დაკეტილი სახლი, რომელიც ახალგაზრდულ სივრცედ იქცა - გზაპრესი

დაკეტილი სახლი, რომელიც ახალგაზრდულ სივრცედ იქცა

მოხალისედ მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ, პროფესიით ჟურნალისტმა ლევან ჯობავამ, მეგობრებისთვის ჯობამ, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟიც აქვს, ხობში, დაკეტილი მამისეული სახლი გააღო, თავისი ერთგული, ოთხფეხა მეგობრები ჩაიყვანა და დიდ იდეებს შეეჭიდა... იდეები კი მართლაც დროულია და საჭირო - მოზარდებში საჭირო უნარ-თვისებების გამომუშავება, პრიორიტეტების სწორად დალაგება და მათთვის საინტერესო თემებზე პროფესიონალებთან საუბარი, ოღონდ გასაგები ენით.

ჰოდა, ხობის ცენტრში დაკეტილი სახლი გააღო, შიგნით თუ გარეთ გააფერადა, საკვირაო სკოლად გადააკეთა, ერთ დიდ და ხმაურიან ახალგაზრდულ სივრცედ აქცია, სადაც ყველა ინტერესის ადამიანი პოულობს თავს.

ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდებოდა, ამიტომ წლების წინ დაგროვილი ოქროს გამოცდილება და ნდობა მოიშველია, სოციალურ ქსელში თავისი პროექტის შესახებ დაწერა და "ფეისბუკ"-ჩარიცხვებმაც აღარ დააყოვნა. ზოგი მეგობრებისგან იყო, ზოგიც - სრულიად უცნობი ადამიანებისგან, რომელთაც რეგიონის გაცოცხლების იდეა მოეწონათ. ენთუზიაზმზე დაწყებულმა ხობის საკვირაო სკოლას რამდენიმე თვეში 50-ზე მეტი წევრი შეუერთდა და არაერთი კარგი პროექტიც განახორციელეს.

ლევან ჯობავა, "ხობის საკვირაო სკოლის" დამფუძნებელი:

- 2005 წლიდან, სხვადასხვა არხზე ჟურნალისტად ვიმუშავე... ამასთან, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება მქონდა, მათ შორის არის "თაჩრაგბი" და "რაგბი აქაურობას". წლებია, სპორტის ამ სახეობით ვარ გატაცებული და ჩემი ცხოვრების წესიც გახდა. ასევე, ვაწყობდი დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შვილების შეკრებებს, ვმუშაობდი რაგბის კლუბ "სოხუმში", სადაც აფხაზეთიდან დევნილი და ზუგდიდში მცხოვრები მოზარდები თამაშობდნენ... 2018 წელს ჯერ მამა გარდაიცვალა, ძალიან მალე ბაბუაც და ჩემი ბავშვობის სახლი დაიკეტა... 2019 წლიდან მინდოდა საკვირაო სკოლა გამეკეთებინა, სადაც ბავშვებთან ერთად ვიმუშავებდი და მათთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე ვიქნებოდი ორიენტირებული, ამისთვის კი დიდი სივრცე მჭირდებოდა.

GzaPress

დავიანგარიშე ყველაფერი და სოციალურ ქსელში დავწერე, - ასეთ პროექტს ვიწყებ, რისთვისაც პირველ ეტაპზე ტექნიკა მჭირდება და ერთ-ერთ კომპანიაში ამ ყველაფერს ამდენი თანხა სჭირდება-მეთქი... ეს იყო ენთუზიაზმი, თუმცა მჯეროდა, რომ გამომივიდოდა და ასეც მოხდა...

ისე კი, თავიდან ხობში გაჩნდა კითხვები, - საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფულიო? არადა, ყველა თეთრი, რომლითაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაღაც გავაკეთეთ, დღემდე "ფეისბუკ"-ჩარიცხვების და ჩვენი აქტივობების დამსახურებაა. ჰოდა, რადგანაც გვენდობიან, ნებისმიერ საქმეზე ჩვენს გულშემატკივრებს, ანგარიშს ვიდეომასალით ვუყვებით.

ერთი სიტყვით, ხობში ყოველ შაბათ-კვირას, ხან მარტო, ხანაც მეგობრებთან ერთად ჩავდიოდი და იმ დაკეტილ სახლს თანდათან ვაცოცხლებდით. გეგმაში მქონდა, რომ აპრილისთვის საკვირაო სკოლაში პირველი ჯგუფი მიგვეღო, თუმცა, მსოფლიოში პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ყველაფერი აირია და შესაბამისად, ჩვენც რაღაცები შეგვეცვალა, ტექნიკის ყიდვა გადავიფიქრეთ, მაგრამ თანხისთვის ხელი არ გვიხლია. კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ოთხ კედელში ვეღარ გავჩერდებოდი და ხობში ჩამოვედი. აქედან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ჩემმა მეგობრებმა და მეგობარმა ორგანიზაციებმა გვაჩუქეს ყველა საჭირო ტექნიკა: კომპიუტერი, პროცესორები, პროექტორის ეკრანი, პრინტერი... ანუ უკვე შეგვეძლო, ეს თანხა სხვა რამეში გამოგვეყენებინა. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ერთბაშად 6 ბავშვი შემოგვიერთდა, ანუ პირველი მერცხლები მივიღეთ და 10 დღეში უკვე 16 გავხდით... უკვე შეიკრა მოზარდების გუნდი და ვკითხე, ანგარიშზე გვაქვს გარკვეული თანხა და რაში დახარჯავდით-მეთქი? საკმაოდ ძვირად ღირებული და მრავალფეროვანი პროექტი დაწერეს. წავედი თბილისში და სხვადასხვა ნივთთან ერთად, დინამიკები, დაფები და წამახალისებელი პრიზები ჩამოვიტანეთ. თუმცა, თანხა კიდევ გვჭირდებოდა. დავგეგმეთ რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება.

- ღონისძიებები რას მოიცავდა?

- ბევრ რამეს, მათ შორის სპორტულ აქტივობებს, რაგბისა და კალათბურთის რეგიონალურ შეჯიბრებას; მაგალითად, ხობში დავიწყეთ 12 წლამდე მოზარდებისთვის ვარჯიშები უკონტაქტო რაგბიში, შემდეგ ასაკი გავზარდეთ... შეხვედრა გვქონდა ზუგდიდიდან ჩამოსულ რაგბის გუნდთან. ენდოკრინოლოგმა ჩაგვიტარა საინტერესო სემინარი სწორ კვებაზე; გავმართეთ შეჯიბრება კალათბურთში, სადაც 16 გუნდი დარეგისტრირდა, მსაჯი თბილისიდან მოვიწვიეთ და გამარჯვებულები, თავდაუზოგავი შრომისა და სტიმულისთვის, საკმაოდ კარგი საჩუქრებით დავაჯილდოეთ. ხობში გვესტუმრა საქართველოს საავტომობილო სპორტის ვიცე-პრეზიდენტი და მრბოლელი მევლუდ მელაძე, რომელმაც საინტერესო ილეთები გვაჩვენა. მოვაწყვეთ ფლიმარკეტი, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ნივთი გაყიდეს და დაახლოებით 200-ლარიანი მოგებაც ვნახეთ. შემდეგ მოვაწყვეთ ველოტური, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ხეთაში დავასუფთავეთ პაპანწყურის ტერიტორია, გამოვკვებეთ მიუსაფარი ძაღლები. გარდა ამისა, ჩამოვაყალიბეთ 5 გუნდი და ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში. წამყვანები და კითხვების ავტორები თბილისიდან, ასევე ინტელექტკლუბ "რა, სად, როდის" მოთამაშეები გვესტუმრნენ... ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთი თვის განმავლობაში მოვასწარით და სანდოობისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენს ანგარიშზე თუნდაც ლარი ჩაურიცხავს, ვიდეოში ვუყვებოდით. ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომელსაც ყველა მათგანის წინაშე ვგრძნობდი.

- ვიცი, რომ ტემპის დაგდებას არც სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ აპირებთ.

