სიზმრად ნანახი საბედო და უცნაური ხილვები - გზაპრესი

სიზმრად ნანახი საბედო და უცნაური ხილვები

მერე კი აკეთებს ასეთ დასკვნებს: დღეს სახლიდან არ უნდა გავიდე, რადგან შესაძლოა, ვინმეს ვეჩხუბო; ხვალ კარგი დღე მექნება; დიდი ხნის უნახავ ადამიანს შევხვდები და ა.შ. ვინ არიან "სიზმარები" და შეიძლება თუ არა, რომ ძილში ნანახი სიტუაცია რეალურ ცხოვრებაში განმეორდეს, ამაზე ჩვენი ერთგული მკითხველები თავად ისაუბრებენ.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ნია:

- 2 წლის წინ ვნახე სიზმარი, რომელიც ახლახან ამიხდა - გავიცანი პიროვნება, რომელიც სიზმარში შინ მესტუმრა და მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. მართალია, ჯერჯერობით ეს ბიჭი ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს, მაგრამ ფაქტია, ის ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როცა მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი.

- უკვე უთხარი, რომ წლების წინ სიზმარში ნახე?

- ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა, მეტიც - ამაზე ბევრი იცინა... მისთვის არ მითქვამს, ჩემი ცოლად მოყვანის სურვილი გქონდა-მეთქი; მხოლოდ ის გავანდე, რომ სიზმარში მყავდა ნანახი. ჰოდა, ამის გამო ისე დამცინა, სულ თავბედი ვიწყევლე, - ნეტავ, ენაზე ვინ მექაჩებოდა-მეთქი?!

- სიზმარი სხვა დროსაც თუ აგცხადებია?

- არა, არასდროს! საერთოდ, ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც სიზმრების სჯერა, მაგრამ... ასეა თუ ისე, ახლა იმასაც ველოდები, როდის მოვა გიგა ჩემს მშობლებთან და როდის ეტყვის მათ, რომ ჩემზე გიჟდება, მერე კი ავდგები და დავცინებ ისე, როგორც არასდროს არავისთვის დამიცინია - სწორედ ასე მოვიქეცი ჩემს ლამაზ სიზმარში.

ქეთო, 17 წლის:

- სიზმრად ნანახი ამბები ხშირად მისრულდება. ამიტომაცაა, რომ წინასწარ ვიცი, დღის განმავლობაში ვის შევხვდები და ვისთან მომიწევს ურთიერთობა. ერთხელ მეგობარი დამესიზმრა - ვითომ ძალიან ცუდად იყო და ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა. ამ დროს კი ყურში იდუმალმა ხმამ ჩამჩურჩულა: ამ გოგოს კუჭის პრობლემა აქვსო... მეორე დღეს სიზმარი მეგობარსაც დაუფარავად მოვუყევი. მან ბევრი იცინა: კუჭის პრობლემა არასდროს მქონია. ასე რომ, ჩემ გამო სულ ტყუილად ნერვიულობო.

- ახდა შენი სიზმარი?

- სიზმარი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ამიხდა: ჩემს დაქალს კუჭის წყლული აღმოაჩნდა და სასწრაფოდ, ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ურემი რომ გადაბრუნდა, მერე მითხრა: ნეტავ, შენთვის დამეჯერებინა და პროფილაქტიკისთვის ექიმთან მივსულიყავი, ოპერაციის გაკეთება ხომ არ დამჭირდებოდაო?!. ახლა ყველა კუდში დამდევს და მეკითხება: სიზმრად ხომ არ გინახივარ? ხომ არ იცი, მომავალში რა მელისო? მოკლედ, მგონი, წინასწარმეტყველებთან მაიგივებენ და ვინაიდან მორწმუნე ვარ, ეს ამბავი ძალიან მაშფოთებს. ჰოდა, ახლა ჩემი სიზმრების შესახებ არავის არაფერს ვუყვები.

- მაგრამ სიზმრად რომ ნახო, ადამიანს უბედურება ელის და შენ შეგიძლია, ის დაღუპვისგან იხსნა, არც მაშინ გააფრთხილებ? სიზმრად ნანახს არ მოუყვები?

- ნუ, იმედია, ასეთი არჩევანის წინაშე არ დავდგები, მაგრამ თუ ჩემს სიზმარს შეუძლია, ადამიანს ცუდი რაღაცებიც აარიდოს თავიდან, ყველას სიამოვნებით გავაფრთხილებ.

გიო, 18 წლის:

- ჩემი "ლოვე" პირველად სიზმარში ვნახე - ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. ჰოდა, როცა რამდენიმე დღის შემდეგ ის "ლაივში" დავინახე, პირი ღია დამრჩა. სიმართლე გითხრათ, მანამდე სიზრებისა და ასეთი რაღაცების არ მჯეროდა, მაგრამ ნინის გაცნობის შემდეგ ყველაფერი ვიწამე. როცა ის გავიცანი, გამომიტყდა: 2 წლის წინ სოფელში გნახე. მეც იქ ვისვენებდი, სადაც შენ და იმდენად მომწონდი, რომ ვცდილობდი, შენი ყურადღება როგორმე მიმექცია, მაგრამ ეს ვერაფრით მოვახერხეო. მერე მეც გამახსენდა, როგორ მეჩხირებოდა თვალში ქერათმიანი გოგონა, რომელსაც მაშინ მართლაც, ყურადღების ღირსად არ მივიჩნევდი, რადგანაც ჩემზე 3 წლით უმცროსია ანუ მაშინ 13 წლის იყო და ისე მომხიბვლელიც არ გახლდათ, როგორიც ახლაა - ნინი უკვე დაქალდა და საოცრად მიმზიდველ არსებად იქცა.

- რომ არა შენი სიზმარი, როგორ ფიქრობ, მას ოდესმე ყურადღებას მიაქცევდი?

- სიმართლე გითხრა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს (ფიქრობს)... მისით ალბათ, მართლაც, იმიტომ უფრო დავინტერესდი, რომ სიზმრად მყავდა ნანახი ანუ მივხვდი, რომ ეს ნიშანი იყო და რომ მხოლოდ მასთან ურთიერთობა მომიტანდა ბედნიერებას, თორემ ჩემ ირგვლივ უამრავი კარგი, შესაძლოა, ნინიზე გარეგნულად ბევრად უკეთესი გოგონა მეგულებოდეს. თუმცა, ჩემი "ლოვე" ყველასგან გამორჩეულია თავისი ხასიათით - საოცრად მხიარულია და მისი თუნდაც, ერთი წამით ნახვაც კი საოცრად კარგ ხასიათზე მაყენებს; მეტიც - ამას წინათ ნინი დედაჩემს გავაცანი. სადედამთილოს ისე მოეწონა, რომ მაშინვე აღიარა: ეს გოგო მზის სხივივითაა. ბედნიერია ოჯახი, სადაც ის შევა, რადგანაც იქაურობას, რაც არ უნდა სიბნელე იყოს, მაშინვე გააჩახჩახებსო...

ნიკოლო:

"არასდროს მჯეროდა სიზმრების, მაგრამ დედაჩემის თავს გადახდენილმა უცნაურმა მოვლენებმა აზრი შემაცვლევინა. მოკლედ, დილაობით, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, მას ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს: ფრთხილად იყავიო და იმ დღეებში მართლაც, ცუდი რაღაცები ხდებოდა ხოლმე. მაგალითად, ერთხელ ქალაქიდან გავდიოდი და არაფრით გამიშვა: - ცუდი სიზმარი მაქვს ნანახიო. იმავე საღამოს, საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინეთ, რომ ზესტაფონთან ახლოს საშინელი ავარია მოხდა და რამდენიმე მგზავრი დაიღუპა. ეგ კიდევ არაფერი: აგვისტოს ომამდე, გაზაფხულზე, დედამ ყველაფერი წინასწარ ნახა (არ ვიცი, ამას სიზმარი ვუწოდო თუ ხილვა): ერთ დილას ის სიზმრად ნანახს ჩემს დაიკოს უყვებოდა, მე კი "ცალი ყურით" ვუსმენდი. მან თქვა: მალე ომი იქნება და ბევრი ქართველი დაიღუპებაო. მაშინ მისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მეტიც - სულ დავცინოდი: რომელი ნათელმხილველი მყავხარ-მეთქი, მაგრამ აგვისტოში, როცა საქართველოს უბედურება დაატყდა თავს, დედის სიზმარი გამახსენდა და სწორედ მაშინ ვაღიარე, რომ საოცარი ინტუიცია აქვს... ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა: საღამოს შინ მისულმა ვნახე, ეკა (დედაჩემი) გაზქურასთან რაღაცას აკეთებდა და თან, ტიროდა. ვკითხე: რა ხდება-მეთქი? მიპასუხა: ძალიან ცუდ სიზმრებს ვხედავ. ჰოდა, ახლა წარმოვიდგინე, რომ ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და სოფლის სახლი გამოკეტილიაო. ნუ, შეძლებისდაგვარად დავაწყნარე, მაგრამ... რამდენიმე საათის შემდეგ სოფლიდან დაგვირეკეს. თურმე, ბაბუა ცხენს დაუწიხლავს და გარდაცვლილა. დავიზაფრე და ეკა მოვატყუე: ბაბუ ცუდად ყოფილა და უნდა ვინახულოთ-მეთქი. თუმცა, სიმართლეს როდემდე დავუმალავდი?.. რაც შემეხება მე, ამ საკითხში აბსოლუტური ჩლუნგი ვარ... რაღაცები კი მესიზმრება, მაგრამ დილით არაფერი მახსოვს ანუ ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული, რა".

ეკატერინე, 16 წლის:

- მე მაქვს ხოლმე უცნაური ხილვა - სიზმარშიც და "რეალშიც" ვხედავ ადამიანს, რომელსაც ჩემ გარდა, ვერავინ ამჩნევს. ის მელაპარაკება, მართობს და ჩემზე ზრუნავს - რჩევებით ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებს. მაქვს ისეთი ხილვებიც, როცა წინასწარ ვხედავ, ჩემს ცხოვრებაში (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში) რა და როგორ მოხდება. თავიდან ეს ყველაფერი მაფრთხობდა, ახლა კი ამას მივეჩვიე.

- ხილვები რომ გაქვს, ეს ვინმემ იცის?

- მხოლოდ მშობლებმა და უახლოესმა მეგობრებმა. თუმცა, ჩემი მხოლოდ ერთ დაქალს ესმის და სჯერა, რომ არ ვიტყუები, დანარჩენები კი მიიჩნევენ, რომ ქალი-მიუნჰაუზენი ვარ.

- ეს არ გწყინს?

- არა, უკვე ამასაც მივეჩვიე... ვინაიდან ჩემი გაგება არ სურთ, ახლობლებს ხილვისას ნანახი ამბების მოყოლით დიდად არ ვაწუხებ, ყველაფერს მხოლოდ იმ დაქალს ვუყვები, ვისაც ჩემი ესმის...

ლიკა ქაჯაია