დახატეთ დედა! - გზაპრესი

დახატეთ დედა!

დედა ის ქალია, რომელიც ფიქრშიც არ გიღალატებს. ყველაზე ლამაზი ქალიც დედაა. რომელია ყველაზე უკეთესი საჭმელი? - დედა რომ უკეთებს შვილებს! ვინ არ იღლება? ვინ გაარღვევს ყველა დაბრკოლებას? ვინ არ გვემეტება დასაბერებლად? ვინ არის ის ადამიანი, ვისაც არასდროს ავიწყდები? - პასუხი ერთია, ეს დედაა!

ინანიშვილის თქმისა არ იყოს, დედაზე ისეთი ვინ უნდა თქვას რამე, რომ გაოცდეს, მაგრამ ან კი რა საჭიროა გაოცება, როცა თავად დედაა საოცრება და განუმეორებლობა! სვანეთის ერთ პატარა სოფელში ერთი მუჭა ტაძარია. ენგურის პირას აგებულ ბარბარეს ეკლესიაში ფრესკაა, ღვთისმშობელი ბავშვის შესახვეველშია შესუდრული და ქრისტეს აჰყავს ზეცად. ფრესკა ასე იკითხება - ბავშვივით სუფთაა დედა ღვთისა. ასეა ყველა გონიერი შვილისთვის დედა.

მელანო ძინძიბაძეს ორიოდეჯერ შევხვედრივარ, თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანია, მაგრამ ცოტა ხნის წინ 80 წელს გადაცილებული დედის ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. დედას თავისი გამომცხვარი თონეულები უჭირავს ხელში და სხეულის ენით ამბობს, - ვისაც გნებავთ, გიწილადებთ ჩემს ნახელავსო. არავინ იცის, ამ წილადობაში რამდენი სითბოა, რამდენი გამომეტება. დედები პურის ყუებივით არიგებენ სიკეთეს და მეტი არც მოეკითხება დედამიწელებს...

GzaPress

მელანო ძინძიბაძე:

"დედას თავისი დედა ბუნდოვნად ახსოვს. ხუთი წლისაც არ იყო, რომ გარდაეცვალა. ბებია 24 წლის სიცოცხლით სავსე ქალი გახლდათ. ერთი ძმა სამის, მეორე კი ერთი წლის დარჩა. დედით ობოლ ბავშვებზე მზრუნველობა მამამ იტვირთა. ცოტა მოგვიანებით მას ახლობლები ეხმარებოდნენ. მამას მეორე ცოლი არ შეურთავს, შვილები სხვა ქალს როგორ ვანდო, არ მინდა დედინაცვლის ხელში ჩაცვივდნენო. სხვისიც ეჯავრებოდა თურმე ამგვარი საქციელი. ერთი ახლობელი სწორედ იმიტომ დაკარგა სამუდამოდ, მეორედ როგორ დაქორწინდა, ცოლის ხსოვნას როგორ უღალატაო?..

ბეგლარ სამხარაძე იმ დროში ცნობილი კაცი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული, საინტერესო მოსაუბრე გახლდათ, კულტურული სიტყვის თქმა იცოდა. ყველას ეფერებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ მეტსახელად "კაი ბეგლარს" ეძახდნენ. დედა ამ ამბებს სიამაყით ამბობს ხოლმე. უდედობით გამოწვეულ ტკივილს განსაკუთრებულად იხსენებს. ბავშვები თამაშისას დედას რომ დაიფიცებდნენ, გული განსაკუთრებულად მტკიოდა, მეც მინდოდა, დედა ცოცხალი მყოლოდა და მეც მეთქვა, "დედას გეფიცებითო". ეს ნათქვამი ჩვენ, შვილებს სულ გვახსოვდა და განსაკუთრებულად განვიცდით, დედას რომ რაღაც წამოსტკივდება.

ძლიერი სულიერი ტკივილი გადაიტანა დედამ მაშინ, როდესაც ოცდაშვიდი წლის საცოლო ძმა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ჩემი ნახევარი სიცოცხლე წაიღოო, ხშირად იტყოდა ხოლმე. რამდენჯერ შევსწრებივარ განმარტოებულს, ძმაზე მოტირალს. რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ძმაც გარდაიცვალა. ამდენი ტკივილი გადაიტანა: ჯერ უდედობა, მერე ძმების გარდაცვალება, მაგრამ...

