"თავგადასავალი გადამხდაო, ამ ლექსმა უნდა დაიკვეხოს!" - გზაპრესი

"თავგადასავალი გადამხდაო, ამ ლექსმა უნდა დაიკვეხოს!"

კოლაუ ნადირაძის ლექსი "25 თებერვალი 1921 წ." საოცარი შემთხვევის წყალობით მოხვდა წიგნში "პოეტის ათასი სტრიქონი", რომელიც 1985 წელს გამოვიდა. ამის გამო პოეტი გააკრიტიკეს და ლამის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. ლექსის უცნაურ თავგადასავალს ლევან ბრეგაძე იხსენებს და ამ ამბავს მეხის გავარდნას ადარებს.

- 1985 წელს გამოვიდა წიგნი "პოეტის ათასი სტრიქონი", რომელიც დიდხანს მზადდებოდა "მერანში". დაახლოებით ათას-ათასი სტრიქონია მასში შესული ცამეტი ქართველი პოეტისა: ალექსანდრე აბაშელით დაწყებული, კარლო კალაძით დამთავრებული. აქედან ყველა გარდაცვლილი იყო იმ დროს, გარდა ორისა - კოლაუ ნადირაძე გახლდათ ცოცხალი და კარლო კალაძე. 1985 წლის ზაფხულია. "მერანში" ვმუშაობდი მაშინ, ალმანახ "კრიტიკის" პასუხისმგებელ მდივნად. უცბად მესმის, ანტისაბჭოთა ლექსი გაიპარა ამ წიგნშიო.

ეს წარმოუდგენელი რამ იყო! იმდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, ანტისაბჭოთა რომ არაფერი გაპარულიყო წიგნში, გაზეთში, ჟურნალში, რომ წარმოუდგენელი ჩანდა ეს ამბავი. ჩამოვთვლი მათ, ვინც აუცილებლად კითხულობდა გამოსაცემ დედანს. ვთქვათ, ავტორმა ან შემდგენელმა გადაწყვიტა რაღაც გააპაროს - ანტისაბჭოთა, ეს მისი საქმეა! მაგრამ ვერ მოახერხებდა ამას ვერასდიდებით. დედანს კითხულობდა ჯერ აუცილებლად წიგნის რედაქტორი, მერე უმცროსი რედაქტორი, შემდეგ მხატვარი, ვისაც ეს წიგნი უნდა გაეფორმებინა და უნდა სცოდნოდა, რა ეწერა შიგ. ამის შემდეგ დედანი სტამბაში იგზავნებოდა და ასოთამწყობი კითხულობდა, წაუკითხავად ხომ ვერ ააწყობდა?! ბრუნდებოდა უკან ანაწყობი და კორექტორები ადარებდნენ მას დედანს, ასწორებდნენ კორექტურულ შეცდომებს და ხელით აკინძული ფურცლები მთავლიტში მიჰქონდათ - ასე ერქვა მაშინდელ ცენზურას და იქ, წითელი ფანქრით შეიარაღებული მთავლიტის თანამშრომელი კითხულობდა მას "ფხიზელი თვალით". გარდა ამისა, თუ საჭირო იქნებოდა, წაიკითხავდა მას მთავარი რედაქტორი, მისი მოადგილე ან დირექტორიც კი. ასე რომ, წარმოუდგენელი იყო რამე ანტისაბჭოთა, წიგნში ან ჟურნალში, ან გაზეთში გაპარულიყო. და უცბად ასეთი ხმა გავარდა!

