"მამები, ისევე როგორც დედები, ბავშვის ემოციური სტაბილურობის საყრდენები არიან" - გზაპრესი

"მამები, ისევე როგორც დედები, ბავშვის ემოციური სტაბილურობის საყრდენები არიან"

ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც პრობლემატური თემაა პედოფილია. ჩემი ამ თემაზე მუშაობის მთავარი მიზეზი სოციალურ ქსელში ატვირთული პოსტი გახდა, რომლის შინაარსი ასეთია: "დედებო, ჩვენი შვილები საფრთხის წინაშე დგანან. ჩემი არასრულწლოვანი შვილის ტელეფონში აღმოვაჩინე მასზე ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცის სასიყვარულო წერილები. ხშირად გააკონტროლეთ თქვენი მოზარდი შვილების ტელეფონები, რათა არაფერი გამოგეპაროთ". ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აღმოჩნდა, რომ ბევრი დედა იდგა ამ პრობლემის წინაშე. რამდენიმე მშობელი კი ერთსა და იმავე ადამიანს ადანაშაულებდა, ეს იყო 37 წლის სპორტსმენი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, რეგიონში ბავშვებსაც ავარჯიშებს და მას ბევრმა დედამ ანდო საკუთარი შვილი.

დავუკავშირდი ამ სპორტსმენს, რომელმაც ბრალდება უარყო და ჟურნალისტებს აქეთ დაგვადანაშაულა უყურადღებობაში: ეპიდემიის დროს ბავშვებს ვავარჯიშებდი, რაც კადრს მიღმა დატოვეთ და არ გააშუქეთო. მოგვიწოდა, შევეშვათ მისთვის სახელის გატეხას და გავაშუქოთ სხვა, პედოფილიაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა, შემდეგ კი ჩვენთან საუბარი აღარ მოისურვა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავაკეთე გამოკითხვა, რომელშიც უამრავმა დედამ მიიღო მონაწილეობა და ბევრმა გვითხრა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩენილან. თვლიან, რომ მათი შვილები დაუცველები არიან. მე რამდენიმე მათგანს ვესაუბრე.

"ამ ასაკში სიმკაცრე საჭიროა..."

ნინო:

- ჩემი შვილი 16 წლის არის და ჩვენც აღმოვჩნდით ამ პრობლემის წინაშე. ძალიან დამოკიდებული გახდა ტელეფონზე, აღარ გვეკონტაქტებოდა ოჯახის წევრებს, თავის ოთახში იყო მთელი დღე, გაეფანტა გონება. ერთ დღეს ტელეფონი ჩამოვართვი, რადგან საეჭვოდ იქცეოდა და აღმოვაჩინე, რომ ამ კაცთან სასიყვარულო შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. ჩვენ ვესაუბრეთ ლ-ს, რომელმაც გვითხრა, რომ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ეკონტაქტება ბავშვებს, მათ აძლევს რჩევებს სწორ კვებასა და ვარჯიშთან დაკავშირებით, მოუწოდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ. შეიძლება, თავიდან მისი მესიჯები ბავშვებთან ამ სახისაა, მაგრამ რაც ჩემი გოგონას ტელეფონში ვნახე, იქ მსგავსი არაფერი იყო.

- ამის შემდეგ რა ზომებს მიმართეთ?

- ჩამოვართვი ტელეფონი, გავუუქმე ყველა სოციალური ქსელი... ჩემი მეუღლე ევროპაშია და შვილზე მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება, ამიტომ ძალიან მკაცრად ვზრდი, ყოველთვის უკიდურეს დასჯის ფორმას მივმართავ და რა თქმა უნდა, ის ამას აპროტესტებს. ვთვლი, რომ ამ ასაკში სიმკაცრე საჭიროა.

GzaPress

"ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო..."

ეკა:

- ჩემი გოგონა 17 წლის არის. ძალიან გონებაგაფანტული გახდა, გაკვეთილებს აცდენდა, აღარ ჰქონდა სკოლაში აქტივობები, დაგვშორდა ოჯახს, თითქოს გაუცხოვდა და ამას მისი პედაგოგებიც აღნიშნავდნენ. როდესაც მისმა მასწავლებელმა დაგვიბარა და გვისაყვედურა, შვილს ვკითხეთ, რა იყო მისი შეცვლის მიზეზი და დავპირდით, რომ გაგებით მოვეკიდებოდით მის პრობლემას, დავეხმარებოდით. გვითხრა, რომ შეყვარებულია მამისხელა კაცზე, რაც ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. მამამისი უმართავი გახდა, დაუმტვრია ტელეფონი, ჩაკეტა ოთახში და დაიწყო იმ ადამიანის ძებნა, რადგან ჩვენი შვილი მის სახელს არ გვეუბნებოდა. დაგვემუქრა კიდეც, - თუ იმ ადამიანს რამეს დაუშავებთ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებო. მეუღლეს ვთხოვე, - იქნებ თავი დავანებოთ და ბავშვს მივხედოთ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ-მეთქი. ერთი თვე სკოლაში მარტოს არ ვუშვებდით, არ ვაძლევდით მეგობრებთან შეხვედრის უფლებას, თუმცა რამდენად მოვაგვარეთ ეს პრობლემა, არ ვიცით.

ყველას ისტორია ერთმანეთს ჰგავს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ? - ამ თემაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ მირანდა კალატოზს, რომელმაც მშობლის ბრალეულობაზეც გაამახვილა ყურადღება:

- ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფიქსირდება მსგავსი ტიპის უაღრესად შემზარავი დანაშაულები. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებული სიმწვავით დგას ეს პრობლემა. სტატისტიკის კონკრეტული კვლევა ამჟამად არ გვაქვს, თუმცა მკვლევრები გვთავაზობენ სექსუალური ძალადობის მოტივის სამ განსხვავებულ ტიპს: აკვიატებულ მიზანს, რეგრესს, აგრესიულობას. არსებობს კვლევებით გამყარებული მოსაზრება, რომ პედოფილები ბავშვობაში თავად იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. სექსუალური ძალადობის მქონე ბავშვს აქვს მაღალი რისკი, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, იყოს იმპულსური, არ შეეძლოს საკუთარი ქცევის კონტროლი, ემოციური გამიჯვნის სინდრომი - თავმოყვარეობის დაბალი დონე, ურთიერთობის პრობლემა, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება... სწორედ ამ მახასიათებლების გამო არსებობს მაღალი რისკი, რომ თვითონაც მოძალადედ ჩამოყალიბდეს.

- პედოფილია ფსიქიკური პრობლემაა, არა?

- პედოფილია არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს გააჩნიათ სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოპათიური დარღვევის ნიშნები, სექსუალური დისფუნქცია. მათი ფსიქოლოგიური მახასიათებლებიც განსხვავებულია. პედოფილის ქცევა შეიძლება ასე აიხსნას: ის ფიქრობს, რომ ვერ გაუმკლავდება ასაკის შესაფერის სექსუალურ ურთიერთობას და ცდილობს ბავშვთან კომუნიკაციას, რომელიც ნაკლებ მომთხოვნი და კრიტიკული იქნება.

- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ ეს პრობლემა თავიდან ააცილოს მოზარდს?

- პრობლემას ამწვავებს ის, რომ, როგორც წესი, პედოფილები არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან და ძირითადად, ბავშვის ახლო წრიდან არიან. ხშირად მათი მსხვერპლი მორცხვი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან უდედმამო ბავშვია. ის მათ ყურადღებით, საჩუქრებით, მათთვის საინტერესო ადგილებში წასვლით დააინტერესებს: კინო, ზოოპარკი, ზღვის სანაპირო, კაფე... მთავარია, ნდობა მოიპოვოს, რათა ადვილად მანიპულირებადი გახადოს. ბავშვს შეიძლება მოეწონოს, რომ უცხო ადამიანი, როგორც თავის ტოლს, ისე ესაუბრება. სწორედ ამის შემდეგ თვლის, რომ დიდია და მანიაკიც ამ მომენტს ელოდება, რათა დაუწყოს საუბარი პორნოფილმებზე, შესთავაზოს ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. ბავშვების მხრიდან ასეთ მიჯაჭვულობას "სტოკჰოლმის სინდრომი" ჰქვია. ის ეჩვევა "უფროს მეგობარს" და ცდილობს ასიამოვნოს. ბავშვთან აღმზრდელობითი საუბრების ჩატარება და საფრთხეების ახსნა აუცილებელია. უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვეს საეჭვო პიროვნებასთან ურთიერთობას, თუმცა მშობელი ფრთხილად უნდა იყოს, რათა ზედმეტად არ შეაშინოს შვილი. ეს შიში შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს და ადამიანების მიმართ ნდობა გაუქრეს. ზომიერება აქაც აუცილებელია. სანამ თქვენი შვილი ჯერ კიდევ პატარაა, ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ. 10 წლამდე უფრო ადვილად ენდობიან უფროსებს.

- თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე გოგონები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ეს პერიოდი ითვლება ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთულ პერიოდად. როგორ უნდა მივუდგეთ მოზარდს, რომ მან ჩვენთან გახსნილად ისაუბროს თავის პრობლემებზე?

- მოზარდები გარდატეხის ასაკში თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ზოგს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს მშობელთან, ზოგი კი ამბობს, რომ მათთან მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ურთიერთობს. საქართველოში ამ მხრივ, საკმაოდ რთული სიტუაციაა. აუცილებელია შვილთან მეგობრობა ნებისმიერ ასაკში. მას არ უნდა ეშინოდეს თქვენი, არ უნდა ეშინოდეს თქვენთან გულახდილობის და რაიმეს მოყოლის. მისი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოთ და აგრძნობინოთ თავი დიდად ანუ იმად, რაც ყველაზე მეტად უნდა. ესაუბრეთ თანატოლივით, მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში, დაავალეთ პატარ-პატარა საქმეები და ა.შ., რომ სხვამ, უცხომ არ მიიზიდოს ამისკენ.

სექსუალური საკითხების განხილვას ყველა თავს არიდებს. ჰგონიათ, ეს სირცხვილია. არადა, ამაზე საუბარი საჭიროა. ბევრმა არ იცის, როგორ მიუდგეს შვილს, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე სწორი ინფორმაცია ბავშვობიდან მიაწოდოს და ამით მომავალში სექსუალური პრობლემები თავიდან აარიდოს. სხვათა შორის, აღზრდაში დაშვებული შეცდომაა სწორედ სქესობრივი გადახრების მიზეზი. მნიშვნელოვანია გამოვყოთ მამის როლი. მამები, ისევე როგორც დედები, ბავშვის ემოციური სტაბილურობის საყრდენები არიან. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მამა მოსიყვარულე და თბილია ოჯახის, შვილების მიმართ, ეს ბავშვების სოციალურ და შემეცნებით განვითარებაზე დადებითად აისახება, კეთილდღეობის შეგრძნებას და თავდაჯერებულობას უყალიბებს, არა მხოლოდ შინაგან განვითარებაში ეხმარება, არამედ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც. ბავშვი იმეორებს ქცევის იმ მოდელებს, რომლებიც მამისგან ისწავლა. მეგობრების, საყვარელი ადამიანების, მომავალ პარტნიორების არჩევას ბავშვი იმის მიხედვით მოახდენს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. პატარა გოგონებს მამისგან უსაფრთხოების, დაცულობის, ემოციური მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ. ქალიშვილისა და მამის ურთიერთობა გავლენას ახდენს მომავალში გოგონას მიერ პარტნიორის შერჩევის კრიტერიუმებსა და მასთან ურთიერთობის ტიპის ჩამოყალიბებაზეც.

- ერთ-ერთი მოზარდის მშობელი გვეუბნება, რომ ბავშვმა გააპროტესტა ტელეფონის ჩამორთმევა და ორი დღე ოთახიდან არ გამოდიოდა. გამოკითხულთაგან ყველამ მიმართა დასჯის უკიდურეს ფორმას. როგორ ფიქრობთ, ეს გამოსავალია?

- ბავშვები ხშირად არ უმხელენ მშობლებს სხვადასხვა პრობლემას, რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო კომპიუტერის ან ტელეფონის გარეშე დარჩებიან. არასდროს დაემუქროთ რაიმეს წართმევით, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას. არ შეიძლება მოზარდის ნების, მოსაზრებების, სურვილების გაუთვალისწინებლობა. აუცილებელია მოუსმინოთ შვილს და მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, კრიტიკის გარეშე, მისცეთ სწორი მიმართულება. სხვა შემთხვევაში, პროტესტის, კონფლიქტის გაღრმავება გარდაუვალია. ხშირად მოზარდებს ყველა მხრიდან "ვერგაგების" კედელი ხვდებათ. თუ ის გრძნობს, რომ მას სიყვარულითა და მზრუნველობით ექცევიან, მაშინ მისი თვითშეფასება რეალობის ადეკვატური იქნება, ოჯახში თავს კომფორტულად იგრძნობს და გაცილებით ადვილად გადაიტანს ყველა სირთულეს. რაც შეეხება მოზარდების სქესობრივი აღზრდას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი რთული ასპექტია. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია სექსუალური ურთიერთობების მიჩუმათება, რადგან ძალიან დიდ, ზოგჯერ აუტანელ შეცბუნებასა და სირცხვილს იწვევს. ამ უხერხულობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა თანაბრად იყოს განაწილებული როგორც მშობლებზე, ისე სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების პერსონალსა და სკოლის მედიკოსებზე...

ფიქრია რობაქიძე