აკაკი ხორავას "ვალი", ფაქიზი სულის ეროსი და კოჭოიას როლის შემსრულებელი - გზაპრესი

აკაკი ხორავას "ვალი", ფაქიზი სულის ეროსი და კოჭოიას როლის შემსრულებელი

მსახიობმა ელენე საყვარელიძემ თავისი შემოქმედებით ერთი დიდი ფურცელი ჩაწერა ქართული თეატრის ისტორიაში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, სადაც არაერთ კორიფეს უწევდა პარტნიორობას. როგორც თეატრმცოდნემ, მან სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილები მიუძღვნა კოლეგებსა თუ კულტურის მოღვაწეებს. გთავაზობთ მის რამდენიმე მოგონებას.

"სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს?"

- თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი და დირექტორად აკაკი ხორავა იყო. ხორავამ ბრძანაო, - იტყოდნენ და საქმეს წინ არაფერი დაუდგებოდა. ხორავა მოდისო და, ყველა "ფორმაში" ჩადგებოდა. ხორავა გაბრაზებულიაო და, ინსტიტუტი ფეხისწვერებზე დადიოდა. ხორავა გიბარებსო ხომ, მეხის გავარდნას უდრიდა. ჰოდა, პირველკურსელი ვიყავი, როცა ეს "მეხი" დამეცა. შეშინებულმა შევაღე მისი კაბინეტის კარი. - დედ-მამა არა გყავს? მკითხა. - არა! - ვუპასუხე და ქაღალდი გამომიწოდა, დამიწერე ყველაფერიო. დავუწერე, რატომ არ მყავდა დედ-მამა 1937 წლიდან და გამოვედი. მაშინ სწავლის ქირა ხუთასი მანეთი იყო წელიწადში. მე საიდან მექნებოდა ეს თანხა? ბატონმა აკაკიმ სწავლის ქირისგან გამათავისუფლა - ასე მჯეროდა დიდხანს და გვიან გავიგე, თვითონ იხდიდა ამ ფულს...

GzaPress

მაშინ მაინც მცოდნოდა ეს ამბავი, უკვე კოლეგები რომ ვიყავით და ერთად ვიმოგზაურეთ ჩეხოსლოვაკია-უნგრეთში. ამ მოგზაურობისას, ერთი დღით კიევში შევყოვნდით. გამახსენდა, ერთი წლით ადრე, ამ ქალაქში ჩვენი გასტროლებისას როგორ იქუხა ხორავას ოტელომ და ოიდიპოს მეფემ. გაიგეს თუ არა, ხორავა კიევშიაო, მთელმა თეატრალურმა კიევმა საზეიმო წვეულება გაუმართა. ბატონი აკაკის მეუღლე ცოტა შეუძლოდ იყო. მარტო ხომ არ წავალო, თქვა აკაკიმ და მე წამიყვანა. წვეულება დნეპრზე, ტივტივა რესტორანში მოეწყოთ. მასპინძლები სახეში შესციცინებდნენ ბატონ აკაკის, თავს იწონებდნენ მის გვერდით ყოფნით და სიამოვნებით ეპატიჟებოდნენ სუფრასთან ყველას. მაგიდას ემატებოდა და ემატებოდა ხალხი, იზრდებოდა ბატონი აკაკის თაყვანისმცემელთა რიცხვი.

სირჩა ასწია მწერალმა ვანდა ვასილევსკაიამ - სუფრასთან ხორავა იყოს და სხვა თამადობდეს, გაგონილაო? ყველანი ფეხზე წამოდგნენ და თამადობა მიულოცეს საპატიო სტუმარს. აკაკი ბრწყინავდა იმ საღამოს, მასპინძლებს ეპაექრებოდა, გონებამახვილობდა, მღეროდა. მეც ბედი მწყალობდა, ქართულ სიმღერას იქ ჩემს მეტი ვინ აჰყვებოდა? ძალიან მოსწონდათ ჩვენი ქართული სიმღერები. საბუთიც მაქვს, პოეტმა მიკოლა ბაჟანმა ლექსი რომ ექსპრომტად მომიძღვნა. დაუვიწყარი საღამო იყო. უკვე ვიშლებოდით, როცა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დმიტრო მილიუტენკო შეშფოთებული შემოვიდა, მთელი დანახარჯი აკაკი ხორავას გადაუხდიაო. უხერხული მდგომარეობა შეიქნა, ყველა შეწუხდა. ეს როგორ იქნებაო? მაშინ აკაკიმ ვანდა ვასილევსკაიას ნათქვამი გადაასხვაფერა - სუფრას ხორავა თამადობდეს და ფულს სხვა იხდიდეს, გაგონილაო?

