"მთავარია, ბევრ ქართველ ბავშვს შევაყვარო ცეკვა და სამშობლო" - გზაპრესი

"მთავარია, ბევრ ქართველ ბავშვს შევაყვარო ცეკვა და სამშობლო"

სამშობლოდან შორს მყოფი ცდილობს, მომავალ თაობას ქართული სული და ტრადიციები შეუნარჩუნოს, უცხოელებს კი გააცნოს და შეაყვაროს ჩვენი ქვეყანა. "რთულია, სამშობლოდან ასე შორს იყო და არ ცდილობდე, შექმნა რამე ქართული, რომ უცხო მიწაზე დაბადებულ ბავშვებს მათი ფესვების დავიწყების უფლება არ მისცე", - მითხრა ანჟელა ლობჟანიძემ.

- ემიგრაციაში ვარ უკვე 15 წელია. იძულებით წახვიდე შენი ქვეყნიდან შორს და დატოვო მცირეწლოვანი შვილები, არ არის იოლი მშობლებისთვის, მაგრამ იძულებული ხდები, მათივე კეთილდღეობისთვის მოიქცე ასე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დღე, როდესაც შვილებს გამოემშვიდობეთ და უცხო ქვეყნის გზას დაადექით?

- არსებობს უამრავი ბედნიერი და რთული დღე ადამიანის ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე, თუ არ ჩავთვლით მამის გარდაცვალებას, მათთან განშორების დღე იყო. განშორება განსაკუთრებით რთული და მტკივნეული აღმოჩნდა უფროსი გოგონასთვის. ერთმანეთისგან შორს შვიდი წელი ვიყავით და ეს შვიდი წელი თითქოს ჩემი სხეულის ნახევარი არ მქონდა. ნახევარი ადამიანი ვიყავი, რომელიც არც ერთი წამით არ წყვეტდა ფიქრს შვილებზე. შვიდი წლის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ბევრი შრომის შედეგად შევძელით, ჩამოგვეყვანა შვილებიც და ერთად გაგვეგრძელებინა გზა მომავლისკენ.

- საქართველოში რას საქმიანობდით?

- დავამთავრე ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით, ვსწავლობდი ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის განხრით, მაგრამ სამწუხაროდ, სწავლა ვერ დავასრულე ემიგრაციის გამო.

- როგორი იყო ემიგრაციის პირველი ეტაპი - ის გზა, რომელსაც ყველა ემიგრანტი ტკივილითა და ცრემლებით იხსენებს?

- ალბათ, როგორც ყველამ, მეც და ჩემმა ოჯახმაც ეტაპობრივად გავიარეთ ის რთული გზა, რაც გულისხმობს ენის ბარიერს, შემდეგ - ლეგალიზაციას, ქვეყნის წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების სხვა რაკურსით დანახვას, შერწყმას ყოველდღიურობასთან და ა.შ. საბედნიეროდ, ყველაფერი გადავლახეთ. მადლობა ამ ქვეყანას, ბევრჯერ უანგარო მხარდაჭერა მიგრძნია ადგილობრივებისგან. ყველა ემიგრანტისთვის მნიშვნელოვანია, მიგიღონ და შეგიყვარონ ადამიანებმა, რომლებთანაც გაქვს ენის ბარიერი, განსხვავებული კულტურა და რელიგია.

- ნოსტალგია - რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- მენატრებოდა საქართველო, თბილისი, ჩემი სახლი, მეგობრები, ახლობლები, ჯანსაღი, ნამდვილი ურთიერთობები - მოკლედ, ყველაფერი ქართული. მიჭირდა და დღემდე მიჭირს ამ ყველაფრის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თხუთმეტი წელი გავიდა. ყველაფერი ქართულის დეფიციტი მაქვს. როდესაც შენს მიწაზე ხარ და ეს ყველაფერი შენი ცხოვრების ყოველდღიურობადაა ქცეული, გიჭირს დააფასო, საკმარისია, ცოტა ხნით მოსწყდე ამ ყველაფერს და დიდ სიცარიელეს გრძნობ შინაგანად, ამ სიცარიელეს კი ვერაფრით ივსებ. ემიგრანტობა ყველაზე მძიმე სასჯელია ადამიანისთვის. რაც უნდა კარგად ცხოვრობდე სხვა ქვეყანაში, ის მაინც უცხოა შენთვის.

- ალბათ ამ სიცარიელის შესავსებად ჩამოაყალიბეთ ქართული ცეკვის ანსამბლი, არა?

- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ტაძრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ეძებდა. რადგან იქნებოდა ქართული ტაძარი, დაიბადა იდეაც, შემექმნა ანსამბლი და ჩემი წვლილი შემეტანა ამ საპატიო საქმეში. მგონი, შევძელი კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ძალისხმევა და ენერგია არ დამიშურებია. სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ჩავდე ამ საქმეში. გარდა ამისა, დიდი სურვილი მქონდა, აქ დაბადებულ ბავშვებს ესწავლათ ქართული ცეკვა და არ მოსწყდომოდნენ ფესვებს.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი ანსამბლი?

- ჩემი ანსამბლი "გენი" უკვე ხუთი წლისაა. ვფიქრობ, არც ისე ცოტაა. ვაპირებთ, კიდევ ბევრი წელი ისმოდეს ბარსელონის ცის ქვეშ ქართული შეუდარებელი მუსიკა და ომახიანი შეძახილები. უკვე არაერთ საქვეყნო მასშტაბის საბავშვო ფესტივალში გავიმარჯვეთ, შევძელით და თავი შევაყვარეთ ესპანელებსაც.

- რთულია, უცხო მიწაზე აკეთო შენი საყვარელი საქმე; კიდევ უფრო რთულია, შენი კულტურა და ტრადიციები მიიტანო უცხო ადამიანებამდე.

- ყველა ადამიანი ცხოვრების მანძილზე ორ უმთავრეს გადაწყვეტილებას იღებს - ირჩევს ცხოვრების მეგზურსა და პროფესიას. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მუდამ მზადაა, მხარი დამიჭიროს. ეს მაძლევს ძალასა და შემართებას, ვიქართველო უცხო მიწაზე და ვაკეთო საყვარელი საქმე. იოლი არ არის, უცხო მიწაზე დაბადებულ პატარებს, რომლებსაც საქართველოში ფეხიც არ დაუდგამთ, შეაყვარო და ასწავლო არა მარტო ცეკვა, არამედ ზოგადად ხელოვნება, ყველაფერი, რაც ქართულს გააღვიძებს მათში. ასევე რთულია, უცხო ადამიანების გულამდე მიხვიდე და მათ გრძნობებს შეეხო, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ჩემს ბავშვებთან ერთად ესეც შევძელი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამოსი, ქამარ-ხანჯალი, რომელსაც ხელით ეხებიან და ყველა დეტალის მნიშვნელობას გვეკითხებიან. აქ, ამ უცხო მიწაზე, განსხვავებული წეს-ჩვეულებებისა და მენტალობის ადამიანებისთვისაც გასაგებია, რომ ქართულ ცეკვაში გენდერული თანასწორობაა ასახული - მამაკაცი უპირატესია, მაგრამ მანდილოსანს არანაკლები როლი აქვს. ბევრი მსურველი გვყავდა, ვისაც უნდოდა ანსამბლში ცეკვა, უცხოელებს ვგულისხმობ და ალბათ ახალი სასწავლო წლიდან შემოგვემატებიან.

- ვიცი, თქვენი შვილებიც წარმატებულები არიან, მათზეც მოგვიყევით.

- მიჭირს, როგორც დედამ, ხმამაღლა ვისაუბრო ჩემი შვილების წარმატებებზე, ვფიქრობ, ცოტა უხერხულია. შიო 15 წლისაა. ჩემი დაჟინებული თხოვნით, დადიოდა წყალბურთზე, ამჟამად კი რაგბის თამაშობს კლუბ "ბარსაში" და ასევე, ადგილობრივ, კატალონიის ნაკრებ "კატალანაში". ეს მისი მოწოდებაა, უყვარს თავისი საქმე და წარმატებულია. მისი მომავალი გეგმებიც სპორტსა და მედიცინას უკავშირდება. რაც შეეხება ქეთევანს, 19 წლის არის, წარმატებული სტუდენტია. სწავლობს ბარსელონის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, ასევე კონსერვატორიის სტუდენტია. მუსიკაშიც ბევრი წარმატება აქვს.

რაც შემეხება მე, ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა ჯობს, ჯერ არ ვისაუბრო ამაზე... მთავარია, ჩემი საქმიანობა გავაგრძელო და ბევრ ქართველ ბავშვს ცეკვა და სამშობლო შევაყვარო.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან