რა ექსპონატებს ინახავს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი - გზაპრესი

რა ექსპონატებს ინახავს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი 2005 წელს დაარსდა. ეს არის ქართული თეატრისა და კინოს ერთგვარი მატიანე, სადაც ინახება მასალები მსახიობებისა და რეჟისორების შესახებ, თეატრმცოდნეთა შრომები, აფიშები და სხვა. მუზეუმს დაუთმეს ცნობილი აუდიტორია, რომელიც თავის დროზე აკაკი ხორავას სახელს ატარებდა. რემონტის დროს აღმოაჩინეს ძველი მოხატული ფენა - ულამაზესი ორნამენტები და აუდიტორია ალბათ, ისტორიულ სახეს დაიბრუნებს. ჯერჯერობით მასალები ყუთებსა და კონვერტებშია მოთავსებული. მეგზურობა თეატრის მუზეუმის სპეციალისტმა, თეატრმცოდნე მანანა ამაშუკელმა გამიწია, რომელსაც საკუთარი საქმიანობის შესახებაც ვესაუბრე.

- ერთი საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე ინტერნეტში - თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პირველი გამოშვება (1940 წ), სადაც სტუდენტები და პედაგოგები ერთად არიან აღბეჭდილი. რამდენიმე პიროვნება, მათ შორის აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე ვიცანი, მაგრამ უმრავლესობა - ვერა.

- ეს ფოტო ჩვენთან ინახება. ხორავასა და ვასაძის გარდა, აქ არიან: სასწავლო ნაწილის გამგე საშა კიკნაძე, აკაკი ფაღავა - დრამატული სტუდიის დამაარსებელი (1922 წელი), რეჟისორი კუკური პატარიძე, დიმიტრი ჯანელიძე, მალიკო მრევლიშვილი, მსახიობები: მერაბ გეგეჭკორი, ფლორა შედანია, მარინე თბილელი (ფოტოზე წერია დომბროვსკაია), ეკატერინე ვერულეიშვილი... ბევრი მათგანი ალბათ, არც გაჰყვა ამ გზას და მათი სახეები მხოლოდ ფოტოზე შემორჩა.

GzaPress- რა ექსპონატებს ინახავს მუზეუმი?

- აქ არის ფოტოები დაწყებული 40-იანი წლებიდან, უნიკალური ხელნაწერი აფიშები, სამეცნიერო შრომები - თეატრისა და კინომცოდნეთა რეცენზიები და კვლევები, სამსახიობო ჯგუფების ალბომები... საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებისთვის არსებობდა მიზნობრივი ჯგუფები. კერძოდ, იყვნენ: ჩეჩნები, ინგუშები, სომხები, რუსები. ბევრი რეჟისორი თუ მსახიობი ფოტოებს თავად გვაწვდის, გვჩუქნიან.

90-იან წლებში მაკულატურისთვის გამზადებულ გროვაში, მთელი რიგი ჩანაწერები მოვძებნე. სამეურნეო განყოფილების უფროსმა ბიჭიკო ნიკვაშვილმა გამიღო იმ ოთახის კარი და ერთი კვირა ფურცლებში ვიქექებოდი. შენახული მაქვს წარმატებული სტუდენტების დიპლომები, ვასო კიკნაძე მაძლევდა ამ დიპლომებს. არის 2000 აფიშა, დღევანდელი ყველა სპექტაკლის აფიშის ჩათვლით. გარდა ამისა, სხვადასხვა შეხვედრის ამსახველ აფიშებსაც ვინახავ. საინტერესოა ხელნაწერი ბრძანებები 1940 წლიდან, თუ ვინ დაამთავრა ინსტიტუტი (აბსოლუტურად ყველა კურსდამთავრებულია დაფიქსირებული) და ეს გრძელდება დღემდე. ადრე ჩვენთან არსებობდა ინტერნაციონალური მეგობრობისა და თეატრალურ ურთიერთობათა კაბინეტი, რომლის გამგე ვიყავი და იმ დროის ამსახველი არქივიც მაქვს. ამჟამად სიახლეა ის, რომ მუზეუმის სამეცნიერო მიმართულების ამსახველი პირველი ფერადი კრებული გამოვიდა, რომელიც მალე გადმოეცემა მუზეუმს.

- ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

- საოცარი პროფესორები გვასწავლიდნენ: უდიდესი თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე, ნათელა ურუშაძე, ნადია შალუტაშვილი, ნოდარ გურაბანიძე. ბატონი დიმიტრი სპექტაკლზე ისე არ გაგვიშვებდა, თუ პიესა არ გვქონდა წაკითხული. ჩვენ ვწერდით საკურსო რეცენზიებს. დოდო ალექსიძემ "კვაჭი კვაჭანტირაძე" რომ დადგა მარჯანიშვილის თეატრში, პრემიერის შემდეგ პირველი დიდი რეცენზია ჩემი იყო. სერგო ზაქარიაძეზე ბოლო რეცენზია მე გავაკეთე.

აკაკი ხორავას ცოტა ხნით მოვესწარი, როცა მოდიოდა, ვესალმებოდი. ამ აუდიტორიას, სადაც ახლა მუზეუმია, ხორავას სიცოცხლეში ერქვა მისი სახელი. ყველაზე ხშირად აკაკი ვასაძეს ვხვდებოდით. როცა ბატონმა დიმიტრი ჯანელიძემ ბერიკაობის აღდგენა დაიწყო, ბატონი აკაკი ჩვენთან გადაღებებზე დადიოდა. აკაკი ვასაძე ძალიან უშუალო, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ, უამრავ ამბავს გვიყვებოდა. დოდო ალექსიძე და მიშა თუმანიშვილი დილის 9 საათზე უკვე ინსტიტუტში იყვნენ, დაგვიანებას რომელი იკადრებდა. ბატონი დოდო ყველა ოთახს დაივლიდა და გვკითხავდა: გოგონებო, როგორა ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ? მისი უშუალობა და სითბო სულ მახსოვს.

- მსახიობებთან ურთიერთობის შესახებ მიამბეთ.

- "კვაჭი კვაჭანტირაძის" რეპეტიციებს ვესწრებოდი. მთავარ როლში კოტე მახარაძე იყო, რომელმაც არნახულად ითამაშა. საოცრად განათლებული მსახიობი, ფაქტობრივად ყველაფერში ერკვეოდა და რეჟისორი მას თავისუფლებას აძლევდა როლზე მუშაობისას. მანამდე კოტე მახარაძე ვნახე სპექტაკლში "სიყვარული თელებქვეშ" და მოვიხიბლე, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი. მასთან ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ, სახლში მივედი და მამაჩემს ვუთხარი: ძალიან მიყვარს ეს მსახიობი-მეთქი. რატომო? - მკითხა. არ ვიცოდი, ისინი თურმე კლასელები ყოფილან. მამაჩემს მოვუყევი, როგორ შემხვდა და საუბრის დროს რა საოცრად მექცეოდა - კოტე ურთიერთობდა არა როგორც სტუდენტთან, რომელსაც ჯერ გამოცდილება არ ჰქონდა, არამედ როგორც პროფესიონალთან. მამის თხოვნით, მაგნიტოფონი ჩავრთე და ინტერვიუ მოვასმენინე. ურიელის როლის შესრულების შემდეგაც მქონდა მასთან ინტერვიუ. კოტე მახარაძე ინსტიტუტში ტელეწამყვანების კურსს ხელმძღვანელობდა და როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის თბილად მომიკითხავდა ხოლმე.

