უცხოეთში ჩავლილი ახალგაზრდობა და "ტკბილი სიბერე" უცხო ადამიანების გვერდით - გზაპრესი

უცხოეთში ჩავლილი ახალგაზრდობა და "ტკბილი სიბერე" უცხო ადამიანების გვერდით

"ტკბილი სიბერე" - ასე უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლის მიწურულს, რომელსაც ასაკოვანი ხალხი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში ატარებდა. 21-ე საუკუნემ, ბევრ რამესთან ერთად, ეს ტრადიციაც შეცვალა: დღევანდელი მოხუცებს სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში უწევთ ყოფნა, რომლებიც მათ გასამრჯელოს ნაცვლად უვლიან. უცხოეთში წასული ქართველი ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ საქმით ირჩენს თავს და ოჯახსაც არჩენს. მოხუცის მომვლელის ანაზღაურება საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. ჩვენ დავინტერესდით, როგორ ცხოვრობენ ასაკოვანი ადამიანები და მათი მომვლელები უცხოეთსა და საქართველოში.

მაია ახალაძე, მოხუცთა პანსიონატის ხელმძღვანელი:

- ჩვენი თავშესაფარი გლდანში მდებარეობს. რამდენიმე მოხუცი გვყავს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, რამდენიმეს კი - თანხას შვილები ან ახლობლები უხდიან. მათ ყველა კატეგორიის შვილები ჰყავთ: არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ, დედა ან მამა ძალიან უყვართ, მაგრამ მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. ზოგიერთი მოძალადე შვილის მსხვერპლია და თავშესაფარში ამიტომ მოხვდა, ზოგს ოჯახში სულ კონფლიქტი ჰქონდა, ზოგს შვილმა ან უახლოესმა ნათესავმა ბინა გაუყიდა... მოკლედ, ყველას თავისი, განსაკუთრებული ისტორია აქვს. ზოგიერთ ბენეფიციარს სკლეროზის ან დემენციის ნიშნები აქვს და მისი მოვლის თანხას ოჯახი იხდის. მომსახურებით ყველას ერთნაირად ვემსახურებით. დღეში 22 ლარს გვიხდიან, რაც თვეში საშუალოდ, 680 ლარია. მომვლელები მათზე ზრუნავენ: აჭმევენ, უცვლიან, საკვებს უმზადებენ. მე მათ "ჩემს ბიჭებს და გოგოებს" ვეძახი, რაც ძალიან მოსწონთ. იცით, რა მაკვირვებს? - ხშირად შვილები მათ საპენსიო ბარათსაც ართმევენ, ზოგი თვითონ ჩუქნის თავის შვილს, რადგან იცის, მას ეს სჭირდება. დედის გული ხომ იცით? ზოგიერთი მათგანი რაღაც გემრიელს რომ ჭამს, კითხულობს: ნეტა, ახლა ჩემს შვილს საჭმელი აქვსო? რამდენჯერ მინახავს თავისი წილი კანფეტი და ტკბილეული მოუგროვებიათ, შვილებისთვის გაუტანებიათ. ზოგიერთმა შვილები გაზარდა და ბოლოს ყველამ უთხრა ან აგრძნობინა, - შენი ადგილი ამ სახლში არ არისო... 17 წელია, ამ სფეროს ვემსახურები და ძალიან ბევრი სევდიანი ამბავი მომისმენია. კარგა ხანია მივხვდი, რომ აქ მარტო ხელფასისთვის ვერ იმუშავებ, როგორც კარგი მასწავლებელი ვერ გახდები, თუ ბავშვები არ გიყვარს ან ექიმი ვერ გახდები, თუ საამისო მონაცემები არა გაქვს, ასეა ჩვენი საქმეც. თუ ადამიანისგან სიკეთე არ მოდის და მოხუცების მიმართ განსაკუთრებული სითბო არა აქვს, აქ ვერ იმუშავებს ისე, როგორც საბავშვო ბაღში ყველა ვერ იმუშავებს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი "გოგოები და ბიჭები" ბედნიერები იყვნენ. პანდემიამდე ათასნაირ ღონისძიებას ვატარებდით, მაგრამ მერე კარგა ხნით ვიყავით ჩაკეტილი, ახლაც, ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავთ. რთულია, მაგრამ ერთსა და იმავე ისტორიას ზოგჯერ ათჯერ უნდა მოუსმინო და ისე გაიკვირვო ან გაიხარო, თითქოს პირველად გესმის. ეს არის სცენა, სადაც ყოველდღე გამოდიხარ, რომ მათ თავი მოაწონო.

ერთმანეთთან ძალიან მეგობრობენ. ერთთან "სასწრაფო" რომ მოვა, სხვები დაფაცურდებიან; ვინმეს მნახველი რომ მოუვა, ტკბილეულს და სასუსნავს ერთმანეთს უყოფენ და უზიარებენ. მოკლედ, პატარა ბავშვებივით არიან. საქართველოში მომვლელის ანაზღაურება მიზერულია, უცხოეთში, ჩვენნაირი პანსიონატებში ერთი მოხუცის მოვლა გაცილებით ძვირი ღირს, იმის მიხედვით, ქვეყანა რა დონეზეა. მაგალითად: საბერძნეთში ხელფასი 900 ევროა, ჩვენთან კი 700 ლარში სრულფასოვანი კვებაც შედის და მოვლაც. როგორც ექიმებს ან პედაგოგებს აქვთ ევროპაში მეტი ხელფასი, ასევეა საქართველოშიც. ბულგარეთში მხოლოდ ერთი დღის გატარება დღის პანსიონატში 40-50 ევრო ღირს, უფრო მეტია ანაზღაურება საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, ჰოლანდიაში და ა.შ. იქ ერთი ნაცნობი მყავს, რომელმაც პირდაპირ მითხრა: სასაცილო თანხაზე მუშაობთო, მაგრამ ასეთივე სასაცილო თანხაზე მუშაობენ საქართველოში სხვებიც. ჩვენს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა და რას ვიზამთ? ოჯახებს მეტის საშუალება არა აქვთ და კიდევ კარგი, რომ 700 ლარს მაინც გვიხდიან.

GzaPress

ნატო სილაგაძე, ემიგრანტი:

- იტალიის სამხრეთში ვცხოვრობ, რეჯიო კალაბრიაში, მაგრამ ამას ცხოვრება ნამდვილად არ ჰქვია: უკვე ერთი წელია ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს ვუვლი. 800 ევროს მიხდიან, რაც 3-4-ჯერ მეტია საქართველოს ფასებთან შედარებით, მაგრამ ამ საშინელ ერთ წელიწადს ვერაფერი ამინაზღაურებს. იმდენი ადგილიც არ გვაქვს, რომ ცალკე ოთახში დავიძინო და ერთ ოთახში ვართ. ყველაზე მეტად კარანტინის თვეებში გამიჭირდა: წუთით წარმოიდგინეთ, გიჟთან ერთად რომ ხარ ჩაკეტილი. ამას ციხე სჯობდა, მაგრამ სხვა სამსახური ვერ ვიშოვე. უძილობისგან თვალები მეწვის და ძალიან ცუდად ვარ. ჩემს "ბებიას" ევა ჰქვია, დილიდან საღამომდე არ ჩუმდება, ხან ჩხუბობს, ხან - მთელი ხმით მიყვირის, მაგრამ ვითმენ. შვილები მსაყვედურობენ, ფული ცოტა გვქონოდა და ჩვენთან დარჩენილიყავიო, მაგრამ ჩემს ოჯახს ასე სჭირდებოდა და წამოვედი. ახლა ჩემი უფროსი შვილი პროგრამისტია და თბილისში, პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობს. ძალიან კარგი ანაზღაურება აქვს და ცოლ-შვილსაც სანიმუშოდ უვლის. მეორე - ექიმია, მესამე გოგონა აქ ჩამოვიდა, სწავლობდა და იტალიელზე გათხოვდა. ახლა უკვე ფეხმძიმედაა. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს და მეც ბედნიერი ვარ, როცა მათ გახარებულს და ბედნიერს ვხედავ. სხვათა შორის, აქ ძალიან ბევრი ქართველი გოგო თხოვდება. ორშვილიანი და სამშვილიანიც კი - სამუშაოდ ჩამოდიან და ახალ ოჯახს ქმნიან...

მე ვიცი: ახალგათხოვილი გოგოები ჩამოვიდნენ, 10-12 წელი უკან ვეღარ გაბრუნდნენ და აქ მეორედ დაოჯახდნენ. იტალიელ მოხუცებზე რა შემიძლია გითხრათ: ზოგი შეიძლება დედაშვილურად მოგექცეს, მაგრამ ზოგიერთი ისე ძუნწია, შეიძლება ერთი ვაშლი ოთხად გაგიჭრას და ორი დღე გაჭამოს. ძალიან ეკონომიურები არიან, რადგან ომს მოესწრნენ, როცა თითო მაკარონსაც კი ითვლიდნენ. ერთ "ბებიასთან" ვმუშაობდი, ერთი ცალი მაკარონი გადამივარდა და მაგიდის ქვეშ მაძრომიალა, სანამ არ ვიპოვე. მიუხედავად ამისა, რომ არ წამოვსულიყავი, 300-400 ლარზე უნდა მემუშავა და ჩემს შვილებს მთელი ცხოვრება გაჭირვებაში უნდა გაეტარებინათ. მართალია, მეუღლე საქართველოში დავტოვე და საუკეთესო წლები აქ გავატარე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო, ამიტომაც არ ვნანობ.

ირმა სიბაშვილი, ემიგრანტი:

- საბერძნეთში მოხუცს ვუვლი. საბედნიეროდ, მსუბუქი სკლეროზი აქვს, ამიტომ, მე უფრო სახლ-კარის მოვლა და სადილის მომზადება მევალება. 2 წლის წინ მეც ვუვლიდი ქალს, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, მისი შვილები ძალიან ძუნწები იყვნენ, პენსიას უყოფდნენ და სანახევროდ მშიერი ვიყავი. როგორც კი ახალი სამუშაო გამომიჩნდა, იმ ოჯახიდან მაშინვე გამოვიქეცი. ახლაც, ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც ნამდვილ გიჟს უვლის. ჩვენებურ ქალებს უფრო ჩავარდნილი მოხუცების მოვლა ურჩევნიათ - ეს უფრო იოლია: დილა-საღამოს გამოუცვლი, თავისთვის წევს და არ გაწუხებს - ასეთ მოხუცებს სპეციალურად ეძებენ. აქ რომ ჩამოვედი, 9-10 წლის შვილები დავტოვე და საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემი ბიჭები ვეღარ ვიცანი - უკვე ჩემზე მაღლები იყვნენ. ევროპაში მოხუცებს კარგი შემოსავალი აქვთ. თუ ქმარი გარდაცვლილი ჰყავთ, საკუთარ პენსიასთან ერთად მეუღლის პენსიასაც იღებენ და მომვლელის აყვანა თავისუფლად შეუძლიათ. საქართველოში პენსიონერების უფლებები ასე დაცული რომ იყოს, სიბერის შიში ალბათ არავის ექნებოდა. ჩემი ახლობლების მონატრება მკლავს, საქართველოს ამბებსაც ძალიან განვიცდი, მაგრამ ვერ ვბრუნდები: ვიცი, ჩემი იმედი ბევრ ადამიანს აქვს. ამიტომ, უნდა დავრჩე. თეთრი შურით მშურს, როცა ვხედავ, აქაური მოხუცები რამდენად უზრუნველყოფილნი არიან და ვფიქრობ, მე როგორი სიბერე მელის, როგორ შემხვდებიან რძლები, რომლებსაც მხოლოდ "სკაიპით" ველაპარაკები და თითქმის არ ვიცნობ?..

ლელა გელაძე, დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი:

- როგორც ყველა ქართველს, მეც გული მწყდება, როცა ვინმე ემიგრაციაში მიდის. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი სააგენტო ყველას დაეხმაროს, ვისაც სამშობლოში დარჩენა უნდა. დავეძებთ ძიძებს, მომვლელებს და მათ სამუშაოს პოვნაში ვეხმარებით. როდესაც ოჯახი მოხუცის მომვლელს ეძებს, თავის პირობებს გვიყენებს. უფრო მეტად, ავადმყოფის მომვლელი სჭირდებათ, რომელიც მწოლიარეა, ზოგს კი სახლში დამხმარე სჭირდება. ხშირად ოჯახის წევრები მუშაობენ და მშობელს მარტო ვერ ტოვებენ, მომვლელიც ამიტომ აჰყავთ. გააჩნია, რა მდგომარეობაშია მოსავლელი - ანაზღაურება ამაზეა დამოკიდებული. მწოლიარე მოხუცის შემთხვევაში, 700-800 ლარის ფარგლებში იღებენ. ზოგჯერ 24-საათიანი მომვლელი სჭირდებათ, ამ დროს ხელფასი 1.000-1.200 ლარია. როდესაც ალცჰაიმერით ან სკლეროზით დაავადებულის მოვლა უწევთ, ხელფასი კიდევ უფრო მაღალია. ბევრი მსურველი გვყავს, ვისაც ურჩევნია 24-საათიანი გრაფიკით იმუშაოს.

მომვლელები უმეტესად, 50-60 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან - საკმაოდ ყოჩაღები და ენერგიულები. კარგად იციან, რომ ეს ძალიან რთული, მაგრამ კეთილი საქმეა, რომელსაც ყველა ვერ შეძლებს. მართალია, მომვლელის ანაზღაურება ჩვენთან 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში, მაგრამ ბევრს ურჩევნია სამშობლოში დარჩეს და თავის ოჯახს წლობით არ მოშორდეს. ჩვენც ვცდილობთ, ასეთ ხალხს ხელი შევუწყოთ და სამსახურის შოვნაში დავეხმაროთ.

ხათუნა ჩიგოგიძე