ადამიანური რესურსების პრობლემა სკოლებში - გზაპრესი

ადამიანური რესურსების პრობლემა სკოლებში

სკოლებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კოლეგებს შორის არაჯანსაღი კონკურენცია და თანამშრომლობის დეფიციტი. სკოლა მაშინაა წარმატებული, თუ მასწავლებლები ერთად ებრძვიან გამოწვევებს; საგანმანათლებლო სისტემა მაშინ იქნება ეფექტიანი, როცა სკოლებში დამკვიდრდება თანამშრომლობა.

მომავალი სასწავლო წლისთვის, ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ნორმის დამკვიდრება ან გატარება მოუწევს საგანმანათლებლო სისტემას, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდერატორული ფუნქციის მატარებელი ადამიანური რესურსების საკითხია. ერთ-ერთი დადგენილების მიხედვით, სექტემბერში სკოლას უნდა გამოემშვიდობონ ის პედაგოგები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საკვალიფიკაციო გამოცდებზე. ასევე, საგულისხმოა, რომ მომდევნო, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში აღარ უნდა არსებობდეს მილევადი სტატუსის პრაქტიკოსი მასწავლებლები. საკითხის ნათელსაყოფად ვიტყვი, რომ სკოლებში ამ ეტაპზე მუშაობენ პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგები. კარიერული თვალსაზრისით, ყველაზე დაბალანაზღაურებადია პრაქტიკოსი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი კი - მენტორი.

არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ მასწავლებლის მოტივატორი უნდა იყოს არა კარიერული წინსვლა და ხელფასზე ზრუნვა, არამედ მოსწავლეთა შედეგები. არაჯანსაღი კონკურენციის გამო, ბევრ სკოლაში დამკვიდრდა ტენდენცია: კარიერული საფეხური იცავს მასწავლებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაცულია მოსწავლის განათლების უფლება. საქართველოს აქვს ძალიან კარგი დოკუმენტი "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები", რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის ყველაზე გრძელვადიან მიზანს, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლებში დაცულია ორიენტირი შინაარსის დამახსოვრებაზე, რაც არასაკმარისია თანამედროვე მსოფლიო მოთხოვნებისათვის...

ასევე არსებობს ფარული მიზანი - მაღალი სტატუსი მაღალი ხელფასისთვის და არა მოსწავლეთა განვითარებისთვის. თუ დავსვამთ შეკითხვას, რამდენი პედაგოგი მოისურვებდა ხელფასის სხვაობის უქონლობისას კარიერულ რბოლაში ჩართვას? - გვექნებოდა გულწრფელი პასუხი და ეს პასუხი იქნებოდა თითქმის ერთსახოვანი - ალბათ არავინ. უაღრესად დიდი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა მხოლოდ სტატუსისთვის, არავის უღირს. საქართველოში ე.წ. სქემაში მასწავლებლის ჩართვა ერთგვარი ვერტიკალური მართვის მცდელობაცაა. რადგან სახელმწიფოსთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს განათლებას, ვერტიკალზე მართვა ნაწილობრივ კიდეც გამართლებულია, თუმცა, სქემამ, როგორც ვერტიკალური მართვის ინსტრუმენტმა, მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა მოსწავლეთა შედეგზე. აუარებელი ჯილდო, წოდება, საჩუქარი იხარჯება მასწავლებელთათვის, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის სურათს, რადგან დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის წახალისებები არ არის ძლიერი მოტივატორი ისევე, როგორც სადამსჯელო ღონისძიებები. როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია საგანმანათლებლო სივრცეში? ბუნებრივია, მასწავლებელი უნდა იყოს ფინანსური თვალსაზრისით დაცული, მაგრამ ასევე საჭიროა, ყოველთვის გრძნობდეს მხარდაჭერას, რათა პროფესია შეინარჩუნონ გამოცდილმა კადრებმა და ასევე, სისტემამაც არ ატაროს მუდმივად ექსპერიმენტები ახალი კადრების "შედინებით".

თაობათა "ხავერდოვანი" ცვლა სკოლაში საჭიროა. ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ძველი თაობა გამოცდილებას ახვედრებს ახალბედებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ნოვაციები მიაქვთ სკოლაში და მიმდინარეობს აზრთა, შესაძლებლობათა გაცვლა-გამოცვლა, ზიარდება წარმატების ინსტრუმენტები და კონკურენციის განცდით კი არა, თანამშრომლობით მიიღწევა შედეგები.

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის ანალიზით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სექტემბერში მასწავლებელთა ნაწილი პროფესიას უნდა გამოეთხოვოს. აღნიშნულზე კომენტარი ვთხოვეთ

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ტრენერ-კონსულტანტ კახაბერ ფარცვანიას:

- 2020 წლის გამოცდებზე მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავის ოფიციალურ გვერდზე საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა 2020 წლის 6 მარტს. მოგვიანებით, თუ არ ვცდები, 27 მარტს და ასევე, 30 მარტს გამოქვეყნდა უკვე რეგისტრაციის ვადები და განისაზღვრა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით. დირექტორებთან ონლაინშეხვედრებზე, რამდენჯერმე შევეხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა შეგვეხსენებინა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდაზე რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, მოქმედი მასწავლებლისთვის რეგისტრაცია უფასო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც აღმოჩნდა ერთეული შემთხვევები, როცა პრაქტიკოსი მასწავლებლები დარჩნენ რეგისტრაციის გარეშე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის 241-ე დადგენილებით დამტკიცებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა გამოცდაზე, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. დღეს, ყველა იმ სკოლის დირექტორი, სადაც არის მსგავსი შემთხვევა, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, აგზავნის გაფრთხილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რადგან დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 27 პედაგოგი გვყავს, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ გამოცდაზე...

GzaPress

დავსვათ კითხვა, რატომ არ დარეგისტრირდნენ? სავარაუდოდ, მათ აქვთ ობიექტური თვითშეფასება და მანამდე მიდიან დაკავებული პოზიციიდან, ვიდრე "დაადასტურებენ" დაბალ კომპეტენტურობას ან კიდევ იმედი ჰქონდათ, რომ სისტემა ისევ შეინარჩუნებდა მათ, როგორც გასულ წლებში. რით განსხვავდებიან ეს გამოცდაზე არგამსვლელები იმ პედაგოგებისგან, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დადასტურებული კომპეტენცია გამოცდების საფუძველზე? თუ მასწავლებელი შემოდგომაზე ვერ ჩააბარებს გამოცდებს ან ჩააბარებს და ვერ მოაგროვებს საკმარის ქულებს, ის ვერ გახდება უფროსის სტატუსის მქონე. იმის თქმა, რომ მოსინჯეს დარეგისტრირებულებმა და ვერ შეძლეს, ნიშნავს ერთს - ამ მასწავლებლებს აქვთ არაადეკვატური თვითშეფასება (გავიხსენოთ თვითშეფასების შევსების დროს დაფიქსირებული "ქართული მიღწევები", რომელიც ფინურსაც კი უსწრებდა!) და მათგან არც შეფასების მომენტში უნდა ველოდოთ ობიექტურობას. თუ თავს ვაძლევთ უფლებას, კიდევ ერთი წელი ვანდოთ ჩვენი შვილების ბედი, რატომ უნდა გავუშვათ სკოლიდან გამოცდაზე დაურეგისტრირებლები? აქვე დავამატოთ ერთი ფაქტიც, თუ გასულ წლებში შეეძლოთ მასწავლებლებს, დამატებითი აქტივობებით "შეეკოწიწებინათ" სტატუსის შესაცვლელად საკმარისი კრედიტ-ქულები, მიმდინარე სასწავლო წელში რატომ შეიზღუდნენ? ასევე, იმ პედაგოგებმა, ვისაც არ აქვთ ოქმებით დადასტურებული თავიანთი აქტივობები, რატომ უნდა დაკარგონ წინა წლებში ნაშრომი?

კიდევ ერთი საკითხი, რასაც რთულად გაეცემა პასუხი: რატომ ვერ აბარებენ გამოცდებს მასწავლებლები? თუ სათანადოდ გადაემზადება, მინიმალურ ერთ კრედიტ-ქულას აუცილებლად მიიღებს, გადამზადებისთვის კი სახელმწიფომ უამრავი თანხა დახარჯა, ჩანს - არაეფექტიანად. ბევრ ქვეყანაში მასწავლებლებს არ უწევთ გამოცდების ჩაბარებით კომპეტენტურობის მტკიცება. ყველაზე მისაღებ ფორმად ითვლება მასწავლებლის საჭიროებების კვლევა და სუსტი ან საფრთხის შემცველი კომპონენტების სხვადასხვა გზით აღმოფხვრა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უფრო ეფექტიანია. მოსაზრება, რომ გამოცდით შესაძლოა, დავაფიქსიროთ ის კადრები, რომლებიც პროფესიაში ვერ ოპერირებენ, არასწორია. უმჯობესია, ეს დადასტურდეს მასწავლებლის შიდასასკოლო პრაქტიკის კვლევისას და სკოლის ადმინისტრაციამ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, ღირს თუ არა ასეთი მასწავლებლის მხარდაჭერა.

რამდენიმე შეკითხვა, რომელიც დავსვი მასწავლებლების წინაშე, შეეხებოდა მასწავლებელთა ტრენიგ-კურსის გავლის საჭიროებებსა და ეფექტიანობას, კარიერულ წინსვლასა და ზოგადად, ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის საკითხებს სკოლაში. გთავაზობთ პასუხებს კონფიდენციალობის დაცვით, ერთი მიზეზით - პედაგოგთა უმეტესობას ადარდებს თავისი, პიროვნული და არა სასკოლო-საგანმანათლებლო საზრუნავი. საკითხავია, როგორ გრძნობენ თავს ის მასწავლებლები, რომლებმაც მუშაობის გაგრძელების გარანტია მოიპოვეს.

ხ.შ: "ტრენინგების ეფექტიანობა გარკვეულწილად, მასწავლებელთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ასევე, მონიტორინგის მექანიზმიც შესაბამისი უნდა იყოს დირექციის მხრიდან".

ჯ.ლ: "მასწავლებელთა უმეტესობამ სტატუსი ვერ შეიცვალა დროული ინფორმაციის არარსებობის და ფასილიტატორთა უნიათობის გამოც. ამას ემატება ,,ჩემ წინ სხვას არ გავუშვებ" პოზიცია და წინსვლის გზები ჩაეკეტა უმრავლესობას. თუ დაუშვეს კანონით, 2015 წლის იანვრიდან რაც აქვთ ნაშრომი, ატვირთონო, გამოდის, რომ იმ კანონების და წესების მოწოდებამდე უკვე კანონი მოქმედებდა... ვარ უფროსი მასწავლებელი, ორივე გამოცდით, ათ-ათი ქულით. დავიწყე კრედიტების გროვება წამყვანობისთვის. ჯერ წავაწყდი ასეთ სიტუაციას: მუსიკის მასწავლებელი უნდა დაგვიჯდეს წამყვანადო? ანუ აქ გაბრაზებაზე მეტად, კოლეგების უვიცობა გაგიკვირდებათ. არა მგონია, მხოლოდ შური ჰქონოდათ. კანონს ვინ გადაახტებოდა?..

იცით, ზოგიერთები ფასილიტატორებად სხედან, ტრენინგი უტარდებათ, ამ პოზიციონირებისათვის კრედიტ-ქულები ენიჭებათ. ჰოდა, ნუთუ ასე ძნელია, ინსტრუქციები სწორად და ნათლად მიაწოდონ? სტატუსით უფროსი მასწავლებელი ვარ და არაფერი მემუქრება, მაგრამ რა დააშავა იმ პრაქტიკოსმა, ვინც ჩააბარა და უამრავი ნაშრომი ჰქონდა, მაგრამ ვერ ან არ ატვირთა მიზეზთა გამო? ეს უფრო ჩაგვრაა! ასეთებს უნდა მისცენ უფლება, სხვადასხვა აქტივობით შეივსონ ნაკლული კრედიტები. მხოლოდ აუტვირთაობის მიზეზით წასვლა, როცა არც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული 5-კრედიტიანი ტრენინგი ყოფნის, არასწორია. თუ წინა წლებში მიეცათ სხვადასხვა აქტივობით კარიერული წინსვლის უფლება, ახლა რატომ ვზღუდავთ? გამოცდაზე კი არაფერს ვიტყვი: მასწავლებელმა ის უნდა ჩააბაროს!"

ხ.ღ: "მასწავლებლის მხრიდან საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აუცილებლად 10 კრედიტით უნდა იყოს განსაზღვრული. შენიშვნები მაქვს ძველ სქემასთან დაკავშირებით. ის "დათვური სამსახური", რომელიც გავუწიეთ პედაგოგებს ცოპყ-პასტე-ით, მერწმუნეთ, ბუმერანგივით მოუბრუნდება ჩვენს მოსწავლეებს (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ), აქ ლომის წილი მიუძღვის დირექციას და შეფასების ჯგუფს. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვეწყო და გვეზრუნა სამართლიანი წინსვლისთვის, ბევრი არარსებული აქტივობა ჩაითვალა კრედიტების "ყულაბაში". უსამართლობისა და უკმარისობის განცდა მაქვს იმ კოლეგების მიმართ, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს 10-10 ქულა, ახლა კი, ერთნაირი სტატუსები აქვთ 1 და 10-ქულიანებს... ისე კი, ტრენინგები აუცილებელია, მუდმივად საჭიროა პროფესიული განვითარება. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არაფორმალურ განათლებას".

თ.მ: "1-6 კლასის ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი ვარ. მე და ჩემმა კოლეგებმა (8 მასწავლებელმა) ავტვირთეთ ჩვენი აქტივობები. აღნიშნული სასწავლო სკოლის შეფასების ჯგუფის წევრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული (ისევე, როგორც დანარჩენი აქტივობები - პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და სამუშაო შეხვედრის რეფლექსია). რადგან კვლევა წინა წლის მეორე სემესტრის მარტში მქონდა დაწყებული და დავასრულე ნოემბერში, ვიფიქრე, ამის შემდეგ სამუშაო შეხვედრის რეფლექსიას და კვლევას ერთად ავტვირთავ-მეთქი. არ ვიცოდი, დროს თუ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, თორემ იმ დროისთვის გამზადებულ აქტივობებს ავტვირთავდი და ახლა ეს პრობლემა აღარ შემექმნებოდა. ამ ეტაპზე, კარიერული წინსვლისთვის ყველა სავალდებულო და დამატებითი აქტივობა განხორციელებული და დაგროვილი მაქვს (20 კრედიტი). ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მასწავლებლის სახლის მიერ არ შეფასებულა, რის გამო მოტივაციაც დავკარგე და პირველი შემთხვევაა, რომ არ მიხარია სასწავლო სწავლის დაწყება. იქნებ ახალ სქემაში, გარდამავალ დებულებაში, კერძოდ 39-ე მუხლში დახარვეზებულ კვლევებთან ერთად, მსგავსი პრობლემის მასწავლებლებიც გაგვითვალისწინონ, შეგვიფასონ აქტივობები, რათა მოგვეცეს გარე დაკვირვების გავლის საშუალება.

როლანდ ხოჯანაშვილი