სცენაზე შეყვარებული ოჯახი - გზაპრესი

სცენაზე შეყვარებული ოჯახი

წყვილმა ერთმანეთი თეატრში გაიცნო. პირველად ქართულ დასში მისულ ქალს კაცი დაცინვით შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცთუ ისე დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, "ბავშვიც" კი უწოდა. აზრი მალე შეეცვალა, ქალის მიმართ გრძნობაც გაუჩნდა, მაგრამ ის იმითვე არ პასუხობდა. ხელი რომ სთხოვა, უარით გაისტუმრა. მამაკაცი უკან მაინც არ იხევდა, ყველანაირად ცდილობდა ქალის გულის მოგებას. ერთხელაც გასტროლებზე წავიდნენ. იმ დღეს ძალიან ცხელოდა. ქალი სასეირნოდ წავიდა, როცა მამაკაცი უკან აედევნა და თხოვნა გაუმეორა. ამ წინადადებას ისევ ცივი უარი მოჰყვა. კაცმა სხვა ხერხს მიმართა - გეზი მტკვრისკენ აიღო, ქალმა იფიქრა, თავის დახრჩობას აპირებსო, უკან დაედევნა და ცოლობაზე თანხმობა მისცა. ორი წლის შემდეგ ქალიშვილი შეეძინათ - ანასტასია (ტასო), ერთ წელიწადში მეორე შვილის მშობლებიც გახდნენ, მაგრამ ვაჟი 11 თვის იყო, როცა დაიღუპა...

ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვასა და მათი ქალიშვილის - ტასოს სახელები კარგადაა ცნობილი ქართულ თეატრალურ ისტორიაში. მათი ცხოვრებისეული პორტრეტები თუ სცენაზე შექმნილი პერსონაჟების სახეები, შავ-თეთრ ფოტოებზეა შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი 1889 წლით თარიღდება და მასზე მამა-შვილი - ვასო და ტასო აბაშიძეები არიან გამოსახული.

ვასილ აბაშიძე ერთ-ერთია, ვის სახელთანაც ქართული თეატრის აღორძინებაა დაკავშირებული. მამამისი დუშეთიდან იყო, სადაც წარმოშობით უკრაინელ ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ვასო ჯერ თბილისში სწავლობს, შემდეგ ქუთაისში, სადაც წარჩინებით ამთავრებს სკოლას და მასწავლებლობას იწყებს ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. მისი პედაგოგიური საქმიანობა შვიდ წელიწადს გრძელდება.

GzaPress

ქუთაისში სცენისმოყვარეთა წრის წარმოდგენებში მონაწილეობა რომ დაიწყო, ერთმანეთს ყაზანის სასწავლებლის ზედამხედველისა და მსახიობის საქმეს უთავსებდა. ბოლოს პირველს თავი დაანება და ცხოვრება მთლიანად სცენას დაუკავშირა.

ვასო აბაშიძე რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. სხვადასხვა სცენაზე 500-მდე პერსონაჟის სახე შექმნა. გარდა ამისა, მუშაობდა როგორც რეჟისორი და პიესებსაც წერდა. სათეატრო ხელოვნებასთან დაკავშირებული პირველი გაზეთი "თეატრიც" მისი ინიციატივით გამოიცა. თავიდან თავად რედაქტორობდა, მაგრამ შემდეგში ეს ადგილი ვალერიან გუნიას დაუთმო.

მსახიობების შემოსავალი ბევრი არ იყო. ერთხანს ვასო იძულებულიც გახდა, თეატრს ჩამოშორებოდა და ოჯახის შესანახად რკინიგზაზე ემუშავა. თუმცა, თეატრი მაინც თავისკენ ექაჩებოდა და ასე მრავალი წელი გაატარა სცენაზე. არ უყვარდა, როცა მისი სასცენო მოღვაწეობის სხვადასხვა თარიღს აღნიშნავდნენ, მაგრამ, რამდენიმე მრგვალ თარიღზე, გრანდიოზული საღამოს მოწყობას მაინც ვერ ასცდა.

