"განჯინა" მოხუცთა თავშესაფრიდან და ახალდაფუძნებული შშმ პირთა პანსიონატი - გზაპრესი

"განჯინა" მოხუცთა თავშესაფრიდან და ახალდაფუძნებული შშმ პირთა პანსიონატი

კარანტინის პერიოდი მწერალ მერაბ შათირიშვილისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა - მოხუცთა თავშესაფართან ერთად, ახლა უკვე შშმ პირთა პანსიონატი "ბარბარე-21" დააფუძნა და კიდევ ერთ ახალ რომანზე მუშაობა დაამთავრა. ბატონ მერაბთან ერთად, ჯერ მოხუცთა, შემდეგ - შშმ პირთა პანსიონატი მოვინახულეთ, გლდანში. ეს ის ადგილია, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისთვის კომფორტული და თბილი გარემოა შექმნილი, თუმცა გასაკვირი არ არის, თითოეულს თავისი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები რომ ენატრება. სწორედ ამიტომაც, მათ მონაყოლში უდიდესი სევდა შეიმჩნევა - ზოგს შვილი გარდაეცვალა და უბინაოდ დარჩა, ზოგს შვილებიც ჰყავს, შვილიშვილებიც და სახლიც აქვს, მაგრამ...

როგორც კი პანსიონატის კარს შეაღებთ, ტელევიზორის საყურებლად მიმსხდარ ქალბატონებთან ერთად, ოთარი ბაბუს დაინახავთ. მას თავისი ადგილი აქვს კუთხეში, გამათბობელთან. ყველამ იცის, რომ იქ ოთარი ბაბუ უნდა დაჯდეს... ზოგჯერ მოწყენილია, ზის თავისთვის, დაღვრემილი და არავის ელაპარაკება.

GzaPress

- იცით, რომ მე "განჯინას" მეძახიან (იცინის)? ჩემი ილიკო, სუხიშვილი, ძალიან მიყვარს, მეც ვუყვარვარ... ერთხელ მივედი მასთან, სტუდიაში. შესასვლელში ვუთხარი, - გადაეცით, ოთარი მოვიდა, ზუბიაშვილი-მეთქი. გადასცეს, მაგრამ ოცი წუთი ვიჯექი და ველოდებოდი, არ ჩამოვიდა. ლოდინით დავიღალე და გავბრაზდი. გული დამწყდა, ვიფიქრე, არ უნდოდა ჩემი ნახვა. ავდექი, წამოსვლა მინდოდა. ამ დროს ილიკო გამოჩნდა და ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ხელები გაშალა და იყვირა: ვახ, "განჯინ", შენა ხარ?! შენ მელოდებოდი? მე კიდევ ვერ მივხვდი, ოთარ ზუბიაშვილი ვინ იყო, მე ხომ "განჯინათი" გიცნობო, - და ჩამეხუტა... ბავშვები მენატრება ძალიან, ჩემს შვილიშვილებზე ვამბობ. ჩემს შვილებს საზღვარგარეთ წასვლა მოუხდათ. სხვათა შორის, სიძე ინგლისელი მყავს. ბიჭი პოლონეთში ცხოვრობს, ქალიშვილი ამერიკაშია გათხოვილი... იცი, შვილო, ოჯახი ყველაფერია, ოჯახი სიყვარულია, ოჯახი რაღაც სასწაულია...

აქ წყვეტს საუბარს და ცრემლებს მალავს, უჭირს საუბრის გაგრძელება... ასეა, აქ ყველას თავისი წილი ტკივილი და ტვირთი აქვს სატარებლად.

დემურ კალანდაძე ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორია. წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ ბედისწერამ ისიც ამ თავშესაფარში მოიყვანა, მეუღლესთან ერთად, რომელიც ფრანგული ენის სპეციალისტი გახლავთ. 13 წლის განმავლობაში, შვილის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს და უბინაოდ დარჩნენ, დიდი ხნით ქირით ცხოვრების შემდეგ კი თავშესაფარში მოსვლა და ცხოვრება გადაწყვიტეს. ბატონი დემური ამბობს, რომ ძველი დროიდან, ადამიანებთან თბილი და გულისხმიერი ურთიერთობა, სიყვარული ენატრება, რითაც ასე გამოვირჩეოდით და ვამაყობდით. წუხს, რომ დღეს ასე გავუუცხოვდით ერთმანეთს...

მოხუცებთან საუბრის შემდეგ, შშმ პირთა პანსიონატიც დავათვალიერე და ბატონ მერაბსაც ვესაუბრე.

მერაბ შათირიშვილი:

- შშმ პირთა პანსიონატში სხვადასხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადების მქონე ადამიანები არიან - ისინი, ვისაც აუცილებლად სჭირდება მხარში დგომა, უზრუნველყოფა საკვებითა და ჰიგიენით. ეს არ არის იოლი, თუმცა ამქვეყნად იმაზე რთული გზა არავის გაუვლია, ვიდრე ქრისტემ გაიარა, - გოლგოთის გზა და ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება, თუნდაც ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც პანდემიაა. სწორედ იმ დროს უნდა იყო ფხიზლად, როცა ვინმეს განსაცდელი ელოდება, - უფალი იმის მაგალითია, რომ სწორედ განსაცდელში უნდა გამოავლინო შენი შესაძლებლობები. ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად ასე მოხდა: კარანტინის დროს დავაფუძნე ეს პანსიონატი, დავიწყე ახალი რომანის წერა და დავასრულე კიდეც. მე რომ მხოლოდ საკუთარ თავზე მეზრუნა, შეიძლება, უარეს განსაცდელში აღმოვჩენილიყავი. დაბრკოლებებს ცხოვრების ჯანსაღი წესითა და კარგი საქმეებით უნდა ებრძოლო. ერთ ჩემს ნაცნობს ძალიან ეშინოდა თვითმფრინავით მგზავრობის, ლიფტში ჩაჯდომის, სიმაღლეების. რაც უნდა საოცარი იყოს, სააბაზანოში გარდაიცვალა... სიკვდილს უნდა შეებრძოლო, მარტო შენსას კი არა, სხვა ადამიანთან მოახლოებულ სიკვდილსაც უნდა შეებრძოლო და როგორმე უნდა გადაარჩინო; უნდა ეცადო, სხვას ყოფა შეუმსუბუქო, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პანსიონატი.

GzaPress

- ამჟამად რამდენი ბენეფიციარი გყავთ?

- ახალი გახსნილია და ჯერჯერობით 7 ბენეფიციარი გვყავს, 20 წლის ასაკიდან. ზოგიერთ მათგანს უჭირს რეაბილიტაცია, რადგან აქ მოსვლამდე დამოკიდებული იყვნენ მომვლელზე, ოჯახის რომელიმე წევრზე. ორი ძმა ცხოვრობს ჩვენთან - ერთი ლოგინადაა ჩავარდნილი, მეორე უვლის და თან, იმდენად გულმოდგინედ, რომ მისმა ასეთმა მზრუნველობამ აქტივობა შეუნელა. ახლა ვცდილობთ, დამოუკიდებლობას მივაჩვიოთ. გვყავს ბენეფიციარი დაუნის სინდრომით, ნატალიკოს ვეძახით, ასევე, ცერებრალური დამბლით. დედამ მიატოვა და 42 წელი ზრდიდა დეიდა, ახლა მოხუცდა, 84 წლისაა და მოვლა აღარ შეუძლია, ის კი იმდენად არის შეჩვეული და მიჯაჭვული დეიდაზე, რომ ჩვენს მომსახურებას არ იღებს - მთელი ღამე ყვირის, რითაც პროტესტს გამოხატავს, ვერ ხედავს თავის პატრონს და ამიტომ. როცა ვინმეს პანსიონატში ყოფნა არ უნდა, არ გვაქვს უფლება, იძულებით მოვემსახუროთ, დაითრგუნება და შეიძლება, სიკვდილის პირამდეც მივიდეს. თუ ვერ შეეგუება, ოჯახის წევრებმა უნდა წაიყვანონ და მასზე სხვა მზრუნველობა უნდა განხორციელდეს. სწორედ დღეს იყო მოსული დეიდა. ავუხსენით მდგომარეობა. ძალიან რთულია მათი მომსახურება, რადგან საქმე გვაქვს არა მხოლოდ გონებრივ დაქვეითებასთან, არამედ ფიზიკურ შეზღუდვასთან. ამ საქმეში მარტო სახელმწიფო ვერაფერს შეძლებს. საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, მნიშვნელოვანია თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა. არიან ადამიანები, რომელთა გალავნის იქით ჩიტიც ვერ გადაფრინდება. რისთვის ცხოვრობენ?.. თუ გალავანს აქეთ გადმოიხედავენ, დაინახავენ, რომ არსებობს ასეთი სახლები, არიან გაჭირვებული ადამიანები და არაფერია იმაზე დიდი მადლი, ვიდრე მათ დაეხმარო. კარგი იქნება, ბიზნესმენებმა თავიანთი მოგებიდან გარკვეული პროცენტი მუდმივად გაიღონ ქველმოქმედებისთვის, საზღვარგარეთ "უფლის წილს" ეძახიან ამას. დედისა და მამის პატივისცემა კავკასიელმა რომ იცის, ევროპელი ვერ დაიკვეხნის. ჩვენი ღირებულებები უნდა წამოვწიოთ წინ, სხვისი ცუდი კი არ უნდა გადმოვიღოთ... რაკი უფალმა ინება და ჩემი პატარა ქალიშვილის სახელობის მოხუცთა თავშესაფარი და ახლა უკვე ეს პანსიონატიც დავაფუძნე, ძალიან მიხარია. მსიამოვნებს, რომ ამით ვიღაცას ყოველდღიური ყოფა შეუმსუბუქდება.