- დიახ, სასწავლო წლის დაწყების კვალდაკვალ, ვაპირებთ საკვირაო სკოლაში მკითხველთა კლუბი, ასევე, მუსიკალური, კინო, სპორტული კლუბები გავხსნათ, სადაც მოზრდები ინტერესების მიხედვით გადანაწილდებიან... საბედნიეროდ, დაინტერესება მართლაც ყოველდღიურად იზრდება, საკვირაო სკოლაში 50-მდე მოზარდი გვყავს და თითოეული იდეებით არის დახუნძლული. ამას ემატება ჩემი მეგობრების აქტიურობაც. ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა წიგნები დაგვიტოვა. მოვაწყვეთ "ფასტ ფუდ" ფართი, ბავშვებმა თავად მოამზადეს და გაყიდეს პიცები, ჰოთდოგები, სენდვიჩები, კომპოტი. გვქონდა ბარი, სადაც სრულწლოვნებისთვის ალკოჰოლიანი სასმელიც გაიყიდა - ამ ყველაფრის ორგანიზება, დაგეგმვა, მომარაგება და განხორციელება, ჩემი მცირედი დახმარებით, თავად შეძლეს. გვაქვს მუსიკალური ნომრებიც, ანუ მოზარდები იმ სიმღერებს ასრულებენ, რისი შესრულებაც ჩვენს პირობებშია შესაძლებელი... რუტინა არასდროს გვაქვს, ყველა დღე მრავალფეროვანია, შემეცნებითი, სპორტული, ინტელექტუალური.

GzaPress

- სკოლა მხოლოდ შაბათ-კვირას ფუნქციონირებს?

- არა, სახლი ყოველთვის ღიაა. როდესაც ესა თუ ის ლექცია ტარდება და მოსწავლისთვის საინტერესოა, მოუსმენს, თუ არა და, შეუძლია ეზოში ითამაშოს. თუმცა, როდესაც სკოლა აკეთებს ღონისძიებას, ყველა წევრი ვალდებულია, ეხმარებოდეს თანაგუნდელებს, რადგან სკოლა ეხმარება მას... ზოგი კვირაში ერთხელ მოდის, ზოგი სამჯერ, ზოგიც ყოველდღე იქ არის... შეზღუდული არაფერია, თუმცა, თავისუფლება ჩემთვის ამავდროულად ნიშნავს წესების პატივისცემას, მის გარეშე ქაოსს მივიღებთ. ასევე აუცილებელია დისციპლინაც.

- რა არის "საკვირაო სკოლის" იდეა?

- მოზარდებს დავეხმაროთ ინტერესების განვითარებაში, რომ გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ, არ ჰქონდეთ კომპეტენციებსა და ღირებულებებში აცდენა, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები... ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ეს მათი ქვეყანაა და მასზე ზრუნვა მათივე პასუხისმგებლობაა.

- რა აინტერესებთ მოზარდებს?

- მათი ძირითადი ინტერესის გამოკვეთა გამიჭირდება, რადგან ჭრელი გუნდი გვყავს - 10-დან 17 წლამდე და ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვთ. ვსაუბრობთ მტკივნეულ და აქტუალურ თემებზე, ოკუპაციაზე, ჰუმანიზმზე, ტოლერანტობაზე, ოჯახსა თუ გარეთ ძალადობაზე, ჩაგვრაზე... ამასთან, ზოგს სპორტი მოსწონს, ზოგს აიტი სპეციალობა ან სულაც, ვიდეოგადაღება, ჟურნალისტიკა, მუსიკა... ვცდილობთ, ყველა მათგანს კომპეტენტურ და პრაქტიკოს ადამიანთან ჰქონდეს კომუნიკაციის საშუალება, რომელიც საინტერესო რჩევებს მისცემს და მცირე ლექციას ჩაუტარებს... მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, სკოლის რამდენიმე წევრი მაჩხომერში არქეოლოგებს ესტუმრა. მათ აუხსნეს მუშაობის წესები, ჩაახედეს ისტორიაში, უამბეს უამრავი რამ. ბავშვებმაც ძალიან საინტერესო კითხვები დასვეს. სანამ თქვენ ინტერვიუსთვის დამირეკავდით, მე და 30-მდე მოსწავლე წავედით ფოთში, ზღვის ნაპირზე რაგბი ვითამაშეთ და შემდეგ ვიცურავეთ.

ლალი პაპასკირი