5 ათას ლარში გაუცვლელი საიდუმლო თბილისის ზღვაზე გამოაშკარავდა - გზაპრესი

5 ათას ლარში გაუცვლელი საიდუმლო თბილისის ზღვაზე გამოაშკარავდა

სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელობით, ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სილამაზის და მოდელების კონკურსი, ფესტივალი, მოდის კვირეული თუ სხვა ღონისძიება და პროექტი განხორციელებულა... კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, "კატრინი" მუშაობის აქტიურ რეჟიმს უბრუნდება: სააგენტოს ხელმძღვანელმა - ეკატერინე მგალობლიშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ზაფხულის ერთი საღამო მონატრებულ საზოგადოებას მიუძღვნა...

ღონისძიება თბილისის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ: ვერიკო ტურაშვილი, მარკუს მეტრეველი, აჩიკო მეფარიძე, გია ნიკოლაძე, ნინო ძოწენიძე, ფატუნა ბუშიჰედი და ასევე, სხვადასხვა პროფესიის საქმიანი ადამიანები.

"კატრინთან" არსებული, ვერიკო ტურაშვილის მუსიკალური სტუდიის ბავშვებმა და მოზარდებმა, ვერიკოსთან ერთად, სიმღერა ჩაწერეს, რომლის პრემიერაც ღონისძიებაზე შედგა...

ვერიკო ტურაშვილი:

- მრავალფეროვანი საღამო იყო. ყველანი კმაყოფილები არიან: ჩვენი სტუდიის ბავშვებიც, მათი მშობლებიც, მოწვეული სტუმრებიც... ასეთი ღონისძიებები ყველას მოგვენატრა. ეკა მგალობლიშვილი ასეთი საკითხების მოგვარებაში გამოცდილია, ამიტომ საღამოს ორგანიზება უპრობლემოდ მოახერხა... მგონი, პირველი ნაბიჯების კვალობაზე, კარგი შედეგია: სტუდიის ბავშვებთან ერთად დუეტი ჩავწერე. სიმღერა რადიოსადგურებში "ტრიალებს" - მსმენელების მოწონება ხვდა წილად. ეს პატარა ამბავი არ არის, რადგან საბავშვო სიმღერები რადიოში ხშირად არ ჟღერს... სიმღერის ავტორი ჩემი ბათუმელი მეგობარი - მუსიკოსი ნატო ღოღობერიძე გახლავთ. რამდენიმე დღეში, ბათუმში კლიპის გადაღებას ვაპირებთ. რეჟისორთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ვკერავთ კოსტიუმებს, ვარჩევთ ლოკაციებს, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და რაც მთავარია, სიმღერისთვის შესაფერისია. სექტემბრიდან კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს...

ღონისძიებაზე კიდევ ერთი სიმღერის - "გული თქვენით თბება" პრემიერა შედგა, რომელიც მარკუს მეტრეველმა და "კატრინის" პატარა მოდელებმა - ანასტასია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა შეასრულეს.

GzaPress

მარკუს მეტრეველი:

- სიმღერა "ბრავო რეკორდსში" ჩავწერეთ. მუსიკის ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ, ტექსტის კი - გენიალური პოეტი, ნანა ცინცაძე. ხალისიანი განწყობით ვიმუშავეთ - სიმღერაში პოზიტიური განწყობა "დევს". ჩაწერის შემდეგ, მაშინვე კლიპზე მუშაობა დავიწყეთ. რეჟისორი სანდრო (სანი) ნადირიძე გახლავთ. კლიპი სექტემბერ-ოქტომბერში გამოვა... იმედია, საზოგადოებას მოეწონება. გადაღების პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ბავშვებმა ჩემთან საოცრად მაღალ დონეზე ითანამშრომლეს - ზაფხულის სიცხის მიუხედავად, მთელი კვირა, პროფესიონალებივით იმუშავეს, ერთხელ არ დაუწუწუნიათ. ამის მიზეზი ის არის, რომ პატარები არაერთი მსოფლიო კონკურსის გამარჯვებულები არიან - სამუშაო რეჟიმის "გემო" უკვე იციან... მიხარია, რომ ჩვენს მსმენელებს კიდევ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ.

ღონისძიებაზე გაირკვა იმ იდუმალი ქალბატონის ვინაობაც, რომელთან ერთადაც გია ნიკოლაძე სიმღერას - "ახალი თბილისი" ასრულებს და ვისი ვინაობაც ტელეგადაცემაში - "ფარული კონვერტი" ხუთი ათასი ლარის სანაცვლოდაც კი არ დაასახელა. ეს ქალბატონი ფატუნა ბუშიჰედია...

ფატუნა ბუშიჰედი:

- ბედნიერი შესაძლებლობა მომეცა, ისეთ ნიჭიერ მუსიკოსთან, პოეტთან, არაჩვეულებრივ პიროვნებასთან ერთად მემღერა, როგორიც გია ნიკოლაძეა. მსოფლიო დონის დიზაინერი ვარ, მაგრამ არა - მსოფლიო დონის მომღერალი (იცინის). გიას ლექსები მსოფლიო დონისაა, მისი პოეზია დაუვიწყარია. გია დაუვიწყარი პოემის (რომელიც საუკუნეებს გაუძლებს) ავტორია და შესაბამისად, ინტრიგაც დავტოვეთ, რომ მე სააშკარაოზე არ ვყოფილიყავი. ასე თავმდაბლურად მოვიქეცი, რაც მახასიათებს ხოლმე, თუმცა ჟურნალისტის მახეში გავები (იცინის)... ღონისძიებას რაც შეეხება, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი საზოგადოების გაერთიანებაზე ზრუნავს, საქართველოში ბევრი სტუმარი ჩამოჰყავს. პანდემიის დროს ამხელა ღონისძიების გამართვა, ალბათ მხოლოდ ეკას შეუძლია. ეს მისი ენერგიულობისა და უზარმაზარი შრომის შედეგია. ასევე, ვერიკო ტურაშვილი უნიჭიერესი მომღერალი და კარგი მეგობარია. ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ყოფნა მეამაყება...

მუსიკალურ ნომრებთან ერთად, საღამო ქალბატონმა ნანა ცინცაძემ თავისი ლექსით გაალამაზა. მოდელებმა - ნინი გრძელიშვილმა და მარიამ ერგემლიძემ პროექტის - "ცხოვრება მშვენიერია" (რომელსაც ინგლისში მცხოვრები ქართველი გოგონა - თათა ოქროპირიძე ახორციელებს, ეკა მგალობლიშვილთან ერთად) ფარგლებში შექმნილი 2 კოსტიუმი წარმოადგინეს. პოდიუმზე "კატრინის" ბავშვებმაც გაიარეს, დედიკოებთან ერთად...

GzaPress

ეკატერინე მგალობლიშვილი:

- ვხუმრობდით, ბევრ დედიკოს, რომელიც 30 წელს გადაცილებულია, სურდა, პოდიუმზე გაევლო, მაგრამ მაშინ ეკა მგალობლიშვილი არ ჰყავდათ, როცა პატარები იყვნენ. ამიტომ მათ ოცნება ავუსრულეთ და ვერიკო ტურაშვილთან ერთად, დედები და შვილები პოდიუმზე გავიყვანეთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებსა თუ მოზარდებს კომფორტი შევუქმნა. მათ აქვთ თავიანთი სამკერვალო, ფოტოსტუდია... ვისაც სიმღერის ნიჭი აქვს, უნიჭიერესი ვერიკო ამეცადინებს და ა.შ. "კატრინი" მხოლოდ სამოდელო სტუდია არ არის, მხოლოდ 1 მიმართულებით არ ვმუშაობთ... მინდა, ბავშვებმა თავიანთი ნიჭი განავითარონ. ეს მათთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც...

დღემდე, 4 თვის განმავლობაში სახლში მყოფი ჩემი თავი არ მახსოვს. ჩემი მიზანი იყო, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც ძალიან მიყვარხართ, მომეწვიეთ და ლამაზი ქართული საღამო მოგვეწყო... ხომ გაგიგონიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო? მართალია, საზღვარგარეთ ვეღარ მივფრინავ, სამაგიეროდ, გადავწყვიტე პროექტს - "კარდაკარ" დავუბრუნდე, რომელსაც კრისტი ყიფშიძესთან და ნინი შერმადინთან ერთად ვახორციელებდი ხოლმე. ამჯერად, ვერიკო ტურაშვილი შემოგვიერთდება და საქართველოს ყველა რეგიონს, რაიონს ვესტუმრებით, ფესტივალებს ჩავატარებთ, ნიჭიერ ბავშვებს აღმოვაჩენთ, შევარჩევთ "მის და მისტერ საქართველო - თინეიჯერს", "საქართველოს საუკეთესო მოდელს", "მის და მისტერ პლანეტისათვის" - საქართველოს წარმომადგენელს... მოკლედ, ჩვენი ქვეყნის რეგიონებს მეტ დროს დავუთმობთ...

ეთო ყორღანაშვილი