მახათელი - მსოფლიო ბრენდი საბალეტო ხელოვნებაში - გზაპრესი

მახათელი - მსოფლიო ბრენდი საბალეტო ხელოვნებაში

2005 წელს იაპონიაში გამართულ ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ საბალეტო ფესტივალზე და-ძმის, მაიასა და დათოს მოცეკვავე წყვილი საუკეთესოდ დასახელდა. ახლახან იტალიაში მაია მახათელის გამოსვლას იტალიის პრესამ "მსოფლიოს საბალეტო სამყაროში მიმოფანტული ბრილიანტი" უწოდა. ლუბლიანაში კი აღნიშნეს, რომ მათ სცენაზე მსოფლიოს საუკეთესო ბალერინა, ბალეტის "მსოფლიოს ჩემპიონი" ჰყავდათ მიწვეული. ევროპის საბალეტო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალერინა, რომელსაც ძლიერი ტექნიკითა და სცენაზე თვითგამოხატვის საოცარი უნარით გამოარჩევენ, ჰოლანდიის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა-ბალერინაა. მისი სახელი ბრენდის სახით ამშვენებს ბალეტის აქსესუარებსა და ქალაქის ცენტრში გამოფენილ ბილბორდებს. რაც შეეხება დავით მახათელს, ის დღეს სათავეში უდგას მის მიერვე შექმნილ კომპანიას, რომლის საშუალებითაც აწყობს საერთაშორისო მასშტაბის კონცერტებს, ეხმარება ახალგაზრდებს, პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას. დავითი, ლონდონის "საუკეთესო ონეგინი", მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოცეკვავე, რომელსაც ნიუ-იორკში XXI საუკუნის "ბრილიანტის მოცეკვავის" წოდება მიანიჭეს, მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მთავარ პარტიებს ასრულებდა. ის ერთადერთი ქართველი იყო, ვინც ინგლისის როიალ ბალეტში მუშაობდა.

დავითი და მაია მსოფლიო სცენის დასაპყრობად დედამ და მამამ - მარინე ლოლაძემ და ნიკოლოზ (ნუგზარ) მახათელმა "დააფრთიანეს".

ამერიკაში 2013 წლის განათლებითი დეპარტამენტის კოლეჯებს შორის საუკეთესო ქორეოგრაფად დასახელებული და არაერთი მსგავსი პრემიის ლაურეატი, ნიკოლოზ მახათელი საბალეტო ხელოვნებას 26 წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 10 წელი მუსიკალურ თეატრსა და ხელოვნების ინსტიტუტში, 2001 წლიდან კი ამერიკის 45 შტატში ემსახურა - აღზარდა არაერთი წარმატებული მოცეკვავე და დადგა სხვადასხვა სტილის სპექტაკლი, ქორეოგრაფია... საქართველოში დროებით ჩამოსულ ნიკოლოზ მახათელს ოჯახში ვესტუმრეთ და ქართულ-ამერიკული კერძების, სასმელების, ფრაზების, იუმორისა თუ განწყობების მონაცვლეობის ფონზე, ცხოვრების ქართული და ამერიკული ეტაპების, გამოცდილების, თვითდამკვიდრების, წარმატების, ახდენილი თუ ასახდენი ოცნებების შესახებ ვესაუბრეთ...

GzaPress

- ბატონო ნიკოლოზ, თქვენი ქალიშვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ბალერინა, მაია მახათელი წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ქართულ გენს, ხასიათს, შემართებას ასახელებს. თქვენ თუ აკავშირებთ თქვენს კარიერულ წინსვლას საქართველოსთან, რაიმე ქართულთან?

- საქართველოდან "გავიყოლე" განათლება და სპეციალობა, რომელმაც საშუალება მომცა, 2013 წელს მთელი ამერიკის კოლეჯების წარმომადგენელ ნომინანტთა შორის საუკეთესო ქორეოგრაფ-პედაგოგად დავსახელებულიყავი. ჩემი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში, დოდო ალექსიძე გვეუბნებოდა, მე თქვენ გადმოგცემთ კლასიკურ ცოდნას, თუმცა, თავად უნდა გქონდეთ ნიჭი, ფანტაზია და იყოთ მუდმივი დამკვირვებელი, რა ხდება გარშემოო. ასე რომ, კლასიკური განათლების გარდა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა ერთ-ერთი განმსაზღვრელია წარმატების რთულ გზაზე.

- ამერიკამდე იყო თბილისში გატარებული 90-იანი წლები - სიცივე, სიბნელე, დუხჭირი ცხოვრება...

- დიახ. მახსოვს, ბავშვებისთვის ჩაი რომ აგვედუღებინა, ფიჩხებს ეზოში ვაგროვებდი და ცეცხლს რკინის სათლში ვანთებდით... როცა ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა, მე ნიკარაგუაში კულტურის დარგში მრჩეველი ვიყავი. თბილისში ჩამოსულს, 1991 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის თხოვნითა და რეკომენდაციით, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორობა შემომთავაზეს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 1992 წელს გამათავისუფლეს. თითქმის ერთი წელი დაუსაქმებელი ვიყავი. მოგვიანებით, გიგა ლორთქიფანიძეს მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერის თანამდებობის შესახებ გავესაუბრე და შედეგად, 1992-2001 წლებში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში მთავარ ბალეტმაისტერად ვმუშაობდი. მიუხედავად სიცივის, უშუქობის, უკუპონობისა და გაყინული ხელფასებისა, ეს პერიოდი არაჩვეულებრივად მახსენდება და ეს, უმთავრესად, მუსიკალური თეატრის კოლექტივის დამსახურებით...

- თუმცა, მალე საქართველო და გაუსაძლისი პირობები ამერიკამ და არაერთმა წარმატებამ ჩაანაცვლა...

- 2001 წელს ამერიკაში დირექტორის თანამდებობაზე შემოთავაზება მივიღე და გავემგზავრეთ კიდეც. პირველად აიდაჰოს შტატში ჰოლივუდის ვარსკვლავების დასასვენებელ ზონაში ვცხოვრობდით. ვარსკვლავების, მათ შორის, ბრიუს უილისის, დემი მურის, არნოლდ შვარცენეგერის, ერნესტ ჰემინგუეის ქალიშვილის, მარიანელა ჰემინგუეის შვილებს ვასწავლიდი. ეს საქმე ჩემთვის საინტერესო არ იყო, რადგან მათ, უბრალოდ, მოძრაობა, ვარჯიში სურდათ. გასამრჯელო მაღალი იყო, მაგრამ ეს არ გახლდათ შემოქმედების პროცესი, რაიმე დიადი მიზნისკენ სწრაფვა. ამიტომ, ექვს თვეში სამსახური დავტოვე და სამუშაოდ კოლორადოს შტატში, დავიდ ტეილორის საბალეტო კომპანიაში გადავედი. სკოლაში ბალეტმაისტერის, რეპეტიტორისა და პედაგოგის თანამდებობაზე ერთად სამი წელი ვიმუშავეთ. დავდგით არაერთი მოდერნისტული თუ კლასიკური სპექტაკლი. მოგვიანებით, დავიდ ტეილორს ფინანსური პრობლემების გამო, სკოლა დაუხურეს. მალე ცალკე ჩამოყალიბდა Makhateli Ballet Academy, რომლის მენეჯერი, დირექტორი, მთავარი ბუღალტერი, პედაგოგი, რეპეტიტორი და დამდგმელიც მე ვიყავი. ჩემი მეუღლე დაწყებითი კლასების ბალეტის პედაგოგად მუშაობდა. არაერთი ჩემი სტუდენტი ახლაც წარმატებით ცეკვავს აშშ-ში, ინგლისსა და კანადაში. აკადემიამ ხუთი წელი იარსება, მერე კი ეკონომიკური კრიზისის გამო, იძულებული გავხდი, მუშაობა შემეჩერებინა. როცა უკვე თბილისში ვაპირებდი გამომგზავრებას, ნიუ-ორლეანში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადება შევავსე და ხუთი წელი ლუიზიანას შტატის სახელმწიფო განათლების სისტემის ცეკვის დეპარტამენტში ვიმუშავე. პრობლემა ის გახლდათ, რომ იქ სახელმწიფოებრივი ნორმები უნდა გამეთვალისწინებინა და ჩემი შემოქმედებითი ფანტაზიისთვის ხორცის შესხმის საშუალება შეზღუდული მქონდა. ამიტომ, ვაშინგტონის მიწვევას დავთანხმდი და მუშაობა მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილედ და ძირითად ქორეოგრაფად განვაგრძე. 2014 წელს მიჩიგანის შტატში - "მიჩიგან ბალეტ აკადემიის" სამხატვრო ხელმძღვანელობა და დირექტორობა შემომთავაზეს, სადაც 2018 წლამდე ვიმუშავე. წარმატებული სკოლა მქონდა, მაგრამ ეს ადგილიც დავტოვე, რადგან ჩემმა მოსწავლეებმა სასწავლებელი დაამთავრეს და ახალი ჯგუფი აღარ ავიყვანე. მხოლოდ სპექტაკლებს ვდგამდი სხვადასხვა შტატში. დაახლოებით 45 შტატში ჩავატარე მასტერკლასები და დავდგი სხვადასხვა სტილზე აგებული ქორეოგრაფია.