როგორ, რანაირად-მეთქი? თურმე, რა ყოფილა. მხატვარს დაჰბადებია ასეთი იდეა: წიგნში წარმოდგენილი ყოველი პოეტის ხელნაწერის ნიმუში დართვოდა თავში იმ მონაკვეთს, რომელიც ამ პოეტს ეძღვნებოდა, ანუ ჯერ პოეტის ავტოგრაფის ფოტოგამოსახულება, მერე მისი ლექსები სტამბურად აწყობილი, მერე სხვა პოეტის ავტოგრაფი, რომელსაც სტამბურად აწყობილი მისი ათასი სტრიქონი მოჰყვებოდა და ა.შ. ამ ხელნაწერებისთვის მიადგნენ ლიტერატურის მუზეუმს. მოიძიეს ხელნაწერები, გადაიღეს ფოტოები და... კი შეეძლოთ, ცოცხალი ავტორისთვის პირადად გამოერთმიათ მისი ხელნაწერი, მაგრამ იფიქრეს, რაკი აქა ვართ, მოდი ვიკითხოთ, იქნებ კოლაუს ავტოგრაფიც აქვთო და მართლაც, - გვაქვსო, - უთხრეს. გადაიღეს მისი ფოტოც, კლიშეებიც დამზადდა. აქედან ზოგი ავტოგრაფი ძნელი გასარჩევია, ზოგიერთის წაკითხვა საერთოდ შეუძლებელია. ეს ლექსი, სათაურით "25 თებერვალი 1921 წ.", რომელმაც ლამის შეაზანზარა მთელი იმპერია, კარგად იკითხება. თან ლექსია ისეთი, ვერაფერს მოუხერხებ. მე შენ გეტყვი, რაღაცა შეფარულად არის ნათქვამი ან მეტაფორულად, ან სიმბოლურად. არა! პირდაპირ! ტაბახმელაც იქვეა, კოჯორიც იქვეა, გვარდიელებიც იქვე არიან, თბილისის დაცვისას დახოცილები.

"წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით..." ან ეს რეფრენი, თუნდაც: "თოვდა, და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი".

GzaPressაი, ასე! ატყდა ერთი ამბავი! ლექსის ბოლოს თარიღია - 1969 წელი. ხელს აწერს ბატონი კოლაუ ნადირაძე. ეს ლექსი, ცხადია, თავისთვის დაწერა, ამისი გამოქვეყნების იმედი არ ჰქონდა. მერე კი თავის მეგობარს, შალვა დემეტრაძეს აჩუქა. გამომცემელი იყო ასეთი, ძალიან ცნობილი, ცისფერყანწელების მეგობარი... გარდაიცვალა შალვა დემეტრაძე, მისი არქივი მოხვდა მუზეუმში. აი, რამდენი პირობა უნდა შესრულებულიყო, რამდენი რამ უნდა მომხდარიყო თავ-თავის დროზე, რომ ამ ლექსს დღის სინათლე ეხილა. სენსაციაა, საისტორიო ამბავია!..

რა თქმა უნდა, ეს რომ სტამბურად აწყობილი ტექსტი ყოფილიყო, ვის გაეპარებოდა, მაგრამ ფოტო იყო, კლიშე გახლდათ და არავინ მიაქცია ყურადღება. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი! ტირაჟის ნაწილი უკვე გაეტანათ მაღაზიებში და გადაწყდა, სასწრაფოდ უკანვე დაებრუნებინათ, ის ფურცელი ამოეხიათ და სხვა ჩაეკრათ. ამიტომ გავიქეცი და რამდენიმე ეგზემპლარი ვიყიდე. ეს უნიკალური გამოცემაა: არსებობს ორი ვარიანტი ერთი გამოცემისა, აქედან ერთი - აკრძალული და ეს აკრძალული - სულ რამდენიმე ცალია შემორჩენილი.

ახლა, რა მოჰყვა ყოველივე ამას: "მერანის" შვიდი თანამშრომელი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან - მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური, მისი მოადგილე იზა ორჯონიკიძე, განყოფილების გამგე გრიგოლ ჯულუხიძე, სამხატვრო განყოფილების გამგე სპარტაკ ცინცაძე, მხატვრული რედაქტორი კარლო ფაჩულია, რაღა თქმა უნდა, წიგნის რედაქტორი ლეილა ბეროშვილი. ხოლო მხატვარი გოგი წერეთელი მოწვეული იყო ამ წიგნის გასაფორმებლად, ანუ "მერანის" შტატიანი თანამშრომელი არ გახლდათ, თორემ იმასაც დაატოვებინებდნენ სამსახურს. და როგორც მახსოვს, მთავლიტის ერთი თანამშრომელიც შეიწირა ამ წიგნმა - ის, ვინც მისი დაბეჭდვის ნებართვა გასცა. მოკლედ, თავგადასავალი გადამხდაო, ამ ლექსმა უნდა დაიკვეხოს!

25 თებერვალი, 1921 წ.

"თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ ისევ გაგყიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა

მხოლოდღა თოვლი ცვივოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!..

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი".

ნანული ზოტიკიშვილი