"ადვოკატი არა მარტო სახელმწიფო მოხელეებისგან, კლიენტის თავდასხმისგანაც არ არის დაცული" - გზაპრესი

"ადვოკატი არა მარტო სახელმწიფო მოხელეებისგან, კლიენტის თავდასხმისგანაც არ არის დაცული"

მერი ცინარიძე რამდენჯერმე მოექცა ნაცნობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მან არაერთხელ მოახერხა და ძალიან გახმაურებული სასამართლო პროცესი მოიგო ადვოკატის პოზიციიდან და კიდევ არის განსაკუთრებული მომენტი: ის დაქორწინდა კაცზე, რომელმაც ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა (მასზე "გზის" სხვა ნომერში გიამბობთ).

- ადვოკატის პროფესიისა და იურიდიული განათლების მიღება რატომ გადაწყვიტე? სტერეოტიპულად, იმ დროს საკმაოდ "არაქალურ" პროფესიად ითვლებოდა იურისტობა და "საკაცო" საქმედ აღიქმებოდა...

- საადვოკატო განათლების მიღების მიზეზი არ ყოფილა შემთხვევითი. ვერასდროს ვიტანდი უსამართლობას და ვცდილობდი, ჩემი პროფესია უფლებადამცველის რანგში ყოფილიყო. ასევე, ეს განაპირობა იმან, რომ ბავშვობიდან შეხება მქონდა სასამართლო სისტემასთან, ვინაიდან დედაჩემი მუშაობდა სასამართლოში და იურიდიული განათლების მიღების სურვილი რომ გამიჩნდა, სწორედ მისი დამსახურებაა. სიყვარული ამ პროფესიის მიმართ ბავშვობიდან მაქვს.

- გამიგია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბუნებრივია, ერთ მხარეს იდგა პროკურატურა ბრალდებით, მეორე მხარეს - შენ შენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანით და სასამართლომ უსამართლობას უთხრა - არა... სხვა რომელიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას ან მიღწევას თუ გაიხსენებ?

- ჩემი საადვოკატო პრაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები არაერთი მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გამამართლებელი განაჩენის მიღებაა, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ 2015 წელს, ყაჩაღობის ფაქტზე აღძრული საქმე, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი დააკავეს და ის შემდეგ სასამართლომ სრულად გაამართლა.

- როგორც ვიცი, გამამართლებელი განჩინების რაოდენობამ 2012 წლის მერე მოიმატა...

- ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები გახშირდა სწორედ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, თუმცა არ ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა. სასამართლო სისტემა, ასე თუ ისე, დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში და არ ხორციელდება რაიმე სახის ჩარევა.

GzaPress

- საუბრობენ იმაზე, რომ აჭარაში, სადაც შენ გიწევს ცხოვრება, ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა.

- ვერ ვიტყვი, რომ ქალთა უფლებები მთლიანად დაცულია აჭარაში. შემორჩენილი ტრადიციული აზროვნების გავლენა აქ ყველაზე მეტად იგრძნობა. არის ბევრი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ოჯახში უპირატესობა ენიჭება მამაკაცს და ქალი განიხილება, როგორც ნივთი. ქალის ვალდებულებაა პრობლემების თმენა და მას არა აქვს ხმამაღალი სიტყვის თქმის უფლება. როდესაც საქმე ეხება ოჯახში ძალადობას, მიაჩნიათ, რომ საზოგადოება არ უნდა ერეოდეს ოჯახის საქმეში და ეს არ არის არც მეზობლის, არც ნათესავის, სამართალდამცველებისა და საზოგადოების საქმე. მქონდა და მაქვს ბევრი საქმე ოჯახურ ძალადობაზე, ცდილობენ მიიღონ ჩემგან კონსულტაცია და დახმარება. შემიძლია ვთქვა სამწუხარო რამ - აჭარაში ქალთა უფლებების დაცვა სათანადო დონეზე არ არის...

- ბოლო დროს სწორედ ამ საკითხზე მოექეცი ყურადღების ცენტრში... ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ წარმოადგინა სიუჟეტი ქალზე ძალადობის შესახებ.

