"არავის აქვს უფლება, შვილი მიატოვოს ორიენტაციის ან შეცდომების გამო" - გზაპრესი

"არავის აქვს უფლება, შვილი მიატოვოს ორიენტაციის ან შეცდომების გამო"

"ვიცოდი, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა ოჯახისა და ნათესავების მხრიდან, რადგან სვანები ამას არ მაპატიებდნენ", - მითხრა 35 წლის ტრანსგენდერმა. ის სვანია. დაგვიკავშირდა, რადგან სურდა, თავისი ამბავი გამოემზეურებინა და ჩვენი საშუალებით ოჯახს დაჰკავშირებოდა.

- როდის მიხვდი, რომ ქალობა გინდოდა?

- ამას მოზარდობის ასაკში მივხვდი, როდესაც ვგრძნობდი, ქალები არ მიზიდავდა, მომწონდა ქუსლიანი ფეხსაცმელები და მოკლე კაბა. სახის მოსავლელად კრემებს ვამზადებდი და ოთახში ვმალავდი, დედასა და ჩემს ძმებს რომ არ ენახათ. ორი ძმა მყავს და ზუსტად ვიცოდი, ისინი ასეთს არ მიმიღებდნენ.

- შენი ოჯახის წევრებმა როგორ გაიგეს ამის შესახებ?

- უკვე 25 წლის რომ ვიყავი და დავიღალე დამალვით, ნიღბის ტარებით, საცხოვრებლის შეცვლა გადავწყვიტე და ნაქირავებ ბინაში გადავედი. არ ვმუშაობდი და ძალიან მიჭირდა მატერიალურად, სულიერადაც. მარტოობას ვერ ვეჩვეოდი. იმისთვის, რომ მქონოდა ქალისთვის საჭირო ნივთები, ფული მჭირდებოდა. ახლობლის დახმარებით დავიწყე კლიენტების მიღება. ერთ დღეს ჩემი ძმა გაუფრთხილებლად მესტუმრა, ნათესავ გოგონასთან ერთად და ქალის ფორმაში გამოწყობილი დავხვდი.

- როგორი იყო მისი რეაქცია?

- საშინელი. მახსოვს, არაადეკვატურად იქცეოდა, დანას ხელი დაავლო და ჩემს მოსაკლავად გამოიწია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელმაც მოქნეული ხელი დაუჭირა და შუაში ჩაგვიდგა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მას შემდეგაც არაერთხელ მომივარდა ნასვამი და მაწიოკებდა. რა თქმა უნდა, კარს არ ვაღებდი, მეზობლებმა პოლიციაც კი გამოიძახეს რამდენჯერმე.

- მშობლებმა რა თქვეს?

- დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი რცხვენიათ, რომ მე მათთვის მოვკვდი და გზაზე არასოდეს უნდა გადავეყარო.

- როგორც მითხარი, ნათესავებიც გემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

- დიახ, ნათესავები მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ. მომკვეთეს გვარიდან, ყველას აეკრძალა ჩემთან მოახლოება და კონტაქტი. ამის გამო საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე. ამ დროს უკვე მყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელმაც ბინა მიქირავა, ასევე, უზრუნველყო ჩემი კომფორტი. არ გამოვდიოდი სახლიდან, ყველაფერი მოჰქონდათ, რაც მჭირდებოდა, სტილისტებიც შინ მაკითხავდნენ.

- ამ ყველაფერს სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები. ვინ იყო შენი მეგობარი მამაკაცი, რომელიც ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევდა თავს?

- დიახ, ის რასაც მთავაზობდა, იოლი არ იყო. არ დავმალავ, კანონიერი ქურდი გახლდათ. მის სახელს კი, ჩემივე უსაფრთხოების გამო, ვერ გეტყვით: სახელს თუ ვიტყვი, წამში დავანგრევ მის ცხოვრებს.

- რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- მისი სტატუსი. ის ჩემთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ამბობდა, რომ სხვა სამყაროში გადამყავდა და ჩემთან ყოფნის დროს ყველაფერი ავიწყდებოდა. 2 წელი ვიყავით ერთად. ჩუმად, ღამით მოდიოდა და დილით ადრე გადიოდა.

- მასთან დაშორება გახდა შენი ემიგრაციის მიზეზი?

- არა, ჩვენ ერთად ვიყავით და მან დააფინანსა საქართველოდან ჩემი წამოსვლის ხარჯები. ქვეყნიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი - ძმები და ნათესავები არიან, მათი მეშინოდა და ასე, სახლში გამოკეტილი, როგორც პატიმარი, ვერ ვიცხოვრებდი.

- მაინცდამაინც ესპანეთი რატომ აირჩიე?

- როდესაც ვარკვევდით, სად იქნებოდა ჩემი ცხოვრება უსაფრთხო, არჩევანი ესპანეთზე შევაჩერე, რადგან აქ შევძლებდი, მომეთხოვა თავშესაფარი და სიცოცხლის დაცვა.

- როგორ მიგიღო ამ ქვეყანამ?

- ესპანელები იმაზე თბილი ხალხია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე ჩავბარდი "წითელ ჯვარს", მოვითხოვე თავშესაფარი და ჩემი სიცოცხლის დაცვა. დამეხმარნენ საბუთების მოგვარებაში და სამსახურის მოძიებაშიც კი. გამატარეს ენის კურსები და დამინიშნეს ფსიქოლოგი, რადგან ჩათვალეს, რომ დასტრესილი ვიყავი.

- სად მუშაობ?

- ერთ-ერთი კლუბის მოცეკვავე ვარ და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მაქვს. ჩემი ცხოვრება ნაწილობრივ დამშვიდდა.

- თავისუფლად დადიხარ ქალაქში?

- სიმართლე გითხრათ, ვერა, რადგან ბევრი სვანია. ისინი ძალიან წარმატებულები არიან. თავიანთი ბიზნესი აქვთ და მეშინია, არ მინდა ვინმემ მიცნოს. ამიტომ შევიცვალე გარეგნობა, გავიკეთე მკერდის ოპერაციაც.

- რისი თქმა გსურს დედისთვის?

- დედა, ჩემო ძალიან ძლიერო, მიუხედავად ყველაფრისა, იცოდე, მიყვარხარ. მე ის ვარ, ვინც შენ ცხრა თვე მუცლით ატარე, ვისაც ბევრი ღამე გაუთენე და ვისაც შენი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი შესწირე! არც ერთ დედას არ აქვს უფლება, შვილი მიატოვოს ორიენტაციის ან შეცდომების გამო. მე შენი შვილი ვარ, მოგწონს ეს თუ არა. მჭირდები და გთხოვ, მიმიღე არა ბექად, არამედ კეკედ...

ფიქრია რობაქიძე