უცხო, მაგრამ ახლა უკვე ყველაზე ახლობელი ადამიანები - გზაპრესი

უცხო, მაგრამ ახლა უკვე ყველაზე ახლობელი ადამიანები

მათ ყველაფერი გააკეთეს შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის, სამაგიეროდ კი შვილებისგან ცივი მოპყრობა ან უარესი - თავშესაფარში გამოკეტვა მიიღეს. რთულია, ცრემლების გარეშე მოისმინო მოხუცების საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა მათი ცხოვრება... ბარსელონაში მოხუცების ერთ-ერთ რეზიდენციას ვესტუმრეთ - ასე უწოდებენ აქ ადგილს, სადაც შეუძლიათ გაერთონ, დრო გაიყვანონ და კვლავ ოჯახს დაუბრუნდნენ. არიან ისეთებიც, ვინც მუდმივად იქ ცხოვრობს და კმაყოფილები არიან, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ოჯახს ვერაფერი შეცვლის. იმისთვის, რომ მოხუცმა თავი კომფორტულად იგრძნოს და გარემოსთან რეაბილიტაცია არ გაუჭირდეს, მომსახურე პერსონალი თავს არ ზოგავს - მათთან ერთად თამაშობენ, ვარჯიშობენ, ხატავენ. ცდილობენ, თავი ყველამ ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ რთული არ არის, მათ თვალებში დარდი და სევდა ამოიკითხოთ. აქ ყველას თავისი ისტორია აქვს, რომლის მოსმენა ცრემლების გარეშე ვერ შევძელი.

მარია ყველაზე უხუცესი სენიორაა ამ ცენტრში, უკვე 103 წელს ითვლის. ახსოვს ყველაფერი, რაც მის ახალგაზრდობაში ხდებოდა, მაგრამ არ ახსოვს, აქ რატომ მოვიდა. იცის, რომ ჰყავს ორი შვილი და ქმარი, რომელიც 5 წლის გარდაცვლილია. მარია გვიყვება, რომ დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა, დარჩა მარტო ძმასთან ერთად. პატიმარი მამის ოჯახმა მათ აღზრდაზე უარი განაცხადა...

მარიას აქ ყველაფერი მოსწონს, გარდა ქმართან სიშორისა. ელოდება, როდის მოაკითხავს და როდის წავლენ ოპერაში ახალი სპექტაკლის სანახავად. ერთმა მოხუცმა ხელი ხელზე მომიჭირა და მკითხა, მშობლები ხომ გყავსო?

- დიახ, მყავს, - ვუპასუხე და ყელში მოწოლილი ბურთი მძიმედ გადავყლაპე.

- შვილო, გაუფრთხილდი მათ და იცოდე, ამ სიტუაციისთვის არასოდეს გაიმეტო. მშობელს შვილის სიყვარული უხანგრძლივებს ცხოვრებას. მათ გვერდით გათენებული ყოველი დღე მზიანია. ხშირად გაუმეორე, რომ გიყვარს და გჭირდება ისინი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასაკში შედის. სიბერე რთული ყოფილა. ახლა გაიღიმე და ჩემს ამბავს მოგიყვები, - ეს კარმენ როდრიგესია, 87 წლის:

- პირველი ქალი ვარ ესპანეთში, ვინც მატარებლის მემანქანე გახდა. ჩემი მშობლებისთვის ეს გადაწყვეტილება ცოტა გასაკვირი იყო. ახალგაზრდა რომ ვიყავი, სიბერეზე არ ვფიქრობდი. მეგონა, სულ ისეთი ლაღი და ლამაზი გოგო ვიქნებოდი. სარკეში ხშირად ვიხედებოდი, სახეზე ნაოჭებს, თმაში ჭაღარას ვამოწმებდი და მიხაროდა, როდესაც ვერ აღმოვაჩენდი. სულ მეშინოდა, შვილებისთვის ტვირთად არ ვქცეულიყავი. სამი ვაჟის დედა ვარ, შვილიშვილებიც მყავს. მე და ჩემი მეუღლე თავს არ ვზოგავდით, სათანადო განათლება რომ მიმეცა მათთვის, ბევრს ვმუშაობდით მათი მომავლისთვის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო დავრჩი. ჩემს შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ და ჩემთვის დრო არ რჩებოდათ, მე კი დამოუკიდებლად გადაადგილება და თავის მოვლა მიჭირდა. ამიტომაც, "სოციალის" დახმარებით აქ გადმოვედი საცხოვრებლად. შვილები თვეში ერთხელ ან ორჯერ მოდიან. როდესაც მათთან მივდივარ, ყოველ წუთს საათს ვუყურებ. დრო ისე სწრაფად გადის, ბავშვების მოფერებასაც ვერ ვასწრებ. შევცქერი საათს და გულში ვამბობ: "გაჩერდი, ასეთი სისწრაფით ნუ მუშაობ!" ამ ფიქრებისგან შვილების ხმას გამოვყავარ: "წავედით, დედა, წასვლის დროა". "წავედით, შვილო, წავედით", - ამ სიტყვებით თავს ამაყად ვწევ. არ მინდა, მათ ჩემი ტკივილი იგრძნონ და ვბრუნდები უკან, მათთან მომავალი შეხვედრის მოლოდინით.

