რატომ ეცინებოდა ლაშა რამიშვილს ინტიმური წიგნის კითხვისას - გზაპრესი

რატომ ეცინებოდა ლაშა რამიშვილს ინტიმური წიგნის კითხვისას

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი წიგნების კითხვას რამდენ დროს უთმობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვისთვის ვეღარ იცლის, რასაც მისი უარყოფითი შედეგიც მოჰყვა. ამის შესახებ ლაშა გულწრფელად გვესაუბრა და წიგნებთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებაც გვიამბო...

- სამწუხარო რეალობაა, რომ ახლა წიგნების წაკითხვას ვერ ვასწრებ, მაგრამ რაც წავიკითხე, ყველაფერი კარგად მახსოვს.

- წიგნებს ყველაზე აქტიურად როდის კითხულობდი?

- ძირითადად, სტუდენტობისას. უმეტესწილად პიესებს ვკითხულობდი. ისიც მახსოვს, რომ 1-2 წიგნი თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წამოვიღე, მაგრამ დღემდე უკან არ დამიბრუნებია. ამის გამო, მერე სანაცვლოდ, თანხა მივიტანე. შეიძლება, ადამიანმა "წიგნის ქურდიც" მიწოდოს (იცინის).

- თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რომელი წიგნი წამოიღე და უკან რატომ არ დააბრუნე?

- ერთ-ერთი წიგნი "ქართული ლიტერატურის ანთოლოგია" იყო. "ჩემს ენაზე" დაწერილი ნაშრომი გახლდათ. კითხვამ ისე გამიტაცა, რომ ვეღარ დავაბრუნე... მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ქართულის მასწავლებელს "ქართული პროზის" 21-ე ტომი (ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები) გამოვართვი. ეს წიგნი ახლაც სახლში მაქვს, არ დამიბრუნებია. ეს ჩემი შეცდომაა. ვინანიებ, მაგრამ არ ვნანობ (იცინის). ამ წიგნის კითხვამაც ისე გამიტაცა, რომ ვერ მოვწყდი, მერე კი უკან დაბრუნება დამენანა.

- თეატრალურ უნივერსიტეტს კუთვნილი წიგნი დაუბრუნე, ბოლოს და ბოლოს?

- არა, არა... სხვათა შორის, ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე ის წიგნი შინ მქონია. უბრალოდ, თავს ძალა არ დავატანე, რომ დროულად მომეძებნა.

- პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე დამოუკიდებლად?

- ირონა იასაღიშვილის "ქოთქოთას თავგადასავალი". მერე - ტრადიციისამებრ, "მგლის ბილიკი", "შავი ვარდი" და ა.შ.

- ეს წიგნები წასაკითხად როგორ შეარჩიე?

- თუ არ ვცდები, "ქოთქოთას თავგადასავალი" დედამ მაჩუქა და აქტიურად შევუდექი კითხვას. "მგლის ბილიკსა" და "შავ ვარდს" რაც შეეხება, მაშინ წიგნების კითხვა მეზარებოდა და მამამ მითხრა, - ეს წიგნები წაიკითხე, ჩაგითრევსო.

GzaPress

- ცოტა მოგვიანებით, მოზარდობისას რა სახის ლიტერატურა გიტაცებდა?

- რომანები ძალიან მომწონდა. მაგალითად, გურამ ფანჯიკიძის "ნდობას" ვკითხულობდი. ესეც მამაჩემმა მირჩია. იქ იყო პერსონაჟი - ლევანი, რომელმაც საკუთარი კარიერის გამო, კაციც კი გაწირა.

- თანატოლები წაკითხული წიგნების შესახებ მსჯელობდით, განიხილავდით?

- მაშინ ისეთი პერიოდი არ იყო, რომ ერთმანეთისთვის წაკითხული წიგნების შესახებ აზრები გაგვეზიარებინა. რუსთავში ვცხოვრობდი. ამის დრო არ გვქონდა: უმეტესწილად, ვმღეროდით, სპექტაკლებს ვდგამდით, სკოლაში ვსწავლობდით... წაკითხულ ნაწარმოებებს ძირითადად, მამაჩემთან განვიხილავდი ხოლმე, თუნდაც - "ნდობას".

- ეს ნაწარმოები რატომ მოგეწონა?

- თავდაპირველად, ლევანი დადებითი პერსონაჟია, შემდეგ კი საკმაოდ ცუდად იქცევა...

- რომელიმე პერსონაჟის განსახიერების განსაკუთრებულად ძლიერი სურვილი ხომ არ გაქვს?

- პიესებს რაც შეეხება, ერთი ასეთი ნატვრა ავიხდინე: "მუსიკის ჰანგებში" ფონ ტრაპი ვითამაშე. კურტ ვეილის მიუზიკლ "სამგროშიან ოპერაში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ბრაუნ აფთარს. უკვე "ასაკში ვარ" - 39 წლის გახლავარ და ეს როლი ჩემთვის ზედგამოჭრილია, თორემ ადრე ძალიან მინდოდა, მექი დანას როლი მეთამაშა... "დარისპანის გასაჭირში" (გოგი ჩლაიძის ოპერა) დარისპანის როლი შემისრულებია, ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად.

- დარისპანი შენთვის საყვარელი პერსონაჟი იყო?

- კი, კი, იმერელი ტრაბახა კაცია, რომელიც ისეთ გაჭირვებულ სიტუაციაშია, რომ თავისი გოგონების "გასაღებას" ცდილობს, მაგრამ ვერ "ასაღებს" (იცინის). საკმაოდ კომიკური პერსონაჟი გამოუვიდა გოგი ჩლაიძეს.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- რომ გითხრა, წიგნები თავად შევიძინე-მეთქი, მოგატყუებ. ძირითადად, საბავშვო ბიბლიოთეკა გვაქვს, ჩემი შვილებისთვის. მამაჩემს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. საკმაოდ ნაკითხი ადამიანია.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე, ხომ არ გახსოვს?

- როგორ არ მახსოვს? გალაკტიონის ლექსები წავიკითხე - სქელი ტომია. მისი ლექსების მოტრფიალე ვარ. მით უმეტეს, ისიც ვანელია და მეც.

- რომელიმე ლექსის ციტატას ხომ ვერ გვეტყვი?

- "...და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება..." საყოველთაო ფრაზაა: ვიღაცას ჰგონია, რომ ბევრი ფული აქვს, მაგარი ადამიანია, ვიღაცას - ცოტა ფული აქვს... ყველანი მიწის შვილები ვართ.

- კიდევ რომელი პოეტების შემოქმედება მოგწონს?

- გამორჩევა მიჭირს: დიდია ილია, აკაკი, გალაკტიონი საერთოდ, მეფეა, ყოვლისმომცველია...

- ასაკისთვის შეუსაბამო წიგნი თუ წაგიკითხავს?

- კი. 13-14 წლის ვიყავი, როცა სოფელში (ვანში) მეზობელთან რაღაც ინტიმური შინაარსის წიგნი ვნახე. კითხვისას მეოთხე-მეხუთე გვერდიდან ყველა სიტყვაზე მეცინებოდა (იცინის). ბოლომდე წავიკითხე, მაგრამ შინაარსის ნახევარზე მეტს ვერ მივხვდი. ვინ გაგვანათლებდა? ძირითადად, მამასთან უნდა მესაუბრა. ამ თემაზე მამაჩემს კი ვესაუბრე, მაგრამ ბოლომდე გულახდილი საუბარი არ გამოგვივიდა.

- შვილებისთვის წიგნის კითხვის დაძალება გჭირდება?

- სამწუხაროდ, ხშირად. მე და ლაშა გიორგის დღესაც "ომი" გვაქვს. კომპიუტერით, მობილური ტელეფონით, პლანშეტით, "ფლეისთეიშენით" უფრო ინტერესდება, რომლებიც ჩემი ხელით ვუყიდე! სამწუხაროდ, მასთან ძალიან აქტიურად საუბარი მჭირდება, რომ დღეში 3 ფურცელი მაინც წაიკითხოს. მერე იქამდე მივედით, რომ ამბობს, - დღეში 30 ფურცლამდე ავდივარო. ფურცლებს ითვლის. არადა, წაკითხულიდან აზრი უნდა გამოიტანოს (იცინის). მგონი, ეს გლობალური, სერიოზული პრობლემაა. მაშიკოს რაც შეეხება, ფაქტობრივად, ტექნიკის მონაა, მაგრამ რაღაცებს კითხულობს. დღეს ვნახე, ილიას ლექსები (ბროშურის მსგავსი კრებული) ჰქონდა წასაკითხად გამზადებული...

- ლაშა, წიგნი ცხოვრების რთული ეპიზოდის გადალახვაში დაგხმარებია?

- რომ ვთქვა, წიგნი რამე პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა-მეთქი, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ კითხვისთვის გული გადამიყოლებია. ფაქტობრივად, ესეც დახმარებას ნიშნავს.

- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას მეტ-ნაკლებად თუ ეცნობი?

- დამიჯერე, ავტორების უმეტესობას არ ვიცნობ. რამდენიმე მათგანის სახელი გამიგონია, რამდენიმე ნაწარმოების ამონარიდი წამიკითხავს. ცუდია, რომ მსახიობი და მომღერალი ამას ვამბობ, მაგრამ თანამედროვე ავტორების შემოქმედებას მართლა არ ვიცნობ.

- იმის გამო, რომ წიგნის კითხვისთვის ვერ იცლი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც მუშაობისას, დანაკლისს გრძნობ?

- ძალიან. ბოლო დროს მივხვდი, რომ სიტყვების მარაგს ვკარგავ... რადიოში ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, რომ უკვე რამდენიმე სიტყვას ვეძებდი... შეიძლება, ასაკის ბრალიც იყოს - ალბათ, ჩემს ტვინს უკვე ნაკლები წონა აქვს (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი