"დავდიოდი სახლების დასალაგებლად, ვბანდი მიცვალებულებს, ჯართს ვაგროვებდი" - გზაპრესი

"დავდიოდი სახლების დასალაგებლად, ვბანდი მიცვალებულებს, ჯართს ვაგროვებდი"

ქალბატონი მანანა ხურცია თითქმის სამი წელია, რაც უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ - საბერძნეთში ცხოვრობს. ყველაზე მეტად მცირეწლოვანი შვილის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ მშიერი შვილების ყურებას ვერც ერთი დედა ვერ გაუძლებსო, - ამბობს. ეს ქალბატონი, თავისი პრობლემების მიუხედავად, მუდმივად სხვების დახმარებას ცდილობს. საუბრის დროს არაერთხელ ატირდა, ადამიანები ხშირად ვერ ხედავენ სიკეთეს და კარგი საქმის კეთების სურვილს გიკარგავენო.

- რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ შვილები და ემიგრაციაში წამოსულიყავით?

- გაჭირვებამ, არქონამ, უსახლობამ, კიდევ ბევრი მიზეზი იყო აქ წამოსვლისა. დავტოვე ექვსი შვილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომლის დატოვებაც ყველაზე რთული იყო ჩემთვის, მაგრამ უსახლკარობამ გვაიძულა, ერთმანეთს დავშორებოდით. ხშირად მიწევდა მძიმე სამუშაოს შესრულება, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ.

- რას აკეთებდით, სად მუშაობდით საქართველოში?

- წყალტუბოში ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ, რაიონებში ჭირს სამსახურის პოვნა. დავდიოდი სახლების დასალაგებლად, ვბანდი მიცვალებულებს, ჯართს ვაგროვებდი, ვლესავდი, ვაშენებდი იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის საღამოს საჭმელი მიმეტანა. არავინ მეხმარებოდა. მარტოს მიწევდა, მძიმე შრომით გამომეკვება შვილები და ამის თქმის არ მრცხვენია, თუმცა ამ შრომით მხოლოდ მათი გაზრდა და გამოკვება შევძელი, სათანადო განათლება ვერ მივეცი, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

- რატომ მარტო, მეუღლე არ მუშაობდა?

- არა, მეუღლეს დავშორდი. 24 წელი მიწევდა შემენახა კაცი, რომელიც ჩემს ხარჯზე ცხოვრობდა. სვამდა კიდეც, ხშირად ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი. სახლში დაბრუნებულს თუ საჭმელი არ დახვდებოდა, ამის გამო შეეძლო ჩემთვის დაერტყა. ხშირად გვაწიოკებდა.

- განაცხადეთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყავით?

- არა, რადგან მრცხვენოდა... ხალხი რას იტყოდა - სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი დღესაც არსებობს საქართველოში. ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, რატომღაც ქალია განკითხვის ობიექტი. თუ ოჯახი დაინგრა, დამნაშავე ქალია... ექვსი შვილი მყავდა და მათ ვერ შევარცხვენდი, ვფიქრობდი, ქუჩაში გასულებს ვინმემ რამე ისე არ უთხრას, რომ ბავშვებს შერცხვეთ-მეთქი. ბოლოს გაუსაძლისი რომ გახდა ჩემი მდგომარეობა, გადავლახე ეს სირცხვილი და გავშორდი, ჩემს თავსა და შვილებზე დავიწყე ფიქრი, მის გარეშე უფრო მშვიდად ვიქნებოდით. ნამდვილად რთულია, ჯერ გაუსაძლისი გაჭირვება და მერე კიდევ ძალადობაც აიტანო ქმრისგან. საკუთარი სახლიც არ გვქონდა, ბანკმა გაგვიყიდა და გვიწევდა ქირით ცხოვრება. როდესაც ქირას ვერ ვიხდიდით, მეპატრონე სახლიდან გვიშვებდა. ამას ჩემი მეუღლე არც განიცდიდა.

GzaPress

- რატომ მოგიწიათ იპოთეკით ბინის დატვირთვამ?

- ჩემი შვილი აგვისტოს ომის მონაწილე იყო. იქ დაიჭრა, დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი მკურნალობისთვის დიდი თანხა დამჭირდა. ამას ჯართის შეგროვებით და მიცვალებულების დაბანით ვერ შევძლებდი. იძულებული გავხდი, ბანკიდან სესხი ამეღო და სანაცვლოდ სახლი ჩამედო გირაოდ.

- თუ მიმართეთ მთავრობას, რომ დაგხმარებოდნენ?

- დიახ, მთავრობას ბევრჯერ მივმართე. ვითხოვდი, მოეცათ სახლი, თუნდაც ერთი ოთახი; გასარემონტებელიც რომ ყოფილიყო, თვითონ გავაკეთებდი, ოღონდ ჩემს შვილებს ჭერი ჰქონოდათ. მეუბნებოდნენ, რომ ექვს შვილზე ვერ დამაკმაყოფილებდნენ ბინით, შვიდი უნდა მყოლოდა. თბილისიდან უკან დაბრუნებულს, უარის წერილი მხვდებოდა. ბევრი ვიარე და, როგორც იქნა, ჩამსვეს სიაში - წყალტუბოში აშენებდნენ შენობას, სადაც 22 ოჯახის შესახლება იგეგმებოდა. დიდი მოლოდინი მქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩემს შვილებს ჭერი ექნებოდათ, მაგრამ მთავრობის შეცვლის შემდეგ კვლავ უარი მივიღე.

- ეს საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა და თქვენ მაინც არ მოგცეს ბინა?

- არა, ეს შენობა დაიწვა, ის 300.000-ად იყო დაზღვეული, მაგრამ ვინც სიაში ვიყავით, არავის არაფერი მოგვცეს. შემდეგ გადასცეს სახლები უსახლკაროებს და მე ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი მხოლოდ ერთი მიზეზით - "ნაციონალების" მომხრე ვიყავი. ვისაც ვხვდებოდი, ყველა მპასუხობდა, - "ნაციონალები" დაგპირდნენ სახლს და იმათ მოგცენო. რადგან საშველი ვერსად ვიპოვე, ავდექი და წამოვედი. იქნებ ჩემი შრომით მაინც ვიყიდო სახლი.

- თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

- ემიგრაციაში წამოსული ყველა ადამიანი მეცოდება. ჩვენ ვხდებით ჩვენი ოჯახების დამფინანსებლები, ცივდება ურთიერთობები დედა-შვილს შორისაც კი. მხოლოდ მაშინ ახსენდები შვილს, როდესაც ხელფასის დრო მოდის. ეს არასწორია, ასე არ უნდა ვიქცეოდეთ დედები, შვილებთან უნდა ვიყოთ, თუნდაც მშივრები. მე ექვსი შვილი და ათი შვილიშვილი მყავს, სამს საერთოდ არ ვიცნობ და მითხარით, მათ როგორ ვეყვარები? არც იციან, რომ სადღაც ჰყავთ ბებო, რომელიც ვალდებულია, ფული და ამანათი გაუგზავნოს. ყველა ასეა... ჩემი შვილები ასე არ მექცევიან, ხშირად მირეკავენ, მაგრამ მინახავს ბევრი ატირებული დედა, რომელსაც შვილი ნორმალურად ტელეფონზეც არ პასუხობს.

- როგორც ვიცი, ჯანმრთელობის დიდი პრობლემა გაქვთ.

- გულზე მაქვს პრობლემა, რამდენიმე დღის წინაც საავადმყოფოში მოვხვდი. ექიმების რჩევა იყო, იქ დავრჩენილიყავი და მკურნალობის კურსი გამევლო, მაგრამ იმ დღესვე წამოვედი, სამსახური რომ არ დამეკარგა. თუ სამსახურს დავკარგავ, ვერ დავეხმარები ჩემს შვილებს, ვერ გადავიხდი ქირას.

- რა გენატრებათ საქართველოში?

- ჩემი შვილიშვილები მენატრება. ყოველდღე ვოცნებობ, მათთან ერთად შევძლო თამაში, საჭმელი მოვუმზადო და გავანებივრო, მაგრამ არ ვიცი, ამას ოდესმე შევძლებ?

- არ აპირებთ უკან დაბრუნებას?

- როგორ დავბრუნდე, სად ვიცხოვრო ან წამლები როგორ ვიყიდო? საქართველოში დაბრუნებულს ვინ შემინახავს? სული მტკივა, ისე მენატრება ჩემი მიწა, ჩემი ხალხი, მაგრამ ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, ხართ კოსმეტოლოგი, ასევე - ბლოგერი.

- ვამზადებ სახის კანის მოსავლელ კრემებს, ასევე სამკურნალო მალამოებსაც. რაღაც ნაწილის გაყიდვა მიწევს, რომ მასალის ფული ავიღო, ნაწილს კი საჩუქრად ვაძლევ ადამიანებს, ვისაც სჭირდება და ყიდვა არ შეუძლია. რაც შეეხება ბლოგერობას, მინდა, ჩემი ვიდეოებით ადამიანებს ცოტათი მაინც გავუხალისო ცხოვრება და თუ ეს გამომდის, მიხარია. გაჭირვების მიუხედავად, პოზიტივი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი გასაჭირი სხვას არ აინტერესებს, ყველა ემიგრანტს უჭირს დღეს, ყველას აკლია ოჯახის სითბო და სიყვარული, კიდევ სხვების პრობლემების დამატება მათ აღარ სჭირდებათ.

- რას ეტყოდით ემიგრანტ დედებსა და ქალებს?

- ნუ გახდებით ოჯახისთვის მხოლოდ სოციალური დამხმარე, იყავით დედები და ცოლები; ნუ გაუკეთებთ შვილებს იმაზე მეტს, ვიდრე ფიზიკურად შეგიძლიათ; ნუ შეაჩვევთ ბოლო ცენტამდე თქვენი ნაშრომის გაგზავნას და დაიზღვიეთ თქვენი სიბერე. იქ დაბრუნებულს სრულიად სხვა გარემო დაგხვდებათ, თქვენივე ნაყიდ და გარემონტებულ სახლში თქვენს ადგილს ვერ იპოვით და ეს ძალიან გეტკინებათ. თავს მიხედეთ. გიყვარდეთ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი. შვილებსა და მეუღლეებს კი მინდა ვთხოვო: დააფასეთ საკუთარი დედისა და მეუღლის შრომა. მათ იმაზე მეტი სითბო სჭირდებათ, ვიდრე თვის ბოლოს ერთი ვიდეოზარია, მათ თქვენივე კეთილდღეობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა - ემიგრანტობა ხომ ცოცხლად დამარხვას ჰგავს.

ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან