"არავინ შემიწუხებია, მშიოდა თუ მწყუროდა"... - გზაპრესი

"არავინ შემიწუხებია, მშიოდა თუ მწყუროდა"...

6 წლის დათო იგიტიანის მშობლები დღემდე თვითონ უმკლავდებოდნენ ყველა პრობლემას. დათოს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს. ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვს, ოჯახი კი ქირით ცხოვრობს, სოციალური დახმარებისა და ბავშვის პენსიის იმედად.

რუზანა აკოფიანი, დათოს დედა:

- დათო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. 3 თვის ასაკში გვეგონა, ვირუსი ჰქონდა და ექიმთან მივიყვანეთ. უმკურნალეს და ერთ კვირაში გამოგვწერეს, მაგრამ მალე კრუნჩხვები დაეწყო. ეს იყო 2014 წელს. ნეფროლოგთან მიყვანა გვირჩიეს - შეიძლება, თირკმელებზე ჰქონდეს პრობლემაო. ციციშვილის კლინიკაში, ქალბატონ მედეა ცანავასთან გავიარეთ კონსულტაცია. სწორედ მან იეჭვა მენინგიტზე. გაუკეთეს პუნქცია და ციტოზის ისეთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ყველას გაუკვირდა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, დაუზუსტებელი ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით გამოვეწერეთ. გამოწერიდან ერთ კვირაში კი ბავშვი ისე ცუდად გახდა, თითქმის მკვდარი გადავიყვანეთ კლინიკაში. კვლავ გაუკეთეს პუნქცია და იმაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე წინა კვლევის დროს. 10 დღე გათიშული იწვა რეანიმაციაში. ექიმები ამბობდნენ, რომ გადარჩენის შანსი ნულის ტოლი ჰქონდა. დაეწყო ჰიდროცეფალია, სითხე რამდენჯერმე ამოუღეს თავიდან და ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვიდა. ერთი თვის თავზე, დაუზუსტებელ ბაქტერიულ მენინგიტთან ერთად, დასვეს ახალი დიაგნოზიც - კუპირებული ჰიდროცეფალია. ნევროლოგის დანიშნულებით, ფინლეფსინი უნდა ესვა, ანტიეპილეფსიური საშუალებაა. ვატყობდი, რომ ბავშვი 5 თვის ასაკის შესაბამისად არ ვითარდებოდა - ვერ ჯდებოდა, თავს ვერ იმაგრებდა... დავიწყეთ მასაჟები, მაგრამ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. 2 წლისას ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ეს დაავადება და როგორ უნდა მომევლო ბავშვისთვის, ჩემ გარშემო არავის ვიცნობდი მსგავსი პრობლემის მქონეს. გული მტკიოდა, რომ ჩემი შვილი სხვებისგან განსხვავდებოდა. მინდოდა, ჩვეულებრივი ბავშვივით ეცხოვრა. ამიტომაც ბაღში მიყვანა გადავწყვიტე. 66-ე საჯარო ბაღის დირექტორმა უარი არ გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ დათო დამოუკიდებლად ვერ ჯდებოდა და ჭამაც უჭირდა. იმდენად კარგად მიიღეს ბავშვებმა, ვერ წარმოიდგენთ. თვითონაც ძალიან მოსწონდა მათთან ურთიერთობა.

ინტენსიური რეაბილიტაცია დავიწყეთ. ნეიროგანვითარების ცენტრში 4 წლამდე დამყავდა, მაგრამ შედეგი არ იყო - ეტლშიც კი ვერ ჯდებოდა. გვირჩიეს ბალნეოლოგიურ ცენტრში მასაჟებისა და ვარჯიშების კურსის გავლა. მისმა ატროფირებულმა კუნთებმა სხვა ფორმა მიიღო. შარშან ოქტომბერში მყესების ოპერაციაც გაიკეთა, მარჯვენა მხარე ნაინსულტარი ჰქონდა და ხელ-ფეხი მოკლე. ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა. დღემდე ვაგრძელებთ მასაჟებსა და ვარჯიშებს, დაგვყავს ცურვაზე, ახტალის ტალახით მკურნალობს. 3 წლიდან სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. უფინანსდება 10 ვარჯიში, ლოგოპედსა და ონკოპაციურ თერაპევტთან 4-4 კონსულტაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დამატებითი რესურსების მოპოვებაზე გვიწევს ზრუნვა. სჭირდება მასაჟი, რომელიც 29 ლარი ღირს; გვიფინანსდება 250 ლარი, ამიტომ კურსს ვერ ვასრულებთ. მეუღლე "საპოჟნიკია" და ხან აქვს საქმე, ხან - არა. მე აეროპორტში დამლაგებლად ვმუშაობდი. ბაღში 1-2 საათით რომ ვტოვებდი, თუ ვინმეს სჭირდებოდა სახლის დალაგება ან სხვა საქმის კეთება, იქ გავრბოდი. ახლა ვეღარ ვტოვებ მარტოს: კრუნჩხვა რომ ემართება, შიშით ვერც დედაჩემი იტოვებს დიდხანს და ვერც ჩემი მეუღლე. არადა, რაც უფრო იზრდება, მეტი რამ სჭირდება. ჩვეულებრივი ეტლით ვერ სარგებლობს. ყიდვა რომ ვერ შევძელით, მეზობელმა "კალიასკა" გვათხოვა. ჭოჭინა ჩვენ თვითონ გავაკეთეთ პლასტმასის მილებით და მიხარია, რომ ოპერაციის შემდეგ ახერხებს გადაადგილებას, მუდმივად აღარ ზის.

უკვე რამდენიმე წელია, მხედველობის პრობლემაც შეექმნა. ვიდრე საშუალება გვქონდა, გამოკვლევებს ვუტარებდით, მაგრამ უმეტესობა ნარკოზით კეთდება და თანაც, მხოლოდ საზღვარგარეთ. თურქეთის კლინიკას მივმართეთ და მოვიდა პასუხი, რომ 8.000 დოლარი ღირს ოპერაცია, მხედველობა რომ აღუდგეს. ინვოისი კი გვაქვს, მაგრამ თანხის მოძიება დღემდე ვერ შევძელით...

რაც დავოჯახდით, ქირით ვცხოვრობთ. 250 ლარს ვიხდით ამჟამად. სოციალური დახმარება 240 ლარი მერიცხება. ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავალი და კიდევ, დათოს პენსია. ქირის თაობაზე მივმართეთ გამგეობას, მაგრამ უარი მივიღეთ. მერიაშიც შევიტანე განცხადება, ორჯერ გავიარე კომისია, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. იქნებ პატარა ფართით მაინც დამაკმაყოფილონ, რომ ქირა მაინც არ მქონდეს სახდელი. წამლებიც ძალიან ძვირია, არადა შედეგი აქვს. მინდა, იმდენს მივაღწიო, რომ თუნდაც ჩემი დახმარებით ფეხზე დადგეს. ელექტროსტიმულაციებს კარგი შედეგი ჰქონდა, მოძრაობა გაუუმჯობესდა. 2.000 ლარი ჯდება, 500 ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ დამიფინანსა, დანარჩენი თანხა ვერ მოვაგროვე.

ძალიან მერიდება, ამაზე ლაპარაკი რომ მიწევს. სულ ვცდილობდი, ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა, არავინ შემიწუხებია, მშიოდა თუ მწყუროდა, მაგრამ მივხვდი - მას საკუთარი ძალებით ვეღარ ვშველი და დახმარება მჭირდება...

P.S. თუ ოჯახთან დაკავშირებას გადაწყვეტთ, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 5(79) 04.41.01.

ნინო ჯავახიშვილი