"მისი პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებს მუდმივად ებრძოდნენ" - გზაპრესი

"მისი პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებს მუდმივად ებრძოდნენ"

ვიქტორ გაბესკირია მრავალმხრივი შემოქმედი გახლდათ. ის იყო დრამატურგი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, სტატიების ავტორი ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. პატრიოტული გრძნობით ახალგაზრდობიდან გამოირჩეოდა. 16 წლისა იყო, როცა ანტიცარისტულ გამოსვლებში მონაწილეობდა. ის მთელი ცხოვრება დისიდენტურად აზროვნებდა და ამის გამო, ხშირად აკრიტიკებდნენ, ზოგჯერ ისჯებოდა კიდეც. ცენზურა სულ ებრძოდა, მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები რეპერტუარიდან იხსნებოდა. ამას განიცდიდა, თუმცა საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდა. ალბათ, ამიტომაც წავიდა ადრე (61 წლისა) ამ ქვეყნიდან. ქალბატონ ციცი გაბესკირიას მამაზე სასაუბროდ ვეწვიე.

- ფოთში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახმა რა როლი შეასრულა მის არჩევანში - ფილოლოგი გამხდარიყო?

- ასე უშუალოდ ოჯახს გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ უდავოდ, განათლებული ხალხი იყო. მამას ბაბუა ლუარსაბ ყურაშვილი ნიკო ნიკოლაძის მოადგილე გახლდათ, რომელიც სათავეში ედგა ქალაქ ფოთს. ფოტოც გვაქვს, სადაც ისინი ერთად არიან აღბეჭდილი. ვიქტორის მამა მთავარი ბუღალტერი და ზოგადად, განსწავლული კაცი იყო. ბებიაჩემმა თითქმის ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი". მისგან ვიცი, რომ ამ ქალაქში განათლებული და საინტერესო ხალხი ცხოვრობდა. საერთოდ, ფოთი ევროპული ქალაქი იყო თავისი ქართულ-ევროპული ტრადიციებით. ვიქტორმა ფოთის გიმნაზია დაამთავრა, რომელიც კარგ ცოდნას აძლევდა მოსწავლეებს. მათ ბრწყინვალედ იცოდნენ ბერძნული, ლათინური, რუსული... ასევე, დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართულის ცოდნას. სამწუხაროდ, ფოთში მამას სახლი აღარ არსებობს.

მამას პირველი ლექსები გაზეთ "ბახტრიონში" დაიბეჭდა. ბათუმში მუშაობდა, როცა გაზეთი "ისპირი" დააარსა საკმაოდ ახალგაზრდამ, რომლის რედაქტორი და გამომცემელი თავად იყო. გაბესკირიების ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში გაუჭირდათ. მამამისი - თეთრგვარდიელი ოფიცერი რეპრესიებში მოყვა. ვიქტორი სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობდა 1924 წელს და რამდენიმე თვით ციხეში ჩასვეს. პარტიული არ ყოფილა და არასოდეს ჰქონია თანამდებობა. ამ მხრივ ცოტა უცნაური კაცი იყო, ჩრდილში ყოფნა უყვარდა.

ვიქტორ გაბესკირიას პირველი, დღეს უკვე ძველი კრებული საინტერესოდ, ქართული ანბანის ასოებით დაასურათა ლადო ქუთათელაძემ. სხვათა შორის, ისიც ფოთელი იყო. მამამ შექმნა საკუთარი და გამორჩეული სტილი, რომელიც ვფიქრობ, დღესაც ღირებულია. თამაზ ჩხენკელი ამბობდა თურმე: მე ვერ ვთარგმნიდი ჩინურ და იაპონურ პოეზიას, რომ არ მცოდნოდა ვიქტორ გაბესკირიას პოეზიაო.

GzaPress- თქვენთვის რომელია განსაკუთრებული ლექსი?

- ეს არის "მგელი", კონსტანტინე გამსახურდიას საყვარელი ლექსი. ამ ლექსში მგელს იმედად ჩრდილი ჰყავს გვერდში. თავისთავად, არაჩვეულებრივი სახეა და არსად შემხვედრია მსგავსი მიდგომა მგლის მიმართ. აკაკი ბაქრაძეს აქვს ნათქვამი: "ვიქტორ გაბესკირია უმთავრესად სურათით აზროვნებდა. თითქმის მისი ყველა ლექსის ილუსტრაციის დახატვა შეიძლება". დამებადა იდეა, მამას ლექსები სურათებით წარმომეჩინა და სამი წლის ძიების შედეგად შეიქმნა "ლექსების ალბომი", თითოეულ ლექსს ილუსტრაცია გავუკეთე. მაგალითად, "მიყვარს" - დავით კაკაბაძის ნახატი; "თხმელის ხეები" - ელენე ახვლედიანის ნახატი; "თელა და სურო" - გოგა ჩანადირის ფოტო; "მგელი" - ჩემმა ძმისშვილმა გოგონამ დახატა; "ტყვე ქალი" - ჰელიმიშის ნახატი (ლაზი მხატვარი) და ა.შ. თითქოს მამა მედგა გვერდით, როცა მივაგენი როდეს ნახატს (ვაზაზე მიხატული ყვავი), რომელიც ერმიტაჟშია დაცული და საოცარი სიზუსტით მიესადაგება ლექსს "ყვავი": "თოვს, ხეზე ზიხარ, შენი ცქერა მსურს ავიცილო/ რადგან გაქვს ცქერა შესაბრალი,/ ხან თითქოს მტრული,/ როს დაგინახავ, მეცოდები, მაგრამ ვიცი, რომ/ ცოცხალი არ ხარ, დიდ ვაზაზე ხარ მიხატული".

- ვიქტორ გაბესკირიას პიესები სად იდგმებოდა და თქვენ ესწრებოდით პრემიერებს?

- მამას პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებს ცენზორები მუდმივად ებრძოდნენ. მათი აზრით, ისინი არ მოდიოდა თანხვედრაში საბჭოთა იდეოლოგიასთან. პრემიერებს დავსწრებივარ მარჯანიშვილის, რუსთაველისა და გორის თეატრებში. მის პიესებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგენდნენ, ძირითადად, ლილი იოსელიანი დგამდა. მამას და ლილის ისე ესმოდათ ერთმანეთის, რომ ქალბატონი ლილის ერთ-ერთ იუბილეზე, მიხეილ ქვლივიძემ თქვა: ეს არის ლილიური სპექტაკლებიო. ასევე, მამასთან თანამშრომლობდნენ რეჟისორები: თედო წეროძე, ვასო ყუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, დოდო ანთაძე.

ახალგაზრდა გიგა ლორთქიფანიძემ 1954 წელს პიესა "უფსკრულთან" მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სადაც არაჩვეულებრივი მსახიობების თანავარსკვლავედი თამაშობდა. სპექტაკლი მოეწონათ და როგორც კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, ეს იყო ქართულ დრამატურგიაში გაბედულად ნათქვამი სიტყვა. ის ამხელდა მექრთამეობას, მომხვეჭელობას, პროტექციონიზმს. ანშლაგების მიუხედავად, სპექტაკლი რამდენჯერმე მოხსნეს. ერთი არგუმენტი იყო რეალობის არასწორად ასახვა და მეორე ის, რომ სპექტაკლზე მაყურებელი არ დადიოდა. საბოლოო სიტყვისთვის გადაწყვიტეს, ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე მოეწვიათ. სპექტაკლი 30 დეკემბერს დაინიშნა. დედაჩემი ოლღა გაბესკირია იხსენებდა, რომ ყველანი ძალიან ნერვიულობდნენ. დედა და ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე (გიგას და) თეატრის წინ იდგნენ და მაყურებელს უფასო ბილეთებს სთავაზობდნენ. მოვიდა დევი სტურუა თანმხლებ პირებთან ერთად, ის იყო დადგმის კატეგორიულად წინააღმდეგი. სპექტაკლი შესანიშნავად დაიწყო, მსახიობები განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ. თვალი ყველას მჟავანაძისკენ გაურბოდა. ოპონენტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ცეკას პირველ მდივანს სპექტაკლი მოეწონა, ერთ ეპიზოდში ცრემლიც კი ჩამოუგორდა. მან დაამტკიცა სპექტაკლი, ოღონდ ერთი თხოვნა ჰქონდა, ბავშვს ნუ მოკლავთო. შემდგომ დადგმებში ეს გაითვალისწინეს. რაც მთავარია, კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, მჟავანაძისთვის უთქვამთ: სად გინახავთ ჩვენში ასეთი მექრთამეობა და უფრო მეტიც, თანამდებობის პირები ბანქოს ფულზე თამაშობდნენო? მას უპასუხია: როგორ არა, თავად ვიცი, რომ ასე ხდება. ესაა პიესაში მხილებული. ჩვენ მანკიერებას უნდა ვებრძოლოთ და არა დრამატურგს და რეჟისორსო. ამის შემდეგ, სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კარგა ხანს გადიოდა. ამას წინათ, ერთ უზუსტობას წავაწყდი, გიგა ლორთქიფანიძის მოგონებები იყო გამოქვეყნებული და პიესის "უფსკრულთან" ავტორად, ვიქტორის ნაცვლად გურამ გაბესკირია ეწერა. ძალიან დამწყდა გული.

- სპექტაკლი "უფსკრულთან" ნანახი გაქვთ?

- კი, თუმცა პატარა ვიყავი. მამა უზომოდ კეთილი და გულუხვი კაცი იყო. პრემიერაზე შესვლას ბილეთის გარეშე გვიკრძალავდა. თუ ჩემი რომელიმე ამხანაგი მოდიოდა სპექტაკლზე, ბილეთს იმასაც უღებდა. პრემიერის მერე მამა ბანკეტს მართავდა და თავად არასოდეს ესწრებოდა. არ მინდა ჩემი სადღეგრძელოები სვან, მინდა კარგად მოილხინონო. ამას ვინ გააკეთებს?.. მწერალთა კავშირში ყოველთვის უკანა რიგში ჯდებოდა, არ უნდოდა თავის წარმოჩენა. დედას მოგონებიდან ვიცი, რომ ახალი გამოსული იყო მამას ერთ-ერთი წიგნი და ჩვენთან სახლში იყვნენ პავლე ინგოროყვა, დიმიტრი ბენაშვილი, გერონტი ქიქოძე. ვიქტორს ულოცავდნენ წიგნის გამოსვლას და აპირებდნენ წიგნის, დღევანდელი ტერმინით, გაპიარებას. ის კი მათ ეუბნებოდა, - არ მინდა ჩემმა მეგობრებმა რეცენზიები დაწეროთო. ყველა განცვიფრებული იყო.