GzaPress

- სამუშაო ადგილების ამ ჩამონათვალს ემატება მუშაობა საკუთარი შვილების წარმატებისთვის...

- დათოს ბავშვობაში არ უყვარდა ბალეტი, მაგრამ მე მინდოდა ბალეტს გაჰყოლოდა და თანდათან თავადაც ამყვა. სამოქალაქო ომის დროს, ტყვიების ზუზუნის თანხლებით, მე და დათო ყოველდღე, ორთაჭალიდან სადგურამდე დაახლოებით 11 კილომეტრს ფეხით ვფარავდით. მინდოდა, კონკურსზე ლოზანაში წასულიყო და ამ მიზნით, თავდაუზოგავად ვმეცადინეობდით. შედეგად, სასწავლებლის შიდა კონკურსზე გაიმარჯვა და ლოზანაში გაემგზავრა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა. გარდა ამისა, ლონდონის კოვენტ-გარდენის საბალეტო სკოლაში სწავლის საშუალება უფასოდ მიეცა. მალე მოსკოვში დიაგილევის სახელობის კონკურსზეც პირველი ადგილი დაიკავა. ინგლისის სამეფო სკოლის დასრულების შემდეგ, მუშაობა ბირმინგემის სამეფო თეატრში დაიწყო, ერთ წელში კი სოლისტად ამსტერდამის საბალეტო კომპანიაში მიიწვიეს. მალე პარიზის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ამსტერდამის შემდეგ, სოლისტად ჰიუსტონის საბალეტო კომპანიაში გადავიდა. შვიდ წელში კვლავ ინგლისში, ამჯერად - ლონდონის კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში დაბრუნდა.

- დავითის სახელი იაპონელებმა ერთ-ერთ ყვავილსაც უწოდეს...

- დიახ, Orkidea Hibrid-ს. მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მთავარ პარტიებს ასრულებდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოცეკვავე გახლდათ. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, სცენაზე პრინცი ჩარლზი და დედოფალიც ავიდნენ და დათოს წარმატება პირადად მიულოცეს. რამდენჯერმე სასახლეშიც იყო მიწვეული. ის ერთადერთი ქართველი გახლდათ, ვინც "როიალ ბალეტში" მუშაობდა. ტრავმების გამო, 37 წლისამ ცეკვა შეწყვიტა. მენეჯერული ნიჭი აღმოაჩნდა და დღეს თავისივე შექმნილ დიდ კომპანიას უდგას სათავეში. საერთაშორისო მასშტაბის კონცერტებს აწყობს, ეხმარება ახალგაზრდებს, პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას. გარდა ამისა, არის ჟიურის წევრი სხვადასხვა კონკურსზე, ატარებს გაკვეთილებს "როიალ ბალეტში" და ევროპის ყველა წამყვან თეატრებში. ჰყავს მეუღლე, პროფესიით ბალერინა - დარია მახათელი-ვასნეცოვა და ერთი ქალიშვილი.

რაც შეეხება მაიას, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ბალერინაა. ამერიკაში ჩასვლის პერიოდში, კოლორადოს შტატში კოლორადო ბალეტში აიყვანეს. ყველაზე ახალგაზრდა, 16 წლის ბალერინა იყო. 18 წლისა კი უკვე წამყვანი მსახიობი გახდა. 2005 წელს ინგლისში გადავიდა, მანამდე კი დათომ და მაიამ იაპონიაში, ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ ფესტივალზე იცეკვეს და საუკეთესო წყვილად დასახელდნენ. მოგვიანებით ამსტერდამში გადავიდა და დღემდე ჰოლანდიის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა-ბალერინაა. მაიას მეუღლეც ბალეტის მოცეკვავეა. ჰყავს ერთი ვაჟი, ლუკა. სამწუხაროა, რომ მაიას, როგორც პროფესიონალ შემოქმედს, თბილისის ოპერის თეატრში არ უცეკვია.

GzaPress

- საბალეტო ხელოვნებას ემსახურება თქვენი მეუღლე, ქალბატონი მარინე ლოლაძეც...

- დიახ, მარინე ქართული ცეკვის დიდოსტატის, კოტე ლოლაძისა და ოპერის მომღერლის, ელენე ლოლაძის ქალიშვილია. როგორც აღმოჩნდა, ჩემს სცენურ გამოსვლებზე 14 წლის ასაკიდან იყო შეყვარებული (იცინის). მალე ეს გრძნობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მე და მარინამ მსოფლიოს სცენის დასაპყრობად ერთად "დავაფრთიანეთ" დათო და მაია...

- თქვენს ქალაქში ჩამოსვლისას, რომელიმე ამოჩემებული ადგილი ხომ არ გაქვთ, სადაც პირველად მიდიხართ ხოლმე?

- ჩემს ძველ უბანში, გორკის ქუჩაზე მივდივარ, სადაც გავიზარდე. ჩუღურეთში, ომის შემდგომ პერიოდში, 50-60-იან წლებში, კოჭობანას, ლახტის, ფეხბურთის და სხვა ქუჩის თამაშებით ვერთობოდი. არც კი ვიცოდი, რა იყო ბალეტი. ჩემს ეზოში ოპერის მომღერალი ცხოვრობდა, რომელსაც სურდა, ქუჩას ავერიდებინე და ამის ერთ-ერთ საშუალებად ჩემს საბალეტო სტუდიაში სწავლას მიიჩნევდა. შესამჩნევად მოქნილი ვიყავი. ბალეტზე სიარული დავიწყე, მაგრამ არ მსიამოვნებდა, გაკვეთილებს ხშირად ვაცდენდი და ტანვარჯიშზე პიონერთა სასახლეში ნოდარ ბახუტაშვილთან დავდიოდი. ერთხელაც, ჩემმა პედაგოგმა დედა დაიბარა და ჰკითხა, რატომ გაიყვანეთ ბავშვი სტუდიიდანო? ასე რომ, შემდეგ უკვე იძულებული გავხდი, ნამდვილად ბალეტზე მევლო. ნელ-ნელა სცენამ გამიტაცა და ასე შევეთვისე საბალეტო ხელოვნებას. თეატრისა და ხელოვნების ისტორიაში ეთერ დუმბაძის, გია მარგველაშვილისა და კოტე ნინიკაშვილის ხელში პიგმალიონივით ვიყავი. 1970 წელს, თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, დიმიტრი ალექსიძის ჯგუფში ჩავირიცხე. გამიჩნდა დადგმებზე მუშაობის სურვილი, შემოვიერთე თანამოაზრეები და არაერთი კამერული ბალეტი დავდგი ცისკარი და ჯარჯი ბალანჩივაძეებთან ერთად. ხშირად ვდგამდით კამერულ სპექტაკლებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ტელევიზიის მუსიკალურ პროგრამასთან და მერაბ ჯალიაშვილთან ერთად.

- გიფიქრიათ, ამერიკაში წასვლა რომ არ გადაგეწყვიტათ, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება?

- უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავი.

- დათანხმდებოდით თუ არა საინტერესო საქმიან წინადადებას თბილისიდან?

- (მაწყვეტინებს) გამოვფრინდებოდი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! ამერიკამ ბევრი მომცა, მაგრამ ჩემი სახლი საქართველოა.

შორენა ლაბაძე