"გაბრიელ გარსია მარკესმა ტელეფონის ნომერი მთხოვა" - გზაპრესი

"გაბრიელ გარსია მარკესმა ტელეფონის ნომერი მთხოვა"

ჩანს, იუმორისტებს შორისაც გენდერული უთანასწორობაა, არადა, სქესს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმაში, თუ ვინ გაგვაღიმებს... გიორგი და თამუნა ჯანელიძეები ტყუპები არიან, უბრალოდ, გიორგი ბევრად ცნობილია, თამუნა ჯერ მხოლოდ "ფეისბუკ"-მეგობრებს ახალისებს. სავარაუდოდ, მისთვის არც არის მიზანი, რომ გაიჭრას "უფრო მეტ სივრცეებზე". უბრალოდ, იუმორი მისი ბუნებაა. სასაცილოდ არ ჰყოფნის, როცა ამბობენ, - ძმამ ხომ არ დაუწერა სახუმარო პოსტი სოციალური ქსელისთვისო?!.

თამუნას ფერადი ცხოვრება უყვარს და პოზიტივს აფრქვევს. თვლის, რომ ნეგატივებით ავსებულ სამყაროში იუმორი წამლის ტოლფასია. ზოგჯერ თვითირონიული და თვითკრიტიკულიცაა, მაგრამ ეს ისე ოსტატურად გამოსდის, რომ კიდევ ერთხელ რწმუნდები, იუმორი ქუთაისური სამარკო ნიშნით - მაინც სულ სხვაა.

- რაც მახსოვრობა მაქვს, მის მერე მესმის: ეს მეორეა... ჩემი ძმის დაბადებიდან 15 წუთში გავჩნდი. ბავშვობა ქუთაისში გავატარე, თუმცა დედას ხშირად დავყავდი "მოსკოვებში" და "მინსკებში"... წყნარი, ლაღი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სკოლაში ჩვეულებრივად ვსწავლობდი, არასდროს მაინტერესებდა, რა ნიშანს მიიღებდა სხვა, არავის ვეჯიბრებოდი და არც ვბაძავდი. ხშირად სხვისგან განსხვავებული აზრი და შეხედულებები მქონდა. არც ის მაწუხებდა დიდად, სხვას ჩემზე უკეთესი ეცვა თუ არა, მთავარი იყო, მე "ჩემნაირად მეცვა"...

გადიოდა დრო. მოვიდა ედუარდი და როგორც ქუთაისში იტყვიან, დაგვამხო თავზე ყველაფერი. წლები განათებულ ევროპაში ვიცხოვრე და ის შევარდნაძის დროინდელი სიბნელე, სიცივე, ნახევრად შიმშილი ვერ ამოვიგდე თავიდან. სწორედ იმ პერიოდში გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა. ზუსტად არ ვიცოდი, სად, მაგრამ შორს, სადმე ზღვისპირას მინდოდა.

უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კარგად ვსწავლობდი და მშობლებმა მირჩიეს, - ბარემ დაამთავრე, რა იცი, რაში გამოგადგება დიპლომიო. სიმართლე გითხრა, არც ვიცი, წლების წინ რომელ უჯრაში შევინახე დიპლომი, რომელიც არაფერში გამომადგა... ბევრი წვალებისა და ლოდინის შემდეგ, დადგა ის სანატრელი დღე, როცა 1.800 დოლარი "ჩავახუტე" ვიღაც ცოლ-ქმარს, რომლებმაც გადმომცეს იტალიის ვიზაჩარტყმული საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ნოემბრის ცივი დღე იყო, დილის 10 საათზე ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან გადიოდა გერმანიის მიმართულებით, ჩემთან ერთად ევროპაში დეიდაც მოდიოდა. 5 დღე "მივჩიქჩიქობდით". რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი გავიარეთ და როგორც იქნა, ჩავედით დრეზდენამდე. სადღაც სანაგვესთან გააჩერეს ავტობუსი და აბა, ჩავედითო, ერთი დაიყვირეს და წესიერად არც დაგვემშვიდობნენ. გავიფიქრე, ხომ არ დავრჩე დრეზდენში-მეთქი, მაგრამ სიცივე არ მომეწონა. გზაში გადავწყვიტეთ, მადრიდში წავიდეთო. საოცარი იყო, ავტობუსში დაახლოებით 38 ადამიანი ვისხედით, თავიდან ყველას გარკვეული ჰქონდა, რომელ ქვეყანაში მიემგზავრებოდა და იმ 5 დღეში ხალხმა აზრი შეიცვალა: ბელგიის ნაცვლად ჰოლანდიაში წავიდნენ და ესპანეთის ნაცვლად - იტალიაში. იმ პერიოდის გახსენება ცუდ ხასიათზე მაყენებს, მართლა ვინ სად გარბოდა, ვერ გეტყვით...

დრეზდენიდან მადრიდის მიმართულებით ავტობუსი მხოლოდ 2 დღის მერე გადიოდა, სამაგიეროდ, 2 საათში გადიოდა ავტობუსი ბარსელონის მიმართულებით. არც დავფიქრებულვართ, წავედით ბარსაში! ამ ავტობუსმაც კარგად იბოდიალა, მთელი ჰოლანდია, ბელგია და საფრანგეთი შემოგვატარა. მახსოვს, ავტობუსის ფანჯრიდან თვალი მოკვარი ეიფელის კოშკის მწვერვალს და იმწუთას ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. წლების მერე შვილთან ერთად ვეწვიე პარიზს და კოშკის მწვერვალზეც ავედით, მაგრამ იმ მოგზაურობის ნათელი წერტილი სწორედ პარიზში შორიდან დანახული ეიფელი იყო...

GzaPress

დილის 6 სააათზე ჩავედით ბარსელონაში... ჯერ ყველაფერი დაკეტილია. ცოტა ესპანური ვიცოდი, თავიდან ხომ მადრიდში მივდიოდი! გაზეთების ჯიხურებს აღებდნენ, ის დრო იყო და შეფუთული გაზეთები დააწყვეს ჯიხურის კართან. რაღაც გაზეთი გამოვაძვრე და განცხადებების გვერდი გადავშალე. ეწერა, ქირავდება ბინა... მე რომ ესპანეთში ჩავედი, არ იყო მაშინ ევრო, მათ ვალუტას პესეტა ერქვა. ტაქსი გავაჩერე და მძღოლს ვთხოვე, კარგად არ ვიცი ესპანური, იქნებ ამ ნომერზე დაელაპარაკოთ და ჰკითხოთ, ბინას კიდევ აქირავებს-მეთქი? მძღოლმა, - ნო პრობლემო და 15 წუთში აღმოვჩნდით აფერისტების კომპანიის წინ, რომლებიც წინასწარ იღებდნენ თანხას და ბინას არ მოგაქირავებდნენ, რაღაც მისამართებზე გგზავნიდნენ, რომლებიც ან გაქირავებული იყო, ან კიდევ, საერთოდ არ არსებობდა - ეს იყო პირველი იმედგაცრუება შუაგულ ევროპაში. ქუთაისელს ამ ესპანელებმა როგორ უნდა მომატყუონ-მეთქი და იმ დღიდან აღარავის ვენდობოდი, თანხას წინასწარ არავის ვუხდიდი. რამდენიმე დღე სასტუმროში დავრჩით და შემდეგ წითელი ჯვარი დაგვეხმარა, საკუთარი ფინანსებით დაგვაბინავეს სასტუმროში. თავიდან ძალიან რთული გახლდათ, ყველაფერი უცხო. სამუშაო ადგილები ბლომად კი იყო, მაგრამ სად უნდა გეძებნა, არ იცოდი, თან საქართველოში ბანკში აღებული 10-პროცენტიანი ვალიც მადარდებდა. თებერვალში ერთ ბარში დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა შევუდექი ვალის დაფარვას. 5 თვე ვიხდიდი. როცა დედამ მითხრა, - მორჩა, ბანკის ვალი აღარ გვაქვსო, მახსოვს, იმ ღამით ყველაზე ტკბილად მეძინა. მერე საკუთარ თავსაც მივხედე. ძალიან მიყვარს საყიდლებზე სიარული, ეს ჩემი ანტიდეპრესანტია. მახსოვს, ერთ მაღაზიაში კაბა ვიყიდე, 70 ევრო მივეცი. 2 თვის მერე ის კაბა 7 ევროდ ჩამოფასდა და მთელი ღამე არ მეძინა ჯავრით. აბა, რა ვიცოდი ქუთაისელმა, რა იყო ფასდაკლება და თან - ასეთი. მის მერე ყველაფერს მხოლოდ ფასდაკლებებზე ვყიდულობდი...

ძალიან გამიმართლა, რომ ესპანეთმა გამოუშვა კანონი, ვინც ახალ წლამდე იყო ჩასული, მათ აძლევდნენ ცხოვრების უფლებას და მე, რადგან ნოემბერში დავაფიქსირე "წითელ ჯვარში" ჩემი ჩასვლა, კანონი შემეხო. სექტემბერში უკვე ესპანეთში ცხოვრების უფლება მქონდა. ეს ნამდვილი გამართლებაა, ენაც კარგად შევისწავლე.

ბევრი კარგი კლუბი და დისკოთეკაა ბარსელონაში. მართალია, ცოტა ძვირია, მაგრამ ნამდვილად ღირს იქ შესვლა. თვეში ორჯერ ვახერხებდი და დავდიოდი კლუბებში, ვეცნობოდი ესპანელების კულტურას, ვისმენდი მათ ამბებს, ზოგს ტყუილს, ზოგს მართალს და ზოგს ვიჯერებდი, ზოგს არა. მათი საყვარელი სიტყვაა "მანიანა", ანუ ხვალ. კარგა ხანი მეგონა, დღეს თუ არა, ხვალ გააკეთებს, რასაც შემპირდა-მეთქი, მაგრამ არა! განსაკუთრებით დამსაქმებლები და ადვოკატები იყენებენ ამ სიტყვას.

2002 წელს ჩამოვედი საქართველოში მშობლების მოსანახულებლად - ისევ სიბნელე, სიცივე, უწყლობა... ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი ჩემს ბარსაში. იქ ყოფნის დროს ბევრჯერ დავრჩი გაოცებული და თავი სიზმარში მეგონა. წარმოიდგინეთ, ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის შემდეგ მოვხდი "ბარსას" სტადიონზე რეალი-ბარსას თამაშზე. ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია, მთელი 90 და დამატებული 15 წუთი შესვენება, პირდაღებული ვიჯექი, ცალკე ფეხბურთელების განათებულ მოედანზე ნახვამ და ცალკე ფანების ხმაშეწყობილმა სიმღერებმა სახტად დამტოვა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ვახერხებ კიდეც. რადგან ბარსელონაში ცხოვრება გადავწყვიტე, პირველ რიგში, ესპანეთი შემოვიარე თავისი მხარეებით და საუცხოო კუნძულებით, რომლებიც მართლაც შთამბეჭდავია.

უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაქვს: ახალი ჩასული ვარ ბარსელონაში, ვალის გადახდას მოვრჩი და დისკოთეკაზე წავედი უკრაინელ გოგონებთან ერთად. იქ გავიცანით ჩვენი თანატოლი ესპანელი არქიტექტურის კურსდამამთავრებელი ბიჭები. შენ საიდან ხარ? რამდენი წლის ხარო? - მეკითხებოდნენ. ერთმა ესპანელმა მკითხა: თამარა, ბედნიერი ხარ? რა გაკლია ცხორებაშიო? ვუპასუხე, - ფული მინდა, მანქანა, სახლი, არმანის ჩანთა, მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები... ბოლოს მეც იგივე კითხვა დავუსვი: ხაიმე, შენ რა გაკლია-მეთქი?! - მე სითბო და სიყვარულიო... ძალიან შემრცხვა ჩემი პასუხის, მაშინ 22 წლის ვიყავი და ეს სირცხვილის გრძნობა დღემდე მომყვება. არადა, ხაიმეც ერთი საშუალო ოჯახის ფენიდან იყო, მაგრამ მატერიალურ საკითხებზე არ საუბრობდა. იქნებ იმასაც აკლდა და ისიც ოცნებობდა კარგ ავტომობილსა და ვილაზე, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა. მას მერე მატერიალურ პრობლემებზე არ ვამახვილებ ყურადღებას...

