ბეჩოს ხეობის მატრიარქი - გზაპრესი

ბეჩოს ხეობის მატრიარქი

მისი ცხოვრების განმავლობაში უკვე 91-ჯერ გადათეთრდა უშბა, 91-ჯერ გადამწვანდა მეზერის მთაც. დოლრამაც უთვალავი წვეთი ჩაიწურა თავის კალაპოტში. უთვალავი წამი იყო წარმატების, ფიქრის, ტკივილის, სიხარულის და ყველა იმ გრძნობის, რაც ადამიანებს გვახასიათებს. ნინა კვიციანი ბეჩოს ხეობის მატრიარქია. 91 წელი არაფერ შუაშია. მის სიტყვაზე ფეხს ფეხზე ურტყამდნენ და ასრულებდნენ დავალებებს პატარები, დიდები, ქალები და კაცები... მესტიის "წითელ" ზონად გამოცხადებამდე ვეწვიე ნინას და ერთი ლამაზი საღამო საუბარში გავატარეთ. თამადადაც დამიდგა, მერე რა, რომ ვიუარე, არ ვსვამ-მეთქი, ეს ის ნინაა, მის სიტყვაზე ფეხს ფეხზე რომ ურტყამდნენ და მეც უნდა დამელია ცოტა... ორნახადმა არაყმა საამო სითბო ჩამიღვარა სხეულში, თუმცა, რა ალკოჰოლი მომალბობდა ისე, როგორც სიტყვები: როცა სვანეთში ამოხვალ, იცოდე, ძმისშვილივით გელოდებიო. დავპირდი, მალე ამოვალ და ბეჩოს ხეობის უხუცესს აუცილებლად მოგაკითხავ-მეთქი და ჩავეხუტე. სამახსოვრო ფოტოც ბევრი გადავიღეთ სახლში, აივანზე... დიქტოფონით ჩავიწერე ნინას ყველა სიტყვა, რომლიდანაც უმეტესი საჟურნალედ არ გამოდგება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან ხშირად გადავდიოდით ჩვენს პრივატულ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ჩვენი იყო, ჩემი და თალხში გამოხვეული ულამაზესი მოხუცის, რომელმაც ცხოვრება ახლობლებსა და ქვეყანას შესწირა...

ენგურის მარჯვენა შენაკადია დოლრა. უშბის გოროზი კალთებიდან თოვლის ნაჟურიდან წამოსული მქუხარე მდინარე ქმნის ბეჩოს ხეობას, რომელიც სრულიად გამორჩეულია დანარჩენი სვანეთისგან. სამი მხრიდან ქედებში ჩაფლული პატარა სოფლები ულამაზეს ანსამბლს ქმნის. ბეჩო, ერთი ვერსიით ჩაღმავებულ, ღრუ ადგილს ნიშნავს. ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს - დაახლოებით 12-კილომეტრიანი ხეობა დოლასვიფით იწყება, შიხრით მთავრდება და მართლა აქვს ღრუს ფორმა.

ცენტრალური მაგისტრალიდან შეუხვევთ თუ არა ბეჩოსკენ, პოლიციის შენობაა. მის პირდაპირ ლამაზეზოიანი სახლია. ამ სახლში ნინა კვიციანი ცხოვრობს. ჭიშკართან მისულს ფეხები უკან მრჩებოდა, ეგებ მომატყუეს და სულაც არაა ისეთი ისტორიის მქონე, რომ მასზე ღირდეს დაწერა?! შევდივარ ეზოში და თვალში მხვდება ისეთი წესრიგი და სისუფთავე, მძივის თვალი რომ დაგეკარგოს, იპოვი. მკაცრ კლიმატს შეგუებული მაღალი ვაშლები დახუნძლულია, სახლის გასწვრივ ყვავილები მათემატიკური სიზუსტით დაურგავთ და ერთბაშად, ორკესტრირებულად ყვავიან. ორი ქალბატონი მეგებება, რძალ-მული. უპირველესად, ნინა კვიციანის შავი სამოსი, ბრძნული სახე და დახვეწილი თითები მომხვდა თვალში. შინ შევიდეთო. მაგიდასთან დავსხედით. რძალმა სვანური ტრადიციის აღსრულება დაიწყო. ვიდრე საუბარს მოვრჩით, სუფრაზე მორიგეობით გაჩნდა თეფშები, საარყე ჭიქები...

1929 წელს დაბადებულა ნინა. ოჯახის რვა შვილიდან უფროსია. ეს "უფროსობა" ბედისწერასავით გაჰყოლია. მშობლებს ეხმარებოდა უმცროსების გაზრდაში, საშუალო სკოლის დასრულების მერე ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ისწავლა და შემდეგ სოფლად დააბრუნეს კლუბის გამგედ, თუმცა ეს ყველაფერი არაა...

GzaPress

- კლუბის გამგედ რომ დამნიშნეს, მაშინ კადრების დეფიციტი იყო სვანეთშიც. მალე ავიყოლიე ხალხი და ბევრი კარგი რამე გავაკეთე. ორი წელი ვიმუშავე და მერე, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბევრი თანამდებობა გამოვიცვალე, პუშკინის ბიბლიოგრაფია-ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტიც დავასრულე დაუსწრებლად. 1961 წელს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ დამნიშნეს, მერე კოლმეურნეობას ჩავუდექი სათავეში...

- ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტზე კვირიკაშვილი გიკითხავდათ რამეს?!

- ლეო კვირიკაშვილი? - კითხვითვე მიპასუხა. თავი დავუქნიე. - კიო. - ბაბუა იყო ჩემი-მეთქი, გავიღიმე უხერხულად და გამიხარდა ორმაგად, რომ 91 წლის ადამიანს ახსოვდა თავისი ლექტორი და ჩემი ნათესავი...

სადადეშქელიანოს ბოლო ზემო თემი ბეჩოა. ომარ დადეშქელიანის კოშკის აღდგენა ახლახან დაუწყიათ მაზერში. იმის იქით შიხრაა, მერე შდუგრას ჩანჩქერი (ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი საქართველოში). აი, მაგის იქით კიდევ, ბევრი სავალის მერე, ყარაჩაელები და ბალყარელები ცხოვრობენ. ეს ის ხალხია, რომლებსაც არასდროს უომიათ ქართველების წინააღმდეგ. ისინი თავიანთ თავს ქართველთა ნათესავებად მიიჩნევენ და შოანას მართლმადიდებლურ ტაძარს ასახელებენ დასტურად. ალანურად შოანა სვანს ნიშნავს და ალბათ, დიდი ხნის წინ მართლა აშენებდნენ კოშკ-მაჩუბთა ამგებელი სვანები წყალგამყოფის გადაღმით ეკლესიებს. ნინას ახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს ყაბარდო-ბალყარელთა აყრა და შუა აზიაში გადასახლება.

1947 წელს ჩემი მშობლები იქ გადაიყვანეს, დიდად მოსავლიანია იქაურობა, აქაურ რძის ღალას იქაური ბევრად უსწრებს, სათიბიც უხვია, ნაკვეთებიც ვაკეა, კარტოფილიც მეტი მოდისო, - თქვა ნინამ...

GzaPress

1957 წელს მშობლები ბეჩოში დაბრუნებულან, სტალინის სიკვდილის მერე შუა აზიიდან მობრუნებულან ყაბარდოელებიც, ბალყარელებიც, ოღონდ კომუნისტურ იდეოლოგიას ორ ავტონომიაზე გადაუნაწილებია ისინი და კიდევ ერთი საწუხარი - ამ აყრასა და უკან დაბრუნებას მათი მესამედი შესწირვია!

1949 წლამდე სვანეთში კოლმეურნეობები არ ჩამოყალიბებულა. ჩანს, რომ სვანები ვერ თმობდნენ ნალოლიავებ ქონებას საკოლმეურნეო "ობშიაკში" შესატან-შესაყვანად. ნინას ეღიმება, ამ ფაქტს რომ იხსენებს. ბუნებრივია, ის კომუნისტი ჩინოვნიკი გახლდათ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იცოდა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი - ისევე, როგორც გვიან გაზაფხულზე წამოსული თოვლის ფიფქები...

