ქველმოქმედი აჭარიდან - გზაპრესი

ქველმოქმედი აჭარიდან

არჩილ ჯაფარიძე, მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ეპიდემიის დროს კარდაკარ დადიოდა და ოჯახებს ეხმარებოდა. "მიმიფურთხებია ყველა ფუფუნებისთვის, ფუფუნება და ბედნიერი ცხოვრება შენით გაბედნიერებული ყველა ბავშვი, ქალი და მოხუცია", - მითხრა საუბრისას...

- სამი ომის მონაწილე ხართ, იქ ყოფნისას ყველაზე მძიმე დღეებს თუ გაიხსენებთ?

- ავღანეთის, ერაყისა და 2008 წლის ომის მონაწილე ვარ, ავღანეთსა და ერაყში სამშვიდობო მისიით ვიყავი. ამაყები ვიყავით იმით, რომ, როგორც იქნა, სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით და შეგვეძლო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მძიმე დღეებიც იყო, მაგრამ სიამაყის განცდა ბევრად აღემატებოდა იმ სირთულეებს. უამრავი ადამიანის სიკვდილს ვხედავდი საკუთარი თვალით - ადამიანები ჩვენ თვალწინ ფეთქდებოდნენ... ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ ომი იყო და ეს ყველა ომში ხდებოდა. ამას თან დაერთო ავტოავარიაც. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ამდენს მართლა ვერ გავუძლებდი, გენეტიკამაც თავისი ქნა: ქართველები ხომ არასოდეს ვნებდებით.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფსიქიატრიულში მკურნალობდით...

- ფსიქოლოგიურად დავისტრესე, სამსახურიდან მომცეს შვებულება, 2 კვირით გამიშვეს, რომ დამესვენა და უკან ახალი ძალებით დავბრუნებულიყავი. მოგეხსენებათ, სპეცრაზმში ვირიცხებოდი და ფიზიკურად ძალიან დატვირთულები ვიყავით. მითხრეს, რომ უნდა გამევლო გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობას დამინიშნავდნენ. იქ მისულს სხვა მდგომარეობა დამხვდა და პალატაში გადამიყვანეს. მითხრეს, რომ რამდენიმე დღე მომიწევდა დარჩენა, ჩამომართვეს ტელეფონი. ჩემი თხოვნისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მიშვებდნენ. ასე გაგრძელდა 21 დღე. აღმოჩნდა, რომ ჩემს ექიმს არასწორად ჰქონდა მიწოდებული ინფორმაცია, დაიწყო ამ საქმის გამოძიება და რამდენიმე ადამიანს სამსახური დაატოვებინეს.

- ამის შემდეგ იყო აგვისტოს ომი. რა ხდებოდა იქ რეალურად?

- ეს ყველაზე რთული პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. შენს მიწაზე იბრძოლო შენი ქვეყნის დასაცავად, დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახის, ქვეყნისა და საკუთარი თავის წინაშე. რთულია უყურო, როგორ ნებდებიან შენი თანამებრძოლები და ბრძოლის ველს ტოვებენ. იქ ყველა რიგითი ჯარისკაცი ვიყავით, არ არსებობდა წოდება, ვიბრძოდით ერთი მიზნისთვის, ერთ მუშტად შეკრულნი. მხოლოდ ერთი ფიქრი გვქონდა, რომ თუ ჩვენი სამშობლოსთვის დავიხოცებოდით, ღირსეულად მოვკვდებოდით. ჯავშნიანი ჟილეტებიც კი არ გვეცვა ბევრს, თქვენ წარმოიდგინეთ, უარი ვთქვით. აღარ გვქონდა ინვენტარი, არც ტყვიები, შეუძლებელი იყო ბრძოლის გაგრძელება. რუსებს იმდენი ჯარისკაცი ჰყავდათ, რომ ჩვენ მათთან ზღვაში წვეთი ვიყავით, ცარიელი ხელებით ბრძოლას ვერ გავაგრძელებდით. ყველა ჩვენგანისთვის ეს დიდი დარტყმა და მძიმე გადაწყვეტილება იყო.

- რას აკეთებს დღეს მთავრობა ომის ვეტერანებისთვის?

- არ არსებობს განსაკუთრებული პროგრამა ომის ვეტერანებისთვის, მიზერული 22-ლარიანი პენსია და სასწრაფო ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება - ეს არის და ეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ომის ვეტერანებს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. იმედი მაქვს, ომის ვეტერანების მიმართ მიდგომა შეიცვლება.

- დღეს ბევრ ადამიანს ეხმარებით, რა იყო მიზეზი, რომ ქველმოქმედება დაგეწყოთ?

- ძალიან ბევრს ვფიქრობდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის და გადავწყვიტე, ჩემი ხელფასის ნაწილით დავხმარებოდი ოჯახებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ, ომის გამო უსახლკაროდ და უფულოდ დარჩნენ. იმდენად გამაბედნიერა პირველმა ოჯახმა, რომელსაც დავეხმარე და იმხელა პოზიტივი წამოვიდა მათგან, მომინდა, ეს საქმე დიდხანს მეკეთებინა და ბევრი ოჯახისთვის თუნდაც ერთი დღე გამელამაზებინა. ეს იქცა ჩემი ცხოვრების წესად და დღემდე მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ვიღაცის დახმარება შემიძლია.

- როგორც ვიცი, რამდენიმე ბავშვს სწავლას უფინანსებთ.

- დიახ, არსებობენ ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობთ, იარონ სპორტზე და სათანადო განათლება მიიღონ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ასეთი და მე ყველას დახმარება არ შემიძლია. მიუხედავად დიდი სურვილისა, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე ბავშვისთვის შემიძლია დახმარების გაწევა.

- ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც გაუწოდეთ დახმარების ხელი, ხომ ასეა?

- დღესდღეობით 5 ქალბატონი ვიხსენი ძალადობისგან, მათზე ქმარი და ოჯახის სხვა წევრები ძალადობდნენ. როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღე, მეგობრების დახმარებით მოვახერხე და ეს ქალბატონები შვილებთან ერთად, ნაქირავებ ბინებში გადავიყვანე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ, მათ ფსიქოლოგის დახმარება და ადვოკატების მომსახურება დასჭირდათ. დღეს ხუთივე ქალბატონი შვილებთან ერთად მშვიდ გარემოში ცხოვრობს. მზად ვარ, ყველას დავეხმარო, ვინც ძალადობის მსხვერპლია. მივმართავ მათ, ნუ მოითმენთ ძალადობას იმის გამო, თუ რას იტყვის ხალხი. ხალხი რამდენიმე დღეში დაივიწყებს თქვენს ამბავს, მაგრამ თქვენ წლები მოგიწევთ მოძალადის ატანა. ქალზე ხელს რომ ასწევ, იქ სრულდება შენი კაცობა და ადამიანობა. ყველა ქალბატონს ვპირდები, არც ერთ ფაქტს არ დავტოვებ უყურადღებოდ, მთავარია, არ დამალონ და ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

- მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის ნაოპერაციები, რისკ-ჯგუფში იყავით, სიმსივნის დიაგნოზი გაქვთ და დღემდე ებრძვით ამ მძიმე დაავადებას, მაინც დაიწყეთ კარდაკარ სიარული გაჭირვებულ ოჯახებში საკვების მისატანად. რატომ დააყენეთ ამხელა რისკის ქვეშ საკუთარი სიცოცხლე?

- როდესაც კარანტინი გამოცხადდა, მაშინვე გამახსენდა ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური შემოსავლით ირჩენდნენ თავს, არჩენდნენ შვილებს და მოხუც მშობლებს. ამ დროს მე როგორ ვიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მე მათ ვჭირდებოდი... ეს ადამიანები მაძლევენ სტიმულს, მათი ლოცვა და მადლიერება მაძლიერებს. როდესაც მშიერი ბავშვი და შვილის შიმშილის გამო ატირებული დედა გეგულება სადმე, მორალი არ გაძლევს უფლებას, არხეინად დაჯდე შინ და მშვიდად უყურო, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ამის ამსახველი არც ერთი ვიდეო და ფოტო არ დევს თქვენს გვერდზე, ჩუმად აკეთებთ სიკეთეს...

- სიკეთის კეთებას მაშინ აქვს მადლი, როდესაც ამას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ სოციალურ ქსელში ათასობით "ლაიქი" დააგროვო და მერე ვიღაცამ გაქოს, არა! ეს შენ უნდა გსიამოვნებდეს და შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს. უნდა გაბედნიერებდეს ის ფაქტი, რომ დღეს ერთი ოჯახით ნაკლები დაიძინებს მშიერი და ერთი ბავშვით მეტი იქნება ბედნიერი. საუკეთესო ინვესტიციაა ნიჭიერ ბავშვებში ფულის დაბანდება, ისინი ჩვენი ქვეყნის სახეები გახდებიან სხვადასხვა ქვეყანაში და აუცილებლად დაგანახვებენ შენი შრომის შედეგს. მინდა, ბევრი ადამიანი გახდეს ხიდი ამ ბავშვებისა მათ მომავალთან. დამიჯერეთ, ბევრად მეტი ადრენალინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც მათ ბედნიერ სახეებსა და თვალებს ხედავთ. მოვდოთ სიკეთე მთელ სამყაროს...

ფიქრია რობაქიძე