"ახალი ნუცა სურგულაძე უნდა გაჩნდეს!" - გზაპრესი

"ახალი ნუცა სურგულაძე უნდა გაჩნდეს!"

პოპულარული სატელევიზიო პროექტ "მასტერშეფის" მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

- პროექტის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ცნობადობა მომიტანა, რაც ძალიან მსიამოვნებს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში დიდ ყურადღებას ვგრძნობ, პროფესიულადაც ძალიან დამეხმარა განვითარებაში. კულინარიული ბლოგი მაქვს, სადაც ვიდეორეცეპტებს ვწერ და საკმაოდ ბევრი ადამიანი აქტიურობს. ასევე, სხვადასხვა რესტორანთან ვთანამშრომლობ, მათი კონსულტანტი ვარ, ბრენდ-შეფი. "მასტერშეფი" ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა, ეს ის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც ყველა კარს გიხსნის. ძალიან მიხარია, რომ გავრისკე და მივიღე მონაწილეობა, მაგრამ პროექტი ჩემი გამარჯვებით თუ დასრულდებოდა, ნამდვილად არ მეგონა!

- პროექტის განმავლობაში, საკმაოდ ორიგინალურ კერძებს ამზადებდით, მაგრამ საფინალო საახალწლო დესერტი, თავისი ულამაზესი გაფორმებით, პირადად ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ჟიურისაც განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა. გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა, კარგ შეფმზარეულს უშრეტი ფანტაზიაც სჭირდება. როგორ შეძელით ყველა იმ სირთულის დაძლევა და საბოლოოდ, ასეთი შედეგების მიღწევა?

- კულინარობა არანაკლები ხელოვნებაა, რადგან მართლაც დიდი წარმოსახვის უნარია საჭირო, კერძები რომ შექმნა. შეფი მაშინ ხდები, როცა შენი სახელი ჰქვია, შენი საფირმოა და არა - გადმოკოპირებული. ეს პროცესი დიდ გამოცდილებას გძენს და ამავე დროს კულინარიული "შედევრიც იქნება". მთავარი მონდომება და ბევრი შრომაა.

- თუმცა, თეორიული განათლებაც ხომ მნიშვნელოვანია?

- რა თქმა უნდა, და როცა საბაზისო ცოდნას იღებ, მერე შენით ხვდები ბევრ რამეს, აზრები თავისით მოდის... კულინარიაში დოგმები არ არსებობს, ყველაფერი შეიძლება, ერთმანეთს მოუხდეს, მთავარია, რამდენად სწორად მოამზადებ.

- თქვენ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- სკოლას რომ ვამთავრებდი და დავფიქრდი, რა პროფესია ამერჩია, კულინარიისკენ გადავიხარე და ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ შეფთან სტაჟირებაზე მივედი. მასთან საფრანგეთში ჩავედი, რესტორანში მივედი და განვუცხადე, - არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თქვენთან მუშაობა მინდა-მეთქი. შეფს მოვეწონე და მიმიღო. ერთ კვირაში უკვე დავრწმუნდი, რომ ეს პროფესია იყო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემი მინდოდა ყოფილიყო, ძალიან შემიყვარდა და ჩემი თავი ამ სფეროში ვიპოვე. ეს პროფესია მრავალფეროვანი, ამოუწურავი, საინტერესო და მხიარულია. რუტინულად ერთი და იმავეს კეთება არ გიწევს, სულ სიახლეებია. ბევრ რამეს სწავლობ. კვება ადამიანისთვის ყველაზე მთავარია და როცა მაღალ დონეზე აგყავს, ძალიან მაგარია.

- ქართული კერძების გარდაქმნა და გათანამედროვება, ახლებურად წარმოჩენა და შეფუთვა ბოლო დროს ტრენდული გახდა. რა გზით ცდილობთ თქვენ სიახლეების შეტანას?

- საფრანგეთში კარგი გამოცდილება მივიღე და იქაურ კერძებს ვადარებ ხოლმე. ვიღებ ქართულ ინგრედიენტებს, ვნახულობ რეცეპტს, მომზადების წესს და ვიწყებ ფიქრს, ამ კერძს მე როგორ გავაკეთებდი, რომ უკეთესი და ცოცხალი გემო მივიღო, რა შეიძლება დავამატო, უცხოეთში რა ტექნიკებს გამოვიყენებდი და ა.შ. ასე ხდება ძველი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძების გათანამედროვება, განახლება.

- ქართული კუთხეებიდან რომლის გასტრონომიულ კულტურას ანიჭებთ უპირატესობას?

- ძალიან მომწონს მესხური სამზარეულო, განსხვავებული და საინტერესოა, ასევე, აჭარული. კარგი იქნებოდა, მათი მეტად პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული რესტორნების მენიუში კუთხეების მიხედვითაც განთავსდეს კერძები, მეტი მრავალფეროვნებისთვის და ჩვენი კულტურის წარმოსაჩენად. რაც მეტი ადამიანი შეცვლის თავისებურად, ოღონდ, გემოვნებიანად, მით უფრო განვითარდება ქართული სამზარეულო. მე სინორს ვაკეთებ ხოლმე. ტრადიციულად, მარილიანია, მე კი მისი დესერტად გარდაქმნა და ხილის დამატება მომწონს. რაღაცას ყოველთვის ვცვლი.

- ნებისმიერ კერძში, დამეთანხმებით, რომ ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ვიზუალურ მხარეს, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ექცევა. კერძი მადისაღმძვრელი უნდა იყოს და გაფორმების პროცესი ყველაზე მეტად მომწონს, სასიამოვნოა. როცა ყველა ინგრედიენტი მზად მაქვს და თეფშზე გადავდივარ, ყველაზე ბედნიერი ვარ. ისე ვაფორმებ, რომ ნამდვილი ჰარმონია იყოს.

- ამოჩემებული ინგრედიენტები თუ გაქვთ?

- კი. ეს არის ლაიმის ცედრა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ასევე, მწვანე ხახვი, სუნელებიდან - ორეგანო, ხშირად ვიყენებ.

- ყველაზე ძნელად მოსამზადებელი კერძი რომელია?

- საქართველოში ძალიან მიჭირს ბეზეს გაკეთება, რადგან ხშირად კვერცხი კარგი ხარისხის არ არის და ცილა არ ამოდის ისე, როგორც საჭიროა. თუ პროდუქტი არ ვარგა, ჩათვალეთ, რომ კერძი განწირულია.

- კარგი ტექნიკური აღჭურვილობაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. რამდენად მიგიწვდებათ ხელი და არ გენანებათ თანხა ცხობისთვის საჭირო ატრიბუტების შესაძენად?

- სახლში ისეთი სამზარეულო არ მაქვს, როგორსაც ვისურვებდი და მჭირდება, რომ მქონდეს: ღუმელი, გამწოვი, მაცივარი... ვიცი, აუცილებლად მექნება. ამჟამად ვცდილობ, იმით გავაკეთო, რაც არის და ის არ ვთქვა - ღუმელი არ მაქვს ძალიან კარგი და ამიტომ ვერ გავაკეთე-მეთქი. ექსპერიმენტებს მაინც ვატარებ, რომ განვვითარდე.

GzaPress

- საზღვარგარეთ ყოფნისას, რომელი ქვეყნის გასტრონომია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, გარდა საფრანგეთისა, სადაც ცხოვრობდით და სწავლობდით?

- ყველა ქვეყანას თავისი განძი აქვს კულინარიის მხრივ, განსაკუთრებული პროდუქტი, კერძი და, როცა ახალ ქვეყანაში ჩავდივარ, ყველაფერს ვსინჯავ, რაც იქ პოპულარულია. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო მომენტია, რადგან ახალ გემოებს ვეცნობი. საფრანგეთში რომ ჩავედი, კულტურული შოკი მივიღე, როცა ლოკოკინები, ბაყაყის ფეხები გავსინჯე. ბევრი გემო და ტექსტურა აღმოვაჩინე, ყველაფერი შემიყვარდა. პრეტენზიული არა ვარ, ყველაფერს ვსინჯავ, რადგან ვთვლი, რომ ცუდი პროდუქტი არ არსებობს, არსებობს ცუდად მომზადებული კერძი. მაგალითად, ესპანეთში ყველა სამ საათზე მიირთმევს, საფრანგეთში - 12-ზე. მათი ცხოვრების წესი ისეა მორგებული, რომ მაგ დროს ყველა მეტ-ნაკლებად ახერხებს, ოჯახთან ერთად ისადილოს. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ტრადიცია არ გვაქვს.

- თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მისთვის დამახასიათებელი საუზმე, თქვენთვის რომელია უფრო მსუყე და გემრიელი?

- ძალიან მომწონს ფრანგული, კარგი ტრადიციაა, სხვადასხვა სახის კრუასანებია, ჯემები, წვენები, ფენოვანი ცომი გემრიელი შიგთავსებით და ა.შ.

- სწორი კვების რეჟიმით ცხოვრებას თუ ახერხებთ?

- სწორედ ახლა ვარ ასეთ აქტიურ პერიოდში: რეჟიმი სრულიად შევიცვალე, ვვარჯიშობ და საათობრივად ვიკვებები, 7კგ დავიკელი. თავს ისე ენერგიულად ვგრძნობ, თითქოს ახალი სიცოცხლე მომეცა. მინდა, 20 კილოგრამი დავიკლო და იმედი მაქვს, ამას სექტემბრამდე მოვახერხებ. ახალი ნუცა უნდა გაჩნდეს (იცინის). 13-საათიან დიეტაზე ვარ, დღეში დაახლოებით 1300 კალორიას მივირთმევ, კვირაში 5 დღე კი ვვარჯიშობ. ვცდილობ, "ჯანქ ფუდი" არ მივირთვა, უფრო ბოსტნეული, კვერცხი, პროტეინის ცილა, რომ უფრო სწრაფად მოხდეს წონის კლება.

- "მასტერშეფის" ახლანდელ მონაწილეებზე რას იტყვით?

- წინა ორი სეზონის მონაწილეებისგან განსხვავდებიან, სხვანაირი პერსონაჟები არიან. მგონია, ჩვენს სეზონში უფრო გამოკვეთილი პერსონაჟები იყვნენ, ყველა თავის როლში იყო, დრამები, მეტი ექშენი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. ამავე დროს ვთვლი, რომ როგორც კულინარები, ცხადია, ძალიან კარგები არიან და ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- კორონავირუსის გამო, საქართველოში ვრჩები, წასვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ჩემი ბლოგის განვითარებას ვცდილობ და როგორც აღვნიშნე, განვაგრძობ რესტორნებთან თანამშრომლობას. ჩემი რესტორანი რომ გავხსნა, ჯერ კიდევ უნდა მივიღო გამოცდილება, რომელიც უცხოეთში უნდა დავაგროვო და ბევრი რამ ვისწავლო, შემდეგ ვნახოთ... საქართველოსთან განშორებას არ ვაპირებ. ჩემს თავს სარესტორნე სამზარეულოს მიმართულებაში ვხედავ, მაღალი კლასის კულინარია მიზიდავს, ასევე, საკონდიტრო მიმართულება და მინდა, მაღალ დონეზე შევისწავლო. ჩემი დიდი ოცნებაა, იტალიაში წავიდე და ნაყინის მომზადების ხელოვნებას დავეუფლო, შემდეგ კი, აუცილებლად მექნება ნაყინის უდიდესი და ულამაზესი მუზეუმი, საკუთარი, საუკეთესო ნაყინით, რომლის სახელწოდება იქნება - "ნუცასია".

სინორის რეცეპტი:

გამხმარი ლავაში ჩავაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დავასხათ ცოტა წყალი და გამოვაცხოთ 2 წუთის განმავლობაში, რომ დარბილდეს. ცალკე ავურიოთ 3 ჩ/კ ნაღები, 400 გ კაიმაღი ან მაღალპროცენტიანი არაჟანი, ვანილი, 2 ჩ/კ შაქარი და მთლიანი მასა დარბილებულ ლავაშს წავუსვათ. ვაცხოთ კიდევ 8 წუთი 180 გრადუსზე და ბოლოს, ხილით გავაფორმოთ.

ჩიას პუდინგის რეცეპტი:

ავიღოთ 2 ს/კ ჩიას თესლი. გავათბოთ 5 ს/კ რძე და დავასხათ ჩიას მარცვლებს. როცა გასქელდება, შევურიოთ მაწონს ან იოგურტს. 15 წუთით მაცივარში გავაცივოთ და სურვილისამებრ, დავუმატოთ ხილი ან ქოქოსის ფანტელი. მივირთვათ დესერტად ან საუზმეზე.

თამთა დადეშელი