მეორე დილით, გამგზავრებამდე მეუღლემ რაღაც წვრილმანის ყიდვა დაავალა ბატონ აკაკის და მაღაზიაში შევიარეთ. ხორავამ განზე გამიხმო და ჩუმად მითხრა: გუშინ სულ დავხარჯე, რაც ფული მქონდა და თუ გაქვს, ცოტა ხნით მასესხე, მაგრამ ნინკასთან არ წამოგცდეს, იცოდეო! მეც ვასესხე ოციოდე მანეთი, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ჩემდა სამარცხვინოდ, გამოვართვი კიდეც "ვალი".

GzaPress

მგრძნობიარე და ფაქიზი სულის "ერიკო"

- ეროსი ერქვა და კიდევაც ამართლებდა ამ სახელს... ეროსის ბავშვობიდანვე შევეზარდე, იმ დროიდან, "ერიკო" რომ ერქვა. შემდეგ იყო ინსტიტუტის დაუვიწყარი წლები. საკურსო წარმოდგენად დოდო ალექსიძემ ფელიქს პიას "პარიზელი მეძონძე" აირჩია საგანგებოდ ეროსისთვის. მართლაც, წარუშლელი იყო მისი პირველი როლი მამილო ჟანი, ჩემი მამილო! ქალიშვილი მარი ძიძიე მე ვიყავი. წარმოდგენაზე სტუმრად ჩამოსული მეგობრები მოვიწვიე. მათ ძნელად ირწმუნეს, რომ მამილო ჟინის შემსრულებელი ჩვეულებრივი სტუდენტი იყო და არა "გასტროლიორი". ამას მოჰყვა ეროსისთან მუშაობა გოლდონის "სასტუმროს დიასახლისზე", რომელიც ტოვსტონოგოვმა დადგა. ეროსის როლი - კავალერი რიპაფრატა ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იყო ნიჭიერებასთან შეზავებული დიდი პროფესიულობისა.

შემდეგ რუსთაველის თეატრში, წლების მანძილზე ერთ თეატრალურ ოჯახში ცხოვრება ჩვენ უფრო გვანათესავებდა და შემიძლია უამრავი რამ მოვიგონო, მაგრამ განსაკუთრებით ერთი ამბავი მაგონდება, ალბათ იმიტომ, რომ ჩანს, რაოდენ მგრძნობიარე და გამგები იყო ეროსი. სერგო ზაქარიაძემ თავდაპირველად ბეკინას როლი "სამანიშვილის დედინაცვალში" ეროსის შესთავაზა. მან რატომღაც, არ ინდომა და ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ სერგო ზაქარიაძემ მოჰკიდა ხელი როლს. ბრწყინვალე ბეკინაც იყო, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა თამაში.

შემდეგ ამ როლს ბუხუტი ასრულებდა, მაგრამ 1977 წელს, მექსიკაში ყოფნის დროს, ეროსის მოუხდა ბეკინას როლში სასწრაფოდ შეეცვალა ავადმყოფი ბუხუტი ზაქარიაძე. დრო ცოტა იყო და თუმცა, გოგი გეგეჭკორი ბევრს მუშაობდა ეროსისთან, იგი მაინც გულგრილი დარჩა როლისადმი... წარმოდგენის მონაწილეებს მისი დამოკიდებულება როლის მიმართ არ მოგვეწონა, თუმცა არაფერი ვუთხარით. იგი თავად მიხვდა ყველაფერს. ეროსი გამგები და ფაქიზი სულის პატრონი იყო, არც სამართლიანობის გრძნობა ღალატობდა, გულთან მიიტანა ყოველივე. შემდეგ, როცა მექსიკიდან დავბრუნდით, სოხუმში გასტროლების დროსაც ეროსის უნდა ეთამაშა ბეკინას როლი. მან საგულდაგულოდ მოამზადა და მართლაც, დიდებულად ითამაშა კოლორიტული მხატვრული სახე - იშვიათი მომხიბვლელობით, იუმორითა და მისთვის დამახასიათებელი ეროვნული ელფერით მოხატა. ნასიამოვნებმა პრემიერაზე ყვავილების კალათა მივართვი და ეროსისთან საგრიმიოროში მისალოცად შევედი. მადლობა გადამიხადა, უხერხულად გამომიწოდა კალათა და მითხრა: სად წავიღო ახლა ეს ყვავილები? იუმორი არ გაკლია და შენ თვითონ გაგეცინება, მე, ამოდენა დათვმა ყვავილებით რომ ჩავიარო ამ ყვავილადქცეულ ქალაქში. ეს შენ წაიღე, უფრო დაგშვენდებაო. ჩემი ყოყმანი რომ შენიშნა, მითხრა: - მერე მომიტანე, როცა მოვკვდებიო... ეს თხოვნა შევასრულე, ჩემო ეროსი...

GzaPress

შავტუხა ბიჭის პირველი როლი

- ეს ისტორია ზღაპარივით ლამაზია... იყო და არა იყო რა, იყო ერთი შავტუხა ბიჭი, უყვარდა ოცნება, ლექსები, ცეკვა და ცხენზე ჯირითი. როცა მისი ტოლი ბიჭები ეზოებს ანცობით იკლებდნენ, ზურიკო იპოდრომზე ათენებდა და აღამებდა, ჯირითს ეუფლებოდა. მერე ცხენს დაბანდა და აშლილ ფაფარს დაუვარცხნიდა. დედაც არაფერს უკრძალავდა, ის კი აკვირვებდა, რომ ოჯახიდან მალიმალ ქრებოდა შაქრის მარაგი...

ერთხელ კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" იპოდრომზე დაიწყო მოჯირითე პატარა ბიჭის ძებნა, ფილმისთვის "მაცი ხვიტია". არის აქ ერთი ზურიკოო, - უთხრეს. ახედეს, დახედეს და მიჰგვარეს გიორგი შენგელაიას სასინჯ გადაღებაზე. ნამდვილი არტისტიაო, გაიოცეს... გვარი ჰკითხეს, - ყიფშიძეო. ვისი შვილი ხარო? - ელენე ყიფშიძისო. ახლა გასაგები გახდა ყველაფერი, მიხვდნენ, რატომ იყო "ნამდვილი არტისტი" და პატარა კოჭოიას როლზე დაამტკიცეს 11 წლის ზურაბ ყიფშიძე, რომლის სახელს თურმე, დიდი მომავალი ეწერა.

უნიჭიერესი მსახიობის ელენე ყიფშიძის შვილმა, შეიძლება მაშინ არც კი იცოდა, რომ მის ოჯახს დედის მიღმა უფრო ღრმა თეატრალური ფესვებიც ჰქონდა. ელენეს ბაბუა იყო ცნობილი პუბლიცისტი და მთარგმნელი გიგა ყიფშიძე. მან პირველმა თარგმნა სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი". გიგას ცოლი - ბაბო კორინთელი კი პირველი პროფესიული თეატრის მსახიობი იყო. ელენეს ბიძა გიორგი ფრონისპირელი, მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, მისი მეუღლე კი მსახიობი იყო, რომელიც "ანკარას" ფსევდონიმით მოღვაწეობდა.

პატარა კოჭოიას როლი იყო ზურაბ ყიფშიძის იღბლიანი დებიუტი. აქ შეერწყა ერთმანეთს ორი სიყვარული - ცხენზე ჯირითი და მსახიობობა. კოჭოია სხარტი, აზარტული იყო და ეს თვისება მსახიობს დღემდე შემორჩა.

ნანული ზოტიკიშვილი