მეორედ მაშინ შემრცხვა, როცა სპექტაკლის მერე სასტუმროში, ჩემმა მეგობარმა კოლეგამ და მე ტელევიზორი ჩავრთეთ, შევჩერდით დოკუმენტურ ფილმზე, ინგლისურ ენაზე მიდიოდა და ვეღარ მოვწყდით. ფილმი ერთ-ერთ ოჯახს შეეხებოდა (ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და 11 თვის ბავშვი), რომელიც თავს ირჩენდა ბოსტნეულის მოყვანით და თევზჭერით. მიწისძვრის დროს კაცს დაეღუპა დედ-მამა, რადიაციული აფეთქების შედეგად ბავშვი დასხივდა და მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. სოფლის მოსახლეობა გაიყვანეს კარვებში, ვინაიდან მთელი სოფელი მიწიან-სახლიანად ჩაიმარხა და პატარა დახმარებას აძლევენ. ჟურნალისტის კითხვაზე, რით ეხმარება მთავრობა ოჯახს, რომ ბავშვი რომელიმე კლინიკაში წაიყვანონ? მამამ წყნარად უპასუხა: წამლები არის გამოყოფილი, მაგრამ კლინიკაში მკურნალობა ძვირია, სახელმწიფო ვერ დაგვაფინანსებს, ჯერ ქვეყანაა საშველი. ჩვენნაირი ბევრია, ღვთის იმედად ვართ, ქვეყანა ყველაზე მთავარიაო. წარმოგიდგენიათ? მე და ჩემს მეგობარს ხმა აღარ ამოგვიღია, ტელევიზორიც გამოვრთეთ. ძალიან შემრცხვა და თან, შემეცოდა ოჯახი. ვეღარ გავიგე, მართალი იყო ის ადამიანი თუ არა? მსგავსი ფაქტი ხდებოდა იაპონიაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე. იაპონელები დიდი ხელგაშლილობით და სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩევიან, მაგრამ სპექტაკლის მერე მადლობას იმით გამოხატავდნენ, რომ ყვავილების ნაცვლად ნამცხვრები მოჰქონდათ, ასეთი წესი აქვთ. სპექტაკლში "დონ კიხოტი" სტუდიის ბავშვები მონაწილეობდნენ და მათთვის მშობლები სახლში მომზადებული საჭმელებით მოდიოდნენ, პატივს ასე გვცემდნენ. ჩემთვის იაპონიაში ხუთჯერადი ყოფნა სხვა სამყაროში ჩახედვა, ძალიან დიდი სკოლა და ზოგადად, სასწაული იყო.

სულ სხვა გრძნობები მქონდა, როცა საბერძნეთში პირველად ჩავედი. აკროპოლისზე ავედით, სადაც რვაასსაფეხურიანი კიბეა და მენეჯერმა გვითხრა: ფრთხილად იარეთ, იმიტომ რომ 12 საუკუნეა ეს მარმარილოს კიბეები იხეხება და არ მოსრიალდეთო. მაშინ მოვედი აზრზე, რომ რაღაც საოცრებაზე ავდივარ. იქიდან გადმოვიხედე და აქეთ პირველი ოლიმპიური სტადიონია, იქით ძველი ანტიკური თეატრი, პირეუსი... საკუთარ თავს ეკითხები, მართლა აქ ხარ და რასაც ხედავ, რამე კავშირი აქვს სიზმართანო?

- რამე გატაცება გაქვთ?

- მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და ახალი ნაწარმოების კითხვა ზუსტად ისე, როგორც წიგნის. 14 წლისა ვიყავი, როცა მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და დადგა საკითხი - ბალეტი თუ მუსიკა? 6 საათი ჯდომა და 6 საათი ფეხზე დგომა ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ერთდროულად არ შეიძლება... თუმცა, მუსიკალური განათლება გამომადგა და დიდხანს ვიმუშავე ბალეტის კონცერტმაისტერად. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა "მაკნატუნას" და უწყვეტი დიდი რეპეტიციის დროს, სრულიად არ მქონია შიში და თავისუფლად ვუკრავდი, რადგან დირიჟორი კმაყოფილი იყო.

- პირველად ვინ შემოგთავაზათ კონცერტმაისტერობა?

- ყველამ იცოდა, რომ ვუკრავდი. ერთხელ ჭაბუკიანმა რაღაც ნოტები იპოვა და მითხრა: შეგიძლია დაუკრა, რომ გავიგო, რა არისო? ეტყობა, ყველა კონცერტმაისტერი დაკავებული იყო. დავუკარი და თქვა, "მალადეც". მერე აღარ დამიკრავს. ცეკვის მერე ჩემი ადგილი მაპოვნინა გოგი ალექსიძემ. ერთხელ რაღაც დამაკვრევინა, მეორედ, მესამედ... ცოტა მერიდებოდა, ამდენი კონცერტმაისტერია და მე რატომ დავუკრა-მეთქი? ის მეუბნებოდა: მინდა აურა დაუკრა, ნოტებს არა აქვს მნიშვნელობაო. ასე ნელ-ნელა, კიდევ და კიდევ განმეორდა. შემდეგ ვახტანგ კახიძის "ამორძალები" იდგმებოდა და რეჟისორად დავინიშნე. ძალიან კარგი შემთხვევაა, როცა რეჟისორმა ნოტები იცის, იოლია მასთან მუშაობა. მერე ავად გახდა კონცერტმაისტერი და მე მომიწია დაკვრამ. კომპოზიტორიც იქ იყო და ცუდიაო, არ უთქვამს, ამიტომ ეს საქმე განვაგრძე. ერთხელაც ჯანო კახიძემ იხუმრა: ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანი ხელფასზე მაინც აიყვანეთო... ამას უკვე ოფიციალურად და კარგა ხანს დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი. ასე რომ, განებივრებული ვიყავი ჯანსუღ კახიძესთან, გოგი ალექსიძესა და გურამ მელიავასთან ურთიერთობით.

ნანული ზოტიკიშვილი