არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - გზაპრესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ბავშვები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ და ამიტომ არ შეიძლება, მათ ისევე მოეპყრონ, როგორც ზრდასრულებს. ჩვენს ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ბავშვების მიმართ გამოსაყენებელ პოლიტიკას და პრინციპებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი განსაზღვრავს. მიუხედავად კანონმდებლობაში არსებული ბევრი ხარვეზისა, ადვოკატის თქმით, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმარება, გაიაზროს ჩადენილი და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქცევაზე, ხოლო როდესაც ეს არ არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი თავისუფლების აღკვეთაა.

- მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება მივიღეთ, მიდგომა შეიცვალა და გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, რომ მათ მიმართ მთავარი აღდგენითი მართლმსაჯულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მიმართ ყოველთვის შედარებით მსუბუქი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა, ადრე არასრულწლოვნებზე მორგებული მართლმსაჯულება არ იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა ეხება ყველა ბავშვს, რომელსაც შეუსრულდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, მაგრამ არ მიუღწევია 18 წლამდე. როდესაც ბავშვები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, ქვეყნის შიდა სასამართლოებმა და სამართლის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი განსხვავდებიან ზრდასრული პირებისგან, განურჩევლად მათი სტატუსისა - იქნება ეს დაზარალებული, მოწმე, ბრალდებული თუ მსჯავრდადებული. ბავშვი, მისი განვითარება და დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტული, ამისთვის მართლმსაჯულების სისტემა იყენებს საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრინციპს. ეს პრინციპი მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე, რომელშიც ბავშვი მონაწილეობს, უპირველესად, უნდა გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო, ჭეშმარიტი ინტერესი. სოციალური სამსახური, ფსიქოლოგები და ადვოკატები, რომლებსაც გავლილი აქვთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და მინიჭებული აქვთ მონაწილეობის უფლებამოსილება, უნდა ჩაერთონ სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მოხდება ბავშვის პირველი შეხება მართლმსაჯულების სისტემასთან.

GzaPress

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონისთვის თითოეული ის ბავშვია, რომელმაც, როგორც მიიჩნევა, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან მის დამრღვევადაა აღიარებული. ჩემთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ასოცირდება თვალებთან - ეჭვით, უნდობლობით და ინტერესით სავსე თვალებთან. ადვოკატთან პირველი ზარის შემდგომ, რომელიც კიდევ ერთ დაკავებას გვამცნობს და დახმარებას გვთხოვს, სწორედ ეს თვალებია, რომელსაც ვხვდებით. ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გაიზარდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაული, განსაკუთრებით კი - ქურდობის ფაქტები. პრობლემა განსაკუთრებულია - ვგულისხმობ არასრულწლოვნების ურთიერთდამოკიდებულებას ციხის გარეთ თუ ციხეში. ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისინი სისტემაში არ მოხვდნენ, ამისთვის შემოვიდა განრიდება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აღარ რჩებათ ნასამართლობა, ოღონდ, გარკვეული ვალდებულების შესრულება ეკისრებათ. აღდგენითი მართლმსჯულების უპირატესობა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გაიაზროს ჩადენილი ქმედებისთვის საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოასწოროს დანაშაულის შედეგები. ხომ ეს არის მთავარი და არა მათი ციხეში გაშვება და გამოკეტვა?! ხშირად მოზარდები გვიან აცნობიერებენ, რა მოხდა. ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება. ლუკასთან (სახელი შეცვლილია) შესვლისთანავე ვითხოვე ცალკე გასაუბრება. გაკვირვების პირველი ნაპერწკალი გაჩნდა მის თვალებში - მარტო გვტოვებდნენ. არ მინდოდა, მანამდე დაეფიქსირებინა ჩვენება, სანამ გულწრფელად არ ისაუბრებდა. ბოლოს მოტყდა და მეგობრულად მითხრა, ჩემი ნივთი დავალომბარდე, ჩემი იყოო. - ეგ როგორ-მეთქი? - გაოცება ვერ დავფარე. მოვიგეო, - იყო პასუხი. სრულიად გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა: მეგობრებმა სასტუმროს ნომერი გასართობად იქირავეს, უმეტესობის წასვლის შემდეგ ერთ-ერთს ტელევიზორზე ეთამაშა, მოიგო და საკუთარი პირადობის მოწმობით დაალომბარდა. ერთადერთი, რასაც ლუკა დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას ითხოვდა, ფსიქოლოგთან გასაუბრება იყო. მთელი დღე ვფიქრობდი, იყო კი ამ მოზარდისთვის ციხის საკანი გამოსავალი, ჩადენილი რომ გაეაზრებინა? ციხის გარემო, თავისი არაფორმალური წესებით, ჩაგვრასა და ძალადობას განაპირობებს. ციხე ცალკე პატარა სახელმწიფოა, თავისი მკაცრი წესებით, ირგვლივ ეჭვითა და უნდობლობით სავსე მზერით... სასამართლოში როცა ვიყავით, ვუთხარი, - მოდი, ახლა მე და შენ ვითამაშოთ სასამართლოს შენობაზე, მინდა, ჩემი იყოს და რომ მოვიგო, ხომ ასე იქნება-მეთქი? გაეცინა: მიხვდა, რაზეც მივანიშნე. ბოლო შეხვედრისას, როდესაც ვემშვიდობებოდი, ლუკამ გამაჩერა და გაბრწყინებული თვალებით მითხრა, - ქალბატონო ნესტან, ცეკვაზე სიარულს გავაგრძელებო. ლუკა არ მოხვდა ციხის საკანში, მის მიმართ განრიდების მექანიზმი ამუშავდა. მიხარია, რომ მას შემდეგ დანაშაული აღარ ჩაუდენია, თუმცა ზოგჯერ სხვაგვარად ხდება. წინა კვირას მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნდა, რომ ყველა ერთად თუ არ დავდექით და არ შევეცადეთ სიტუაციის შეცვლას, უფრო მძიმე შედეგი იქნება. მაშინებს ახალგაზრდების მენტალიტეტი და ქუჩური გარჩევებისადმი მიდრეკილება. უკვე მერამდენე ახალგაზრდას ვითვლით, უკვე მერამდენე შეეწირა ქუჩურ გარჩევებს - ხორავას ქუჩიდან დაწყებული, ამ ფეხბურთელით დამთავრებული. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო იქ შეკრებილი და იმ 4 დღის განმავლობაში, როდესაც სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, ხმა არავის ამოუღია. შემაშფოთებელია ასეთი სისასტიკე და დაუნდობლობა ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომ, ოჯახსა და სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მომხდარის მიზეზები აქ უნდა ვეძებოთ. მშობელს ვეღარ გაგიგია, რა სჯობს - გაზარდო ისე, რომ თვითონ დაჩაგროს სხვა, თუ ისე, რომ სხვამ დაჩაგროს. არც ერთი არ გინდა, ორივე მიუღებელია, მაგრამ რას ვაკეთებთ ამ დროს? - არაფერს ან ვერაფერს...

GzaPress

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ, ორგანიზაციაში, სადაც პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობთ და სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ, ყოველი საქმე მაინც პირველივითაა, ემოციებით სავსე. მთავარია, სწორი გზა ვიპოვოთ მათ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში. მახსენდება 15 წლის ბიჭთან შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორში. კარის გაღების შემდეგ ნაცნობი მზერით სავსე თვალები დავინახე. განსაკუთრებით რთულია მათთან საუბარი, თავიდანვე ბარიერს ქმნიან, ცდილობენ, შიში დამალონ, - ეს ხომ მიუღებელია მათთვის. პირველი ამოცანა ადვოკატისთვის, სწორედ მათი ნდობის მოპოვებაა. მახსენდება მოზარდი, რომელმაც ამ გარემოდან გაქცევა საკანში განცალკევებით შეძლო. საკუთარი სურვილით გადაიკეტა საკანი. ასე ამბობენ, როდესაც მსჯავრდადებული საკუთარი სურვილით უარს ამბობს ღია გადაადგილებაზე, არ გამოდის საკნიდან, სხვებთან არ ურთიერთობს და მხოლოდ მაშინ სარგებლობს გასეირნების უფლებით, როდესაც სხვა მსჯავრდადებულები საკანში არიან. მიზეზის კითხვისას თავი დახარა და ჩუმად თქვა, - არ მინდა ამ სამყაროს ნაწილი ვიყოო. ეს გარიყვის სასტიკი - არაფორმალური კანონია, რომელთან შეხებაც დაუშვებელია. პირდაპირ ვთქვათ, ციხეს ძლიერთა კანონი მართავს. ცალკე საკითხია, სასჯელის მოხდის შემდეგ ვინ როგორ აგრძელებს ცხოვრებას. ბევრი ბარიერია მათთვის - საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ნასამართლობის სტატუსი... იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიღო შესაბამისი განათლება, თითქმის შეუძლებელია დასაქმება. მახსენდება ყოფილი პატიმრის ისტორია, რომელიც არასრულწლოვანი მოხვდა ციხეში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ გვქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მის წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით ამოქმედდა სამართალი - მშობლები ადრე გარდაეცვალა, მამიდასთან ცხოვრობდა, მანქანებს რეცხავდა, შშმ დას ჰპატრონობდა. ერთ დღესაც, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ციხეში ყოფნისას და გარდაეცვალა, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. ციხეში სასჯელი კიდევ ერთხელ დაუმატეს, ქურდული სამყაროს წევრობისთვის. 12 წლის შემდეგ გამოვიდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ყოფილი პატიმრის სტატუსი ყველგან დაჰყვებოდა. სამზე მეტი ადამიანი მის გარშემო არ უნდა ყოფილიყო - მაშინვე შფოთვა ეწყებოდა, ღამე იღვიძებდა და დილამდე დადიოდა ოთახში და ნაბიჯებს ითვლიდა სწორედ იმდენს, რამდენიც მის საკანში იყო, ოთახიდან არ გადიოდა. დღის განმავლობაში ვეღარ უძლებდა ფიქრს, გადიოდა თბილისიდან და ტყეში, არავის რომ არ გაეგონა, მთელი ხმით ყვიროდა. ამიტომაც ვფიქრობ, კარგია, რომ თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება, არასრულწლოვნის მიმართ, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, მაშინ, როდესაც სხვა მსუბუქი სახის ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება.

ნინო ჯავახიშვილი