ერთხელ დიმიტრი ჯანელიძემ დამავალა სოფიკო ჭიაურელის შესახებ რეცენზია დამეწერა. მერე დიპლომიც მასზე გავაკეთე. ვერიკო ანჯაფარიძის აღდგენილ "ურიელ აკოსტაში" სოფიკო ივდითს თამაშობდა, მასთან ინტერვიუს ხან საგრიმიოროში ვიწერდი, ხან სახლში ვაკითხავდი. სოფიკო ძალიან დაკავებული იყო იმ პერიოდში, კინოშიც ხშირად იღებდნენ. მისი ივდითი არ მომწონდა, რაც რეცენზიაში დავწერე და ამაზე დიდი შეჯახება მომივიდა ბატონ დიმიტრისთან. ჩემი აზრი მქონდა - მსახიობი ივდითის როლში არ მომეწონა, თორემ უამრავი როლი შეასრულა შესანიშნავად. სოფიკო ჭიაურელზე იმდენი მასალა მაქვს, წიგნის გამოცემას ვაპირებდი, მაგრამ ჯერ ვერ შევძელი. სხვა მსახიობებიც კარგად მახსენდებიან, გურამ ხურცილავა, ჯემალ მონიავა, რომელიც ძალიან განათლებული კაცი იყო და არაჩვეულებრივად წერდა, მედეა ჯაფარიძე გახლდათ საოცრად უშუალო...

GzaPress

- მამა რა პროფესიისა იყო?

- მწერალთა კავშირის წევრი კოტე ამაშუკელი, პროფესიით იურისტი გახლდათ. მისი, როგორც ლიტერატორის სიმაღლეს მე ვერ დავეწიე. ჩვენს ოჯახში თავს იყრიდნენ: სიმონ ჩიქოვანი, იოსებ გრიშაშვილი, გალაკტიონი... ჩემი მშობლები გამომცემლობაში მუშაობდნენ, დედა ფრანგული ენის სპეციალისტი იყო. ერთი ეპიზოდი მახსენდება: გაგრაში ვისვენებდით, როცა მამაჩემს მეგობრებმა უთხრეს: ჩინეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეა ჩამოსული დასთან ერთად და გვინდა, შენმა გოგონამ ყვავილები მიართვასო. მომცეს ვარდების პატარა თაიგული და გომოჟოს მივუტანე. ასე ერქვა კაცს, რომელსაც საქართველო ძალიან ჰყვარებია. მერე სტუმრის თხოვნით კატერით გავისეირნეთ, ბოლოს, ვახშამზე დაგვპატიჟა, მაგრამ არ გაგვიშვეს...

გომოჟომ ჩემი მისამართი, სახელი და გვარი ჩაიწერა. ჩინეთიდან წერილები მოგვდიოდა გომოჟოს სახელით, მისმა დამ რუსული იცოდა და ის გვწერდა. ერთ-ერთ მორიგ წერილში იდო ფოტოები და კრებული ჩინურად, სადაც შედიოდა ჩემთვის მოძღვნილი პოემა - "მანანა". მე-8 კლასში ვიყავი, როცა გადაცემაში "მერცხალი" მიმიწვიეს და ამ მეგობრობის შესახებ სიუჟეტი გააკეთეს. გადაცემა შურა მაჭავარიანს მიჰყავდა. რა თქმა უნდა, ის წერილები და პოემაც შენახული მაქვს.

თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე ნახევარი ქულა დამაკლდა და არ მიმიღეს. ერთი კვირა ვიარე კომკავშირის ცეკაში, რომ ჯუმბერ პატიაშვილთან შევსულიყავი და დახმარება მეთხოვა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი (საგუნდო-სადირიჟორო) დავამთავრე, სადაც კომკავშირის მდივანი ვიყავი. სხვათა შორის, ბატონ ჯუმბერს, ჩემი მიღწევების აღმნიშვნელ საბუთებთან ერთად, ის ჩინური პოემაც მივუტანე (იცინის)... მამაჩემი გაგიჟდა, პატიაშვილთან მისვლის ამბავი რომ გაიგო, თვითონ მორიდებული კაცი იყო. თეატრალურში თავისუფალ მსმენელად მიმიღეს. იანვრის გამოცდებზე ყველა საგანი ხუთებზე ჩავაბარე და უკვე სტუდენტი გავხდი. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ეთერ გუგუშვილმა დამტოვა. მას მერე, 44 წელია აქ ვმუშაობ სხვადასხვა თანამდებობაზე.

ნანული ზოტიკიშვილი