მამას ერთი ლამაზი ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც იწერდა იმ ფრაზებს, რაც მოეწონებოდა. ერთხანს ღია იტალიურ (სინამდვილეში, ქართულია) ეზოში ვცხოვრობდით სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ერთად. ვიქტორი იმათ ენაკვიმატ ნათქვამს ინიშნავდა და მერე პიესებში იყენებდა. პირველი ქურთის ქალი-ბაჯი მან გამოიყვანა სცენაზე პიესაში "უფსკრულთან", რომლის როლს ლიზა ვაჩნაძე ასრულებდა. ერთი ფრაზა მახსოვს: "მჭადები ძლივს გაგაცხელე". ამის მერე იყო სპექტაკლი "ეზოში ავი ძაღლია", სადაც სოფიკო ჭიაურელის როლი ძალიან პოპულარული გახდა.

GzaPress- მისი საჯარო გამოსვლებიდან რას გაიხსენებთ?

- მწერალთა კავშირში ხშირად წამყვან სიტყვას ამბობდა, დრამატურგიის სექციას ხელმძღვანელობდა. ერთხელ, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პლენუმი მწერალთა სახლში გაიმართა. რუსეთიდან ესწრებოდა გოსკინოს ხელმძღვანელი, რეჟისორი ივანე პირიევი. მსჯელობდნენ, რომ უნდა გადაეღოთ ფილმი "ლენინი და საქართველო". მამამ თქვა: რა საჭიროა ეს ფილმი? ლენინი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. გადაიღეთ მაგალითად, "ჩაიკოვსკი და საქართველო", კომპოზიტორი აქ ნამყოფიაო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ირაკლი აბაშიძე დედას უყვებოდა, - ეს რომ თქვა ვიქტორმა, გამაჟრჟოლაო. უცბად წამოდგა გერონტი ქიქოძე, მან იხსნა მამა: ვიქტორი მართალია. მე ლენინს ვიცნობდი, ერთხელ შვეიცარიაში შევხვდი. ის ძალიან მორიდებული ადამიანი იყო და ისიც კი არ მოიწონებდა ამასო (იცინის). ასე განიმუხტა სიტუაცია.

- თქვენს სახლში, მამას მეგობარი მწერლები მოდიოდნენ?

- ჩვენთან მწერლები, პოეტები და მსახიობებიც ხშირად იკრიბებოდნენ. მამას ახლო მეგობრები იყვნენ შალვა ღამბაშიძე და კაკო კვანტალიანი. გოგი გელოვანმა მისი ერთი პიესისთვის მუსიკა დაწერა, შესანიშნავად მღეროდა. მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს მათი სტუმრობები. ინგლისურენოვან ანთოლოგიაში შევიდა ვიქტორის ლექსები, რომლებიც ვენერა ურუშაძემ თარგმნა. მაშინ დევიდ ლენგი იყო ჩამოსული, მან წაიკითხა და ძალიან მოეწონა მამას ლექსები, გაცნობაც უნდოდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სახლში ხშირად ვხედავდი კონსტანტინე გამსახურდიას. მახსოვს, ძალიან ცოტას მიირთმევდა და მონადირე ძაღლი მოჰყავდა ხოლმე. ვიქტორის ორი მოგონება ბატონ კონსტანტინეზე "პალიასტომი" და "ჯოხები" დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში". მამა ამ ამბებს ისეთი იუმორით ჰყვებოდა, რომ სიცილით კვდებოდნენ.

- დღეს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მისი რა პიესა შეიძლება დაიდგას?

- პოემაზე ქეთევან წამებულის შესახებ მუშაობდა კომპოზიტორი ნიკოლოზ გუდიაშვილი, მაგრამ გარდაიცვალა და დადგმა ვერ მოასწრო. კარგი იქნება მისი განხორციელება ოპერაში. რუსთაველის თეატრში კუკური პატარიძემ "გურიის მთები დაუთოვია" დადგა, სპექტაკლს დიდი რეზონანსი ჰქონდა. მთავარი გმირი სამამულო ომში დაკარგულად ითვლება. ის ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ჩამოვიდა და აქ დივერსანტად მონათლეს. ბიჭი თავს იკლავს და სპექტაკლი ამაღელვებლად მთავრდება. ანტისაბჭოთა იდეოლოგიის წარმოდგენა ცოტა ხანს გადიოდა, მერე მოხსნეს. დღეს შეიძლება დაიდგას ეს პიესა, მაგრამ ვინ მოინდომებს ამას? არ ვიცი.

ნანული ზოტიკიშვილი