პედრო 89 წლისაა, ისიც მარტოობამ მოიყვანა აქ. თავდაპირველად მხოლოდ ნახევარი განაკვეთით მოდიოდა, შემდეგ კი საცხოვრებლად გადმოვიდა. მიუხედავად ასაკისა, გვეუბნება, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია და სულ საქმის კეთება უნდა. საქმე კი აქაც ბევრი აქვს - მეგობრებს ხან ეტლს შეუკეთებს, ხან ხელჯოხებს შეულამაზებს, ცენტრში თუ რამე გაფუჭდება, შეაკეთებს და დროც სწრაფად გადის. ამბობს, რომ აქ მისი ოჯახია და მათ გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

მარიანა სუარესი უკვე ათი წელია, აქ მუშაობს და მოხუცებს ეხმარება. ამბობს, რომ მოხუცების ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ამ კარის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მათთვის რთულია მარტოობასთან შეგუება.

- თავიდან აქ მოხალისედ ვმუშაობდი. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ჩემთვის ეს სიამოვნება იყო. რთული არაფერია, პირიქით, მათ გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება. შეუძლებელია სირთულეს ხედავდე, როდესაც მათგან ამხელა სითბო და მადლიერება იგრძნობა. ყველას შენი იმედი აქვს და არ გაქვს უფლება, ეს იმედი გაუცრუო.

GzaPress

- როგორია მათი პირველი დღეები ცენტრში?

- თავიდან ყველას უჭირს - რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობ, ვინც აქ საცხოვრებლად მოჰყავთ. ვინც ნახევარი განაკვეთით გვსტუმრობს, მათთვის აქ ყოფნა სიამოვნებაა - დრო გაჰყავთ, ვარჯიშობენ, ეწყობა მუსიკალური შეჯიბრებები, გამოფენები. იღებენ სხვადასხვა მომსახურებას და საღამოს ოჯახებში ბრუნდებიან... მოხუცი ბავშვივით არის. შვილი რომ სკოლაში ან ბაღში მიგყავთ და ტირის, არ უნდა ახალ გარემოში ყოფნა. ჰგონია, მიატოვეთ და აპროტესტებს. მოხუციც ზუსტად ასეა. ჩათვალეთ, ადგილებს ცვლით - ახლა მშობელი შენ ხდები, მშობელი კი შენი შვილი, რომელიც შენგან იმავეს ითხოვს, რაც შენში ჩადო. რას იღებს სანაცვლოდ?! უცხო გარემოში მიგყავს და ტოვებ.

- როდესაც შვილებს ნახულობენ და ისევ უკან ბრუნდებიან, ამ დროს რა ხდება?

- ეს ჭრილობის გახსნას ჰგავს და ამ დროს ისევ ფსიქოლოგი ერევა საქმეში, თავი მარტო რომ არ იგრძნონ. ფსიქოლოგების გარდა, ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით. თვითონ მოხუცებიც ამხნევებენ ერთმანეთს. ათი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვისმინე, ბევრი შვილს მოშორებული მშობელი ვნახე, თუმცა ერთი მოხუცი განსაკუთრებულად მახსოვს. 78 წლის ასაკში მოგვიყვანა სიძემ. შვილი გარდაეცვალა, ერთადერთი გოგონა ჰყავდა და ერთი შვილიშვილი. შვილის საძინებელში შესულს, საწოლში გარდაცვლილი დახვდა და ამას მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო. ჩვენთან 4 წელი ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მასთან ფსიქიატრები მუშაობდნენ, წუთითაც არ დავიწყებია მომხდარი, სულ შვილის ძიებაში იყო. როდესაც მის მოსანახულებლად შვილიშვილი და სიძე მოდიოდნენ, მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდა მათთან: სად იყო მაგდალენა და რატომ არ მოდიოდა მის სანახავად. ყოველთვის ფანჯარაში იხედებოდა, შვილის მოსვლის იმედს არ კარგავდა. ამ მოლოდინში გარდაიცვალა.

საერთოდ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოხუცის მშვიდი და უსაფრთხო სიბერე უზრუნველყოს. თუ შვილს აქვს ისეთი სამსახური, რომ არ შეუძლია მშობელთან დიდი დრო გაატაროს და მისი მარტო დატოვება უწევს, სახელმწიფო ვალდებულია, ეს პრობლემა გადაჭრას. თუ მოხუცს მარტოობის განცდა და ამით გამოწვეული სტრესი აქვს, სოცმუშაკი მას გამოუყოფს სახლის პირობებში დამხმარე ქალბატონს. თუ ოჯახი ჩათვლის, რომ უმჯობესია მისი რეზიდენციაში გადაყვანა, გადმოგვყავს. სოცმუშაკის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ ჩვენამდე მოდის.

როგორც მეუბნებიან, სიბერის თითოეულს ეშინოდა. შთამომავლების გადაწყვეტილებას ემორჩილებიან. გული სტკივათ, მაგრამ შვილებს არც ერთი არ ადანაშაულებს.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან