ფუტკარაძეების 9-შვილიანი ოჯახის შეცვლილი ცხოვრება - გზაპრესი

ფუტკარაძეების 9-შვილიანი ოჯახის შეცვლილი ცხოვრება

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მცხოვრებ მადონა და გელა ფუტკარაძეებს 2019 წლის 4 აგვისტოს, სოციალურმა მუშაკებმა 9 შვილი ჩამოართვეს და ისინი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა და ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ის პირადად ჩავიდა იმ სოფელში, სადაც ოჯახი ცხოვრობს. ხმაურმა შედეგი გამოიღო, ფუტკარაძეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ილია ძოწენიძემ გამოთქვა. საქმეში საპატრიარქოც ჩაერთო და სახელმწიფომ ოჯახს ბავშვები დაუბრუნა.

მადონა ფუტკარაძე, ბავშვების დედა:

- დიდი სიხარულია ჩვენს ოჯახში. არ იცით რა გადავიტანეთ ამ ერთ წელში. უფროსი 16 წლის იყო, ყველაზე პატარა 5 თვის, ძუძუდან ამაგლიჯეს... სოციალურად დაუცველი ვარ. ისეთ დროს მოდიოდა სოციალური მუშაკი, როცა სახლში არ ვიყავი და ბავშვების საჭმლის ამოსატანად გავდიოდი. შარშან, 4 აგვისტოს ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში წასული, ბავშვის პენსიის დანიშვნის საკითხზე და დამირეკეს, შენი შვილები მიჰყავთო, ეს ყველაზე საშინელი დღე იყო. გვითხრეს 6 თვეში დაგიბრუნებთ, მანამდე სველი წერტილები, საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგდებაო... მინდობით აღზრდაში კი ვნახულობდით მე და ჩემი მეუღლე ბავშვებს, მაგრამ იქიდან მარტოები რომ ვბრუნდებოდით, ეს ჯოჯოხეთი იყო. როცა ჩემთან იყვნენ, სახელმწიფო თითო ბავშვზე თვეში 100 ლარს გვირიცხავდა, მინდობით აღზრდაში კი 450 ლარს უხდიდნენ ოჯახს. ეს რომ ჩემთვის მოეცათ, პირობებიც მექნებოდა და შვილებიც ჩემ გვერდით იქნებოდნენ. მადლობის მეტი რა მეთქმის იმ ოჯახისთვის, ვინც ბავშვებს უვლიდა. სიცრუე გავრცელდა, თითქოს ბათუმში მთავრობის ნაჩუქარი ბინა გავყიდეთ და ფული დავხარჯეთ. იმ ფულით სოფელში დიდი სახლი ვიყიდეთ, სადაც ხეხილის პლანტაცია, ყანა გვაქვს და ვამუშავებთ... მადლობა ილია ძოწენიძეს ჩვენი ოჯახის დახმარებისთვის, მადლობა ყველას და საპატრიარქოს. მივმართავ სოციალურ მუშაკებს, შვილები კი არ წაართვან მშობლებს, პირიქით, სახელმწიფო მხარში უნდა ამოუდგეს ოჯახებს. ახლა ჟრიამულია ჩვენს სახლში, ამაზე დიდი ბედნიერება დედისთვის არ არსებობს.

ფუტკარაძეების უფროსი შვილი, გიორგი უკვე 17 წლის არის. ის სახლში ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე დაბრუნდა. ახლა ბიზნესმენი ილია ძოწენიძე მისი განათლების დაფინანსებასაც გეგმავს.

GzaPress

გიორგი:

- თუ ვინმე ჩემს სწავლას დააფინანსებს, ამაზე კარგი რა იქნება. დღეს თუ არ გყავს ბიზნესმენი მამა, საქართველოში არაფერი გამოდის. 9 კლასი მაქვს დამთავრებული და საშუალო სკოლის ატესტატის გარეშე რამდენად შევძლებ უმაღლესში ჩაბარებას, არ ვიცი, თორემ სწავლა მინდა. დავფიქრდები და ისე ავარჩევ პროფესიას, თუ ეს ბედნიერება მეწვევა.

ეს ერთი წელი მამა და დედაც გასულები იყვნენ სახლიდან, სულ მუშაობდნენ, მე კი იმ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ სუპერმარკეტში მოლარე ვიყავი. ახლა ახმაურდა ჩვენი ეზო, მეზობლებსაც, ყველას უხარია ჩვენი ამბავი. ჩემმა და-ძმამ ამ ერთი წლის განმავლობაში ორი ოჯახი გამოიცვალა. მეც ვიყავი მათთან ერთად. თავიდანვე შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, მაგრამ იმიტომ წავყევი, რომ მაინტერესებდა, როგორ პირობებში იცხოვრებდნენ.

- და როგორ პირობებში იყავით?

- პირველად ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდით. ერთ ეზოში ორი სხვადასხვა გვარის ოჯახი ცხოვრობდა და მათთან გადაგვანაწილეს. დღემდე ვურთიერთობ ამ ხალხთან. ოჯახს ერთი ბიჭი ჰყავდა და დავმეგობრდით. 6 თვე იქ ვიყავით, მაგრამ თქვეს, - გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვაგან უნდა გადაგიყვანოთო. მეორე ოჯახში უკვე ყველა ერთად ვიყავით. ესეც არ იყო ცუდი ოჯახი, მაგრამ პირველი სჯობდა. თან, ბავშვებს ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდათ. ისინი სულ იძახდნენ, დედა და მამა გვენატრება, სახლში გვინდაო. 7 თვე ვიყავი ბავშვებთან ერთად, მერე წამოვედი... ჩვენ კარგად აშენებული სახლი გვქონდა, საძინებელი ოთახები, არ ვიყავით ფუფუნებაში, მაგრამ ერთად ვიყავით. ვდებ პირობას, რომ დიდი კაცი გავხდები და ვინც ჩვენს დაშორებაში ჩართული იყო, ყველას გავცემ საკადრის პასუხს. მყავს ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და: გიული და ანა. გონებრივი პრობლემები აქვთ. როცა ჩვენს სახლში იყვნენ, ფსიქოლოგთან დადიოდნენ, მაგრამ იმ ოჯახში გადაყვანის შემდეგ, არავისთან უვლიათ. ახალსოფლის სკოლის დირექტორმა შემოგვთავაზა ახლა, რომ გამოყოფს მანქანას, სკოლაში სიარული რომ შეძლონ. ილია ძოწენიძემ გამოგვიგზავნა სოლიდური თანხა, რითაც შევიძინეთ ოჯახისთვის საჭირო ნივთები. უღრმესი მადლობა მას, ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძეს და სხვებს დახმარებისთვის.

ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორს, ქალბატონ მერი მაღლაფერიძეს:

- ამ ოჯახს ისედაც ჰქონდა უფლება გაეყვანა შვილები, ამ უფლებით ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ისარგებლეს და ახლაც სარგებლობენ. ორი განცხადება შემოვიდა, ბავშვების გაყვანის და უკან დაბრუნებაზე, ამაზე ვმუშაობთ, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული. გაწერილია სპეციალური პროცედურა და მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება განხილვა. ჩვენი პოლიტიკაა ბავშვებს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეთ ოჯახთან ურთიერთობა და არ გაწყდეს კავშირი. არაერთხელ მოინახულეს კიდეც შვილები, მიდიოდნენ მიმღებ ოჯახში და დაბრკოლება არასოდეს შეჰქმნიათ. ბავშვების სახლიდან გაყვანის საფუძველი იყო მათ მიმართ განხორციელებული უგულებელყოფა, რაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. სამწუხაროდ, დეტალებში ვერ შევალ კონფიდენციალობიდან გამომდინარე. ჩვენი ამოსავალი წერტილია ოჯახებში ცხოვრობდნენ ბავშვები და ნამდვილად არ არის ჩვენი პოლიტიკა, უსაფუძვლოდ გავაცალკეოთ ისინი მშობლებისგან, ამ შემთხვევაში კი ეს აუცილებელი იყო. სახელმწიფო ამ ოჯახთან 2009 წლიდან მუშაობს. ეძლეოდათ ყველანაირი დახმარება, ხდებოდა ამ ოჯახის გაძლიერება, მაგრამ რადგან ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, ყველანაირი კანონის დაცვით, ბავშვები გამოვიყვანეთ სახლიდან.

GzaPress

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი, იურისტი:

- გარდა იმისა, რომ 8 შვილის მამა და სოლიდარული ვარ ფუტკარაძეების 9-შვილიანი ოჯახის მიმართ, იმ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, რომელსაც ევალება ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლი კანონის აღსრულების ნაწილში; იმ კანონის, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. ფაქტის წინაშე დაგვაყენა კანონმა სოციალური საქმიანობის შესახებ, რომელიც 2016 წელს მიიღეს და სოცმუშაკს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები მიანიჭეს, რათა იხელმძღვანელოს პირადი შეხედულებებით იმ ჩამონათვალის განსაზღვრის პირობებში, რომელიც გულისხმობს სოციალური ფონის განსაზღვრას ამა თუ იმ ოჯახიდან ბავშვის განრიდების საკითხების გადაწყვეტის დროს. შარშან ჯანმრთელ, ახალგაზრდა დედ-მამას წაართვეს შვილები ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ქმედითი დახმარება გაეწია. სოცმუშაკებმა 9 ბავშვი გადაანაწილეს სხვადასხვა ოჯახში. ტოტალიტარული, კომუნიზმის პირობებშიც კი მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს გზით, ზეპირი მოსმენით, ხანგრძლივი პროცესუალური დაკვირვების შედეგად მიიღწეოდა გამოსაცდელი ვადების შემდეგ, მტკიცებულებათა ერთობლიობით განიხილებოდა მეტად მძიმე გადაწყვეტილება. დღეს სოციალურ მუშაკებს ნებისმიერი არგუმენტით შეუძლიათ დაასაბუთონ ბავშვის გამოყვანა. პირველი სექტემბრიდან ასამოქმედებელ ბავშვთა კოდექსში ბევრჯერ შეგვხვდებათ ტერმინი "ბავშვთა საუკეთესო ინტერესები" და ავიწყდება სახელმწიფოს, რომ ვალდებულია, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხორციელდებოდა ინვესტიცია ოჯახის მიმართულებით, ისევე განახორციელოს. თუმცა, დღეს ევროკავშირის მოთხოვნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების დახურული მუხლები საქართველოს ავალდებულებს, სწორედ ასეთი მძაფრი პოლიტიკა განახორციელოს ოჯახების წინააღმდეგ, რასაც კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთში ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინებები დაკანონებული უფლებაა და ამ უფლების ლეგალიზაციას აქაც ითხოვს სახალხო დამცველი თუ სხვა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, იოლი წარმოსადგენია, რომ საბოლოო მიზანი იქნება ამ ბავშვების გაყვანა და განთავსება მათ შორის, ერთსქესიანი პარტნიორული ურთიერთობების მქონე ოჯახებშიც, ეს არის სახიფათო მეტასტაზები, რასაც ამ კანონის ერთობლიობა იძლევა. ჩვენი კულტურის მატარებელი ქვეყნისთვის მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია. აქ ოჯახის შენარჩუნება, გაძლიერება უნდა იყოს მთავარი ამოცანა სახელმწიფოსთვის და არა ბავშვის გაყვანა.

- პირველი სექტემბრიდან ასეთ საქმეებს სასამართლო გადაწყვეტს...

- იქ გაწერილია, რომ 24 საათში უნდა წარუდგინონ სასამართლოს მასალები და სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იცით, ეს რას ნიშნავს? დედამ ხომ უნდა დაიცვას თავი, ხომ უნდა მოიპოვოს და წარადგინოს საპირისპირო მტკიცებულებები, ამას 12 საათში შეძლებს? სახელმწიფო არ მაძლევს უფლებას დავიცვა ჩემი უფლებები, ეს არის შეთქმულება ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ.

- თქვენს სტატუსს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გამოეხმაურა და ფუტკარაძეების ოჯახს სოლიდური თანხით დაეხმარება.

- სტატუსს დიდი რეზონანსი მოჰყვა და პეტერბურგში მყოფი ჩვენი თანამემამულე, ილია ძოწენიძე გამოგვეხმაურა. ის 1976 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. სურვილი გამოთქვა მან, პირადად აიღოს ამ ოჯახზე მეურვეობა სხვადასხვა მიმართულებით. თავდაპირველად მისი გამოგზავნილი 9.000 ლარი გადავეცით ბავშვების მამას, რომ მოეწესრიგებინა საყოფაცხოვრებო პირობები. სახლში გაკეთდა საპირფარეშო. რომ ჩავედი, სამუშაოების სამი მეოთხედი დასრულებული იყო და დანარჩენი ჩვენი ძალისხმევით დასრულდება. კიდევ ველოდებით 36.000 ლარს. ილია ძოწენიძეს სურს ოჯახთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, რაში დაიხარჯება ეს თანხა. საქონელი, ფრინველები რომ უნდა იყიდონ, უდავოა. ასევე იგეგმება, ოჯახმა შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო სავარგული, უყიდიან სოფტექნიკასაც და დაამუშავებენ მიწას, ექნებათ მოსავალი. გარდა ამისა, ბატონი ილია ოჯახს სთავაზობს დაუფინანსოს უფროსი ვაჟის უმაღლესი განათლება აგრომეურნეობის კუთხით და ამ ხარჯებსაც მთლიანად დაფარავს. ჯანდაცვის პრემიალური პაკეტი ოჯახის ყველა წევრს ექნება.

გვინდა სახელმწიფოს ვანახოთ ამ ოჯახის მაგალითზე, როგორ შეიძლება წამოიწყოს სოფლის მეურნეობა 9-სულიანმა ოჯახმა და იცხოვროს ბედნიერად. ძოწენიძის ქმედება პრეცედენტული და გადამდები უნდა იყოს სხვებისთვისაც. 9-შვილიანი ოჯახი სოფელში ცხოვრობს და იმის ნაცვლად სოფლად დაამაგრო, შვილებს ართმევ? მე არ ვარ სოციალურად გაჭირვებული ოჯახის მამა, მაგრამ ხვალ მე და ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეგვექმნას, გამოდის, ჩემს მცირეწლოვან შვილებს იგივე პრობლემა უნდა შეექმნათ? ეს დაუშვებელია.

- პირადად იყავით ჩასული ხელვაჩაურში, რა პირობები დაგხვდათ?

- საზოგადოებამ ფუტკარაძეების ოჯახის ამბავი ერთი წლის შემდეგ გაიგო. თავიდანვე ვხვდებოდით, ამ ბავშვების წაყვანის საფუძველი სოციალური ფონი იქნებოდა. გარდა ამისა, დოკუმენტაცია მოვიძიეთ სახელმწიფოს გაწეულ დახმარებებზე, მათ შორის იყო ბათუმის ცენტრში მათთვის მიცემული 120 კვადრატული ბინა და 31.000 ლარი და არა 72.000, როგორც ეს ვრცელდებოდა. ის 31.000 ლარი ბინის გარემონტებას უნდა მოხმარებოდა. მართლაც, რემონტისა და ავეჯისთვის გამოიყენეს. ცხოვრობდნენ, მაგრამ ჯერ ერთი, ფიზიკურად ვერ ეტეოდნენ, ასევე ბინა იყო მესამე სართულზე, ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ და იყო გადმოვარდნის საშიშროება. გადაწყვიტეს, ბინა გაეყიდათ და დაბრუნებულიყვნენ სოფელში, სადაც იყიდეს სახლ-კარი: 8-ოთახიანი სახლი, თავისი სარდაფით. შიგნით არ იყო დასრულებული რემონტი, მაგრამ ცხოვრება შეიძლებოდა. აქ გადმოსვლის შემდეგ დაიწყო სოცსააგენტომ მათზე ნადირობა. დაასკვნეს, რომ დედ-მამა არ იმსახურებდა ამ ბავშვების გვერდით ყოლას... დედამ დაიწყო ბრძოლა და მივიდა ხელვაჩაურის პოლიციაში. პოლიციის უფროს ქათამაძეს დედისთვის უთქვამს, კედელს თავი არ უნდა ურტყა, სისტემას ვერ დაეჯახები, გაგსრისავენ, შეეგუეთ თქვენს მდგომარეობას. ასეთი წესია, სახელმწიფოს მიჰყავს იმათი ბავშვები, ვისაც მძიმე სოციალური ფონი აქვსო...