დედაც, მატო უშხვანი ბეჩოს თემიდან იყო. დილაადრიან ენგურის ხეობაში მიდიოდა ცხვრის საწმისითა და ტაფებით ცხუმარის მხარეს და გვიან ბრუნდებოდა. ნინას ახსოვს, როგორ მოჰქონდა დედას თვითნაბადი ოქროს ნამცეცები ასანთის კოლოფით. "სპიჩქის კაროფკით" მოტანილ მეტალს აკოწიწებდა მატო და დროდადრო აბარებდა დოლასვიფში რუსებს. მოსკოვიდან ჩამოსული სპეციალისტები ოქროს სინჯს ამოწმებდნენ, მერე სალაროს ჩეკები ეძლეოდა ოქროს მაძიებლებს. ჩეკებით კი ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა: საჭმლის, სასმლის, სამოსის. ნინას თავად არ უნახავს, როგორ იჭერდა დედა ენგურის ცივ წყალში ოქროს მარცვლებს, მაგრამ მე დავინახე მოხუცის თვალებში დედის მონატრება და უსიტყვოდ გამოვუცხადე თანაგრძნობა... ვინ იცის, რამდენჯერ გაუწევია დედობა თავისზე უმცროსი და-ძმებისთვის. ამიტომ დარჩა გაუთხოვარი. ვერავის გაუყო სიყვარული, რომელიც მხოლოდ დედმამიშვილებისთვის უბოძა ღმერთმა.

ნუთუ არავის სურდა, რომ ცოლად გაჰყოლოდი? - დავეკითხე. როგორ არ სურდათ, მაგრამ ნინას უარი სვანეთში სხვა ქალების უარს არ ჰგავდა, ყველა ქალი კი არ დადიოდა მაშინ ნაგანით, თეთრ ცხენზე ამხედრებული!

ბეჩოს კოლმეურნეობას, ისევე, როგორც ბევრ სხვას, ძალიან უჭირდა ადმინისტრირების თვალსაზრისით. სოფლის საბჭოს გონიერ ხელმძღვანელზე გააკეთა პარტიამ არჩევანი. ქალია, მაგრამ მიხედავსო და ამის მერე ხან თეთრ ცხენზე ამხედრებული, ხანაც "ვილისით" აღმა-დაღმა დაქროდა და ისევ ღიმილით ამბობდა (თვითკრიტიკული ღიმილი იყო ეს!), რომ გეგმის შეუსრულებლობას არავის პატიობდა. ზოგჯერ საკუთარ საბძელში შეკუჭულ თივასაც გამოატანინებდა საკოლმეურნეო სათივეში გლეხებს, ზოგჯერ - არც აცდიდა გადამალვას კოლმეურნეებს და გზად დახვდებოდა, წარბის აწევით მიანიშნებდა, საითაც უნდა წაეღოთ მარხილით მთაში დათიბული ბალახი.

- განა მიხაროდა, მაგრამ სხვანაირად გეგმა ვერ შესრულდებოდა, არც ხალხს ვაფუჭებდი, არ გამითქვამს მათი საქციელი. ქვეყანა ვერ აშენდებოდა, საკუთარი კუჭის გაძღომით სახელმწიფო წინ ვერ წავიდოდა.

- ნაგანს თუ იშველიებდით-მეთქი? - დავეკითხე ნინას. თან კიდევ ერთი კითხვა დავუსვი, ნინა დევდარიანს თუ იცნობდა, რომელიც სოფელ ფარს ხელმძღვანელობდა და მთელ სვანეთში ცნობილი იყო იმით, რომ 80 კაცს სცემა, ერთი კიდეც დაჭრა (თავად ნინა დევდარიანმა მომითხრო ამის შესახებ და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ სცემდა კაცებს? იყო ძალიან მარტივი, ერთსიტყვიანი - "ჭედავდნენ"). მე ნაგანს არ ვიყენებდი, მაგის ტარება დიდი პასუხისმგებლობა იყო, ნინას კი ვიცნობ, ძალიან ყოჩაღი ქალიაო...

ნაგანი ნინასთვის მილიციის უფროსს გადაუცია. დღე და ღამე გარეთ დადიხარ, მძღოლიც გყავს, მაგრამ კაცის სამოსით ცხენზე ამხედრებული როცა მთიდან მთაზე გადადიხარ, მაინც გქონდესო. ალბათ ეს ამბავი შეთანხმებული იყო რაიკომთან და აღმასკომთან, თორემ ეგრე იოლად ქალს ვინ მისცემდა იარაღსო? - დასძინა. საუბარს შემოსწრებულმა რძალმა დაამატა, - მხოლოდ ერთხელ აახმიანა ნაგანი, როცა რძლად მომიყვანესო. ნინამ ამაყად გადახედა რძალს და თქვა, - კარგი ქალი დავიმატეთ ოჯახში და რატომაც არ დავაქუხებდი? ძმის დაქორწინება ძალადობით ვქენით, 135 შუამავალი გავუგზავნეთ რაია გადრანს, ეს კიდევ ცივ უარზე იდგა, მთხოვნელი სხვაც ბევრი ჰყავდა; ვიდრე ძმის მოკვლით არ დავემუქრეთ, მანამდე თანხმობა არ მოგვცაო... რაიამ კარადიდან ღიმილით გადმოიღო გასული საუკუნის "ფოტოშოპით" შექმნილი კომბინაცია - გოგი კვიციანს როგორღაც მოუპოვებია სასურველი ქალის ფოტო, თავის ფოტოს გვერდით დადო, გადააღებინა და ისე გაადიდებინა! ძალადობით მოყვანილმა რძალმა თქვა, - სამაგიეროდ, ჩემი ორივე შვილი იმათ გაჰყვა, ვინც უყვარდათო.

ნინა კვიციანის თავმჯდომარეობა თურმე ხეობის ყველაზე დიდ საგვარეულოს საამაყოდ ჰქონდა, ჩვენი გვარის ქალი 12 სოფელს ხელმძღვანელობსო. მისი ხელმძღვანელობისას უშბის კალთაზე შეფენილი სოფელი გული ბაგდანარში ჩამოუსახლებიათ. იქ გზა არ იყო, ჭირდა სამოსახლოები და ქვევით ამიტომ ჩავასახლეთო. ახლა გული ნასოფლარია, თუმცა მაისში იქ სალოცავად ყოველთვის მიდიან ბეჩოელები. აქაურები ლამპრობას და ხატობებს არ იშლიდნენ და დიდ საწესჩვეულებო სუფრებსაც არ ჰქონდა დასასრული, "სუხოი ზაკონის" დროინდელი ამბებიც გაიხსენა ნინამ, როგორ ჩამოართვეს ხალხს სპილენძის ქვაბები, რომლითაც რახსა და არაყს ხდიდნენ. ამ ქვაბებით ავსებული იყო ერთი შენობაო, - ისევ თვითკრიტიკული ღიმილით თქვა მოხუცმა და დახვეწილი, არტისტული ხელით შეისწორა შავი მანდილი შუბლზე.

GzaPress

მერე გაიხსენა ნინამ, როგორ აფართოებდნენ საურმე გზას სოფლის ძალებით, როგორ გამოდიოდნენ ახალგაზრდები თავისი სამუშაო იარაღით, საგზლით შაბათობებზე და ახლა რომ მილიონები იხარჯება, იმას ჩვენ უფასოდ ვაკეთებდითო...

"გავიხსენებ არეთა კვიციანს, ჩემს მეგვარე კარგ ახალგაზრდას, ნიჭიერს და განათლებულს, მის აგებულ კოშკს ახლაც უყურებს მთელი ზუგდიდი, აფხაზეთში დატოვა კოშკი, მერე აქ, აფხაზეთის ომის დროს გადმოვიდა და გაუგებრობის გამო სახლიც დაუწვეს, არადა, ცხეკვანში ჰქონდა მიწაც და სახლიც, ეჰ, ისეთი ახალგაზრდა იყო, ჩემს სიტყვას ფეხს ფეხზე ურტყამდა... მაშინდელი ახალგაზრდები დაუზარებლები იყვნენ. როცა გავუძღვებოდი წინ, ყველაფერში ხალისით ერთვებოდნენ. ჩემი ახალგაზრდობისას დოლრაზე ჩაგვქონდა სარეცხი, იქ ვანთებდით ცეცხლს, ვბანაობდით და სიცოცხლე დუღდა! ბავშვობისას გვეუბნებოდნენ, ნამკალზე შეაგროვეთ თავთავებიო და მოგვქონდა პატარებს ხელით უზარმაზარი ნამკლები, გვიხაროდა, "შრომის პურს" გვაძლევდნენ ამ საქმეში... მახსოვს, როგორ ვალეწინებდით უფროსებს კევრით პურს, ქერს, მოგვყავდა სიმინდი, ფეტვი, ლობიო. ყველა ოჯახს მუდამ ჰქონდა სულგუნი, რძე, ხორცი. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ოჯახი, ყველა კლავდა საკლავს დღესასწაულზე... ყველაზე მეტად მენატრება უწინდელი სიმღერის გუნდები. კლუბის გამგედ რომ დავბრუნდი, ბევრი წრე მოქმედებდა. მეც ვუკრავდი, სპექტაკლებშიც ვმონაწილეობდი, კომიკობა მეხერხებოდა, მაგრამ უფრო ამ ყველაფრის მართვით ვიყავი დაკავებული. ლენტეხში როცა ჩავიყვანე მომღერალთა გუნდი, მახსოვს, რამხელა პატივით დაგვხდნენ ქვემო სვანები, საკლავს რიცხვი არ ჰქონდა, მაგრამ მე ის უფრო მახსოვს, როგორ ჩააბეტონეს მეგობრობის რკინის პალო. ისე კი, აქ ბევრი კონცერტი იმართებოდა, ჩვენს კლუბში იმდენი ხალხი მოდიოდა, დარბაზში რომ არ ეტეოდნენ, კარს ღიად ვტოვებდით და ახლა კი დაცარიელებულია იქაურობა... ანდღულაძეც კი გვყავდა სტუმრად... მედეა ჩახავა ამ აივნიდან მონუსხული უყურებდა უშბას... ახლა კულტურული ცხოვრება ჩამკვდარია ჩვენთან. ჩემი რძალი ცდილობს, კლუბი აღორძინდეს და იმედია, გამოუვა!

დავასრულეთ საუბარი. ნინამ ხელი ჩამჭიდა და სიტყვა კიდევ ერთხელ ჩამომართვა, რომ აუცილებლად ვეწვეოდი. ჩიტს რა უნდოდა ასაფრენად და ხელის აქნევაო, ისე იყო ჩემი საქმე - დავპირდი, რომ შემდეგ მოსვლაზე აუცილებლად მივაკითხავდი.

P.S. ნინას ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გადათეთრდება უშბა. წელს ისევ გაუმარგლავს კარტოფილი და აბა, როგორ არ მოგრეხს კიდევ კისერს წელთა სიმრავლეს ბეჩოს ხეობის მატრიარქი? გადამწვანდება მეზერის მთაც არაერთხელ მის თვალწინ. დოლრაც უთვალავ წვეთს ჩაწურავს თავის კალაპოტში. უთვალავი წამი გაირბენს გონებანათელი მოხუცის ხსოვნაში. გაიხსენებს, მის სიტყვაზე ფეხს ფეხზე როგორ ურტყამდნენ და ასრულებდნენ დავალებებს პატარები, დიდები, ქალები და კაცები...

როლანდ ხოჯანაშვილი