ვასო აბაშიძე პირველი ქართველი მსახიობი იყო, ვისაც რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ეს მისი სასცენო მოღვაწეობიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდა. 50 წელი თეატრში, არცთუ ისე მცირე დროა. "ხალხის მსახიობის" წოდებისა და მსახიობისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემაზე, იმ დროის გაზეთები, მათ შორის "კომუნისტი" წერდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა, დროდადრო სპექტაკლებშიც მონაწილეობდა და პერსონალური პენსიაც ჰქონდა დანიშნული, რაც იმ დროისთვის ურიგო თანხა არ ყოფილა.

72 წლისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სამკურნალოდ წყალტუბოში გაემგზავრა... ერთ დღეს ოჯახს დეპეშა მოუვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ დაუძლურებული ვასო აბაშიძე თბილისში მოჰყავდათ. საავადმყოფოში მწოლიარემ 19 დღე იცოცხლა.

სამგლოვიარო პროცესიით ხელოვნების სასახლეში, სადაც ვასოს ცხედარი დაასვენეს, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდიოდა. განსვენებულს დღე და ღამე იცავდა საპატიო ყარაული. ბოლო დღეს კი მთავრობის წევრებმა მისი სასახლე მსახიობის სახლიდან გამოასვენეს. მუსიკალური კომედიის თეატრი თბილისში, რომელსაც შემდეგ მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის წოდება მიენიჭა, ვასო აბაშიძის სახელს ატარებს.

GzaPress

რაც შეეხება მარიამ (მაკო) საფაროვას, მისი სამსახიობო მონაცემები პირველად რაფიელ ერისთავმა და აკაკი წერეთელმა შენიშნეს, როცა ისინი ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყვნენ და იქ მაკო უნახავთ. ქალმა "სერიოზული" სცენური მოღვაწეობა 1879 წელს დაიწყო, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში. ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ როლებს. მაკო საფაროვას, ნიჭთან ერთად, სასცენო მეტყველებას უწონებდნენ. "სიტყვის მკაფიო გამოთქმა საფაროვისა, შეუდარებელია", - წერდა ილია.

შესავალში აღვნიშნეთ, რომ სწორედ მუდმივმოქმედი თეატრის შექმნისას შეხვდნენ ერთმანეთს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე. 1979 წლის 5 სექტემბერს თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა და პირველ სპექტაკლებში, სხვებთან ერთან, იდგნენ სცენაზე ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა. თეატრის დასში მაკო ასე მოიხსენიებოდა - პირველი კომიკური და ვოდევილური აქტრისა - მარიამ საფაროვა.

ორიოდ წელში, ამ დასის წევრებიდან ერთიმეორეზე მიყოლებით შეიქმნა ორი თეატრალური ოჯახი - ავქსენტი ცაგარელი ნატო გაბუნიაზე დაქორწინდა, ვასო აბაშიძემ და მაკო სფაროვამ კი ქუთაისში თეატრის გასტროლისას იქორწინეს.

აღსანიშნავია, რომ მაკო საფაროვა ქართულ სცენაზე ოპერეტების დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. სიცოცხლის ბოლო პერიოდში სმენა დაუქვეითდა და სცენაზე იშვიათად ჩნდებოდა.

რაც შეეხება მსახიობების შვილს, ტასო გარეგნულად ორივე მშობელს ჰგავდა და თეატრისადმი სიყვარულიც მათგან გადაეცა. იმხანად სამსახიობო კარიერას ვინც ირჩევდა, მშობლების მხრიდან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდათ, მაგრამ ვინაიდან ცოლ-ქმარი თეატრზე უაღრესად იყო შეყვარებული, ტასოს პროფესიულ არჩევანს მათთვის პრობლემა არ შეუქმნია.

ტასო, იგივე ანასტასია აბაშიძე თბილისში, ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, მშობლებმა სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. იქიდან დაბრუნებული ქართულ დრამატულ დასში ირიცხებოდა. მოგვიანებით, ჯერ რუსთაველის, შემდეგ ჭიათურის თეატრში მოღვაწეობდა. ბოლოს კვლავ თბილისში დაბრუნდა და ყველაზე მეტი წელი მარჯანიშვილის თეატრში გაატარა. თეატრის მოყვარულ საზოგადოებას, მამისა და დედის მსგავსად, ისიც სახასიათო და კომედიური როლებით დაამახსოვრდა.

ანა კალანდაძე