- საჯარო მოხელეების მხრიდან ხშირია ოჯახური ძალადობა. თუმცა, ქალები ამას არ ახმაურებენ და ცდილობენ, ოჯახის რეპუტაცია დაიცვან, თუმცა რის ფასად, ამაზე არ ფიქრობენ. პოლიციის რეაგირება ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ხდება შერჩევით. მოგიყვანთ ასეთ ფაქტს: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული პროკურორის დავალებით დააკავეს ისე, რომ საქმეში დაზარალებულის ჩვენება არ ჰქონდათ და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს... მეორე ფაქტი, რომელიც ტელემედიის ინტერესის სფერო აღმოჩნდა. აღნიშნულ საქმეზე მოქმედ მოძალადე პოლიციელს, ირაკლი შაქარიშვილს მისცეს საშუალება და დრო, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინა სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით მეუღლესთან, რათა მეუღლეს პოზიცია შეეცვალა. ასეც მოხდა. მეუღლემ, სავარაუდოდ, ბინის ყიდვის დაპირების საფუძველზე შეცვალა ჩვენება და ისიც უთქვამს, ადვოკატმა მირჩია სიცრუის დაწერაო. კიდევ კარგი, მისი მონაწერები შენახული მაქვს, თუ როგორ მთხოვდა შველას და დახმარებას. აქ ჩნდება კითხვა: მაშინ, როდესაც უფლებადამცველისთვის ხდება ცნობილი ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ და თუკი უფლებადამცველის მიერ ფაქტის დამალვა მოხდებოდა და მომხდარიყო მსხვერპლის სერიოზული დაზარალება ან დამდგარიყო ფატალური შედეგი, მოსთხოვდნენ თუ არა უფლებადამცველს პასუხს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე? დადგებოდა თუ არა უფლებადამცველის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, დადგებოდა! აქ პასუხისმგებლობა იმასთან შედარებით არაფერია, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქალის უფლებების შელახვას! დააკვირდით, რა ხდება: მსხვერპლის გადაბირების შემდეგ დაიწყო უფლებადამცველზე ყველაფრის გადაბრალება. სწორედ აქ იკვეთება შერჩევითი სამართალი. პროკურატურის მხრიდან რეაგირება მყისიერი რომ ყოფილიყო, ვერ მოხდებოდა და ვერც მოესწრებოდა მეუღლეზე ზეწოლა და გადაბირება. გამოდის, პროკურატურაში არსებობენ ისეთი პირები, რომლებიც ცდილობენ ირაკლი შაქარიშვილს დაეხმარონ, როგორც "გაპრავებაში", ასევე სამსახურის შენარჩუნებაშიც. მსხვერპლი ქალის მიერ ჩვენების შეცვლით, თავადაც კარგად იციან, რომ ქალი ამ შემთხვევაში განწირულია და ხელის შეხოცვას ჩემზე აპირებენ. როგორც წესი, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მსხვერპლს არ განუმარტეს. იმ ქალბატონმა არ იცის, სავარაუდოდ, ჩვენების გადათქმისათვის პასუხისმგებლობა რომ დაეკისრება! ანუ რა გამოდის - მსხვერპლი ორმაგად დაზარალებულია!

- ანუ იმ ქალბატონის თავისუფლება შეიძლება მეუღლის პასუხისმგებლობის აცილებას შეეწიროს?!

- ვთქვი, რომ ეს ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და კიდევ ერთი საშიშროება ისაა, რომ ჩვენების გადათქმით ის შესაძლოა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცენ. ამ ყველაფრის მიზანი არის ერთი - მოძალადე პოლიციელი გადაურჩეს დაკავებას. დაზარალებულს დააწერინეს განცხადება დამატებითი დაკითხვის მოთხოვნით და ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს სასწრაფოდ, ანუ მტკიცდება, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან იკვეთება ტენდენციურობა!

- დამატებითი დაკითხვის მოთხოვნა არ უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევა...

- ბუნებრივია, არაა სამართალწარმოებაში ეს ფაქტი განსაკუთრებული, მაგრამ ვიხსენებ ერთ შემთხვევას: ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე შუამდგომლობით მივმართე გამოძიებას, მოწმის დამატებითი დაკითხვის მიზნით და ველოდე შუამდგომლობის პასუხს მანამ, ვიდრე აღნიშნულმა მოწმემ თავი არ ჩამოიხრჩო! დროული პასუხი რომ ყოფილიყო, ეს შემზარავი შედეგიც არ იქნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოწმის დამატებითი დაკითხვა აბსოლუტურად შეცვლიდა საგამოძიებო მოქმედებებს და განჩინებაც სხვაგვარი იქნებოდა. ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში მოხდა ის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა სწრაფად, დამატებითი გამოკითხვის მიზნით და ხელი შეუწყვეს მოძალადე პოლიციელის თანამდებობაზე დარჩენას. არიან ისეთი პოლიციელები, რომლებსაც არ უყვართ უფლებადამცველები და ცდილობენ, სახელი გაუტეხონ. 2015 წლიდან მოვითხოვ, რომ მოძალადეები გაათავისუფლონ სამსახურიდან, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

- ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან სამართლებრივი პრეტენზიები გაქვს?!

- გარკვევით ვამბობ, პრეტენზია მაქვს მოძალადე პოლიციელების მიმართ. მათ წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ და მათ დანაშაულებრივ სქემებს, ფაქტებს საზოგადოებას გავაცნობ. დაზუსტებით გეტყვით იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში არიან კარგი პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან განათლებით, ზნეობითა და პროფესიონალიზმით. მათი ამოცნობა იოლია - ამ კატეგორიის პოლიციელებისთვის უფლებადამცველი მიუღებელი კი არ არის, არამედ თვლიან კოლეგად, ოღონდ როგორც სხვა განხრით მომუშავეს.

- თვლი, რომ დაპირისპირება უფრო მეტი გაქვს ძალოვანებთან, ვიდრე კანონის უზენაესობით გაწონასწორებული ურთიერთობა?!

- ჩემი პროფესიის გამო ხშირია დაპირისპირება ისეთ პოლიციელებთან, რომლებისთვისაც უფლებადამცველი, ადვოკატი არის მიუღებელი. ადვოკატზე ან მისი ოჯახის წევრებზე ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების საფრთხე, ან შეურაცხყოფა მოსალოდნელია. მყავს მეუღლე და შვილები, რომლებსაც შეიძლება, მოუწყონ პროვოკაცია! ადვოკატის დაცვის მექანიზმი სუსტია. პრობლემის არსებობისას ადვოკატი წერილობით მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მხრიდან ხდება რეაგირება, მიმართვა გენერალურ პროკურორზე, თუმცა შედეგი ნულის ტოლია... ფაქტობრივად, ადვოკატი არ არის დაცული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონში ჩანაწერი "ადვოკატი თავის საქმიანობაში არის ხელშეუხებელი", რჩება მხოლოდ ჩანაწერად... ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადვოკატის პროფესია არ მიაჩნიათ უმაღლესი რანგის პროფესიად, დაცვის მექანიზმი ყოველთვის იქნება სუსტი. ადვოკატი არა მარტო სახელმწიფო მოხელეებისგან, კლიენტის თავდასხმისგანაც არ არის დაცული. თუმცა, მე ვამაყობ ჩემი პროფესიით, რომ ვარ ადვოკატი!

- საადვოკატო საქმიანობაში არის კურიოზები. გაიხსენე რომელიმე...

- ჩემს პრაქტიკაშიც ბევრი კურიოზია. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ადგენს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის ვინაობას. სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ა.შ. მიდგა ჯერი მოქალაქეობაზე და ეკითხება: "თქვენი მოქალაქეობა?" იცით, პასუხი რა იყო? მოქალაქეობა - ქობულეთი. თან, ეს ბრალდებული დევნილი იყო და ცხოვრობდა ქობულეთში... და კიდევ, მოარული გამონათქვამია: როცა ქობულეთელ გოგონას ეკითხებიან, ვინ უნდა გამოვიდეს, ამბობს, რომ უნდა გამოვიდეს დამსვენებელი და მერი ცინარიძე...

როლანდ ხოჯანაშვილი