კონკურსით დაწყებული მეგობრობა და მეტროში აღმოჩენილი დუეტი - გზაპრესი

კონკურსით დაწყებული მეგობრობა და მეტროში აღმოჩენილი დუეტი

გოგონა ხარაგაულიდან არის, იქ გაიზარდა. სიმღერაც ოჯახშივე, ლამის დაბადებიდან დაიწყო და შეიყვარა. ერთხანს, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთანაც დადიოდა, უფრო რომ დახვეწილიყო და დაოსტატებულიყო. დღეს თავადაც წერს სიმღერებს, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია და ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას კონსერვატორიაში აპირებს, ოღონდ არა ვოკალის, არამედ - მუსიკის წარმოების კუთხით, მუსიკის ტექნოლოგიის სპეციალობაზე, რადგან საკუთარი მუსიკის ჩაწერას, დამუშავებას, პროდიუსერობას და ყველაფერს, რაც მუსიკას ეხება, სურს, თავად გაუძღვეს.

ვაჟი გურიიდანაა და, ხარაგაულის სასიმღერო ტრადიციების არ იყოს, გურიაშიც, ლამის ტირილით კი არა, სიმღერით ევლინება ბავშვი ქვეყანას, ამიტომ არც ამ ვაჟის სიმღერაა გასაკვირი. ისიც სტუდენტია და, საუბრისას გაირკვა, რომ ჩვენი თანამშრომელიც - "პალიტრა ტივის" ხმის რეჟისორი გახლავთ.

სალომე კვირიკაშვილისა და ზურა ცინცაძის დუეტში ნამღერს სოციალურ ქსელში წავაწყდი - მათი სიმღერა მეტროს გასასვლელში მოუსმენია ერთ გამვლელს, ვინმე ქალბატონ ქეთის და ისე აღფრთოვანებულა, მომღერლებისთვის ვიდეოც გადაუღია და "ფეისბუკშიც" აუტვირთავს. სალომესა და ზურას სიმღერამ მეც აღმაფრთოვანა, დამატკბო და მათ გვერდზე, დუეტის ლაივკონცერტსაც კი მოვუსმინე. აშკარაა, მათი ხმები ძალიან ჰარმონიულადაა შერწყმული და ჟანრობრივადაც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, გოგონასა და ვაჟს ერთმანეთი ქართული სიმღერის სატელევიზიო კონკურსის შესარჩევ ტურებზე გაუცნიათ.

- სალომე, რატომ წახვედი კონკურსზე, საკუთარი შესაძლებლობის გამოცდა მოინდომე?

- სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე და თანაც - ქართული სიმღერით და მთელი ბავშვობა ასე გრძელდებოდა. თუ ოდესმე ვინმე მომღერლად გამიცნობდა, ძალიან მინდოდა, სწორედ ქართული სიმღერით გავეცანი. იმ კონკურსში მონაწილეობაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ მისი იდეა მომეწონა - ქართული სიმღერა უნდა მემღერა. თანაც ვიფიქრე, რომ ქართული სიმღერა კონკურსების ფობიასაც გადამალახვინებდა. პირველი ეტაპები კი გავიარე, მაგრამ, სამწუხაროდ, ათეულში ვერ მოვხვდი, სამაგიეროდ - გავიცანი ზურა და არათუ დავმეგობრდით, არამედ დუეტიც შევქმენით. ზურაც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდა - ვერც ის მოხვდა ათეულში და დაემთხვა, რომ კონკურსის შენობიდან, ფაქტობრივად, ერთდროულად გამოვედით. ზურა გამომელაპარაკა და შემომთავაზა, მოდი, ერთხელ შევხვდეთ და სიმღერაში ერთობლივად ვცადოთ რაღაცებიო. მაშინ მძიმე პერიოდი მქონდა - ბიძა გარდამეცვალა, ამას მიება კონკურსიდან გამოთიშვა და ძალიან უგუნებოდ ვიყავი, ხალისი არაფრის მქონდა, ამიტომ ზურას ნათქვამი თითქოს ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გამოვუშვი. ერთი თვის შემდეგ კი მას თავად შევეხმიანე. სახლში "იამაჰა" მქონდა, ამიტომ შევთავაზე, თავისი გიტარა წამოეღო და ჩემთან, შინ მოსულიყო. მახსოვს, დაკვრა რომ დავიწყეთ, თითქოს ფაზლივით შევერწყეთ ერთმანეთს. იმწამს მივხვდი, რომ სულის მუსიკალური მეგობარი ვიპოვე - შესრულებისას ზურა ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ოდესმე მიფიქრია, მომინდომებია.