GzaPress

- ახალ რომანზეც მითხარით ორიოდე სიტყვით, რის შესახებაა?

- იდეა გამიჩნდა კარანტინის დროს, როდესაც ანატორის და ანატორელების შესახებ წავიკითხე. მანამდე არაფერი ვიცოდი პირიქითა ხევსურეთში მდებარე ამ სოფელზე. XIX საუკუნეში იქ გაჩენილა შავი ჭირი, ჟამი. როდესაც მთელი სოფელი დაავადებულა, სოფლიდან გასვლა თურმე თვითონვე აიკრძალეს, რომ ეპიდემია სხვაგანაც არ გავრცელებულიყო. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, ესროდნენ, მაგრამ თოფი ერთხელაც არ გავარდნილა, რადგან გაპარვა არავის უცდია. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს თურმე და ვინც დაავადდებოდა, თავისი ფეხით მიდიოდა, აკლდამაში წვებოდა და სიკვდილს ელოდებოდა. აკლდამაში იპოვეს აკვანზე გადამხობილი ქალის ჩონჩხიც, რომელიც სავარაუდოდ, შვილს ძუძუს აწოვებდა, რადგან ჩვილის ჩონჩხიც იქვე ნახეს. ესე იგი, ბავშვებიც კი არ გაგზავნეს სხვა სოფლებში და დიდიან-პატარიანად დაიხოცნენ. ასე გადაარჩინეს საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისგან. ეს მართლაც გაუგონარი თავდადება იყო. ამიტომ დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია. მხოლოდ ერთი კაცი გადარჩენილა, რომელიც დედულეთში ყოფილა წასული. სწორედ მას უთქვამს, მე ვარ ანატორიდან, სადაც მზე ორჯერ ამოდისო: ანატორის გორას მზე თურმე შუადღეს ეფარებოდა და მერე ისევ ამოდიოდა - ეს არის სიმბოლო ამ სოფლისა... ისტორიას შემორჩა ანატორელთა ამონაწერებიც: ამ წვრილ სარკმელში ღმერთიც ვეღარ შემოეტევა... მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და ძილი არ გვეკარება... გარეთ დავტოვე ცხენი, სახლი, ჩემი ბავშვობა... გაღმა სოფელში ასკილი ყვავის... ამ რომანის პრეზენტაცია სექტემბერში მექნება და მინდა, მხოლოდ ქართველმა კი არა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, როგორი ღირსეული სიკვდილი შეუძლია ქართველს...

ნინო ჯავახიშვილი