5 თვის ბავშვს რომ დედის ძუძუს ააგლეჯ, აქ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. გასაგებია, სახელმწიფო ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე მიმართავს ისეთ ზომას, რომელმაც უნდა იხსნას ბავშვის ინტერესები ხელყოფისგან, მაგრამ აქ არ იყო ასეთი პრობლემა. მშობლებს არ ჰქონდათ ფსიქიკური გადახრა, არ იყვნენ ნასამართლევები და გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით. მეზობლებიც ასე ახასიათებენ მათ. ეს ოჯახი რომ ყოფილიყო ისლამური აღმსარებლობის, გაბედავდა ვინმე იქიდან 9 ბავშვის გამოყვანას? ხომ ატყდებოდა ამბავი, ქვეყანაში დისკრიმინაცია მიდის და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ჩაგრავენო?! მართლმადიდებელი ოჯახი რატომღა დაჩაგრეს? ნიკო ლორთქიფანიძის "ტრაგედია უგმიროდ" მაინც არ გვაქვს წაკითხული? როდის იყო საქართველოში დალხენილი ცხოვრება, მაგრამ საზოგადოება არასოდეს ტოვებდა გაჭირვებულებს განსაცდელში.

პირველი სექტემბრიდან ასამოქმედებელ 26-ე მუხლში წერია, სოცმუშაკი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო ღიად მიმართავს ოჯახის დისკრიმინაციას, უფრო მეტიც, ჩვენთან ყველა ყველას იცნობს და სოცმუშაკის ვინაობა ცნობილია, ის დისკომფორტის ქვეშ ექცევა, საზოგადოება მის მიმართ განეწყობა აგრესიულად - ეს გაითვალისწინა სახელმწიფომ და იმას, რასაც სოცმუშაკი აღასრულებდა, ახლა გააკეთებს სასამართლო. ამით სახელმწიფო სოცმუშაკს ეუბნება, - არ შეშინდე, ხელი არ აგიკანკალდეს, გააკეთე შენი საქმე და ჩვენ ამას დავაკანონებთ სასამართლოს გზითო. სოცმუშაკები დიდი მორალური წნეხის ქვეშ არიან, ისინი მირბიან სამსახურებიდან, რადგან მათ თავსაც ესხმიან ხოლმე. ესეც ბუნებრივია, როდესაც დედას წაართმევ შვილს, ის მძვინვარე ლომი ხდება. ამას წინათ საპატრიარქოდანაც დამიკავშირდნენ, გაოგნებულები იყვნენ, როგორ გამოეპარათ ჩვენს ექსპერტებს ეს ამბავიო. არადა, დავდიოდით ქალაქ-ქალაქ და ვყვიროდით, რომ ეს კანონი არ უნდა მიეღოთ. ნანა შარაშენიძეს სამი წლის ბავშვი წაართვეს, თითქოს ბატკანი იყოს. ვითხოვთ გვითხრან, სად არის ბავშვი? ამით ხომ პატარას ადგება უზარმაზარი ზიანი. დედას ააგლიჯეს, სადაც იყო, იმ ოჯახს მიეჩვია და ახლა იქიდანაც სხვაგან წაიყვანეს. ილია ძოწენიძე 6.000 ლარით ეხმარება ნანა შარაშენიძესაც. მე მაქვს ერთოთახიანი ბინა და იქ შევიყვან ნანას, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. მომავალში გვინდა, უცხოეთში მყოფი შეძლებული ბიზნესმენების დახმარებით გაკეთდეს ძლიერი ფონდი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს აგრობიზნესში დაასაქმებს.

ფუტკარაძეების საქმეში ჩაერია საპატრიარქოც, სხალთის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე სპირიდონმა განგაშის ზარები ატეხა ამბიონიდან. პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოს უშუალო დამსახურებაა, რომ ასე სწრაფად გადაწყდა ბავშვების სახლში დაბრუნების საკითხი. ალბათ პრემიერ-მინისტრიც ჩართო, საშუალო რგოლი ვერ გადაწყვეტდა ამ საქმეს ასე ოპერატიულად.

თეა ხურცილავა