ზურა:

- მე კონკურსში მონაწილეობამდეც ვუკრავდი და ვმღეროდი ქუჩაში და გარკვეული მუსიკალური გემოვნებაც ჩამოყალიბებული მქონდა. ვცდილობდი, ქართული მუსიკა, ძველი მელოდიები უფრო ალტერნატიული სახით შემეთავაზებინა მსმენელისთვის. კონკურსის შესარჩევ ტურზეც "ისევ შენ და ისევ შენ"-ის ჩემეული ვერსია შევასრულე. ათეულის შესარჩევ თბილისურ ტურზე სალომე ჩემ შემდეგ იყო. ათეულში ვერ მოვხვდი, მაგრამ გარეთ გამოსული, სალომეს დაველოდე, მაინტერესებდა, რას იზამდა. რომ მითხრა, ვერც მე გადავედიო, უცებ ვიფიქრე, ერთად შეიძლება, საინტერესოდ გვემუშავა და შევთავაზე კიდეც. დანარჩენი კი გიამბოთ სალომემ. ჩვენი კოლაბორაციაც ძალიან სპონტანური იყო. დღეს მუსიკასთან ერთად დიდი მეგობრობაც გვაკავშირებს. ქუჩაში სიმღერის გამოცდილება სალომეს არ ჰქონდა, მაგრამ რომ შევთავაზე, მაშინვე დამთანხმდა. ეს გზა ხალხთან კომუნიკაციის, ემოციების გაცვლის ძალიან მარტივი შესაძლებლობაა. ადამიანებთან ახლოს დგახარ და იოლად აკვირდები მათ გამომეტყველებას, რას გრძნობენ შენი მოსმენისას, რას განიცდიან. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ფინანსური საკითხიც მნიშვნელოვანია. ბევრი გვეუბნება, რომ ჩვენი ხმები ძალიან უხდება ერთმანეთს (ვუდასტურებ - ავტ.)

GzaPress

სალომე:

- ძალიან გაგვიმართლა მე და ზურას, ერთმანეთს ასე რომ გადავეყარეთ, თორემ შეიძლება, არსად შევხვედროდით და ვერასდროს გაგვეგო, ასეთი კარგი წყვილი თუ ვიქნებოდით. მუსიკასთან ერთად, უკვე უახლოესი მეგობრები ვართ, ოჯახებითაც კი ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად. არასდროს მეგონა, რომ გოგოსა და ბიჭს შორის შესაძლებელი იყო ასეთი ახლო კავშირი, რადგან ლამის დაძმობაზე უფრო ახლობელია ჩვენი ურთიერთობა და ალბათ მუსიკაც ამიტომ ეწყობა ასე კარგად. ქუჩაში სიმღერაც ძალიან მომეწონა. იქ აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, გარემოც უშუალოა, ადამიანები მოდიან და გეუბნებიან, როგორი სიამოვნება მიანიჭა შენმა სიმღერამ. იქ, ქუჩაში, იმდენად სადა გარემოა, ურთიერთობებიც გულწრფელია, არავინ თამაშობს. სცენაზე კი აკადემიურ სივრცეში ხარ და განცდებიც სხვაგვარია - თითქოს რაღაც ბარიერია შენსა და მაყურებელს შორის. კონცერტზე რომ გამოხვალ და იმღერებ, ვიღაც მაინც ეცდება, რაღაც სტანდარტებში ჩაგსვას. მე კი მხოლოდ ერთადერთ სიტუაციაში არ მაქვს ბარიერის განცდა - როდესაც საკუთარ მუსიკას ვუკრავ და ვმღერი. ეს სიმღერა ჩემი დაწერილია და მასში ვერავინ დამიწესებს სტანდარტს, რომელიც ძალიან არ მიყვარს არც მუსიკაში, საერთოდ - ხელოვნებაში და არც ცხოვრებაში. ჩემი თავისუფლებით ვცდილობ, რაიმე სიახლე შევიტანო საკუთარ შესრულებაში, სიმღერაში, მინდა, ინოვაციური იყოს ყველაფერი, რასაც გავაკეთებ. სიმღერა, რომელიც მეტროში ვიმღერე და იქვე გამვლელმა ქალბატონმა ქეთიმ გადაიღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და თქვენც მოისმინეთ, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია იყო, იმწამს მოფიქრებული: პატარა გამოდიოდა სიმღერა და მივხვდი, აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, ამიტომ ბოლოს რასაც ვაკეთებ, სულ იმპროვიზაციაა.

- როგორი რეპერტუარი გაქვთ?

- ერთად სამღერლად რომ გავედით, სიმღერების სია არ გვქონია. ინტერპრეტაციით, სპონტანურად ვმღეროდით. ნელ-ნელა დაგვიგროვდა სიმღერები, რაც ერთად კარგად გამოგვდიოდა და მას ვასრულებდით, მაგრამ რეპერტუარს დღემდე ვამდიდრებთ. რაც თქვენ მოისმინეთ - ფრენკ სინატრას Killing me softly-ც ასე, ქუჩაში გავაკეთეთ და, სხვათა შორის, სწორედ იმ დღეს ვიმღერეთ მეორედ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ინგლისურენოვან სიმღერებს ვმღერით. ორივეს ძალიან გვიყვარს ქართული სიმღერები და ხშირადაც ვასრულებთ, მაგალითად, კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის "ყელსაბამს", ასევე, მეგრულ "ნანას", დუეტ Asea sool-ის "ვიცი, რომ გიყვარვარ", ირაკლი ჩარკვიანის "მენატრებას" და ა.შ.

ზურა:

- რომელიმე მუსიკას რომ ვამუშავებთ, ხშირად ვჩხუბობთ. ვთქვათ, მე რაიმე აკორდის დამატება მინდა, სალომეს კი არ მოსწონს... მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგ დასკვნამდე მივდივართ. ასე მუშაობა საინტერესოც არის და სასარგებლოც.

- ძირითადად, სად მღერით ან ადგილებს როგორ ირჩევთ?

- დაახლოებით, იმის მიხედვით ვირჩევთ, სად უკეთესი მსმენელი გვეყოლება. ტურისტული ადგილები უკეთესია, რადგან ის ადამიანი დასასვენებლადაა ჩამოსული და შეუძლია გაჩერდეს, გულისყურით მოგისმინოს და ემოციაც მეტი მიიღო. ქართველებს, ძირითადად, საქმეზე მიეჩქარებათ. ერთ-ერთი გამონაკლისი ის ქალბატონი იყო, ვინც ვიდეო გადაგვიღო. შარშან "თბილისი Open Air"-ის კონკურსშიც ვმონაწილეობდით, საავტორო სამი სიმღერა გავუგზავნეთ, მოეწონათ და შემდეგ, 26 მაისის კონცერტზეც გამოგვიყვანეს. მერე საუკეთესო ხუთეულშიც მოვხვდით და ეს ამბავი ჩვენთვის დიდი შოკი იყო. ასეთ კონცერტზე გამოსვლა უდიდეს გამოცდილებას სძენს მუსიკოსს. სალომეს მსგავსად, მეც ვაპირებ, პროფესიულად შევისწავლო მუსიკის ტექნოლოგიები. ეს მეც წამადგება და ჩვენს საქმესაც განავითარებს. ასე, ბევრ მელოდიას ახალ ჟღერადობას შევძენთ და გავამრავალფეროვნებთ.

სალომე:

- კარგია, რეგულაციები რომ მოიხსნა, ახლა უფრო მეტს ვიმუშავებთ და საკუთარი თავის რეალიზებასაც უკეთ შევძლებთ. პანდემიის გამო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერსად ვმღეროდით, მე სოფელში წავედი, ზურა მუშაობდა. რომ დავბრუნდი, ლაივ-კონცერტიც გავმართეთ და მეტროში ნამღერი ის სიმღერაც დიდი მონატრების იყო - მეც და ზურასაც ნახევარი დღე გვქონდა თავისუფალი და შანსი არ გავუშვით ხელიდან. ქალბატონმა ქეთიმ მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში მოგვისმინა, მაგრამ მანამდე, ძირითადად, მეტრო "დელისის" გადასასვლელში ვმღეროდით ხოლმე. იმ დღეს, თითქოს ბედად, "დელისთან" სხვა ბავშვები დაგვხვდნენ, "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურშიც ვიღაც ბიჭები მღეროდნენ; ბოლოს, "სახელმწიფო უნივერსიტეტი" მოვსინჯეთ და სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩვენი იქ ნამღერით თქვენც გვიპოვეთ, ბევრი სხვა ადამიანიც გამოგვეხმაურა და თბილი სიტყვები გვითხრა. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.

ირმა ხარშილაძე