მესტიიდან თბილისამდე - გზაპრესი

მესტიიდან თბილისამდე

"ხვალ, 13 საათზე თქვენთან ტრანსპორტით მოვლენ. გთხოვთ, იყოთ მზად, საკარანტინო ზონაში გადაყვანა რომ მოახერხონ, სადაც თქვენ დაჰყოფთ 14 დღეს და უზრუნველყოფილი იქნებით სასტუმროს მომსახურებითა და საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ სერვისით, რაც თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის იქნება საჭირო", - ასეთი შინაარსის სატელეფონო მონოლოგი გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტში ყველა ტურისტთან, როცა ზემო სვანეთი "წითელი ზონა" გახდა.

ბეჩოს თემში, კვიციანების ოჯახში 5 ადამიანი ვიყავით და ჩვენც გაყვანას ველოდებოდით. სატელეფონო კომუნიკაციის დროს სასიამოვნო ხმის ქალბატონმა 24 საათით ადრე გამაფრთხილა, რომ დღის პირველის ნაცვლად, შესაძლოა, რამდენიმესაათიანი ლოდინი გახდეს საჭიროო (მიზეზი ის იყო, რომ კოლონა ერთად უნდა გამგზავრებულიყო მესტიიდან ზუგდიდისკენ და ვიზიტორების კოორდინირება იოლი არ გახლდათ).

უშბა ბოლო დღეებში გადანისლული იყო. ღამით წვიმდა და დილიდან ისევ მზე აცხუნებდა თეთნულდსა და ლაჰილზე. ლაილა თითქოს დამცინავად უყურებდა პატარა არსებების - ადამიანების ვაინაჩრობას, დოლრაც კისრისტეხით მიიჩქაროდა ენგურთან შესარწყმელად. ცხოვრებაში პირველად, მეც მომეჩქარებოდა სვანეთიდან, არა იმის გამო, რომ მეშინოდა "კოვიდ 19"-ის (ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა დაწესებულ ნორმას), არამედ იმის გამო, რომ დროზე გამეთავისუფლებინა მასპინძლები აღმატებული ზრუნვისგან. ჩვენ შორის ორი მცირეწლოვანი იყო. ისინი მონდომებით ალაგებდნენ ჩანთებში სათამაშოებს, პირბადეებს იმარჯვებდნენ და დედას უყურებდნენ თვალებში მრავლისმთქმელი მზერით. პატარა ლუკამ სათვალეც გაიკეთა, - ასე უკეთესია, რომელიღაც ფილმის გმირს ვგავარო და ორმეტრიან თანამგზავრს მეათასედ დაეკითხა: ლაში, შენ გაქვს პირბადე? თუ გაქვს, რა ფერისაა? ნეტავ სად მოვხვდებით? მე თბილისი მირჩევნია, მამა იოლად მოგვაკითხავსო...

GzaPressხუთეულიდან საკონტაქტო პირი მე ვიყავი. კითხვაზე, სასტუმროს სად აირჩევთო? ნებისმიერზე თანხმობა დავაფიქსირე - ასეთ დროს პრეტენზიების ადგილი ნამდვილად არაა. გულის სიღრმეში, ხუთივეს თბილისი გვინდოდა, რადგან სახელმწიფოს "ყურადღება" თუ არ გვეყოფოდა, ახლობლების მზრუნველობას იოლად მივიღებდით.

26 ივლისის მერე, სვანეთში თითქმის სამი კვირა დავყავი. საკარანტინო ზონაში გადაყვანამდე, თვალი გადავავლე განვლილს:

ჩავრჩი სვანეთში ერთი მიზეზის გამო - არაფორმალური ტრენინგ-კურსი წავუკითხე პედაგოგებს (ბუნებრივია, მეგობრული ჟესტი იყო) და ბოლოს პიკნიკის დღეც ჩანიშნეს (უჩვეულოდ, ორიგინალურად, საამოდ). თუმცა, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა პიკნიკამდე 1 დღით ადრე მოხდა... ერთადერთი ის მადარდებდა, რომ ინტერნეტბანკის მომსახურების ხარვეზების გამო, ორჯერ მომიწია მესტიის ცენტრში მისვლამ და ერთხელაც, ლენჯერში ვიყავი ლაშთხვერის ლეგენდარული ტაძრის სანახავად. სწორედ ლაშთხვერში დაფიქსირდა "კორონას ეპიცენტრი"...

სვანეთიდან გადმოყვანისას, ახლოს რომ გაგეჩხრიკათ ყველა წვრილმანი, ხარვეზებს ვერ იპოვიდით - ჰუმანიტარული თვალსაზრისით სასიამოვნოდ გავოცდი. ყურადღების პიკი მძღოლებისგან, შსს-ს თანამშრომლებისგან განსაკუთრებით იგრძნობოდა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მისამართით. ასე დავტოვეთ ასეულობით ადამიანმა ჯერ ენგურის ხეობა, მერე კოლხეთის დაბლობი და დედაქალაქამდე ჩამოვაღწიეთ. ჩვენ შორის უცხოელებიც იყვნენ, რომლებიც მოიხიბლნენ ამ ყველაფრით.

სასტუმროში დაგვხვდა კარგი სანიტარიულ-ჰიგიენური და გასტრონომიული პირობები. გასაგებია, გვეკუთვნის სახელმწიფოსგან ყურადღება, მაგრამ უმადურობა არის დიდი სირეგვნე. მადლობელი ვარ, რომ მეტად სოციალური გახდა ქვეყანა (და არა იდეალურად სოციალური, მაგრამ მაინც!)

მადლობა ერთ სახელმწიფო მოხელეს, გამოჩენილი ყურადღებისა და ყოველდღიური შემოხმიანებისთვის. სახელსაც დავწერდი, მაგრამ მას ეს არ ესაჭიროება. მადლობა იმისთვის, რომ მოხელის სტატუსით არ მირეკავს და ისევ ვართ იმ პოზიციებზე, როგორც ადრე - მეგობრულად.

როლანდ ხოჯანაშვილი