ვინ დაუდო სათავე შუღლიაშვილის გვარის წარმოჩენას - გზაპრესი

ვინ დაუდო სათავე შუღლიაშვილის გვარის წარმოჩენას

ლიტერატურათმცოდნე და ფილოლოგი დავითი, ლიტერატურის მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი იყო, რომელმაც უნიკალური ფოტოარქივი შექმნა. მისი ვაჟი მიხეილი კომპოზიტორი და პედაგოგი გახლდათ. მიხეილის შვილები არიან ია, დათო და დიმიტრი. თავისი საქმის პროფესიონალები. კერძოდ, დათო არის მუსიკისმცოდნე-ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი, ია - მსახიობი და მომღერალი, ხოლო დიმიტრი - მობილური კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი. მათ რიგშია ფიზიკოსი ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია, რომელიც დავითის ქალიშვილია. ის გაგვაცნობს თავისი დიდი ოჯახის წევრების ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს.

GzaPress

- როგორც ვიცით, დავით შუღლიაშვილი ლიტერატურის მუზეუმის გახსნის სათავეებთან იდგა.

- მუზეუმის დაარსების ინიციატორი გიორგი ლეონიძე გახლდათ. მამა მის გვერდით იყო გახსნის დღიდან. წლების მანძილზე მასალებზე მუშაობდა, ძირითადად, საჯარო ბიბლიოთეკის სამეცნიერო განყოფილებაში. სახლშიც მუშაობდა, მაგალითად მაშინ, როცა ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, რომელიც პოეტის ქალიშვილი იყო, სთხოვა გოგლაზე მოგონებები დაეწერა. მამამ შეასრულა თხოვნა და ეს მოგონებები ახლა მუზეუმში ინახება. მან შეადგინა ასევე, გამოჩენილი პოეტებისა და მწერლების გენეალოგიური ხე, მათ შორის არის გიორგი ლეონიძე და ირაკლი აბაშიძე. მადლიერი იყო ირაკლი აბაშიძე და მამა ჰყვებოდა, რომ ასე უთქვამს: ბატონო დავით, ეს როგორი წინაპრები აღმომიჩინეთ, მეც კი არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებო. წლების შემდეგ, მოსკოვში ასპირანტურაში ვსწავლობდი და ბატონი ირაკლის წერილის საფუძველზე მიმიღეს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საერთო საცხოვრებელში (ადგილები არ იყო). ირაკლი აბაშიძეს მოსკოვში ვინ არ იცნობდა, დიდი სახელი ჰქონდა. ისეთი საქმე გამიკეთა, რომ მასზე ყოველდღე ვლოცულობდი. დღესაც კი, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მივდივარ და მის ბიუსტს გავუვლი გვერდით, სულ ვიმეორებ, ღმერთმა ნათელში გამყოფოს-მეთქი.

მამა ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელი კაცი იყო. როცა 70 წლისა გახდა, მასზე სტატია დაიწერა, სადაც მოიხსენიეს, როგორც ფუტკარივით მშრომელი. აი, რა ზუსტად შემაფასაო, ამბობდა და ისე მოსწონდა ეს ფრაზა, ხშირად იმეორებდა. სხვათა შორის, მათემატიკური ნიჭიც ჰქონდა. ჟურნალში "მეცნიერება და ტექნიკა", 40-იან წლებში გამოაქვეყნა სტატია "ზეპირი თვლის მეთოდი", სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა გადაამრავლო რიცხვები ერთმანეთზე ზეპირად. ჟურნალი შენახული გვაქვს. ეს მეთოდი ჯერ კიდევ 18 წლისამ მოიფიქრა. მაშინ ურჩიეს მათემატიკურზე ჩაებარებინა, მაგრამ ლიტერატურის სიყვარულმა გადაძალა.

მამას ყველაზე დიდი დამსახურებაა ის, რომ ავტონიმების ლექსიკონი (ფსევდონიმები გაშიფრა) შეადგინა, მაგრამ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. ლექსიკონი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. მამას მუზეუმის მემორიალურ-იკონოგრაფიული განყოფილება ებარა და ყველა ფოტო მასთან ინახებოდა. ის აკეთებდა წარწერებს, თითოეულ ფოტოზე ვინ იყო გამოსახული. თუკი რამე სურათი არსებობდა, მის ხელში გადიოდა. დახედავდა თუ არა, იტყოდა - ვინ ვინ არის. ყველა მამასთან მორბოდა, ამიტომ დიდი ნაცნობობა ჰყავდა. მამას დროს გაიხსნა მწერლების სახლ-მუზეუმი, მაგალითად, ვაჟასი ჩარგალში, იაკობ გოგებაშვილის - ვარიანში... ეს იყო პირველ რიგში, გიორგი ლეონიძის და მერე მამას დამსახურება. ყოველწლიურად ლიტერატურის მუზეუმის სახელით გამოდიოდა საიუბილეო თარიღების კალენდარი, რომელსაც მამა ადგენდა.

- როგორი მამა იყო, შვილებისთვის დრო რჩებოდა?

- მამას განსაკუთრებულად ვუყვარდი. ალბათ, 5 წლიდან ყველა საიუბილეო საღამოზე დამატარებდა. საერთოდ, ყველა ღონისძიებას ესწრებოდა, არც ერთს არ გააცდენდა. მახსოვს, ბარნოვის ქუჩაზე ჩამოვდიოდით და ყველას ამაყად ეუბნებოდა: ეს არის ჩემი ქალიშვილიო. პატარა ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, რა კარგ სიტყვას ამბობს, გოგონა კი არა - ქალიშვილი. მამა ქართულად ძალიან ლამაზად მეტყველებდა. რუსული არ იცოდა და ხუმრობდა: დედაშენი იმიტომ შევირთე, რომ მეგონა გერმანულს (გერმანული ენის პედაგოგი იყო) და რუსულს მასწავლიდა, მაგრამ არ მასწავლაო. ყოველ საღამოს, ჯერ ვერის ბაღში შევიდოდით მე და მამა, მერე რუსთაველზე მასეირნებდა, სადაც თითქმის ყველა ესალმებოდა.

GzaPress

- შუღლიაშვილების გვარი საიდან მოდის?

- მამა წარმოშობით რუისიდან იყო, მაგრამ გორში ცხოვრობდნენ. 5 წლისას მამა გარდაეცვალა. დედამისი სამი შვილით (მამას ორი და ჰყავდა) ცოლად შეირთო მკერავმა ივანე შუღლიაშვილმა, მას კარგი შემოსავალი ჰქონდა. გორში მიწისძვრა რომ მოხდა, შეეშინდათ და კარალეთში გადასახლდნენ. ივანემ მამაჩემი იშვილა და დავით გელდიაშვილი გახდა დავით შუღლიაშვილი. მამინაცვალს უზომოდ უყვარდა, ზედ დაჰფოფინებდა, ასეთი სიყვარული იშვიათია. მამა ამბობდა, დედამ მოფერება არ იცოდა, ის კაცი მეფერებოდაო. 13 წლისა რომ გავხდი, მამას კატეგორიულად ვუთხარი, რომ ჩვენ გვარზე უნდა გადავსულიყავით. ძალით წავიყვანე კარგარეთელის ქუჩაზე მილიციაში. მამას ცნობა ჰქონდა, რომ დაბადებისას დავით მიხეილის ძე გელდიაშვილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვარს გამოუცვლიდნენ, თუმცა მამის სახელს არა. ე.ი. მიხეილის ძედ არ ჩაწერდნენ. მამამ გაიკვირვა, ეს რას ნიშნავს - ერთი მამის გვარი და მეორის სახელიო? მე ვუთხარი, შენ ხომ ორივეს პატივს სცემდი და იყოს ასე-მეთქი. არაო, თუ გამოვიცვლი, ორივე უნდა შეიცვალოსო და ოთახიდან გავიდა. ვეღარ შევაბრუნე. მამინაცვალი ისეთი კარგი კაცი იყო, ღირსია, მისი გვარი გაგრძელდესო, - თქვა მამამ და დაამატა, - იმას შვილი არ ჰყავდა და ჩემგან დაიწყება დინასტიაო. სხვათა შორის, სულ ამას ამბობდა, მე ვიწყებ ახალ დინასტიასო.

- ვისთან მეგობრობდა?

- გოგლასთან ძალიან ახლოს იყო. ლადო გუდიაშვილთან მეგობრობდა. სამამულო ომის პერიოდში დიდი გაჭირვება იყო და ლადოს ერთი ნამუშევარი მამას თხოვნით, მუზეუმმა შეიძინა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა გრიშაშვილთან, მისი ალბომიც გააკეთა. გალაკტიონთან საკმაოდ ახლოს იყო. მამას უამრავი სურათი აქვს გადაღებული პოეტებთან და მწერლებთან. ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული ურთიერთობა კი მაინც გიორგი ლეონიძესთან ჰქონდა. მამამ შემაყვარა გოგლა და მისი შემოქმედება. გარდა იმისა, რომ ლეონიძე არაჩვეულებრივი პოეტი და მწერალი იყო, საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. მან ჩამოასვენა ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც ჯერ დიდუბეში და მერე მთაწმინდაზე დაკრძალეს. ლეონიძემ გაგზავნა მამაჩემი ლენინგრადში ცოლთან ერთად (დედა თარჯიმნად), რათა ნიკოლოზ ბარათაშვილის თავის ქალის მიხედვით, მისი სახე დაედგინათ (პოეტის ფოტოსურათი ხომ არ არსებობს). იყო ვინმე პროფესორი გერასიმოვი, რომელიც წერდა, რომ ასეთ კვლევას ატარებდა. მამამ სტატია წაიკითხა და იდეა მიაწოდა გოგლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მეცნიერი ამას ვერ აკეთებდა სათანადოდ და მამა ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდა. ის კი არ ვიცი, თავის ქალა ჩაიტანეს, თუ მხოლოდ მოლაპარაკება შედგა ამ საკითხზე. მამაჩემმა სტატიაც დაწერა ამის შესახებ.

- თქვენი ძმა მიხეილი ავანგარდული ხედვის კომპოზიტორი იყო.

- ჩემს ბავშვობაში იტალიური სიმღერები იყო მოდაში. მე და ჩემი ძმა (6 წლით უფროსი) ვმღეროდით. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა გამოჩენილი ექიმი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი გარი ფიცხელაური. მან უთხრა დედას: ზიზა, ბავშვს ტალანტი აქვს, სასწრაფოდ მუსიკაზე მიიყვანეთო. 10 წლის მიშა ჩაირიცხა მე-9 მუსიკალურში ვიოლონჩელოს კლასში, რადგან ფორტეპიანოზე ადგილი აღარ იყო. 11 წლისამ დაწერა კონცერტი, რომელიც სამწუხარო ფაქტს უკავშირდება და მისი შთაბეჭდილებების შედეგად შეიქმნა. ჩვენი 92 წლის ბებიამ კაბა ნავთქურას წამოსდო სამზარეულოში, ნავთქურა წაიქცა და ხანძარი გაჩნდა. მშობლები სახლში არ იყვნენ, მე და ჩემი ძმა ოთახში როიალზე ვუკრავდით და ვმღეროდით. ცეცხლი მალე ჩააქრეს და ბავშვები მეზობლებმა გამოგვიყვანეს, მაგრამ ბებია გარდაიცვალა. ვფიქრობ, უფრო შიშისგან, თორემ არ ჰქონდა ძლიერი დამწვრობა. მიშას ნაწარმოები, ისევ გარის რჩევით, - კომპოზიტორს ანახეთო, დედამ სულხან ცინცაძეს აჩვენა. მას უთქვამს, ძალიან ნიჭიერი ბიჭიაო და მოსკოვში წაყვანა ურჩია. მოსკოვში ხაჩატურიანის რეკომენდაციით, მიშა გნესინების სასწავლებელში უგამოცდოდ მიიღეს. 15 წლისამ გამოაცხადა, აღარ მინდა ვიოლონჩელო, კომპოზიცია მინდაო. დედამ მინსკში წაიყვანა მუსიკალურ ინტერნატში, იქიდანაც გამოიქცა და ბოლოს, თბილისში ექსტერნად დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი წითელ დიპლომზე.

შემდეგ იყო კონსერვატორია, ანდრია ბალანჩივაძესთან სწავლობდა ბრწყინვალედ. თუმცა, ლექციების გაცდენის გამო, ორჯერ გარიცხეს, მაგრამ ისევ აღადგინეს. მეუბნებოდა, ლექციაზე ჩემთვის საინტერესო არაფერი ხდებაო. მამაჩემი მივიდა იონა ტუსკიასთან, მან გარიცხა კონსერვატორიიდან და თურმე, ეუბნება: "აი, ნახეთ რას წერს, რა კაკაფონიაა". მიშა დაუმეგობრდა ნოდარ მამისაშვილს, მასთან მიდიოდა ხშირად. მეგობრობდა მიშა ნანეიშვილთან და რეზო თავაძესთან. მათი წრე იყო ანტიკომუნისტურად განწყობილი. მიშას გაუკვირდა, როცა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს მდივნად. ის არანაირ ყრილობებს და ღონისძიებებს არ ესწრებოდა. იყო წლების მანძილზე მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებელში. მან შექმნა სოლფეჯიოს ახალი სისტემა, რომელმაც ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ სპეციალურად იწვევდნენ სამუსიკო სკოლები ამ მეთოდის გასაცნობად და მერე ბავშვებს ასწავლიდნენ. მუსიკალურ წრეში პატივს სცემდნენ. მიშა ეძებდა თითოეული კომპოზიტორის რიტმულ ხაზს. როცა ნაწარმოებს უკრავენ, ხომ ვხვდებით, რომ ის შოპენია ან ბახი. რატომ და რის გამო ხდება ამოცნობა, ამას იკვლევდა. ნაწარმოებებს თავისებურად შიფრავდა და "ბამბანერკის" მუყაოებზე წერდა თავის ნააზრევს. ეს გენიალური მიგნება იყო, რომელიც წლების შემდეგ მართლაც დამტკიცდა, მაგრამ მიშამ ეს გაცილებით ადრე დაადგინა.

ჩემი ძმა მუშაობდა თავდაუზოგავად. დილით რომ შევიდოდა ოთახში, საღამომდე აღარ გამოჩნდებოდა. მარტო საჭმელად თუ გამოვიდოდა. სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. დასასვენებლად ნოტებით მიდიოდა, ინოლა (მიშას მეუღლე ინოლა გურგულია) გიჟდებოდა. ერთადერთი მისი ნაწარმოები "ეგზერსისი" ფორტეპიანოსათვის გაჟღერდა კოსერვატორიის დარბაზში. მის სიცოცხლეში, სხვა არ მახსენდება. სხვანაირად აზროვნებდა, ჩემს ძმას რომ გადაეხვია თავისი ხაზისთვის და პოპულარულად ეწერა, ეგ მისთვის არაფერს წარმოადგენდა. ძალიან ადრე, 55 წლისა გარდაიცვალა.

- ინოლა გურგულიას და მიხეილ შუღლიაშვილის სიყვარულის ამბავი ყველასთვის ცნობილია. თქვენ როგორ გაიხსენებთ ინოლას და ორი მუსიკოსის თანაცხოვრებას?

- ინოლამ ასეთი ფრაზა თქვა: პირველმა მეუღლემ (პოეტი ანზორ სალუქვაძე) ლექსების წერა მიმატოვებინა და მეორემ - მუსიკისო. მიშას ესტრადა არ უყვარდა. ინოლას სიმღერები, რა თქმა უნდა, მოსწონდა და აღფრთოვანებული იყო მისი ნამღერით, მაგრამ ეს არ იყო მისი... თუმცა, ერთხელ, 50 სიმღერა დაუწერა რამდენიმე დღეში. იქიდან ერთ-ერთს, "ჭია-ჭია მაია" ინოლა თავის ტრიოსთან ერთად ასრულებდა. სამწუხაროდ, სხვა სიმღერები დაიკარგა. ჩვენი ოჯახი და ინოლა გვერდიგვერდ ბინებში ვცხოვრობდით. სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, მანამდე დავმეგობრდით და სულ ერთად ვიყავით. სტუმარი მივიდოდა მასთან, იქ ვიყავი, ჩვენთან მოვიდოდნენ და ინოლა შემოდიოდა. მაშინ კარი ყველას ღია ჰქონდა. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გიტარაზე დაკვრა გვესწავლა. ერთი თვე ვიარეთ. მივედი ინოლასთან და ვუკრავ რაღაცას, გაეცინა: მოდი ლარისა, ერთ დღეში გასწავლიო. დამიჯდა და შვიდსიმიან გიტარაზე დაკვრა, მართლაც ერთ დღეში მასწავლა. სიმღერაც თავისთავად მან მასწავლა იმიტომ, რომ ხომ მესმოდა ის ყველაფერი. ჩვენ დუეტშიც ვმღეროდით. მან მასწავლა რუსული რომანსები უზომო რაოდენობით.

ისინი შეუღლდნენ ინოლას დაბადების დღეზე, გასაოცარი სიყვარული ჰქონდათ. ინოლა მიშას ისეთ წერილებს სწერდა, რომ ვკითხულობდი, ვგიჟდებოდი, ამისი გადმოცემა შეუძლებელია. სწერდა მოსკოვიდან, იქ წავიდა დისერტაციის დასაცავად. ინოლამ იმ პერიოდიდან დაიწყო წერილების მოწერა. პირველი მე ვხსნიდი და ვკითხულობდი ან მიშა გახსნიდა და მერე მე წავიკითხავდი. ჩემს ძმისშვილს, დათოს აქვს ეს სასიყვარულო წერილები შენახული და ალბათ ოდესმე გამოაქვეყნებენ.

- პროფესიად ტექნიკური დარგი აირჩიეთ. თავად არ იყავით მუსიკით გატაცებული?

- მშობლებს არ ჰქონიათ მუსიკასთან შეხება, თუ არ ჩავთვლით დედას სიარულს ვიოლინოზე, რაც უშედეგოდ დასრულდა. ჩემი ძმიდან გამომდინარე, უკვე ყველანი ჩავერთეთ. მიყვარდა სიმღერა, ჩვენთან სულ მუსიკის ხმა ისმოდა. დავამთავრე მე-9 მუსიკალური სასწავლებელი და მინდოდა გავყოლოდი კიდეც ამ გზას. ტექნიკუმში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა, არავითარ შემთხვევაში, ოჯახში ერთი მუსიკოსი საკმარისიაო. - ლარისა იცოდე, თუ შენ ხელოვნებაში მიდიხარ, უნდა იყო ძალიან მაგარი. ჯობია იყო საშუალო ფიზიკოსი, ვიდრე საშუალო მუსიკოსი, დაიჩაგრებიო. მაშინ ფიზიკითაც ვიყავი გატაცებული. მიშამ გადამაწყვეტინა, ეს დარგი ამერჩია და... გავხდი ფიზიკოსი, დისერტაცია დავიცავი და სტუ-ს მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ვარ. სიმღერა და დაკვრა დღესაც მიყვარს.

ნანული ზოტიკიშვილი