ვის სახელს უკავშირდება საქართველოში ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატურის შემოტანა - გზაპრესი

ვის სახელს უკავშირდება საქართველოში ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატურის შემოტანა

წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ქართულ მედიცინაში ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოჩენა რევოლუციის ტოლფასი იყო. მაშინ, როცა დიაგნოსტიკური მეთოდები ძირითადად, სტეტოსკოპზე იყო დამოკიდებული და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მასზე დაყრდნობით დგინდებოდა, ულტრაბგერითი დიაგნოსტირების მეთოდის დამკვიდრებამ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის გაანახევრა.

მთელ საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დამფუძნებელი ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი საერთაშორისო ექსპერტი და მეანობა-გინეკოლოგიის დარგში პირველი კომპიუტერული კვლევებისა და პროგრამების ავტორი, პროფესორი ალექსანდრე პაპიტაშვილი გახლავთ. უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის სახელთანაა დაკავშირებული პირველად საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტირებისთვის საჭირო აპარატურის შემოტანა და ამ მიმართულებით არაერთი საავტორო ახალი მეთოდის შემუშავება-დამკვიდრება.

ალექსანდრე პაპიტაშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ახალი ტექნოლოგია შემოდის და ძველი იხვეწება, ჯერჯერობით, ვერც ერთი მათგანი ვერ აჭარბებს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებსა და დანიშნულებას. ის გახლავთ აბსოლუტურად უვნებელი, რაც დამტკიცებულია ათეული წლების განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევებით, არის ბევრად იაფი სხვა საშუალებებთან შედარებით, უფრო მარტივად შესასრულებელი და ძალზე ინფორმაციული. მხოლოდ ამ მეთოდით არის შესაძლებელი სპეციალურ დოპლერის რეჟიმში სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის გამოკვლევა, თვით სისხლძარღვების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი დიაგნოზის დასმა. გარდა ამისა, შესაძლებელია, ნებისმიერ ასაკში (მათ შორის, ნაყოფშიც) სისხლის მიმოქცევის თავისებურებების განსაზღვრა. შეგვიძლია დავათვალიეროთ ცალ-ცალკე სისხლძარღვთა კედლის შრეები. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, პირველ ადგილზე სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.

- თქვენი ავტორობით შემუშავებული ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით საშვილოსნოს მილების გამტარიანობის დადგენაა...

- ამ მეთოდთან დაკავშირებით, 1983 წელს ე.წ. პრიორიტეტის ცნობა ანუ გამოგონების საავტორო მოწმობა მოვიპოვე. მანამდე ამის შესახებ მსოფლიოში არავის მოუხსენებია და არც რაიმე სახის პუბლიკაცია ყოფილა. ახლა კი ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში იყენებენ. შესულია სახელმძღვანელოებშიც, სადაც მის ავტორად გახლავართ დასახელებული. დედამიწაზე უნაყოფობის პრობლემა დაქორწინებული წყვილების 20-25%-ს აქვს. თითქმის იგივე სურათი საქართველოშიც - ყოველი მეოთხე ოჯახი ამ პრობლემის წინაშე დგას. შემთხვევების ნახევარი მამაკაცის, ნახევარი კი ქალის კონკრეტული პრობლემის გამო ხდება. ქალის უნაყოფობის მიზეზების 35-40% მილების მდგომარეობას უკავშირდება - ისინი ან ფუნქციადარღვეულია, ან რაიმე სხვა სახის გამტარიანობასთან დაკავშირებული შეფერხებაა და შესაბამისად, მათი ფიზიოლოგიური როლი შეზღუდულია. გამტარიანობის დასადგენად რენტგენის გამოყენება ძალზე მავნეა და შეიძლება ითქვას, დანაშაულის ტოლფასია, რადგან საკვერცხეებზე ძალზე უარყოფითად მოქმედებს და შესაძლებელია, ონკოლოგიური დაავადების მიზეზიც გახდეს. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უვნებელია.

- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის გამოყენებით კიბოს განვითარების რისკის დადგენის მეთოდის ერთ-ერთი ავტორიც ხართ.

- დიახ, ორგანოს დათვალიერების შედეგად ვარკვევთ, სიმსივნის განვითარების რა რისკი არსებობს. მსოფლიოში ამ მეთოდის ავტორი სულ რამდენიმეა. ონკორისკის დადგენა სისხლძარღვთა შესწავლისა და შეფასების საშუალებით ხდება. ეს შესაძლებელია ღვიძლის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეებისა და პროსტატის შემთხვევაში. ულტრაბგერა ვერ "მუშაობს" ძვლის, ფილტვის, ნაწლავისა და ცხვირ-ხახის მიდამოებში, თუმცა, ამ საკითხებზეც მიმდინარეობს კვლევები და მალე ამ ორგანოების შესწავლაც მოხერხდება. სიზუსტის მაჩვენებელი თითქმის 99%-ია. მისი საშუალებით, რამდენიმე ათეული ადამიანი გადარჩა - ვაიძულე, ოპერაცია დროულად გაეკეთებინათ. ახალი მიმართულებაა ასევე, ე.წ. სილუეტის რეჟიმი. თუ ადრე ნაყოფს "თოჯინის" გამოსახულებით ვხედავდით, ახლა შესაძლებელი გახდა, ის არა მხოლოდ გარეგნულად დავათვალიეროთ, არამედ ინფორმაცია შინაგანი სტრუქტურების შესახებაც მოვიპოვოთ. ე.წ. კანეტ ტესტის საშუალებით კი შეგვიძლია 4-განზომილებიანი გამოსახულებით ვნახოთ, როგორ იცინის, ტირის, ენას გამოყოფს ნაყოფი და ამის მიხედვით, თავის ტვინის განვითარებასა და ფუნქციებზე ვიმსჯელოთ.

- უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ?

- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი წითელი დიპლომით დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სახელობითი სტიპენდია მქონდა დანიშნული, ექიმად რაიონში გამანაწილეს: საბჭოთა კავშირის დროს რაიონებში ექიმების დეფიციტი იყო და სამი წელი იქ მუშაობა სავალდებულო გახლდათ. მცხეთის საავადმყოფოში ექვსი თვე ვიმუშავე. შემდეგ უკვე მქონდა უფლება და ორდინატურისთვის მოსკოვში, მეანობა-გინეკოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წავედი. ასპირანტურა დავამთავრე და დისერტაციაც იქ დავიცავი. პირველი ულტრაბგერითი აპარატი მოსკოვში 1976 წელს სწორედ იმ ინსტიტუტში ჩაიტანეს, სადაც ვიმყოფებოდი. ორ წელიწადში აპარატურის დარიგება-განაწილება დაიწყო. საკავშირო ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობდა და შემდეგ, ცენტრალურ ინსტიტუტებში ანაწილებდა. თავდაპირველად, მხოლოდ მოსკოვში იყო ორი აპარატი, შემდეგ შემოიტანეს კიდევ ხუთი. 15 რესპუბლიკა იყო, ყველას ვერ დაურიგებდნენ. მისცეს მათ, ვისაც ენდობოდნენ და მათ შორის ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი. აპარატი გადასცეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. მაშინ ამიერკავკასიაში მსგავსი არაფერი არსებობდა. ჩვენთან გამოსაკვლევად უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა, დღეში 200-300 პაციენტს ვიღებდით.

GzaPress

- ერთია, რომ უკვე არსებობდა აპარატი, მაგრამ მის ექსპლუატაციასაც ხომ კონკრეტული ცოდნა სჭირდებოდა?

- დიახ და ეს ქმნიდა კიდეც პრობლემას. თვითონ აპარატის გამომშვები ფირმის რამდენიმე პრიმიტიული იაპონური ატლასის გარდა, არაფერი არსებობდა. 1980 წლიდან გამოცდილება დაგროვდა და მალე გამართულად მუშაობა შევძელით. ბუნებრივია, მარტო შეუძლებელი იყო ამ პროცესის გაძღოლა. კათედრაზე სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ვიყავი. საქმის შესასწავლად ხუთი სტუდენტი ავიყვანე, ვასწავლე, ჩემთან ერთად შრომებიც გამოვაქვეყნებინე, გამოვეცი საბჭოთა კავშირში პირველი სასწავლო სახელმძღვანელო ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში მეანობა-გინეკოლოგიის დარგში, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. ეს დარგი იმდენად წარმატებული და საჭირო გახდა, რომ მისი განვითარებისთვის ცალკე კათედრად ჩამოყალიბება იყო აუცილებელი, მაგრამ ვერ მოხერხდა. ყველა მსგავსი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კათედრა ცალკე არც ახლაა გამოყოფილი. არადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალობათა ნუსხაში ცალკე სამედიცინო პროფესიადაა მოხსენიებული. ასეა რუსეთში, გერმანიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. 1980-1984 წლებში საკავშირო ჯანდაცვის სამინისტრომ უამრავი ძვირად ღირებული აპარატურა გადმომცა, რათა ქვეყანაში პირველი შობამდელი დიაგნოსტიკის ცენტრი შექმნილიყო. პროცესი წარმატებით წარიმართა და ცენტრი სამინისტროს ბრძანებით, ოფიციალურად გაფორმდა. 1984 წელს ეს ყველაფერი გაურკვეველი მიზეზით და ყოველგვარი ახსნის გარეშე ჩამომართვეს. რა არ ვცადე, მაგრამ - ამაოდ, რადგან ამ საქმის მოწინააღმდეგე საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის მფარველობით სარგებლობდა. თითქმის ნახევარი მილიონის სავალუტო ღირებულების აპარატურას მას შემდეგ არც ერთი დღე არ უმუშავია და არავინ იცის, სად ინახება ან რა მდგომარეობაშია. მოგვიანებით, კამოს ქუჩაზე მდებარე მეორე სამშობიაროში გადავედი და ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. განაწილებით ვიშოვე ექოსკოპიის აპარატი. პირველი კომპიუტერული პროგრამები, იქვე, სარდაფში შევქმენი. ამ რეჟიმში 1987 წლამდე ვიმუშავე. შემდეგ იქაც ახალი მთავარი ექიმი მოვიდა, კერძო მედიცინა იკიდებდა ფეხს. ახალი მოთხოვნები წამომიყენეს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და იქაურობაც დავტოვე.

- კონკრეტულად რა შეცვალა ულტრაბგერითი აპარატურის გამოჩენამ?

- ყველა სხვა საკითხს თავი რომ დავანებოთ, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაანახევრა. მანამდე ნაყოფის მდებარეობის ზუსტი დადგენა შეუძლებელი იყო. მშობიარობისას ბევრი პრობლემა იჩენდა თავს, პრევენცია რთული იყო - განგაში მხოლოდ სისხლდენის შემთხვევაში იწყებოდა... ულტრაბგერითი აპარატურის საშუალებით შესაძლებელი გახდა პაციენტს თავიდან ავარიდოთ ქირურგიული ჩარევა. უკვე ვაკონტროლებთ ნაყოფის განვითარებას. გაჩნდა ახალი მიმართულება - ნაყოფის მედიცინა. ის შეისწავლის ნაყოფს ჩასახვის მომენტიდან. დგინდება ბავშვის წონა, სიცოცხლიუნარიანობა, მანკების არსებობა, პლაცენტის მდებარეობა, სანაყოფე სითხის რაოდენობა. გარდა ამისა, ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ უკვე შესაძლებელია ნაყოფზე ოპერაცია მუცლად ყოფნისას გაკეთდეს. ხშირია ოპერაცია გულის მანკის, ჰიდროცეფალიის გამო. უკვე 12 წელია ვსწავლობ ინფექციების, მათ შორის, ვირუსული ინფექციების გავლენას ნაყოფზე, რომელთა დროული მკურნალობა დაავადებათა რიცხვსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს. მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის 50% (ტრავმების გარდა) ნაყოფის მე-12 კვირიდან დაწყებული, დაბადებიდან 1 წლამდე პერიოდია. ამ მაჩვენებლის შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის. ნაყოფის მედიცინის განვითარება მთელ მსოფლიოში დიდი სისწრაფით მიმდინარეობს, რადგან მოწინავე ქვეყნების ხელმძღვანელებს გააზრებული აქვთ ამ საქმის დიდი პერსპექტივა. იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც მოიძებნებიან ადამიანები, ვისთვისაც მომავალი თაობების ჯანმრთელობა და საქართველოს განვითარების პერსპექტივა სულერთი არ იქნება.

შორენა ლაბაძე