ორ ათეულ წელში ჩატეული საუკუნე - გზაპრესი

ორ ათეულ წელში ჩატეული საუკუნე

დიდი ადამიანები რომ ხშირად უძეგლოდ იკარგებიან, ამ ფაქტის დასტურად ისტორია არაერთ ჩრდილში მოქცეულ მოღვაწეს ითვლის, თუმცა, არის შემთხვევები, როცა "ძეგლად" მათი ვინაობის ნაცვლად, მათ მიერ დატოვებული დიადი საქმეები, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები თუ ხელოვნების ნიმუშები რჩება...

მიხა ხელაშვილმა სულ რაღაც 25 წელი მოასწრო სიცოცხლე, თუმცა, შეძლო დაემტკიცებინა, რომ სიცოცხლე მართლაც, შინაარსით იზომება და არა ხანგრძლივობით - სამი ათეული წელიც არ დასჭირდა იმისთვის, რომ საუკუნის მერეც მისი სახელი ნიჭის, გმირობისა და ვაჟკაცობის სინონიმად მოიაზრებოდეს...

წელს მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. მისი ხანმოკლე, მაგრამ ქარტეხილიანი ცხოვრების გზის, ველად შექმნილი პოეტური მარგალიტებისა და საბედისწერო 25-ე დაბადების დღის შესახებ მკვლევარ არჩილ ღიბრაძეს ვესაუბრეთ...

- ბატონო არჩილ, მოგვიყევით ფოტოს ისტორია, რომელზეც მიხა ხელაშვილის მკვლელები არიან გამოსახული...

- საბჭოთა ეპოქაში პოეტ მიხა ხელაშვილის შესახებ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცოდა. მისი ცხოვრება და შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ხალხი მის ლექსებზე მღეროდა, ავტორის შესახებ კი არაფერი იცოდნენ. რაც შეეხება ფოტოს, შინაარსი, რომელსაც ის ასახავს, ბოლშევიკური ეპოქის მეტად მეტყველი სიმბოლოა. ფოტოს ასლი დიდსულოვნად გადმომცა ბატონმა სანდრო შანიძემ. ფოტოს უკან მიხა ხელაშვილის ქალიშვილის, თამარის კომენტარი აქვს დართული: "ფოტო გადაღებულია 1925 წელს, მიხას მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. წინა პლანზე გამოსახულია სამი მოღიმარი ახალგაზრდა, უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლები: მკვლელობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი - ვახტანგ რაზიკაშვილი (ვაჟა-ფშაველას გერი), თანამონაწილენი - ლევან გარსევანიშვილი და ლუკა მარცვალაშვილი. მეორე პლანზე კომკავშირელები, რომლებიც მიხას მკვლელობისას ჩარგალში იმყოფებოდნენ. უკანა პლანზე საპყრობილეა, გისოსებს მიღმა პატიმრებს ხელში ახლობლების წერილი უჭირავთ".

GzaPress

- ცნობილია, რომ "ველის პოეტის" ნათესავებსა და მეგობრებს კომკავშირელები გამუდმებით აშანტაჟებდნენ და მათგან მიხას დაჭერის პროცესში ჩართვასა და დახმარებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. ეს უღირსი საქმე ბევრმა არ იკადრა და კომუნისტებთან წინააღმდეგობას საკუთარი თავიც გადააყოლა...

- მოგეხსენებათ, ბოლშევიკები სასტიკად უსწორდებოდნენ პატრიოტებს. მიხას არაერთი თანამოაზრე გამოასალმეს სიცოცხლეს. საბოლოოდ, ამ საქმისთვის პოეტის უახლოესი მეგობრები გადაიბირეს. უკვე მტრებად ქცეული მეგობრები ფრთხილობდნენ, დროსა და გარემოს არჩევდნენ, ეშინოდათ, მათ განზრახვას არ მიმხვდარიყო. კარგად ახსოვდათ, მიხა მილიციის სამოცკაციან რაზმსაც არ მოერიდა, მარტო დაესხა თავს, კომისარი მოკლა და რაზმი განაიარაღა.

1925 წლის 25 იანვარს მიხას 25 წელი შეუსრულდა. ძმაკაცთან, ლუკა მარცვალაშვილთან აფარებდა თავს. დის ოჯახში ვერ მიდიოდა, რადგან მათ სახლს მუდმივად ზვერავდნენ. ლუკა მარცვალაშვილის სახლი უფრო საიმედო ადგილას იდგა, იქ მისვლა და წამოსვლა დღისითაც შეუმჩნევლად შეიძლებოდა. იმ დღეს მიხამ ლუკას წვერი გააპარსვინა. როცა ნიკაპს პარსავდა, მიხას უთქვამს: ხომ იცი, ჩემს მკვლელს დიდ ჯილდოს ჰპირდებიან, რაღა სხვამ ისარგებლოს, ბარემ შენ დაგრჩეს, მაინც ძმაკაცი ხარ, გამომისვი ეგ სამართებელი და მომკალიო. ლუკა ატირებულა, მაგას როგორ მეუბნები, ძმასავით მიყვარხარო. მიხას დაუმშვიდებია, გეხუმრეო. რამდენიმე საათში ლუკამ ეს თხოვნა უყოყმანოდ შეუსრულა... მიხას და ლუკას ლევან გარსევანაშვილიც შეუერთდა. ამბობენ, რაღაც ნიშნებით აცნობეს ერთმანეთს მიხას იქ ყოფნაო. კარგად მოილხინეს. მიხას სასმელს აძალებდნენ. დაღამდა. უნდა დავიძინო, ხვალ მთები მაქვს გადასავალიო, უთქვამს მიხას და დასაძინებლად საბძელში წასულა. ლუკამ და ლევანმა ალიბის შესაქმნელად ქეიფი მეზობელთან განაგრძეს. შუაღამისას მიაკითხეს საბძელს, ყური მიუგდეს, მიხას გულიანად ეძინა. ლუკას და ლევანს წილი ჰქონდათ ნაყარი - მკვლელობა ლუკას ერგო, ლევანი დამხმარედ ეყოლებოდა. ვახტანგ რაზიკაშვილი კი შედეგს საკუთარ სახლში ელოდა. როცა მძინარე მიხას ლუკამ თოფი დაუმიზნა, ხელი აუკანკალდა. ლევანმა თოფი ააგლეჯა და მიხას თავში ესროლა. რომ დაინახეს, მსხვერპლი მოკვდა, ლევანი სახლში წავიდა, ლუკამ კი ვახტანგთან ჩაირბინა, ახალი ამბავი აცნობა. ისიც მაშინვე მოახტა ცხენს და მაღაროსკარიდან მილიციელები მოიყვანა, რომლებმაც სროლა ატეხეს, რომ ხალხს მიხა მილიციის მოკლული ჰგონებოდა...

- არსებობს მკვლელობის ცოტა სხვაგვარი ვერსიაც... მათ შორის ისიც, რომ მათ ძმადნაფიცი პურის არყით უგონოდ დაათვრეს და შემდეგ თავი თოფის კონდახით გაუტეხეს...

- დიახ, არსებობს ეს ვერსიაც. მწერალ გიგი ხორნაულის მონათხრობის მიხედვით, მთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, საბძელში დააძინეს და მძინარს თავზე ის აქტივისტი კომკავშირლები დააყენეს, ვისაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა მიხას მოკვლითაც იყვნენ დაინტერესებული. ლუკა მათ ლამპით გაუძღვა, უკან ლევანი მიჰყვა. ლუკამ მიუნათა, ლევანმა კი თავში დაჰკრა... ერთ-ერთი ვერსიით, ლევანს ხელი აუკანკალდა და ბოლო მომენტში იქვე მყოფმა კაცის კვლაში გაწაფულმა კომკავშირელმა ესროლა მიხას. ეს კომკავშირელი კი ვახტანგ რაზიკაშვილი გახლდათ... დღეს, რა თქმა უნდა, რთულია იმის ზუსტად დადგენა, ვინ დაახალა ტყვია მიხა ხელაშვილს, მაგრამ განა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?! პოეტის ცხედარი დუშეთში, მილიციის ეზოში დააგდეს და ყარაული მიუჩინეს, რომ არავის მოეპარა და დაემარხა. ცხედარი მანამ იყო იქ, სანამ ხრწნა არ დაიწყო. მიხას დამ, სალომემ ხევსური მილიციელის, ტუჩა ქეთელაურის დახმარებით, რომელიც ადრე მიხას მეგობარი ყოფილა, ძმის სხეულის ნაშთები მოიპარა, ღამე ჩარგალში აასვენა და ეკლესიის გვერდით, დედის საფლავის თავთან დამარხა.

GzaPress

- როგორ გამჟღავნდა ნამდვილი მკვლელების ვინაობა მაშინ, როცა ეს ამბავი ასე ორგანიზებულად იყო "შეფუთული"?

- თავდაპირველად, ხალხს ხელაშვილი მართლაც მილიციის მოკლული ეგონა, მაგრამ მოგეხსენებათ, სოფელში არაფერი იმალება. მალე გახდა ცნობილი მკვლელების ვინაობაც და ჩანაფიქრის განხორციელების დეტალებიც. ერთ-ერთ მკვლელს მთვრალს სუფრაზე მოუყოლია მკვლელობის დეტალები. ლევან გარსევანაშვილი მიხას მკვლელობიდან ერთ წელიწადში უშვილძიროდ გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ სხვადასხვაგვარად ჰყვებიან. ზოგი ამბობს, რომ მოწამლეს, ზოგი კი ამტკიცებს, მოურჩენელი სენი შეხვდა და "ზეზეულად" დალპაო. ლუკა მარცვალაშვილს მიხას მკვლელობამდე საკუთარი მამა ჰყავდა მოკლული და ნაკელში ჩაფლული. მანაც უცოლშვილოდ გალია წუთისოფელი. ბოროტი კაცად იხსენებდნენ მოხუცები. მილიციის აგენტი იყო, მიხას მკვლელობისთვის ჯილდოდ თოფიც მათგან ჰქონდა ნაჩუქარი. იმ თოფს არასოდეს იშორებდა. ამბობდნენ, სუფრასთან რომ იჯდა, თოფი მაშინაც მუხლებშუა ჰქონდა ჩაყუდებულიო. მიხას მკვლელობიდან 24 წლის შემდეგ, შირაქში გოგია ჭიჭოშვილმა მოკლა. რაც შეეხება ვახტანგ რაზიკაშვილს, ის მიხას უახლოესი მეგობარი იყო, მიხამ ერთადერთი შვილი, თამარიც კი მოანათვლინა. როცა მიხა იძულებული გახდა ტყეში გასულიყო, ვახტანგი ნათლიდედას "შეუჩნდა" და მიხას სიკვდილის შემდეგ მასთან შვილიც კი ეყოლა. ალექსი თავიდან ბერიანიძის გვარზე იყო, მოგვიანებით დაეწერა რაზიკაშვილად.

მიხა ხელაშვილი 1900 წელს, უკანა ფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირედ, სოფელ ახადში დაიბადა. დაწყებითი განათლება თამარ-მეფის სალოცავში მიიღო, შემდეგ კი სწავლა თბილისის სადიაკვნო სასწავლებელში განაგრძო. მისი დამთავრებისთანავე ბარისახოში დიაკვნად გაამწესეს. მოგვიანებით, ჩარგლის ეკლესიაში, მღვდლად აკურთხეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და კომუნისტების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში ჩაერთო. ის არაჩვეულებრივი ცხენოსანი და ძალზე გამბედავი კაცი ყოფილა. გამუდმებით დაატარებდა ტყავის აბგას, რომელშიც ქაღალდები, საწერი საშუალებები და თავისი ლექსები ჰქონდა შენახული. მინდორზე წამოწვებოდა ხოლმე და ლექსებს წერდა. ხალხურ სიტყვიერებაში მიხას მხოლოდ რამდენიმე ლექსია შემორჩენილი და ესეც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნია ტყიდან ახლობლებისთვის ფანდურზე დასამღერებლად. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი განსაკუთრებით უყვარდა და ენდობოდა კიდეც. ხუმრობით კარის პოეტს უწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კარგი სწავლა-განათლების მიღების საშუალებას მისცემდა. კარის კი არა, ველის პოეტი ვარო – ხუმრობდა თავადაც. ფშავში სატრფო ჰყავდა, დედუნა ბაჩიაშვილი. მის მოსანახულებლად ფარულად დადიოდა. დევნის გამო საყვარელ ქალთან ჯვარი ვერ დაიწერა, თუმცა, მეუღლედ მიაჩნდა და შვილიც მალე შეეძინათ. როდესაც ქაქუცა კომუნისტების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და თავისი რაზმით თურქეთში გადავიდა, მიხა ხელაშვილმა რამდენიმე მეგობართან ერთად ბელადს უარი შეჰბედა - ვიცი, აქ სიკვდილი მელის, მაგრამ მაინც ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნიაო. დარჩა ტყეში გასულ "ყაჩაღად". ტყიდან თავის ჯვარდაუწერელ მეუღლეს ჭოგრიტით უთვალთვალებდა და თაყვანისმცემლებსაც შორიდან დევნიდა.

GzaPress

როგორც მიხა ხელაშვილის ქალიშვილი, თამარი იხსენებს, ის ორი წლის იყო, როცა მის ოჯახს თავს მილიციონერები დაესხნენ. ფეხით სცემეს დედა და ბებია, თოფის კონდახებით დაამტვრიეს კიდობანი, სადაც იარაღი და მიხა ხელაშვილის ლექსები ეგულებოდათ. თამარი მამას, ძირითადად, დედის ხელნაწერებიდან იცნობდა. დედუნას ერთ-ერთ ხელნაწერში იკითხება: "ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა, სახლს იქით მამულში გაიარე და იქ დაჯექი, ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა, შინ რად არ მოიდაო. განა არ ვიცოდი, ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იმას იქ მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა, ალბათ. შემომითვალა: აბა, შენ იცი, არ დაღონდეო... ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო, მიხა ჩვენს ეზოში მოვიდა. გარეთ გამოვედი და მივეგებე. შინ ვერ შემოვალ, ჩქარა უნდა წავიდე, აქ არავინა მნახოსო, – თქვა. ამ ზამთარს კახეთში მივდივარ. შენ აქ იყავ, გაზაფხულზე შენც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი. თუ მომკლეს, შენ იცი შენი თავისა. ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები. თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს, იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევია, ე შვილი კარგად გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ, თუ ცოცხალი აღარ ვიქნები და შენც დასთმეო, – თქვა, გამომეთხოვა და წავიდა. რა ვიცოდი, თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე, ბევრი ტანჯვა გამოვიარე, მიხაი კი არამ დამავიწყა".

მიხას სიკვდილის წინადღეს თავისი ხელნაწერები, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა, დისთვის, სალომესთვის გადაუცია. უთქვამს, მე თუ რამე მომივიდა, ჩემი ლექსები ვანო ხორნაულს გადაეცი, ის მიხედავსო. სალომემ მართლაც გადასცა ისინი ვანოს, მან კი, სახლში რომ ვინმეს არ ეპოვა, ხელნაწერები კლდეში შეინახა, მოგვიანებით კი მიხას ქალიშვილს, თამარს დაუბრუნა. რომ არა ვანო, მიხას ლექსების მხოლოდ ის მცირე ნაწილი შემოგვრჩებოდა, რაც ხალხში ზეპირად იყო გავრცელებული.

შორენა ლაბაძე