მაგრამ დიდი ტრაგედია ქმარმა და შვილებმა გადაატანინეს. საქმრო ნათესავმა გააცნო. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ თავს არ მანებებდა, მერე კი შემიყვარდაო. ქორწილი შობა დღეს დაუნიშნავთ. წინადღეს დიდი თოვლი მოსულა, ისეთი დიდი, რომ პატარძალი მეზობელი სოფლიდან ფეხით წამოუყვანია სასიძოს. ოთხი შვილი გაზარდეს. მამა პედაგოგობას დურგლობასა და კალატოზობას უთავსებდა. უზარმაზარი სახლი დიდი ძალისხმევით, თითქმის მარტოებმა ააგეს. ამ სახლის თითოეული ქვა და ფიცარი ჩემს ხელში 4-5-ჯერ მაინც არის გავლილიო, ამბობს ხოლმე დედა. ტკბილი ცოლქმრობა ჰქონდათ, ორმოცდათერთმეტი წელი იცხოვრეს ერთად. იშვიათად შეკამათდებოდნენ ან სად ჰქონდათ კამათის დრო... აქცენტი ორივეს შვილების სწავლაზე ჰქონდა გადატანილი და ამისთვის თავს არ იზოგავდნენ.

დედამ 1966 წელს მუშაობა დაიწყო სოფლის კლუბ-სამკითხველოში, ცოტა ხანში სასოფლო კლუბის გამგე, მოგვიანებით - კულტურის სახლის დირექტორი გახდა. კარგი დრო იყოო, - ამბობს ხოლმე. სოფელი სავსე იყო ახალგაზრდებით, იმართებოდა კინოსეანსები, ჰქონდა კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის, ჭრა-კერვის, სანიტარიული წრეები, ვოკალური ჯგუფები; მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ომისა და შრომის ვეტერანებთან, მოწინავე ადამიანებთან. იმართებოდა დებატები აქტუალურ თემებზე. თანამშრომლობდნენ კულტურის რაიონულ განყოფილებასთან, ატარებდნენ ერთობლივ ღონისძიებებს. სოფლის კულტურულ სფეროს ემსახურა ოცდაათ წელზე მეტხანს. არის კულტურის დამსახურებული მუშაკი და მიღებული აქვს მედლები, სიგელები. თვითონ შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა ფანდურზე. სამსახურებრივ საქმიანობას შესანიშნავად უთავსებდა საოჯახო საქმეებს. მუდმივად გვყავდა ორი ძროხა და წვრილფეხა პირუტყვი, შინაური ფრინველები, გვქონდა გამორჩეულად მოვლილი ბაღ-ბოსტანი, ვამუშავებდით საკოლმეურნეო მიწებს, ვუვლიდით აბრეშუმის ჭიას. სამსახური სახლთან ახლოს იყო და დედა ყოველთვის მოდიოდა შესვენებაზე ("დედას პერერივს" ვეძახდით). ამ დროს სადილს მოგვიმზადებდა, საქონელსა და კრუხ-წიწილას მიხედავდა, მერე ისევ სამსახურში ბრუნდებოდა აჩქარებული ნაბიჯით...

GzaPress

მამა ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. დედას ჰყავს ოთხი შვილი, ცხრა შვილიშვილი და ჯერჯერობით, ათი შვილთაშვილი. შვილებს ქალაქში არ მიჰყვება, ჩემს სახლს ვერ მოვშორდებიო, მიუხედავად იმისა, რომ მარტოობა საშინლად ეჯავრება. ზაფხულობით ივსება დიდი სახლი. დედის გამომცხვარ თონის პურსაც სხვა გემო აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც წლების წინ ჰქონდა. მინდა, დიდხანს აცხოს დედას პურები, რათა დიდხანს შემეძლოს თქმა: "დედას გეფიცებით" და დედა იქ, სათონეში მოფუსფუსე მეგულებოდეს".

ვინ იცის, რამდენი ფერადი ფურცელი გამორჩა შვილს დედის შესახებ მოყოლისას. განა დიდ ადამიანობაზე არ მეტყველებს ის ფაქტი, მოხუცებულობის და ძალის დალევის გამო გაყიდული ძროხის ბედზე რომ ჩიოდა? ეგებ სამსახურში მიმავალს ან მომავალს დაკვირვებოდნენ, როგორ მიაბიჯებდა ქმართან ერთად? ეგებ ეს ნაბიჯები ტანგოსა და ვალსის დახვეწილ მოძრაობებს აღემატებოდა თავისი ღირებულებით?!.

დაბოლოს, ასეთი დედების სახელის და გვარის დასახელება საჭირო არაა. ლორთქიფანიძის თქმისა არ იყოს, დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან და ეს მცირე სტატიაც უძეგლობის მცირე ნიმუშად დარჩეს, ისევე, როგორც თონის პურის ყუები რჩება სიკეთის გამოხატულებად მოშივებული შთამომავლების დაპურებისას... და კიდევ, დახატეთ დედები, დახატეთ როგორც შეგიძლიათ, თუნდაც უხეიროდ, თუნდაც ერთი ფერით, ის მაინც ყველაზე ფერადი და გამორჩეული იქნება...

როლანდ ხოჯანაშვილი