GzaPress

ისეთ ბარშიც ვმუშაობდი, სადაც ხშირი სტუმრები იყვნენ "ბარსას" ფეხბურთელები და მსახიობები, თვით მაშინდელი მეფე დონ ხუანიც არაერთხელ გვესტუმრა. იქ ერთი ქვრივი ქალი დადიოდა, საღამოობით მოვიდოდა თავისი "მერსედესით", ბარის კუთხეში ჩამოჯდებოდა და მიირთმევდა 120-ევროიან შამპანურს, მიაყოლებდა ხიზილალას ბლინებს და ასე გაჰყავდა საღამო. მისი მანქანა მომწონდა, წითელი "მერსედესი" ჰყავდა და გულში ვფიქრობდი: ეჰ, ნეტავ მე როდის ვიყიდი ასეთს-მეთქი? და 16 წლის მერე, რუსთავის ბაზრობაზე 3-დღიანი ვაჭრობის, დამიკელი-არ დაგიკლების შემდეგ, ზუსტად ისეთი მოდელი შევიძინე (იცინის)... მახსოვს, ერთ ზაფხულს მეგობართან ერთად ბარში ყავას ვწრუპავდი, უეცრად კარი გაიღო და ღრმად მოხუცებული მამაკაცი შემოვიდა, თან ახლდა ახალგაზრდა ქალი. ჩოჩქოლი ატყდა და დაიძახეს: სენიო გაბო... ეს გახლდათ გაბრიელ გარსია მარკესი. მაგიდასთან დაჯდომა დავაცადე და მივედი, მოკრძალებით მივესალმე. ვუთხარი, რომ ძალიან მომწონს მისი ყველა ნაწარმოები, განსაკუთრებით "მარტოობის 100 წელი" , ოღონდ ქართულად მაქვს წაკითხული-მეთქი. შენ თარგმნეო? - მკითხა გაბომ. გამეცინა, - მე არა, ჩემზე უკეთესად ვინც იცის ესპანური, იმან-მეთქი. შენც მშვენივრად გამოგივიდოდაო. ბოლოს ავტოგრაფი ვთხოვე და სანაცვლოდ, მან ტელეფონის ნომერი მთხოვა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მას თან ახლდა, გვერდიდან არ სცილდებოდა და თვალებით მანიშნა, ცოტა ურევს, არაა საჭირო ნომრის დატოვებაო. ერთადერთხელ ვინანე, რომ ნომერი არ დავუტოვე ვიღაცას და ეს ვიღაც თვით გაბრიელ გარსია მარკესი იყო... ძალიან მომწონდა ძვირად ღირებული ქურქები და ჩემზე, ანუ ერთ ქართველ გოგონაზე, რომელმაც 52 გრადუს სიცხეში ნატურალური ბეწვის ქურქი შეიძინა, ანეკდოტი კარგა ხანს დადიოდა ბარსელონაში. იმ წელს ძალიან ცხელოდა და აგვისტოში, როცა თითქმის ყოველდღე, სიცხისგან იღუპებოდნენ ადამიანები, დაიწყო ქურქებზე 40%-იანი ფასდაკლება. ჰოდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, წავედი და შევიძინე! იქ, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ორჯერ მეცვა, ახალი წლის ღამეს, სხვა დროს არ არის ისეთი სიცივე, რომ ქურქი დაგჭირდეს...

"ფეისბუკზე" ხშირად ვწერ პოსტებს ესპანეთზე, ხან იქაურ გინეკოლოგზე, რომელმაც ახლახან მომწერა, უფრო ახლოს და ღრმად მინდა შენი გაცნობაო და მეც ვიხალისე, მეტი რაღა გაცნობა უნდა-მეთქი... ხანაც ყოფილ თანამშრომლებზე ვწერ... თურმე, ეს "ფეისბუკ"-სტატუსები მიაქვთ და ითვისებენ - ამაზე მართლა ბრაზიანად ვიცინი!

ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ალბათ ის იყო, როცა ტურიზმის მენეჯმენტის კურსები დავამთავრე და ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა მგზავრთა გადაყვანის აგენტად. ერთადერთი ქართველი ვიყავი, რომელიც ბარსელონის აეროპორტში მუშაობდა. მართალია, ღამის 4 საათზე ვდგებოდი, თუმცა, საერთოდ არ მაწუხებდა ეს და 3 წელი ვიმუშავე. სამწუხაროდ, ქუთაისის აეროპორტში გასაუბრებაზე რომ გავედი, დამიწუნეს, კოპიტნარის აეროპორტის დონეს არ შეეფერებიო - ესეც პირველი იმედგაცრუება იყო ქუთაისში დაბრუნების შემდეგ! მერე გადავწყვიტე, ნაცნობობით მომეძებნა სამსახური. ამჟამად სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობ და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მოვერგე მედიცინას, თუმცა ექიმის რეკომენდაცია როცა მჭირდება, მაინც ბარსელონაში ვურეკავ ჩემს გინეკოლოგს (იღიმება).

მეორედ რომ დავიბადო, ალბათ ისევ ისე ვიცხოვრებდი, არაფერს შევცვლიდი.

P.S. თუ ქუთაისში ახალგაზრდა ქალს შენიშნავთ ფერადი სამოსით, უშუალო ღიმილით და სახით ბედნიერების მატარებელს, იცოდეთ, თამუნა ჯანელიძეა, რიგით მეორე, რომელიც პირველ ჯანელიძეს ტოლს არ უდებს იუმორში, ჯიბრის გარეშე, ბუნებრივია... ან ტყუპისცალთან რა აქვს დასაჯიბრებელი?!.

როლანდ ხოჯანაშვილი