"ტიკტოკელი" და-ძმა
font-large font-small
"ტიკტოკელი" და-ძმა
"რა ვქნა, გენაცვალე, სიმპათიური გამაჩინა ღმერთმა"

და-ძმა მალანიებს სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს. მათი ვიდეოები ძალზე პოზიტიურია და ამიტომაც მიიპყრო ხალხის ყურადღება. დროის გასაყვანად ატვირთულმა ერთმა ვიდეომ მათი ცხოვრება შეცვალა, "ტიკტოკელი" და-ძმა ერთად ცდილობს ადამიანების გახალისებას. სოსო ფეხბურთელია, ლიზა კი - "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე, მომავალი სტომატოლოგია. "ტიკტოკში" ვიდეოების ატვირთვასა და დედმამიშვილების ყოფა-ცხოვრებაზე სოსოს ვესაუბრეთ.


- რატომ გადაიღეთ პირველი ვიდეო?
- პირველი ვიდეო გადავიღე კარანტინის დროს, როდესაც ყველანი შინ ვიყავით და არ ვიცოდით, რა გვეკეთებინა. "ტიკტოკი" დიდი ხანია, გადმოწერილი მქონდა, მაგრამ ვიდეოებს არ ვდებდი, უბრალოდ, ვუყურებდი და ძალიან ვხალისობდი. შემდეგ მეგობრების თხოვნით დავდე პირველი ვიდეო და - ჰოი, საოცრება! - ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასობით ნახვა და მოწონება გვქონდა. ეს სტიმული გახდა ჩვენთვის. დავიწყე ვიდეოების ყოველდღე დადება, ვხედავდი, რა სისწრაფით იზრდებოდა გამომწერების რიცხვი. ვთქვი, რატომაც არა, თუ ამ მძიმე პერიოდში შემეძლება, ადამიანები თუნდაც ორწუთიანი ვიდეოთი გავახალისო-მეთქი? მას შემდეგ "ტიკტოკი" ცხოვრების ნაწილად მექცა.
- ლიზაც თქვენ აიყოლეთ?
- არა მხოლოდ ლიზა, არამედ მთელი სამეგობრო ავიყოლიე. თავიდან ლიზას რომ ვთხოვე, ჩემთან ერთად ვიდეო ჩაეწერა, უარი მითხრა, უკვე დიდი ვარ და ცანცარი არ მომწონსო. მარტომ დავიწყე, გავაპიარე ბევრი სიმღერა, ისეთი სიმღერები გავხადე პოპულარული, საქართველოში რომ არ იცოდნენ. შემდეგ ლიზასაც მოეწონა ჩემი პოპულარობა და გადაწყვიტა, შემჯიბრებოდა. მასაც ბევრი გამომწერი ჰყავს, მაგრამ ჩემამდე ჯერ ბევრი უკლია (იცინის), ცოტა არ იყოს, სწყინს, ჩემი გამომწერების რაოდენობას რომ ხედავს, მაგრამ დავპირდი, რომ დავეხმარები. მისი მოწყენილი სახის ყურება არ შემიძლია.
- ეკრანს მიღმა როგორია თქვენი დაძმობა?
- გულწრფელი ვიქნები, არც ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ეკრანზე ჩანს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მაგრამ მე ცოტა მკაცრად ვექცევი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საკმარისია, უკვე დიდია და თავისუფლება უნდა მივცე, მაგრამ ეს არ შემიძლია. უფროსი ძმა ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მის წინაშე. ამის გამო ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ ბოლოს ლიზა ნებდება.
- შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ლიზას სილამაზე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და ამაშიც თუ ერევით?
- ლიზას პირადში არაფერი ხდება, მარტოა. მიზეზები თავად შეგიძლიათ ჰკითხოთ. რა თქმა უნდა, ვერევი, რადგან ვთვლი, რომ მეტი გამოცდილება მაქვს და ვიცი, ვინ, როდის, რას ცდილობს. ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებ, ვეუბნები, რა მომწონს და რა - არა, და ისიც ითვალისწინებს, მოსწონს ეს თუ არა. სხვა არჩევანს არ ვუტოვებ.
- რას აკეთებ, გარდა იმისა, რომ მთელ საქართველოს ართობ შენი ვიდეოებით?
- ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე, ტურიზმის განხრით და ვეძებ სამსახურს. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემი პროფესიით. საქართველოს ერთ-ერთ ნაკრებში ფეხბურთს ვთამაშობ.
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა თქვენი ვიდეორგოლი, რომლითაც ხალხს გაჭირვებული ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებდით...
- სოციალურ ქსელებში გავავრცელე ვიდეომიმართვა, რომ დავხმარებოდით გაჭირვებულ ოჯახებს იმით, რისი საშუალებაც გვექნებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, მათ შორის ემიგრანტებიც, ჩარიცხეს თანხა და ნდობა გამომიცხადეს. დღევანდელ ცხოვრებაში რთულია, ადამიანს ასე ბრმად ენდო და თანხა პირად ანგარიშზე ჩაურიცხო, მათ კი ნდობა გამომიცხადეს, დიდი მადლობა ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი ნდობა გავამართლო. რამდენიმე ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ამის დასადასტურებლად ვიღებთ ვიდეოებს და ფოტოებს - არ გვინდა, ვინმეს რამეში ეჭვი შეეპაროს. მინდა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვაკეთო ყველაფერი. ოჯახებში მივიტანეთ ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, საკვები, ტანსაცმელი და პირადი მოხმარების ნივთები. ეს იმდენად სასიამოვნოა და იმდენად მავსებს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
GzaPress
- თუმცა, როდესაც პირველ ოჯახს დაეხმარე, კვლავ გაავრცელე ვიდეომიმართვა, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იყო. შემდეგ ისევ დაიწყე თანხისა და საკვების შეგროვება. რა მოხდა?
- დიახ, ასე იყო. ვთქვი, რომ შევწყვიტე ადამიანების დახმარება - საქმე არა აქვთ და არც შენ გაცდიან, აკეთო სიკეთე, სხედან სახლში და კლავიატურას აწკაპუნებენ, ნერვები რომ მოგიშალონ და უარი გათქმევინონ შენს განზრახვაზე. როდესაც დავმშვიდდი, მივხვდი, არაფრისთვის არ ღირს ამ საქმის მიტოვება. პირველ ოჯახში რომ მივედით, იმხელა დადებითი ენერგია მივიღეთ, ვერ წარმოიდგენთ. დიასახლისი მადლობასაც ვერ ამბობდა, სიხარულით ეტირებოდა, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ამიტომაც ვაგრძელებ და ვგეგმავ, ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცე და ფონდი ჩამოვაყალიბო. ახლა ხალხი თანხას ჩემს ანგარიშზე რიცხავს და ეს არ მომწონს.
- რითი განსხვავდები სხვა "ტიკტოკელებისგან", როგორ ფიქრობ, ასე კარგად რატომ მიგიღო საზოგადოებამ?
- განსხვავებული ადამიანი ვარ, მხიარული, მეგობრული და ცოტა მკაცრიც ახლობლებისთვის, "ტიკტოკელებისთვის" კი - ერთი სიმპათიური, მხიარული ბიჭი. ყოველთვის ვცდილობ, მივაწოდო ის, რაც ჩვენ, ქართველებს, მოგვწონს, არასოდეს ვიყენებ გაჰიტებულ მუსიკას ან ვიდეოს, არავის ვბაძავ, მე მე ვარ... რაც შეეხება იმას, თუ ასე რატომ მიმიღეს, ჩემი ფანების უმრავლესობა გოგონები არიან და რა ვქნა, გენაცვალე, სიმპათიური გამაჩინა ღმერთმა (იცინის).
- გოგონები მართლაც ძალიან განებივრებენ და გეფერებიან...
- სხვათა შორის, არ მომწონს ქალები, რომლებიც კაცებს კისერზე ეკიდებიან. ქალს თავშეკავება უხდება, როგორც უნდა მოსწონდეს მამაკაცი, ღირსება და თავშეკავებულობა არ უნდა დაკარგოს.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- თავისუფალი ვარ. გოგონა, რომელიც შემიყვარდება, ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს - მეგობრობა უნდა შეეძლოს, თუ მხიარული არ იქნება, ერთმანეთს ვერ გავუგებთ, რაღაცებით უნდა მგავდეს, საერთო ჰობი უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალსაც ვაქცევ ყურადღებას.
- რა არის შენი ოცნება?
- აფხაზეთიდან ვარ და ჩემი ოცნებაც, ისევე, როგორც ყველა დევნილის, უკან დაბრუნებაა! არასოდეს ვკარგავ იმედს, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სამოთხეში. მინდა, გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც გაჭირვება არ იქნება, სადაც მხოლოდ იმაზე არ ვიფიქრებთ, რითი გამოვკვებოთ შვილები, სადაც ატირებულ და მოწყენილ სახეებს ვერ დავინახავთ. ჩემი ოცნებაა, გაქრეს ქვეყნიდან ბოროტება და ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს. მჯერა, რომ ოცნებები ხდება. ჩემი ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და მინდა, კარგი ფეხბურთელი ვიყო. თუ ძალიან მოინდომებ, მიუღწეველი არაფერია.
- ამბობენ, პოპულარობა თავში აგივარდა და არავის არ ეკონტაქტები, ინტერვიუებზეც უარს ამბობ, შენს გამომწერებს არ ეკონტაქტები, ასეა?
- თავში ნამდვილად არ ამივარდა. ფიზიკურად, ვერ დავუბრუნებ პასუხს ყველა ჩემს გამომწერს - ისინი ათასობით არიან და მე ერთი ვარ. არც ჟურნალისტებთან ურთიერთობა მიყვარს, არ ვთვლი საჭიროდ, ავხსნა ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი ცხოვრება მაქვს, მყავს მეგობრები და ოჯახის წევრები, მათაც სჭირდებათ ჩემი ყურადღება. ყველამ მაპატიოს, თუ უყურადღებობა გამომდის, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ვუპასუხო კომენტარებს.
- რას ეტყვი შენს გამომწერებსა და იმ ადამიანებს, ვინც უარყოფით კომენტარებს გიწერს?
- ჩემს გამომწერებს დიდი მადლობა, რომ შემიყვარეს, მათი ეს დამოკიდებულება მაძლიერებს და სტიმულს მაძლევს, ხოლო მათ, ვისაც არ მოვწონვარ, მინდა ვუთხრა, რომ უფრო მაძლიერებენ. კაცი უმტროდ არაფერია, თუმცა არ ვთვლი, რომ ჩემი მტრები არიან, უბრალოდ, მათ ჩემი არ ესმით და მე - მათი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველას ვერ ეყვარები.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიხა მილიციის სამოცკაციან რაზმს მარტო დაესხა თავს, კომისარი მოკლა და რაზმი განაიარაღა"
დაკლებული კილოგრამების ხარჯზე დაწყებული "ახალი სიცოცხლე"
"ამ მეთოდმა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა თითქმის გაანახევრა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი