"ცისფერი მთები" - საინტერესო დეტალები და ფილმისთვის ანთებული "მწვანე შუქი"
კომედია "ცისფერი მთები" 1983 წელს, რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. ფილმში გაუთავებლად მეორდება ერთი და იგივე ვითარება. ამ ხერხით რეჟისორი შეეცადა გადმოეცა საბჭოთა ეპოქის ყოფა და იგავ-არაკის ენით აეხსნა, რომ უძრავი საზოგადოება დასანგრევად არის განწირული. ძნელია, ალბათ იპოვო ადამიანი, რომელსაც "ცისფერი მთები""რამდენჯერმე არ ენახოს და ფრაზები ზეპირად არ იცოდეს...
ლოკაცია
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში თავისი ნაწერი მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში დრო საოცრად იწელება. მოთხრობას არავინ კითხულობს, ახალგაზრდა შემოქმედი კი იმედს მაინც არ კარგავს, არადა, შემოდგომას ზამთარი ცვლის, ზამთარს ბუნების გამოღვიძება მოსდევს და წელიწადის ყველაზე ცხელი პერიოდიც დგება.
ფანჯარა, რომლითაც ფილმში წელიწადის დროთა ცვლილებაა ნაჩვენები, "ვორონცოვის" მოედანზე ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო მოწყობილი და "ჟამთა სვლას" გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მელოდია სდევს თან. ამ და სხვა კადრებს ოპერატორი ლევან პაატაშვილი იღებდა. რამდენიმე ობიექტს შორის, ფილმის ძირითადი ნაწილი (კაბინეტები და დერეფნები) მაშინდელი კინოსტუდიის დიდ პავილიონში იყო განთავსებული, ასევე ერთ-ერთი ლოკაციის ადგილი გახლდათ დადიანის ქუჩა. შესასვლელად მთაწმინდის ერთ-ერთი სადარბაზო შეირჩა, მოტობურთის მოედნად სპორტის სასახლის ის ტერიტორია გამოიყენეს, სადაც ახლა საცხოვრებელი კორპუსებია. ფილმის ბოლო სცენა კი, სადაც მთავარი გმირი მარკშეიდერს ხვდება, დიდუბის ხიდთან, სამთო ქიმიის შენობასთანაა დადგმული.
ფილმის სიუჟეტის ნაწილი გრელანდიის პეიზაჟის ფონზე ვითარდება და ის ნაკლებად ცნობილი მხატვრის კალამს ეკუთვნის. დღეს ეს ნახატი - ფილმის განუყრელი დეკორაცია, ბატონი ელდარის ბინის მისაღებში, რეჟისორის ოჯახის წევრების ფოტოების გვერდით არის გამოფენილი.
ცენზურა
საბჭოთა კავშირში მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთიანი სტანდარტი არსებობდა. დაფინანსება იშვიათად იზრდებოდა და თუ ასე ხდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ფილმი პროპაგანდისტული ხასიათის იყო და სამთავრობო დაკვეთას წარმოადგენდა. სხვა შემთხვევებში, ერთი სურათი სადღაც 400 ათასი მანეთი ჯდებოდა და დაახლოებით ამდენი გაიცა "ცისფერი მთების""გადასაღებად.
საბჭოთა კავშირში ცენზურას ყველა ფილმი გადიოდა. ამისთვის სპეციალური ორგანო იყო შექმნილი, რომელსაც კინოკომიტეტი ერქვა. კინოკომიტეტში ხდებოდა სცენარის განხილვა და დამტკიცება, ფილმისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და შემდეგ უკვე გადაღებული ფილმის მიღება. ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა. სურათი დამტკიცების რამდენიმე საფეხურს გადიოდა: ჯერ სამხატვრო საბჭო იღებდა, შემდეგ კინოკომიტეტი, ბოლოს კი კომპარტიის ცეკას კულტურის განყოფილება.
კინოკომიტეტმა ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ფილმისთვის "მწვანე შუქი" აენთო, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, 1983 წელს გადაღებული ფილმი თაროზე შემოიდო და რომ არა ერთი ფაქტი, ეს დრო შეიძლება კიდევ გაწელილიყო. 1985 წელს საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი, მიხეილ გორბაჩოვი ბიჭვინთაში ისვენებდა. ერთ დღეს მან ედუარდ შევარდნაძეს დაურეკა და ქართული ფილმების მასთან ჩატანა სთხოვა. შევარდნაძემ ბიჭვინთაში რამდენიმე ფილმი წაიღო, მათ შორის "ცისფერი მთები". ფილმს სულ სამნი უყურებდნენ: შევარდნაძე, გორბაჩოვი და მისი მეუღლე რაისა. ჩვენებისას გორბაჩოვს რამე განსაკუთრებული ემოცია არ გამოუხატავს. ერთი-ორჯერ გაეცინა მხოლოდ და როდესაც ფილმი დასრულდა, უთხრა: "ედუარდ, თუ რამე არ ვიღონეთ, ჩვენც იგივე დაგვემართება, რაც ბოლოს ამ დაწესებულებას მოუვიდა. თავზე დაგვენგრევა ქვეყანა"... მიუხედავად ამისა, გორბაჩოვს ფილმისთვის ტაბუ არ დაუდვია, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. მართალია, კინოკომიტეტში მაინც თვლიდნენ, რომ ფილმი საბჭოთა სულისკვეთების არ იყო და რამდენიმე ფესტივალზე გასვლის უფლება არ მისცეს, თუმცა ეკრანებზე დაუშვეს.
შემოქმედებითი ჯგუფი
დღეს ამ ფილმის შემადგენლობის უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. ბატონი ვასო, ომამდელი ტანკისტი, სინამდვილეში, ვასილ კახნიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში გორის სახალხო თეატრის მსახიობი იყო. ფილმის მთავარი გმირი რამაზ გიორგობიანი კი ოთარ იოსელიანის აღმოჩენად ითვლება და მისი კინოდებიუტი ფილმში "გიორგობისთვე" შედგა. არც ბელას როლის შემსრულებელი დარეჯან სუმბათაშვილია ცოცხალი. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ექიმი მიხეილ ქიქოძეც (ოთარი - დირექტორის მოადგილე) - ცნობილი ფრაზის ავტორი: "შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს. არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ. გარეთ რომ დავტოვოთ, ულტრაიისფერი სხივები მოხვდება და სილურჯეს დაკარგავს, ამიტომ შიგნით შემოგვაქვს".
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი სესილია თაყაიშვილი, რომელმაც ფილმში ბუღალტრის როლი შეასრულა, ფილმის პრემიერიდან მცირე ხანში გარდაიცვალა. სცენარი რომ დაიწერა, ელდარ შენგელაიამ ბუღალტრის როლში მაშინვე სესილია წარმოიდგინა. რეჟისორი იხსენებს:
"ქალბატონ სესილიასთან სცენარით რომ მივედი და ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი, უარი მითხრა, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ხვალ-ზეგ ცოცხალი აღარ ვიქნებიო. კარგი, მაშინ მე სცენარს დაგიტოვებთ, ხვალ მოვალ და თქვენ მითხარით, რომელი მსახიობი წარმოგიდგენიათ ამ როლზე-მეთქი. იმავე საღამოს, ტელეფონზე ქალბატონი სესილიას ზარი გაისმა: სასწრაფოდ ჩემთან მოდიო. მის ბინაში შესულს ზუსტად ისე ჩაცმული დამხვდა, როგორც შემდეგ ფილმშია. შევეხვეწე, ოღონდ დამთანხმდით და წუთებში გადაგიღებთ ხოლმე-მეთქი. ქალბატონი სესილია უკვე ცუდად იყო. ვაკეში, საავადმყოფოში იწვა. ოპერატორი ლევან პაატაშვილი დიდხანს აყენებდა განათებას. მიზანსცენას რომ გავაწყობდით, ქალბატონ სესილიას საავადმყოფოდან გამოვიყვანდით, უკვე გამზადებულ ადგილებში მის სცენებს ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით.
გადაღებები რომ დამთავრდა, კინოსახლში პრემიერის დროს სხვა მსახიობებთან ერთად სცენაზე არ ამოვიდა. თავმდაბალი ქალი იყო, პარტერში იჯდა. მთელი ჯგუფი წარვადგინე და როცა ვთქვი, რომ ფილმში ქალბატონი სესილია თამაშობდა, ადგილიდან მუშტი მომიღერა. ფილმის ჩვენების შემდეგ მისი აზრით დავინტერესდი. მითხრა, ვერაფერი გავიგეო. იმ დროს სმენა დაქვეითებული ჰქონდა. მეორე დღეს დარბაზში ისევ მივიყვანე. მექანიკოსთან მივედი, მაქსიმალურად ავაწევინე ხმა. მაყურებელი დაყრუვდა, მაგრამ ქალბატონი სესილია იყო კმაყოფილი, კარგი ფილმიაო, მითხრა.
ბოლოს ფილარმონიის დიდ დარბაზში გვქონდა ფილმის ჩვენება. ქალბატონი სესილია არ მოდიოდა, ძლივს დავითანხმეთ. თქვა, მოვალ, მაგრამ არაფერს ვიტყვიო. სცენაზე პატარა სკამზე დასვეს, რის შემდეგაც მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. მერე ვარდები მიართვეს, მანქანაში ჩასვეს, შინ წაიყვანეს და სამ თუ ოთხ დღეში გარდაიცვალა".
სესილია თაყაიშვილმა 40-ზე მეტი სახე შექმნა ეკრანზე. ამავე რაოდენობის ფილმში აქვს ნათამაშები კაცს, მარკშეიდერს, რომელსაც თაყაიშვილის გმირი დასანახავად ვერ იტანს: "ეს კაცი არ გამაკაროთ, თორემ შევიშლები", ანუ მარკშეიდერის როლზე დაკავებულ - ივანე საყვარელიძეს. ის მოღვაწეობდა მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც "გაურკვეველი" პროფესიის ადამიანის სახის შექმნით დაამახსოვრდა საზოგადოებას.
პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, რეჟისორ ელდარ შენგელაიამ როგორც სჩვევია, ფილმში არაპროფესიონალებიც დააკავა. "ცისფერ მთებში" რედაქციის დირექტორი თემიკო ჩირგაძე პროფესიით ექიმი გახლდათ და მასთან რეჟისორს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა...
წარმატება
"ამ ფილმის სცენარი რეზო ჭეიშვილმა დაწერა, ლევან პაატაშვილმა გადაიღო და დამდგმელი მხატვარი ბორის ცხაკაია გახლდათ. მუსიკის ავტორი გია ყანჩელია. შესანიშნავი კოსტიუმები შექმნა მედიკო ბაქრაძემ. საერთოდ, არ მიყვარს, როცა რეჟისორები ამბობენ - "ჩემი ფილმი". ამ სიტყვებს არასოდეს ვამბობ. ეს იყო ჩვენი და არა ჩემი ფილმი, რადგან მიმაჩნია, რომ სურათს ჯგუფი აკეთებს", - სულ ამ სიტყვებს იმეორებს რეჟისორი.
2014 წელს ელდარ შენგელაიას "ცისფერ მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში - კანის კინოკლასიკა, 1000 ფილმს შორის შეირჩა და მსოფლიოს 20 საუკეთესოს შორის მოხვდა. ქართველი რეჟისორის ფილმის გარდა, ოცეულში შესულია სხვა ცნობილი რეჟისორების: ალფრედ ჰიჩკოკის, ვიტორიო დე სიკას, ფედერიკო ფელინის, ჟან-ლიუკ გოდარის და სხვათა ნამუშევრები...
რეჟისორ ელდარ შენგელაიასთვის, მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ძვირფასი ფილმია და ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს: "არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი. ესენია: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "სამანიშვილის დედინაცვალი" და "ცისფერი მთები"...
ანა კალანდაძე